Facebook Twitter

საქმე № ას-990-2021 2 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. ნ-ძე, ნ. ნ-ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ნ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ყ. ნ-ის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ----- ქ.---- (შემდეგში: სამკვიდრო ქონება), ფაქტიური ფართობი - 995 კვ.მ.

2. ყ. ნ-ძე გარდაიცვალა 1959 წლის 12 იანვარს. იგი ცხოვრობდა მისამართზე ქ.თბილისი, ----- ქ.-----. მისი პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ შვილები, გ. ნ-ძე, ა. ნ-ძე და ჯ. ნ-ძე. ამათგან, გ. ნ-ეს სამკვიდრო მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში.

3. გ. ნ-ის (შემდეგში: მამკვიდრებელი, ბაბუა) შვილები არიან - რ, ზ და ა. ნ-ბი.

4. ა. ნ-ძე გარდაიცვალა 2004 წლის 17 მაისს, ხოლო, რ. ნ-ძე - 2014 წლის 19 ნოემბერს. რ. ნ-ძე გარდაცვალებამდე მუდმივად ცხოვრობდა სამკვიდრო ქონებაში.

5. გ. (ბაბუა) ყ. ძე ნ-ძე გარდაიცვალა 2005 წლის 12 დეკემბერს. მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე: შვილი - რ. ნ-ძე, შვილი - ზ. ნ-ძე და 2004 წლის 17 მაისს გარდაცვლილი შვილის, ა. ნ-ის შვილი, გ. (შვილიშვილი) (გ.) ნ-ძე.

6. გ. (შვილიშვილი, გ.) ა. ძე ნ-ძე, დაბადებიდან იზრდებოდა და სკოლის დამთავრებამდე ცხოვრობდა ბებია-პაპასთან, სამკვიდრო ქონებაში, ხოლო შემდეგ ცხოვრება განაგრძო ზ. ნ-ის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში მდებარე ქ. თბილისში, ------- ქუჩაზე.

7. გ. (გ.) ა. ძე ნ-ძე გარდაიცვალა 2012 წლის 12 დეკემბერს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციით, გ. ნ-ძე გარდაცვალებამდე ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ. საქართველოში მისი რეგისტრაციის ადგილი იყო თბილისი, ------- ქ.#----.

8. გ. ნ-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან არასრულწლოვანი შვილები, ნ და მ. ნ-ბი.

9. ნოტარიუსმა ე. ყ-მა 2015 წლის 18 აგვისტოს გ. ნ-ის სამკვიდრო ქონებაზე (სამკვიდრო აქტივები და სამკვიდრო პასივები) არასრულწლოვანი შვილების, ნ და მ. ნ-ის სასარგებლოდ (კანონიერი წარმომადგენელი - ა. მ-ლი) გასცა სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის #---------.

10. ზ. ნ-ძე 1975 წლის 13 სექტემბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ.თბილისი, ----- ქ.#----.

11. გ. (ბაბუა) ყ. ძე ნ-ის სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილზე, შვილის, ზ. ნ-ის სასარგებლოდ, 2015 წლის 8 ივლისს ნოტარიუს მ. ბ-ს მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის #------.

12. რ. გ. ძე ნ-ის მთლიან სამკვიდრო ქონებაზე, დის, ზ. ნ-ის სასარგებლოდ, 2015 წლის 28 მაისს ნოტარიუს მ. ბ-ას მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის #-----. ზ. ნ-ის წარდგენილ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ რ. ნ-ეს სხვა პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია.

13. ნოტარიუსმა მ. ბ-ამ 2015 წლის 30 სექტემბერს გაცემული სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილებით, არასრულწლოვნების, ნ. ნ-სა და მ. ნ-ის კანონიერ წარმომადგენელს - დედას, ა. მ-ლს 2015 წლის 8 ივლისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანაზე, მემკვიდრეთა წრეში ნ და მ. ნ-ის შეყვანაზე, უთხრა უარი. ასევე უარი ეთქვა ნ. ნ-ისა და მ. ნ-ის კანონიერ წარმომადგენელს - დედას, ა. მ-ლს, ნოტარიუს მ. ბ-ას მიერ 2015 წლის 5 ოქტომბერს გაცემული სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილებით, რ. ნ-ის სამკვიდრო ქონებაზე 2015 წლის 28 მაისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანაზე, მემკვიდრეთა წრეში ნ. და მ. ნ-ის შეყვანაზე.

14. სარჩელის მოთხოვნა

14.1. არასრულწლოვნებმა, კანონიერი წარმომდგენლის მეშვეობით წარდგენილი სარჩელით, სამკვიდრო ქონების 1/6 წილზე მემკვიდრედ ცნობა, აგრეთვე, ნოტარიუს მ. ბ-ას მიერ ზ. ნ-ის სახელზე რ. ნ-ის დანაშთ ქონებაზე 2015 წლის 28 მაისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, ასევე, ამავე ნოტრიუსის მიერ, ზ. ნ-ის სახელზე გ. ნ-ის დანაშთ ქონებაზე 2015 წლის 7 ივლისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, სამკვიდრო ქონების 1/6 ნაწილში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

15.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეები, თანაბარწილად ცნობილ იქნენ უძრავი ნივთის - სამკვიდრო ქონების 1/6 ნაწილის მესაკუთრეებად, ასევე, ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ ზ. ნ-ის სახელზე რ. ნ-ის დანაშთ ქონებაზე 2015 წლის 28 მაისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და 2015 წლის 7 ივლისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, სამკვიდრო ქონების 1/6 ნაწილზე.

16. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

16.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეები ცნობილ იქნენ სამკვიდრო ქონების 1/12 წილის მესაკუთრეებად, თითოეული 1/24 ნაწილის მესაკუთრედ.

17.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მემკვიდრეთა შორის განაწილებას ექვემდებარებოდა გ. ყ. ძე ნ-ის (ბაბუის) სამკვიდრო ქონება. მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენდა გ. (გ.) ა. ძე ნ.ის (შვილიშვილის) მიერ ბაბუის - გ. ყ. ძე ნ-ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლებისა და რ. ნ-ის დანაშთ ქონებაზე მ. და ნ. ნ-ის მემკვიდრედ მიჩნევისთვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის საკითხი.

17.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გ. ნ-ემ ბაბუის დანაშთი სამკვიდრო ქონება მიიღო თუ არა, უპირველესყოვლისა დგინდებოდა საქმეზე გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ:

17.3.1. მოწმე ნ. ლ-ის ჩვენებით, იგი ცხოვრობს ---- ქუჩაზე, გ.კი ცხოვრობდა …… ქუჩაზე და გ.ბაბუასთან (მამკვიდრებელი გ. ნ-ძე) მოდიოდა ხოლმე სანახავად. რჩებოდა თუ არა გ. გ-ან, ამის თაობაზე მოწმე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, ადასტურებს, რომ ---- ქუჩა N--ში რ. მარტო ცხოვრობდა და ბებია-პაპის გარდაცვალების შემდეგ გ. იქ აღარ უნახავს.

17.3.2. მოწმე მ. ნ-ის განმარტებით, იგი არის გ. (გ. ყ. ძე) ნ-ის ძმის შვილი, მხარეებს კარგად იცნობს, განმარტავს, რომ ა. მოსკოვში ცხოვრობდა, გ. სკოლის დამთავრებამდე ….. ქუჩაზე იზრდებოდა, მერე კი შეიძინეს ბინა …… ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდნენ ზ.და გ. მეუღლესთან ერთად. მოწმის ჩვენების თანახმად, ბებია-ბაბუის გარდაცვალების შემდეგ გ. ……. ქუჩაზე არ უცხოვრია.

17.3.3. მოწმე რ. ხ-ის ჩვენების თანახმად, მხარეებს იცნობს, ცხოვრობს ---- ქუჩაზე. იცის, რომ გ. ხშირად მიდიოდა ბებია-ბაბუასთან და რჩებოდა მათთან, აქცევდა ყურადღებას, ხანდახან ბებია და ბაბუაც მოდიოდნენ ---- ქუჩაზე გ-ან სტუმრად.

17.3.4. ო.ა-ის ჩვენებით, ცხოვრობს ----- ქ. ----ში, იცნობს ზ-ას, იცნობდა გ-ას და შორიდან იცნობს მის მეუღლეს, ა-ს (თავდაპირველი მოსარჩელეების დედა, კანონიერი წარმომადგენელი). მოწმის განმარტებით, ოჯახთან ახლოს არის. გ. საცხოვრებელთან დაკავშირებით უთითებს, რომ სკოლის დამთავრებამდე ---- ქუჩაზე იზრდებოდა, მერე კი ---- ქუჩაზე გადავიდნენ. ---- ქუჩაზე კი საცხოვრებლად დარჩნენ რ, გ. (ბაბუა) და მისი მეუღლე. რაც შეეხება გ, მოწმის მითითებით, მას გ-ის გარდაცვალების შემდეგ ---- ქუჩაზე არ უცხოვრია, მხოლოდ ხანდახან მოდიოდა ბებია-ბაბუის სიცოცხლეში მათ სანახავად.

17.3.5. მოწმე თ. თ-ის განმარტებით, ცხოვრობს ---- ქუჩაზე, იცნობს ზ. ნ-საც და არასრულწლოვნებსაც, იცნობდა გ-საც და ბაბუა გ-საც. მოწმის ჩვენებით, ბაბუა ხშირად მოდიოდა ხოლმე გ. სანახავად ....ქუჩაზე, გ. სტუმრობდა ბებია-ბაბუას გარკვეული პერიოდულობით და როგორც მისთვის ცნობილია, გ. სულ ..... ქუჩაზე ცხოვრობდა.

17.3.6. მოწმის, ა. ბ-ის ჩვენებაზე, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს ---- ქუჩა --ში, ფაქტობრივად გაზრდილია ---- ქუჩა --ში, მხარეებს ყველას იცნობს, არის გ.ბავშვობის მეგობარი, იცნობდა როგორც გ.პაპას (გ. ნ-ეს), ასევე რ. ნ-ეს. მისი ჩვენების თანახმად, გ. სკოლის დამთავრებამდე ცხოვრობდა სადავო უძრავ ქონებაში, შემდეგ მამამ წაიყვანა მ----ში. მამის, ა-ის, გარდაცვალების შემდეგ, გ. ----- ქუჩაზე ცხოვრობდა და ---- ქუჩაზე მდებარე სახლში არ მიდიოდა, ვინაიდან ბიძასთან (რ-თან) ჰქონდა კონფლიქტი, დაძაბული ურთიერთობა და ისინი უშლიდნენ იქ მისვლას, პაპის დაკრძალვაზეც კი გ. მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში იყო მისული. მოწმე ადასტურებს, რომ თავად გ. ცხოვრობდა ---- ქუჩაზე, ამ მისამართიდან მოხდა მისი გასვენებაც, ---- ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელში კი მას თავისი ნივთები არ გააჩნდა (იხ. 07.10.2020 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:16:29-12:43:33 წთ.).

17.4. სააპელაციო სასამართლომ, მოწმეთა ჩვენებების, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ გ. (გ.) ნ-ძე ბაბუის - გ. (გ.) ნ-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია. პალატის შეფასებით, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, გ. ყ. ძე ნ-ემ ფაქტობრივი მფლობელობით მიიღო მამის, ყ. ნ-ის დანაშთი ქონების წილი (1/3 ნაწილი). საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ გ. ყ. ძე ნ-ის გარდაცვალების შემდეგ, სადავო ქონება ფაქტობრივი მფლობელობით მიიღეს მისი პირველი რიგის მემკვიდრეებმა, შვილებმა - ზ. (1/6 წილი) და რ. ნ-ემ (1/6 წილი), ხოლო შვილიშვილის, გ. (გ.) ა. ძე ნ-ის მიერ ბაბუის (გ. ნ-ის) დანაშთი ქონების კანონით დადგენილი წესით მიღების ან/და ფაქტობრივი მფლობელობით დაუფლების ფაქტი საქმეზე წარმოდგენილი რაიმე სახის სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით, გარდა თავდაპირველი მოსარჩელეების ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, არ დასტურდებოდა.

17.5. სააპელაციო პალატამ, აპელანტის მეორე პრეტენზიაზე, რ. ნ-ის დანაშთ ქონებაზე მოსარჩელეთა უფლების გავრცელების შესახებ განმარტა:

17.5.1. დადგენილი იყო, რომ რ. ნ-ის გარდაცვალების შემდეგ მის მეორე რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ და - ზ.ნ-ძე, ასევე, 2004 წლის 17 მაისს გარდაცვლილი ძმის, ა. ნ-ის შვილიშვილები, არასრულწლოვანი ნ. და მ.ნ-ბი.

17.5.2. დადგენილია ისიც, რომ ზ. ნ-ის სახელზე ნოტარიუსმა მ. ბ-მ რ. ნ-ის დანაშთ ქონებაზე 2015 წლის 28 მაისს გაიცა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N----). რაც შეეხება არასრულწლოვნებს, გ. ნ-ის (მამის) გარდაცვალების შემდეგ, ქ.თბილისში, ----- ქ.N--ში განთავსებული მისი კუთვნილი ნივთების მესაკუთრეები გახდნენ არასრულწლოვანი შვილები, მ. და ნ. ნ-ები, რომელთაც უარი არ უთქვამთ სამკვიდროზე და მართალია გვიან, კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადის გადაცილებით, მაგრამ მაინც მიმართეს ნოტარიუს მ. ბ-ას რ. ნ-ის სამკვიდრო ქონებაზე 2015 წლის 28 მაისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით, რაზეც ნოტარიუსმა უთხრა უარი 2015 წლის 5 ოქტომბერს გაცემული დადგენილებით.

17.6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად არასრულწლოვანი მოსარჩელეების კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის დარღვევით ნოტარიუსისადმი მიმართვისა, ის ფაქტი, რომ თავდაპირველი მოსარჩელეები წარმოადგენენ 14 და 16 წლის მოზარდებს, თავისი არსის გათვალისწინებით, სამკვიდროს მიღების ვადის საპატიოდ გაშვების საფუძვლად შეიძლება იქნეს მიჩნეული, რაც, თავის მხრივ, ნოტარიუს მ. ბ-ას მიერ ზ. ნ-ის სასარგებლოდ რ. ნ-ის დანაშთ ქონებაზე 2015 წლის 28 მაისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, (რეესტრში რეგისტრაციის N-----) მოსარჩელეების იურიდიული ინტერესის ფარგლებში, ცვლილებების შეტანის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს.

17.7. წინამდებარე შემთხვევაში, როგორც დადგენილია, ყ. ნ-ის სამკვიდრო ქონების 1/3 წილი მემკვიდრეობით მიიღო გ. ყ. ძე ნ-ემ, ხოლო ამ უკანასკნელის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ გვევლინებიან შვილები - რ. ნ-ძე და ზ. ნ-ძე, თითოეული 1/6-1/6 წილით. დადგენილია, რომ რ. ნ-ის სამკვიდრო ქონება მიიღეს ზ. ნ-ემ და მოსარჩელეებმა - ნ. და მ. ნ-მა. 14 შესაბამისად, ზ. ნ-ის წილი რ. ნ-ის სამკვიდროში უნდა განისაზღვროს 1/12-ით, ხოლო ნ. და მ. ნ-ის 1/12 წილით (თითოეულის წილი 1/24).

18. მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი

18.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვეს.

18.2. კასატორების განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. საქმეში წარდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის მართებულობას ადასტურებდა.

19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

19.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

22. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანდოდ შეაფასა ისინი, ამასთან, კასატორებს არ წარმოუდგენიათ არსებითად დასაბუთებული შედავება, რომლითაც გააქარწყლებდნენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა თუ მსჯელობას.

25. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნას უძრავ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეები სადავო ქონებაზე ითხოვდნენ სამკვიდრო წილს ორი საფუძვლით, ერთ შემთხვევაში მათი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებებით ირკვევა, რომ მათი მამის გ. ნ-ის წილის მესაკუთრედ ცნობას ითხოვდნენ, რომელსაც გ. ნ-ემ მიიღო ბაბუის გარდაცვალების გამო. შემდეგ საფუძველს სამკვიდროს მიღებაზე, წარმოადგენდა, გ. ნ-ის ძმის - რ. ნ-ის გარდაცვალების შედეგად დარჩენილი სამკვიდრო ქონება.

26. პირველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნათლადაა დადგენილი, რომ გ. ნ-ეს სამკვიდრო ქონება ნოტარიუსთან მიმართვის გზით არ მიუღია, ხოლო, ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს, საპირისპიროდ კი მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად დადგინდა, რომ გ. ნ-ძე ბაბუასთან მხოლოდ სკოლის დამთავრებამდე ცხოვრობდა, შემდეგ სხვა მისამართზე გადავიდა და ბაბუასთან ურთიერთობა თითქმის აღარ ჰქონია.

27. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას მათი ბიძის - რ. ნ-ის გარდაცვალების გამო დანაშთ ქონებაზე წილის მიღების შესახებ, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 1336.2-ე „კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა, ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა“, მუხლის, 1503-ე „სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ“, მუხლისა და 1433-ე „მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან“ მუხლის შესაბამისად განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გარდაცვლილი რ. ნ-ის და - ზ. ნ-ძე და მათი ძმის გ. ნ-ის შვილები, წარმოადგენენ რ. ნ-ის თანაბარი უფლების მქონე, ერთი რიგის მემკვიდრეებს. ამასთანავე, რ. ნ-ის გარდაცვალების დროს, მოსარჩელეთა მამა - გ. ნ-ძე გარდაცვლილი იყო, შესაბამისად, მის წილს მიიღებენ მისი შვილები.

28. სამკვიდროს მიღება უნდა მოხდეს სსკ-ის 1424-ე მუხლით განსაზღვრულ ექვსი თვის განმავლობაში, რომელიც აითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან. სსკ-ის 1320-ე მუხლის თანახმად კი, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

29. კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს სასამართლოს მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. თუ რა შეიძლება იქნეს მიჩნეული საპატიო მიზეზად, ეს სასამართლოს შეფასების სფეროს წარმოადგენს. როცა სასამართლოში სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების საკითხი იხილება, იგულისხმება, რომ სხვა მემკვიდრეებმა გასულ ექვსთვიან ვადაში უკვე მიიღეს სამკვიდრო, შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, არ ნიშნავს დამატებითი ვადის დანიშვნას (იხ. სუსგ N ას-1092-2020, 22.01.2021 წ.).

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის საკითხზე მსჯელობის დროს სასამართლომ ასევე ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ ფაქტზეც, იცოდა თუ არა მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნის შესახებ და შეატყობინეს თუ არა ამის თაობაზე სამკვიდროს მიმღებმა მემკვიდრეებმა. თუ სამკვიდროს მიმღებმა მემკვიდრეებმა დაარღვიეს ვალდებულება, ადგილზე არმყოფი სხვა მემკვიდრეებისათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ, მაშინ ვადების გამშვებ ასეთ მემკვიდრეს უნდა აღუდგეს სამკვიდროს მიღების ვადები. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა სსკ-ის 1427-ე, 1478-ე, 1479-ე და მემკვიდრეობის სამართლის ნორმების ზოგადი ანალიზი, რომელიც ავალდებულებს კერძო სამართლის სუბიექტებს, იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში (იხ. სუსგ. ას-781-2019, 23.04.21). სსკ-ით არ არის დადგენილი ვადა, რომელიც განსაზღვრავდა ვადის გამშვები მემკვიდრისათვის ვადის აღდგენის მოთხოვნის სასამართლოსათვის მიმართვის დროით შეზღუდვას. თუმცა, ბუნებრივია, რომ მემკვიდრეებს, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, არ უნდა უწევდეთ მუდმივად იმის შიშში ყოფნა, რომ ვადაგამშვები მემკვიდრე შეიტანს სარჩელს და სამკვიდროს განაწილების და გაყოფის ბედი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს.

31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, სამკვიდრო მოწმობის მიღების, კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადის, მოსარჩელეთა მიერ საპატიოდ გაშვების შესახებ (იხ. სსკ-ის 1426-ე მუხლი) და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არასწრულწლოვნები წარმოადგენენ სამკვიდრო მასის მიმღებ პირებს, რის გამოც, იმ პირობებში როდესაც სამკვიდროს მიღებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს კანონმდებლობა, შესაძლებელია მათი მდგომარეობიდან გამომდინარე საპატიოდ ჩაითვალოს აღნიშნულის ვადის გაშვება.

32. აღნიშნულთან ერთად, საკასაციო სასამართლო მოსარჩელეთა ასაკის გათვალისწინებით, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მოცემულ შემთხევაში, მოსარჩელეები და მოპასუხე - ზ. ნ-ძე - არიან სამკვიდროს მიღებაზე თანაბარი უფლების მქონე ერთი რიგის (მეორე რიგის) მემკვიდრეები. მოსარჩელეები არიან არასრულწლოვნები და გასათვალისწინებელია ერთგვაროვანი სამოსამართლო პრაქტიკა ამ მიმართულებით. კერძოდ, არაერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ვადის გაშვების საპატიოობაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კანონიერი წარმომადგენლის დამოკიდებულება არასრულწლოვანთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიმართ. კანონიერი წარმომადგენლის მიერ საკუთარი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება ან უფლებამოსილების უკანონო გამოყენება შეიძლება გახდეს არასრულწლოვანის მიერ გაშვებული სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის საფუძველი (იხ. სუსგ №ას-386-737-07, 10 დეკემბერი, 2007 წელი). ასევე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სამკვიდროს ვადის გაშვებას არასაპატიოდ მივიჩნევდით, მაინც იარსებებდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანაც არასრულწლოვანი, საკუთარი უფლებების დაცვას ვერ შეძლებდა, თუ კანონიერი წარმომადგენელი დაარღვევდა მისი ქონებისადმი გულისხმიერების ვალდებულებას. (შდრ. სუსგ Nას-6-6-2016, 11 ივლისი, 2016 წელი). ,, საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმგვარ გარემოებებზე, როგორიცაა, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება და აღნიშნა, რომ მსგავსად სხვა ძირითადი უფლებებისა, იგი არ არის აბსოლუტური და ამავე ნორმის მე-2 პუნქტით ამ უფლებაში ჩარევა დაშვებულია კანონით პირდაპირ გათვალისწინებული ლეგიტიმური საფუძვლით. მემკვიდრეობის გზით ქონების მიღებისა და საკუთრების მოპოვების სპეციალურ წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, კერძოდ, პირი, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეასრულებს, ხდება ქონების სრულუფლებიანი მესაკუთრე სამკვიდროს გახსნის მომენტიდან (სკ-ის 1451-ე მუხლი), თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლი წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ჩარევის იმ საკანონმდებლო გამონაკლისის კერძო შემთხვევას, როდესაც მესაკუთრეს, როგორც მემკვიდრეს, შეიძლება, ჩამოერთვას საკუთრება. მოხმობილი განმარტებებიდან გამომდინარე (რომელიც ზედმიწევნითაა ასახული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც), საკასაციო პალატა დასაშვებად მიიჩნევს შემთხვევას, როდესაც არასრულწლოვანი მემკვიდრის კანონიერი წარმომადგენელი არღვევს მის ქონებრივ უფლებებს და არ იღებს სამკვიდროს, მემკვიდრემ სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ მოახდინოს საკუთარი ქონებრივი უფლებების დაცვა. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითებას „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით განსაზღვრულ „არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების“ გამოვლენა-დაცვის აუცილებლობაზე (იხ. კონვენციის პრეამბულა, ასევე, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი), თუმცა გასაზიარებელია კასატორის პრეტენზია კონვენციის სუბიექტებთან მიმართებით, რამდენადაც მისი პირველი მუხლის თანახმად, წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ბავშვად ითვლება ყოველი ადამიანი, სანამ 18 წლის ასაკს მიაღწევდეს, თუ კანონით, რომელიც ამ ბავშვისადმი გამოიყენება, ის უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას“ (სუსგ ას-283-268-2017).

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 47-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. და ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. მ. (.........) და ნ. ნ-ბს (------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №-, გადახდის თარიღი 2021 წლის 22 ოქტომბერი), 375 ლარის 70% - 262.5 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე