Facebook Twitter

¹ 3გ-ად-63-გ-02 6 თებერვალი 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა მოქალაქე მ. ბ.-ის კერძო საჩივართან დაკავშირებით ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 მარტის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მოქ. მ. ბ.-ის განცხადების საფუძველზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით ¹2/1486-01 დადგენილად იქნა ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი მ. ბ.-ი 1985 წლიდან ქ. თბილისში, ... მიმდებარედ 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის გარდა ფლობდა 300 კვ.მ მიწის ნაკვეთს.

2001წ. 13 დეკემბერს იმავე რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის სახელმწიფო ... უნივერსიტეტის რექტორმა და სსკ-ს 422-ე მუხლის I ნაწ. «ბ» პუნქტის საფუძველზე მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 22.03.02წ. განჩინებით დაკმაყოფილდა თბილისის სახელმწიფო ... უნივერსიტეტის მოთხოვნა. ბათილად იქნა ცნობილი ამავე სასამართლოს 12.06.01წ. ¹2/1486-01 გადაწყვეტილება, ხოლო მოქ. მ. ბ.-ის განცხადება იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად.

მოქ. მ. ბ.-ი არ დაეთანხმა რა მითითებულ განჩინებას ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც ითხოვა ამავე სასამართლოს 22.03.02 წ. განჩინების გაუქმება.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განჩინებით მოქ. ნ. ბ.-ის კერძო საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ კერძო საჩივრისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი განსჯადობის შესაბამისად განსახილველად გადაგზავნილი უნდა ყოფილიყო ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში, რაზედაც 2002წ. 15 ივლისს მიღებული იქნა შესაბამისი განჩინება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა მითითებულ განჩინებას აფუძნებდა იმ გარემოებას, რომ განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განიხილება სსკ-ს მე-6 კარის დებულებათა შესაბამისად. მითითებულ კარში განსაზღვრული სამართალწარმოების ამ ფორმას კერძოდ – უდავო წარმოებას, ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ იცნობს და შესაბამისად, ასეთი ტიპის განცხადებაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელება დაუშვებელია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კერძო საჩივარზე მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ თბილისის სახელმწიფო ... უნივერსიტეტი, რის გამოც, საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწ. შესაბამისად გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოებიდან და 2002წ. 03 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებსა და თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების საფუძვლიანობას, მივიდა შემდეგ დასკვნამდის.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ განსახილველ საქმეში კერძო საჩივრის ავტორის მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის თანახმად, აღნიშნული დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა ხდება სსკ-ს მე-6 კარის დებულების შესაბამისად. რომლის სათაური _ «უდავო წარმოება» იმთავითვე მიუთითებს მსგავსი კატეგორიიის საქმეთა განხილვის თავისებურებას. კერძოდ, უდავო წარმოებისას, საქმეში არის მხოლოდ განმცხადებელი, არ არიან მხარეები (მოსარჩელე და მოპასუხე) და არც მე-3 პირები.

დაინტერესვებული პირის მიერ განცხდების შეტანა და ამ უკანასკნელის საფუძველზე იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსკ-ს 311-ე მუხლის მე-2 ნაწ. თანახმად ჯერ კიდევ არ ნიშნავს საქმის სასარჩელო წესით წარმართვას. უფრო მეტიც, შესაძლოა დაინტერესებული პირის მიერ სარჩელი საერთოდ არ იქნას სასამართლოში აღძრული.

საქმეში წარმოდგენილი გასაჩივრებული განჩინების მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოქ. მ. ბ.-ის 2001წ. 29 მაის ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად. ხოლო ამავე განჩინების მე-4 ნაწილით, განჩინება დაექვემდებარა გასაჩივრებას მხოლოდ განცხადების განუხილველად დატოვების ნაწილში.

ამდენად, მ.ბ.-ის მხრიდან, პროცესუალური თვალსაზრისით, სადაოდაა ქცეული განცხადების განუხილველად დატოვების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოცემულ ეტაპზე განსახილველ საქმეს არ მიუღია საერთო სასარჩელო წარმოების სახე, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნა, საქმეში არ არის მოსარჩელე და მოპასუხე, ამდენად, მითითება იმის თაობაზე, რომ სახეზეა დავა, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, არასწორია და ეწინააღმდეგება უდაო სამართალწარმოების პრინციპებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.ბ.-ის კერძო საჩივარი განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოქ. მ. ბ.-ის კერძო საჩივარი ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წ. 12 მარტის განჩინების თაობაზე განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.