Facebook Twitter

საქმე № ას-529-2021 20 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე - სს „-------- ბანკი“ (მოსარჩელე)

კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ო-ვა (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება/გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2016 წლის 1 ივნისს ლ. ო-სა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, დასაქმებული) და სს ,,--------- ბანკს‘‘ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, დამსაქმებელი) შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, რომლის საფუძველზეც ლ. ო-ა დაინიშნა მიკრო საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე გამოსაცდელი 6 თვის ვადით. შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 300 ლარით.

2. 2016 წლის 1 დეკემბერს ბანკსა და მოპასუხეს შორის 12 თვის ვადით გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. მოპასუხის თანამდებობად განისაზღვრა მიკრო საკრედიტო ექსპერტი, ხოლო შრომის ანაზღაურებად - 600 ლარი.

3. 2017 წლის 1 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი პირობები, რომლის 1.9 პუნქტით შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 900 ლარით. 2018 წლის 1 მარტს გაფორმებული დამატებითი პირობების N--- თანახმად, ლ. ო-ას თანამდებობად განისაზღვრა საცალო ბიზნეს ბანკირის პოზიცია.

4. N------ შრომითი ხელშეკრულების დანართი N----ის 1.5 პუნქტის საფუძველზე ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებული იყო შეეტყობინებინა დამსაქმებლისათვის თავისი დასაქმების გეგმებისა და მათი ცვლილებების შესახებ მომდევნო 6 თვის განმავლობაში. ამავე დოკუმენტის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, „დასაქმებულის მიერ წინამდებარე დანართით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, იგი ვალდებული იქნება გადაუხადოს დამსაქმებელს პირგასამტეხლო იმ ოდენობით, რაც ტოლია ხელშეკრულების შეწყვეტამდე 12 თვის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის გადახდილი ნებისმიერი ანაზღაურებისა (შრომის ანაზღაურებისა და სხვა კომპენსაციის ჩათვლით).

5. 2019 წლის 25 ივლისს ლ. ო-ამ განცხადებით მიმართა სს ,,------- ბანკს’’ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით. ბანკმა დააკმაყოფილა მოპასუხის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

6. მოსარჩელის მოთხოვნა

ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის ლ.ო-ს დაეკისროს როგორც ბანკის მიერ შეზღუდვის პერიოდში გადახდილი თანხა, ასევე პირგასამტეხლო, რომელიც ტოლია ხელშეკრულების შეწყვეტამდე 12 თვის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის გადახდილი ნებისმიერი ანაზღაურების (შრომის ანაზღაურებისა და სხვა კომპენსაციის ჩათვლით) და შეადგენს 30 598,59 ლარს.

7. მოსარჩელის პოზიცია

მოსარჩელის მითითებით, იმის გამო, რომ დასაქმებული არ დასაქმებულიყო სხვა კონკურენტ საფინანსო დაწესებულებაში, იღებდა შეთანხმებულ კომპენსაციას სს ,,------------- ბანკისგან’’, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, ის დღემდე დასაქმებულია სს ,,------- ბანკში’’ და ღებულობს დამატებით ანაზღაურებას, რაც ცალსახადაა ზემოთაღნიშნული ხელშეკრულების პირობების დარღვევა.

8. მოპასუხის შესაგებელი

8.1. მოპასუხე ლ. ო-მ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 2020 წლის 22 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო 5

408.60 ლარის ნაწილში (იხ. 22.07.20 სხდომის ოქმი, 12:24:40).

8.2. მოპასუხემ განმარტა, რომ მართალია შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებდა დასაქმების შეზღუდვის პირობას, თუმცა აღნიშნული პირობა ამოქმედებულად ითვლებოდა მას შემდეგ, რაც დასაქმებული სრულად, ერთიანად და წინასწარ გადაუხდიდა დასაქმებულს 6 თვის კომპენსაციას შეტყობინების გაგზავნისათანავე. ვინაიდან, ბანკის მიერ არ იყო დაცული აღნიშნული წესი, არც შეზღუდვა ითვლება ამოქმედებულად.

9. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

მოპასუხე ლ. ო-მ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა სს ,,------- ბანკსა“ და ლ. ო-ას შორის 2016 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობების დანართი №--ს დასაქმების შეზღუდვის მე-3 მუხლის ბათილად ცნობა.

10. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პოზიცია

10.1. შეგებებული სარჩელის ავტორის შეფასებით, ხელშეკრულების სადავო პირობა (შრომითი ხელშეკრულების დანართი №---ს დასაქმების შეზღუდვის მე-3 მუხლი) არის კაბალური, ის მნიშვნელოვნად არღვევს დასაქმებულის შრომის თავისუფლებას და უპირისპირდება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციით განმტკიცებულ ძირითად პრინციპებს. აღნიშნული დათქმა არის კანონსაწინააღმდეგო, ეწინააღმდეგება საჯარო მიზანს დაცული იქნეს სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის უფლება თანაბრად, არ მოხდეს ხელშეკრულების ძლიერი მხარის მიერ საკუთარი უპირატესობის გამოყენება და ხელშეკრულების სუსტი მხარის დაჩაგვრა.

10.2. შრომის კოდექსის 46-ე მუხლი ითვალისწინებს დასაქმებულის ვალდებულებას შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. სწორედ ამ შეზღუდვის ფარგლებშია ვალდებული დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხადოს ანაზღაურება. ამასთან, აღნიშნული მუხლით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოსარჩელის მითითებით,კომპენსაციის ან/და ზიანის მოთხოვნა გამომდინარეობს სწორედ შრომის კოდექსის სპეციალური ნორმიდან და არ აქვს კავშირი პირვანდელი სარჩელით მოთხოვნილ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველთან.

11. შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე

11.1. სს ,,-------- ბანკის“ მოსაზრებით, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ მითითებული სახელშეკრულებო დათქმა არის კანონშესაბამისი. მხარეები შეთანხმდნენ ამგვარ შეზღუდვაზე და მისი დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე.

11.2. შრომის კოდექსით განსაზღვრული 6 თვიანი დასაქმების შეზღუდვა ქმედითი ვერ იქნება, თუ მხარეები თავად არ შეთანხმდებიან ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებაზე. კანონმდებელმა დაადგინა მსგავსი შეზღუდვის არსებობის შესაძლებლობა, ხოლო მასთან დაკავშირებული ყველა სხვა საკითხზე შეთანხმების შესაძლებლობა დატოვა მხარეთა ნების ფარგლებში. შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვს სახელშეკრულებო დათქმის ბათილობას, თუმცა ვერ ასაბუთებს სამართლებრივ საფუძველს. დანართით N--მხარეები შეთანხმდნენ დასაქმებულის მიერ მისი სამომავლო გეგმების შესახებ შეტყობინების ვალდებულებაზე. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ამასთან, გარიგების ბათილობის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს სსსკ-ის 54-ე მუხლის ყველა წინაპირობაზე, თუმცა ვერცერთ მათგანს ვერ ასაბუთებს.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს ,,-------- ბანკის“ სარჩელი ლ. ო-ას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ლ. ო-ას მოსარჩელე სს „------- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის ანაზღაურება 7200 ლარის ოდენობით, სს ,,------- ბანკის“ სარჩელი ლ. ო-ას მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ლ. ო-ას შეგებებული სარჩელი სს „------ ბანკის“ მიმართ ხელშეკრულების პირობების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა

.

12. მხარეთა სააპელაციო საჩივრები

12.1. სს ,,--------- ბანკის“ სააპელაციო მოთხოვნა

ძირითადი სარჩელით მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება.

12.2. ლ.ო-ას სააპელაციო მოთხოვნა

ძირითადი სარჩელით მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივრები არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოშობს სააპელაციო საჩივრებით მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცების გაზიარების საფუძველს, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება.

13.2. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, გარკვეული ვადით შრომითი საქმიანობის შეზღუდვის ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 60.1 მუხლი, სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 46.3 (შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით) და 60.3 მუხლი - სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 46.5 (ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

13.3. სააპელაციო პალატამ საკუთარი პოზიცია დააფუძნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია დასაქმებულის ინტერესიც და მოლოდინი შრომის უფლების რეალიზაციასთან მიმართებით, რომელსაც მათ შორის სოციალური ბუნება აქვს და, ამ უფლების შეზღუდვისას, საჭიროა მხარეთა ინტერესების გონივრული დაბალანსება. დასაქმებულის სახელშეკრულებო თვითბოჭვა სასყიდლიანი ხასიათისაა, მსგავს შემთხვევაში კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დასაქმებულის მხრიდან გამართლებული და კანონიერია. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს წინასწარ სრულად გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესება და ასეთზე მხარეთა შეთანხმება. ამასთან, დასაქმების უფლების შეზღუდვისათვის, დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს – დაწესებული შეზღუდვისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სშკ-ის 46.3 მუხლით გათვალისწინებული თანხა არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას, არამედ ეს არის კონპენსაცია თავდაპირველი დამსაქმებლის მსგავს სამეწარმეო სუბიექტებში კონკურენციის პირობების შენარჩუნებისათვის და შეთანხმება ამ კონკურენციაზე ლეგიტიმურს ხდის პირის შრომითი უფლების შეთანხმებული ვადით შეზღუდვას. კომპენსაციის ხსენებული ბუნება კი, განსხვავდება შრომის ანაზღაურებისაგან და იგი დასაქმებულს უნდა მიეცეს წინასწარ, ერთიანი ანაზღაურების სახით და არა ყოველთვიურად, როგორც ამას მოსარჩელე, ანუ კასატორი განმარტავს (შდრ. სუსგ. #ას-1041-2019, 12.02.2020წ; იხ. #ას- 646-2020, 29.09.2020წ.).

13.4. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შრომითი ურთიერთბის შეწყვეტის შემდგომ დამსაქმებლის მიერ კონკურენციის შეზღუდვის კანონიერებაზე და მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შეპირისპირებული ინტერესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, უნდა შეფასებულიყო როგორც სადავო სახელშეკრულებო დათქმის ნამდვილობა, მისი საკანონმდებლო დანაწესთან შესაბამისობის თვალსაზრისით (სსკ-ს 54-ე მუხლის ჭრილში), ასევე მითითებული დათქმის ნამდვილად მიჩნევის პირობებში, არსებობდა თუ არა პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი და ამავდროულად უნდა განსაზღვრულიყო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობის საკითხი. გარდა აღნიშნულისა, ლ. ო-ას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ასევე უნდა შეფასებულიყო ბანკის მიერ კომპენსაციის სახით მოპასუხისათვის ჩარიცხული თანხის ოდენობა და აღნიშნულ ნაწილში მოპასუხის პასუხისმგებლობის ფარგლები.

13.5. შეგებებული სარჩელის ფარგლებში პალატამ წინსწრებად აღნიშნა, რომ შეგებებული სარჩელით ინიცირებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამასთანავე, თავისი არსით წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი წარმოადგენს შედავებას, ერთგვარ შესაგებელს, რომელიც მიმართულია თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების გამორიცხვისაკენ, კერძოდ კი, შეგებებული სარჩელით შედავებულია სახელშეკრულებო დათქმის ნამდვილობა მისი კანონშეუსაბამობის საფუძვლით.

13.6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მსჯელობა სშკ-ის მე-60 მუხლის მოქმედების ფარგლების შესახებ და აღნიშნა, რომ კანონმდებლობა უშვებს შრომითი უფლების შეზღუდვას, რაც გამართლებული უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნით - დამსაქმებლის ინტერესით, კერძოდ მისი სამეწარმეო ინტერესის დაცვის მიზნით, თუმცა, თავისთავად, აღნიშნული რისკის დაზღვევის საპირწონედ, დამსაქმებელი ვალდებულია ყოფილ დასაქმებულს აღნიშნული რისკის თანაფარდობისთვის მისცეს კომპენსაცია.

13.7. სააპელაციო პალატამ აღნიშნული ნორმისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სუმსუმირებისას დაადგინა, რომ სადავოდ გამხდარი შრომითი ხელშეკრულების დანართი N--თი შეთანხმებული სახელშეკრულებო დათქმა შესაბამისობაშია ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო დანაწესთან და იგი კანონისაგან განსხვავებით არ აურესებს დასაქმებულის სამართლებრივ მდგომარეობას. კონკრეტული პუნქტით, პალატის შეფასებით არ არის დაწესებული დასაქმებულისათვის დამატებითი, კანონისაგან გაუთვალისწინებელი პასუხისმგებლობა და ამგვარად არ არის შეზღუდული დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობა, რაც შესაძლოა გამხდარიყო შრომითი ურთიერთობის პირობებში სახელშეკრულებო დათქმის ბათილობის საფუძველი, თანახმად სშკ-ს 1.3 მუხლისა (შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას). აპელანტის/შეგებებული სარჩელის ავტორის მითითება, რომ ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინებულიყო პირგასამტეხლო, ვერ იქნება გაზიარებული და აღნიშნულ ნაწილშიც ვერ მიიჩნევა ბათილობის საფუძვლად, რამეთუ სშკ-ს 60.3 მუხლის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 46.5 მუხლი) შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

13.8. სააპელაციო პალატამ იმსჯელა მხარეთა შეთანხმებაზე ანაზღაურების გადახდის პირობით დასაქმებულისთვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესებაზე სსკ-ის 319-ე მუხლის (ნების ავტონომიის) ჭრილში და აღნიშნა, რომ ორგანული კანონი დასაშვებად მიიჩნევს დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესებას და ასეთზე მხარეთა შეთანხმებას ანაზღაურების გადახდის პირობით. ამგვარი შეთანხმება ვერ იქნება მიჩნეული კანონსაწინააღმდეგოდ და შესაბამისად, შეთანხმება პირგასამტეხლოს დაკისრებასთან მიმართებით, როგორც სახელშეკრულებო დათქმის უზრუნველყოფის ღონისძიება დასაშვებია.

13.9. სააპელაციო პალატამ სს ,,------ ბანკის“ პირგასამტეხლოს მოთხოვნის მართლზომიერებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია კი, განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 06.05.2015წ. საქმე №ას-1158- 1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015)].

13.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირგასამტეხლოს დაკისრებისთვის აუცილებელია დგინდებოდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც სწორედ რომ სადავო გარემოებას წარმოადგენდა. აღნიშნულ ნაწილში კი სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომლის მიხედვითაც მართალია შრომითი ურთიერთობის დროს დამსაქმებელმა შესაძლოა ჩადოს ინვესტიცია დასაქმებულში და უზრუნველყოს მისი პროფესიული განვითარება, რის გამოც ამის საპასუხოდ შეუძლია მოსთხოვოს მას არ გამოიყენოს დასაქმების დროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვა კონკურენტ დამსაქმებელთან და ამის უფლებას სწორედ რომ ადგენს საქართველოს შრომის კოდექსის მე-60 მუხლი, თუმცა ამავე ნორმით ვიწროდაა განმარტებული ასეთი აკრძალვის ფარგლები და ამავდროულად ავალდებულებს დამსაქმებელს აუნაზღაუროს დასაქმებულს შეზღუდვის შედეგად მიღებული დანაკლისი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონმდებელი გასაზღვრავს ვადას, რა ვადაშიც შესაძლებელია შეეზღუდოს დასაქმებულს დასაქმების უფლება. ასევე ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე, როდესაც მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება დასაქმების შეზღუდვის შესახებ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელმა იმავდროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს არჩევანი, შეუძლია თუ არა ყოფილ დასაქმებულს კონკურენტ ორგანიზაციაში დასაქმებისას მიაყენოს მას ზიანი და იყენებს თუ არა დასაქმების შეზღუდვის უფლებას, რა დროსაც შეზღუდვის პერიოდში ასევე უნდა გადაუხადოს ანაზღაურება არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. სს ,,------ ბანკს“ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს უნდა ეცნობებინა ლ.ო-ის რომ იყენებს მისთვის მინიჭებულ უფლებას და უზღუდავს დასაქმების უფლებას, რის ასანაზღაურებლადაც განსაზღვრულ ვადაში მას გადაუხდიდა კომპენსაციას, ამ უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში კი მას წაერთვა შესაძლებლობა შეთანხმების პირობები აამუშავოს მხოლოდ მაშინ, როცა რეალურად დადგება ფაქტის წინაშე, როცა ყოფილი დასაქმებული დასაქმდება სხვა კონკურენტ ორგანიზაციაში. ბანკმა „დასაქმების შეზღუდვის“ აკრძალვის შესახებ მოპასუხე ლ. ო-ან განაცხადა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ დასაქმების შეზღუდვის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნა და ყოველთვიურად თანხის („ხელფასის“) ჩარიცხვა ვერ იქნება საკმარისი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შრომითი ხელშეკრულების №- დანართით გათვალისწინებული სპეციალური პირობებით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვის მიზანი დამსაქმებლის მხრიდან სრულად იყო დაცული და სწორად ამოქმედებული. მხოლოდ დასაქმების შეზღუდვა იმ გარემოებების გაანალიზების და დასაბუთების გარეშე თუ რა ფორმით და რა სახის ზიანი შეიძლება მიაყენოს დასაქმებულმა დამსაქმებელს, დაუსაბუთებელია და მხოლოდ ცალკე აღებული უფლების გამოყენება ისე რომ არ იქნეს გათვალისწინებული დასაქმებულისათვის მიყენებული შესაძლო ზიანი უფლების ბოროტად გამოყენებას ემსახურება (სკ 115-ე მუხლი), ვინაიდან თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების შემთხვევაში დამსაქმებელი დასაქმებულს უხდის მხოლოდ ხელფასის სახით მისაღებ თანხას, ხოლო დასაქმების შემთხვევაში იგი მიიღებდა დამატებით შემოსავალს (მაგალითად ბონუსის სახით), ან უფრო მაღალ ხელფასს, დასაქმების შეზღუდვის გამოყენება დაუსაბუთებლად და მისი ძირითადი მიზნის გარეშე, ეწინაააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას (მუხლი 26), ისე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ასევე სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით დაცულ სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების, სამართლიანი ხელფასის, დამაკმაყოფილებელი გასამრჯელოს არჩევის უფლებას.

13.11. განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, პალატამ ვერ მიიჩნია ხელშეკრულების N-- დანართით გათვალისწინებულ დასაქმების შეზღუდვასა და შესაბამისად მასთან დაკავშირებულ პირგასამტეხლოს დათქმასთან მიმართებით შეთანხმება ამოქმედებულად, რის გამოც გაუმართლებლად განიხილავს მოსარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრებასთან მიმართებით.

13.12 სააპელაციო პალატამ ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება სს ,,------- ბანკის“ მიერ კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის უკან გამოთხოვის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რადგან იმ პირობებში, როდესაც ლ. ო-ა დასაქმებულია კონკურენტ საწარმოში, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი სახელშეკრულებო შეთანხმების შესაბამისად მიიღოს კომპენსაცია, რის გამოც იგი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გაცემული კომპენსაცია 7200 ლარის ოდენობით და შედავება, რომ თითქოს მისი მხრიდან მიღებულია მხოლოდ 5409,6 ლარი (ცნობის ნაწილი) ვერ იქნება გაზიარებული პალატის მხრიდან. საშემოსავლო გადასახადით დაქვითულ თანხასთან მიმართებით პასუხისმგებლობა ბანკს ვერ დაეკისრება, რამეთუ დამსაქმებელი მოქმედებდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ფარგლებში და მასზე პასუხისმგებელია ხელშეკრულების მონაწილე ის მხარე, რომლის ბრალეული ქმედების შედეგად წარმოიშვა თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სს „------ ბანკმა“ მოპასუხე ლ. ო-ას ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის შეზღუდვის საკომპენსაციოდ 2019 წლის 31 ივლისიდან - 2019 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდში ჩაურიცხა თანხა - 7160,84 ლარის ოდენობით. აღნიშნულ თანხის ჩარიცხვას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ქონებრივი სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოპასუხე ამ თანხით უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ამდენად, ქონებრივი ბალანსის აღსადგენად აუცილებელია მოპასუხემ დააბრუნოს მიღებული სარგებელი, რომელიც მას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აქვს მიღებული.

13.13. საბოლოო ჯამში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სააპელაციო საჩივრებით გასაჩივრებულ ნაწილში არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს.

14. კასატორების მოთხოვნები

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

15. სს ,,------- ბანკის“ (დამსაქმებლის) საკასაციო მოთხოვნა

15.1. სს ------- ბანკმა წარდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

15.2. კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად ჩათვალეს, რომ ლ. ო-ას არ დაურღვევია განგრძობითი ვალდებულება და არასწორად ჩაითვალა რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

15.3. კასატორი უთითებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N---ის 1.1; 1.3 პუნქტებზე და აცხადებს, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, დამსაქმებელს ჰქონდა უფლება გამოეყენებინა დასაქმების შეზღუდვა, რაც განახორციელა მან, თუმცა ყოფილმა დასაქმებულმა მაინც დაიწყო კონკურენტ საწარმოში მუშაობა. მისი მოსაზრებით, მართალია 2019 წლის 25 ივლისის გათავისუფლების შესახებ განცხადება დაკმაყოფილდა, რა დროის პერიოდიდანაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა, თუმცა დასაქმების შეზღუდვის სახელშეკრულებო ვალდებულება მაინც დარჩა ძალაში 6 თვის განმავლობაში და მხოლოდ ის ფაქტი, რომ 30 ივლისს, ანუ დასაქმებულის გათავისუფლებიდან 5 დღის შემდგომ გაეგზავნა დასაქმებულს შეზღუდვის წერილი, არ ნიშნავს იმას, რომ ვალდებულება ვეღარ წარმოიშობა, შესაბამისად, ქვედა ინსტანციების მითითება დასაქმების შეზღუდვის დაგვიანებით ამოქმედებაზე არასწორია.

15.4. კასატორის მოსაზრებით, დასაქმების შეზღუდვის უფლება არ გულისხმობს მისი აპრიორული გამოყენების აუცილებლობას თუ დასაქმებული კონკურენტთან არ შევა შრომით ურთიერთობაში. აღნიშნული უფლების გამოყენებამდე აუცილებელია დასაქმებულის ვალდებულების შესრულება წინ უსწრებდეს შეზღუდვის გამოყენებას, რადგან დასაქმებულმა იცოდეს არსებობს თუ არა შეზღუდვის გამოყენების აუცილებელი გარემოებები, შესაბამისად, ხელშეკრულების N----ის 1.5 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის ვალდებულება გათავისუფლებიდან 6 თვის მანძილზე შეატყობინოს ყოფილ დამსაქმებელს ახალი სამსახურის შესახებ წარმოადგენს წინმსწრებ მოქმედებას. აღნიშნული უფლების გამოყენებას არ ექნება ადგილი თუ დასაქმებული არაკონკურენტულ პირთან დაიწყებს მუშაობას, შესაბამისად, თუ კი ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას გავიზიარებთ, გამოდის, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისტანავე უნდა მოხდეს შრომითი უფლების შეზღუდვა, რაც წარმოადგენს დასაქმებულის უფლებების დარღვევას. ამასთან, საჩივრის ავტორის მითითებით, შეზღუდვის გამოყენების შესაძლებლობა დამოკიდებულია მხოლოდ დასაქმებულის მიერ სამომვალოდ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რადგან დამსაქმებელს ხელი არ მიუწვდება დასაქმებულის სამსახურეობრივ ინფორმაციაზე, ამიტომ დამსაქმებელი მოკლებულია ფაქტობრივი გარემოებების მოძიების შესაძლებობასაც, რის საფუძველზეც შეზღუდვის უფლებას ვერ გამოიყენებს, შესაბამისად, შეტყობინების ვალდებულება წინ უსწრებს დასაქმების შეზღუდვის ამოქმედებას, მას ჯერ წინ უნდა უსწრებდეს დასაქმებულის მიერ სამსახურეობრივი განვითარების/ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შემდგომ კი აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დასაქმებული უნდა აფასებდეს გამოიყენებს თუ არა შეზღუდვის შესაძლებლობას.

15.5. რაც შეეხება დასაქმების შეზღუდვის გამო ჩასარიცხი თანხის ერთიანი სახით ანაზრაურებას, კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულებაში მხარეებს არ განუსაზღვრავთ გადახდის წესი, პირიქით, ხელშეკრულების დანართის 1.3 ქვეპუნქტში მითითებულია ყოველთვიური გადახდის წესი. ასევე, როდესაც შეზღუდვა ითვალისწინებს დამსაქმებელმა შეზღუდოს დასაქმებული, გაუგებარია თუ როდის უნდა მოხდეს კომპენსაციის გადაკისრება მაშინ, როცა მას შეუძლია შრომითი ხელშეკრულების გასვლიდან ან ბოლო თვიდან მოითხოვოს შეზღუდვის გამოყენება, ამიტომ, კასატორის პოზიციით, არ არის შესაძლებელი ერთიანად თანხის გადახდა, მით უფრო მაშინ, როდესაც 2019 წლის მდგომარეობით არსებული კანონმდებლობა დამსაქმებელს არ ავალდებულებდა ერთიანი კომპენსაციის გადახდას,

15.6. კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა, რომელიც წარმოშობისთვის საკმარისია ვალდებულების დარღვევა და არ არის აუცილებელი ზიანის არსებობა. ამ შემთხვევაში, ზიანის მიუხედავად, პირგასამტეხლო ცალკე მოთხოვნაა და მისი არსებობა მხოლოდ ვალდებულების დარღვევაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში კი რადგან დასაქმებულმა არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება და დაიწყო სამსახური კონკურენტ კომპანიაში, დამსაქმებელს აპრიორულად წარმოუშობს ურთიერთშეთანხმებული პირგასამტეხლოს მოთხოვნას.

15.7. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ სწორედ დამსაქმებლის ინტერესშია მისი კომერციული საქმიანობით მიღებული ინფორმაციის კონკურენტი კომპანიისათვის გადაცემის დაუშვებლობა, შესაბამისად, დაინტერესებულია ყოფილი დამსაქმებლის სამომავლო სამსახურეობრივი საქმიანობის შინაარსით.

15.8. 2021 წლის 06 ივლისს სს ,,------ ბანკის“ მიერ წარმოდგენილ დამატებით სამართლებრივ პოზიციაში კასატორი მიუთითებს შრომით ურთიერთობაში დასაქმების შეზღუდვის საპირწონედ კომპენსაციის გადახდის წესზე მოყავს რა სხვადასხვა ქვეყნის რეგულირების მაგალითები. ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე - Nას-1041-2019 საქმეზე, რომლის საფუძველძეც დადგინდა, რომ ,,სშკ-ის მე-60 მუხლით გათვალისწინებული თანხა არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას, არამედ ესაა კომპენსაციის თავდაპირველი დამსაქმებლის მსგავს სამეწარმეო სუბიექტებისთვის კონკურენციის პირობების შენარჩუნებისათვის და შეთანხმება ამ კონკურენციაზე ლეგიტიმურს ხდის პირის შრომითი უფლების შეთანხმებული ვადით შეზღუდვას, კომპენსაციის ხსენებული ბუნება კი განსხვავებულია შრომის ანაზღაურებისგან და იგი დასაქმებულს უნდა მიეცეს წინასწარ, ერთიანი ანაზღაურების სახით და არა ყოველთვიურად...“. კასატორის მოსაზრებით მსგავსი განმარტება არ შეესაბამება აღნიშნულ ნორმას და სასამართლომ ასეთი განმარტება საკუთარი სამოსამართლო სამართლის საფუძველზე განმარტა, რაც ასევე არ არის გათვალისწინებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტში.

15.9. უზენაესი სასამართლოს მიერ შეცვლილი, ახლებური პრაქტიკით გაუმართლებლად დიდი რისკი ადგება დამსაქმებელს, რომელსაც სასამართლო, ერთი მხრივ, აკისრებს ვალდებულებას დასაქმებულის შეტყობინებისთანავე გადაიხადოს კომპენსაცია ერთიანი სახით, ხოლო მეორე მხრივ, არავითარ საპირწონე ბერკეტს არ უტოვებს იმისთვის, რომ გამოიკვლიოს აქვს თუ არა კომპენსაციის ამგვარ ანაზღაურებას ლეგიტიმური საფუძველი, რა დროსაც შესაძლოა გაჩნდეს უფრო დიდი სივრცე იმისთვის, რომ დასაქმებულმა მიიღოს კომპენსაცია და შემდგომ აღარ დაიცვას შეზღუდვის პირობები, შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ ასეთ დროს უფრო ლოგიკური და სამართლიანია ყოველთვიურად კომპენსაციის გადახდის გრაფიკის შემუშავება, რადგან დარღვევის შემთხვევაში დამსაქმებელი აღარ გადაუხდის ყოველთვიურ კომპენსაციას დასაქმებულს და აღარ იქნება თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის ვალდებულებაც. ამავდროულად, გაუგებარია უზენაესი სასამართლოს მიერ წარსულში დადგენილი პრაქტიკის რადიკალური ცვლილება საკანონმდებლო დანაწესის უცვლელად დატოვებისა და ცვლილების აუცილებლობის დაუსაბუთებლობის პირობებში.

15.10. კასატორი მიუთითებს თანაზომიერებისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვაზე, რადგან მართალია შრომითი ურთიერთობა არ არის კლასიკური კერძოსამართლებრივ ურთიერთთანასწორობაზე დამყარებული გარიგება, თუმცა ეს არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების პროპორციულობის ჭრილში დადგენასა და მათი ინტერესების ურთიერთბალანსს.

15.11. საბოლოოდ, კასატორის მოსაზრებით, მას სრული უფლება ჰქონდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვის პრინციპი აემოქმედებინა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან ნებისმიერ დროს ექვსი თვის მანძილზე და კომპენსაცია გადაეხადა არა ერთჯერადად, ერთიანი თანხით, არამედ დივერსიფიცირებულად, ასევე, რადგან აღნიშნული საქმის სამართლებრივი საკითხზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთგვაროვნი გადაწყვეტლებები აქვს მიღებული, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული საქმის დასაშვებად ცნობა ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს.

16. მოწინააღმდეგე მხარის საკასაციო შესაგებელი

16.1. ლ. ო-ამ ზემოაღნიშნულ საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი, სადაც მიუთითებს, რომ საქმის ფარგლებში არ არის სადავო ის გარემოება, რომ მხარეები შეთანხმდნენ დასაქმების შეზღუდვის უფლების მექანიზმზე, თუმცა დანართი N--ის პირველი მუხლი აშკარად მიუთითებს, რომ შეზღუდვის ამოქმედება არის უფლება, რომელიც არ მოქმედებს ავტომატურად და მის ამოქმედებას სჭირდება დამსაქმებლის ნების გამოხატვა. კასატორის მოსაზრებით, ამისთვის აუცილებელია, დამსაქმებელმა დასაქმებულს მიაწოდოს წერილობითი ნება შეზღუდვის ამოქმედების შესახებ, უნდა აანაზღაუროს 6 თვის კომპენსაცია ერთიანად და სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში შეზღუდვა ვერ ჩაითვლება ამოქმედებულად. დამატებით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან მეხუთე დღეს ეცნო დასაქმებულს შრომითი შეზღუდვის გამოყენების შესახებ, ამიტომ დასაქმებული სრულად თავისუფალი იყო და შეეძლო სხვა სამსახურში გადასვლა, რის გამოც პირგასამტეხლო არ უნდა დაეკისროს, ამავდროულად, მხოლოდ ცნობა არასაკმარისია შეზღუდვის ამოქმედებისთვის, დამსაქმებელმა ასევე უნდა მისცეს კომპენსაცია დასაქმებულს რომ შეზღუდვა ამოქმედდეს.

16.2. მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, კომპენსაციის ანაზღაურება უნდა მოხდეს ერთიანად, რადგან კომპენსაცია არ წარმოადგენს სახელფასო ვალდებულებას და ის განსხვავდება შრომის ანაზღაურებისაგან, ამავდროულად, კომპენსაციის ყოველთვიური ნაწილობივი გადაცემა წარმოადგენს დამოუკიდებელ ურთიერთობას, რა დროსაც დამსაქმებლის უფლების რეალიზაცია ინდივიდუალურად ჩამოყალიბდება და დასაქმებული დამატებითი რისკის ქვეშ დარჩება, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა დამსაქმებელმა ყოველთვიურ გადახდაზეც კი უარი თქვას, რა დროსაც დასაქმებული ვერ შეძლებს ვერც სხვაგან დასაქმებას შეზღუდვის გამო და ვერც კომპენსაციის მიღებას, რაც გაუმართლებელ რისკს წარმოადგენს, შესაბამისად, თუ კი კუმულაციური წინაპირობები არ შესრულდება დამსაქმებლის მიერ, კერძოდ შრომითი ურთიერთობის პერიოდშივე არ მოხდება შეზღუდვის გამოყენების შესახებ განცხადების წარდგენა და ამავდროულად კომპენსაციის გადახდა, დასაქმებულს შეეძლება ჩათვალოს, რომ შეზღუდვის ნება მართალია გამოიხატა, მაგრამ ვალდებულების შეუსრულებლობით (კომპენსაციის გადაუხდელობით) ვერ ამოქმედდა. აღნიშნული საქმის ფარგლებში კი ცხადია, რომ დასაქმებულს მოესპო შესაძლებლობა თავად აერჩია მისთვის პრიორიტეტული გადაწყვეტილება, რადგან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მოითხოვა დამსაქმებელმა შეზღუდვის უფლების რეალიზაცია, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, როდესაც დამსაქმებელი აღმოაჩენს, რომ დასაქმებულმა კონკურენტ ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა, დამსაქმებელს ართმევს შესაძლებლობას ფაქტის დადგომის შემდეგ მოითხოვოს შრომითი უფლების შეზღუდვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ დასაქმებულს წინასწარ არ შეუზღუდეს უფლება, ახალ სამსახურში გადასვლის შემდგომ შეზღუდვის მოთხოვნა არარელევანტური ხდება და წინააღმდეგობაში იქნება სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპთან.

16.3. ლ. ო-ა ასევე უთითებს, რომ შეზღუდვის ლეგიტიმური გამოყენებისას დადგენილი იქნეს შესაბამისი სახის გარემოებები, როგორიცაა მაგალითად სამსახურის სპეციფიკა, მისი კატეგორიზება, შეზღუდვის ფარგლები, სამართლებრივი ბერკეტი იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი შეზღუდვის გამოყენებისას არ გადაიხდის კომპენსაციის ნაწილს.

17. ლ. ო-ს (დასაქმებულის) საკასაციო მოთხოვნა

17.1. ლ. ო-მ წარდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

17.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა ის ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად იქნა გამოკვლეული დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საჩივრის ავტორის მოსაზრებით განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

17.3. ლ. ო-ა მიუთითებს, რომ მის მიერ სადავოდ იყო გამხდარი პირგასამტეხლოს შესახებ სახელშეკრულებო შეთანხმების კანონშესაბამისობა, რადგან ხელშეკრულების დანართ N--ის მე-3 მუხლში გაწერილი სადავო დათქმა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. ის დამსაქმებლის მოთხოვნათა უზრუნველყოფის ხერხია და დასაქმებულის უფლებებში დაუსაბუთებლად ერევა. 17.4. სახელშეკრულებო პირობები უნდა განისაზღვროს სსკ-ის 325-ე მუხლის საფუძველზე, რამაც უნდა გამორიცხოს პირობათა კაბალურობა, ამ შემთხვევაში კი ის ბერკეტები რაც დამსაქმებელს აქვს: დასაქმების შეზღუდვა, პირგასამტეხლოს დაკისრება, დამატებით კი ზიანის ანაზღაურება დასაქმებულს აგდებს მძიმე სახელშეკრულებო პირობებში, შესაბამისად, ასეთი სახის გარიგებები სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილია.

17.5. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ნაწილობრივ, 5409.60 ლარის ნაწილში ცნო სარჩელი, თუმცა მოსარჩელეს მოთხოვნა დაუკმაყოფილდა 7200 ლარის ნაწილში, კასატორის დავის საგანს კი წარმოადგენს 1790.4 ლარის სხვაობა. აღნიშნული თანხა სააპელაციო პალატამ მიიჩნია უსაფუძვლო გამდიდრებად, შესაბამისად, მისი უკან დაბრუნება დააფუძნა სსკ-ის 976-977-ე მუხლებს. კასატორი მიუთითებს, რომ ბანკისგან მას გადაერიცხა 7160.84 ლარი 7200 ლარის ნაცვლად, ამავდროულად, აღნიშნული თანხა ანგარიშზე ჰქონდა და არ გამოუყენებია, რა პერიოდშიც თანახმა იყო თანხა გადაერიცხა უკან ბანკისთვის, შესაბამიასდ, 1790,40 ლარი არის არა ის თანხა, რაც დამსაქმებელმა მიიღო, არამედ ის, რაც ტრანზაქციებისას და საშემოსავლო გადასახადისას გაიხარჯა მომსახურებაში, რაც შესაბამისად ვერ ჩაითვლება ბანკისათვის გადასახდელ ვალდებულებად. დამატებით, მხარე მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებელმა იცოდა დასაქმებულის ახალი სამსახურის შესახებ, მან მხოლოდ ამის შემდგომ გადაწყვიტა შეზღუდვის გამოყენება, ასევე ამ დროიდან დაიწყო კომპენსაციის გადახდა, თუმცა იცოდა რა, რომ დასაქმებული უკვე სხვა კომპანიაში მუშაობდა. შედეგად, გადარიცხულ თანხას აკლდებოდა ტრანზაქციებისას გათვალისწინებული თანხები, რაშიც ბრალეულობა ბანკს მიუძღვის. ახლა კი თანხის გამოთხოვა ტრანზაქცირებული თანხების ჩათვლით წარმოადგენს დასაქმებულის დამატებით რთულ მატერიალურ მდგომარეობაში ჩაყენებას.

17.6. კასატორი უთითებს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლზე და აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ აღიარა ლ. ო-მი დასაქმების შეზღუდვის პერიოდში ჩარიცხულ თანხებს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი დამსაქმებლის მიერ სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გამო, არ წარმოშობილა არც კომპენსაციის და არც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის წინაპირობა. დამატებით, დამსაქმებელს, როგორც საგადასახადო აგენტს შეუძლია უსაფუძვლოდ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი დაიბრუნოს შემოსავლების სამსახურიდან კორექტირებული დეკლარაციის წარდგენის გზით, ამიტომ ამ კუთხითაც არ წარმოადგენს ლ. ო-ა მოვალეს, რადგან, მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამდიდრდა არა დასაქმებული, არამედ სახელმწიფო.

17.7. საბოლოოდ, ლ. ო-ას მოსაზრებით, ის არ არის აღნიშნული თანხის გადახდაზე ვალდებული პირი, რადგან ასეთ შემთხვევაში მას მოუწევს გადაიხადოს იმაზე მეტი თანხა, რაც მიიღო, რადგან ჩარიცხული თანხის ნაწილი ტრანზაქციების შესრულების მომსახურებასა და საშემოსავლო გადასახადში გადაირიცხა. შესაბამისად, ლ. ო-ას მოსაზრებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს სს ,,------ ბანკის“ სარჩელი (ნაცნობი თანხის ნაწილის გამოკლებით), ხოლო მისი შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფლიდეს სრულად.

18 . საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 ივნისის განჩინებით სს ,,------ ბანკის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ასევე, 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული ლ. კ-ას საკასაციო საჩივარიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ისინი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

22. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

25. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

26. განსახილველ შემთხვევაში, მოცემული საქმის მთავარ სამართლებრივ კითხვებს წარმოადგენს ის, რომ შეუძლია თუ არა დამსაქმებელმა მოითხოვოს დასაქმების შეზღუდვა მაშინ, როდესაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დროში უსწრებს მოთხოვნის დაყენებას, შესაძლებელია თუ არა დასაქმების შეზღუდვისას კომპენსციის გადახდა მოხდეს დივერსიფიცირებულად 6 თვეზე გადანაწილებით, შესაძლებელია თუ არა დამსაქმებელმა მოითხოვოს პირგასამტეხლოს დაკისრება დასაქმების შეზღუდვის არაფორმალურ მოთხოვნათა დაუცველობის საფუძველზე, ასევე, შესაძლებელია თუ არა დამსაქმებელმა დასაქმებულს მოსთხოვოს უსაფუძვლო გამდიდრების შესაბამისად ყოველთვიურად გადახდილი კომპენსაციის თანხის გამოთხოვა.

27. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს წინასწარ სრულად გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესება და ასეთზე მხარეთა შეთანხმება. ამასთან, დასაქმების უფლების შეზღუდვისათვის, დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს – დაწესებული შეზღუდვისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სშკ-ის 46.3 მუხლით გათვალისწინებული თანხა არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას, არამედ ეს არის კომპენსაცია თავდაპირველი დამსაქმებლის მსგავს სამეწარმეო სუბიექტებში კონკურენციის პირობების შენარჩუნებისათვის და შეთანხმება ამ კონკურენციაზე ლეგიტიმურს ხდის პირის შრომითი უფლების შეთანხმებული ვადით შეზღუდვას. კომპენსაციის ხსენებული ბუნება კი, განსხვავდება შრომის ანაზღაურებისაგან და იგი დასაქმებულს უნდა მიეცეს წინასწარ, ერთიანი ანაზღაურების სახით (შეად. სუსგ-ებს: N ას-1112-2020, 18.11.2021წ; N ას-343-2020, 10.02.2021წ; N ას-198-2020, 18.11.2020წ; N ას-686-2020, 29.09.2020წ; N ას-646-2020, 29.09.2020წ; Nას-1041-2019, 12.02.2020 წ; N ას-1194-2018, 26.10.2018წ.).

28. შრომით ურთიერთობაში მხარეთა შეთანხმება შესაძლოა ითვალისწინებდეს დასაქმებულისათვის გარკვეული ვადით შრომითი საქმიანობის შეზღუდვას, მაგრამ თუ დამსაქმებელი დაარღვეს ნაკისრ ვალდებულებას, კერძოდ, შრომითი საქმიანობის შეზღუდვისათვის საკომპენსაციო თანხას დასაქმებულს წინასწარ არ აუნაზღაურებს, მოპასუხეს შეეძლება უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე და თავისუფლად განკარგოს თავისი შრომითი უფლება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევა არ ვლინდება, საფუძველსმოკლებულია მისთვის ფინანსური სანქციის/პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნაც (შეად. სუსგ N ას-1112-2020, 18.11.2021 წ.).

29. მეორე მხრივ, როდესაც შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია, მაგრამ ერთი მხარე მაინც მიიჩნევს, რომ ის ძალაშია და ამის საფუძველზე თვითიმედოვნებით ასრულებს ვალდებულებებს, დგება მეორე მხარის უსაფუძვლო გამდიდრების საფრთხე, ასეთ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, კერძოდ, სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელსაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ განმარტებას საკასაციო სასამართლო იზიარებს და დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს დაუბრუნოს ის თანხა, რაც მან მისგან მიიღო, რადგან ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგალითად, ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ სახელშერულებო პირობა თვითონ დამსაქმებელმა არ აამოქმედა, შესაბამისად, სახელშეკრულებო ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხა კონდიქციური ნორმების საფუძველზე უნდა დაბრუნდეს.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის მე-60.1 მუხლის მიზანია დამსაქმებლის ინტერესებისა და სამეწარმეო რისკების დაცვა, რომელიც შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების პირობებში, თუმცა, გასათვალისწინებელია დასაქმებულის ინტერესიც და მოლოდინი შრომის უფლების რეალიზაციასთან მიმართებით, რომელსაც მათ შორის სოციალური ბუნება აქვს და, ამ უფლების შეზღუდვისას, საჭიროა მხარეთა ინტერესების გონივრული დაბალანსება. დასაქმებულის სახელშეკრულებო თვითბოჭვა სასყიდლიანი ხასიათისაა, შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში, კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დასაქმებულის მხრიდან გამართლებული და კანონიერია (იხ. სუსგ N ას-1112-2020, 18.11.2021წ.). ზემოაღნიშნულ ნორმაში არსებული შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანია დაიცვას დამსაქმებლის ინტერესები დასაქმებულისთვის იმ რიგი შეზღუდვების დაწესებით, რომელიც გადააზღვევს სამეწარმეო რისკებს, ბიზნეს ურთიერთობებს კი დასაქმებულის არამართლზომიერი ქმედების შედეგად აღარ მიადგება გამოუსწორებელი ზიანი. ასეთი შეზღუდვის დაწესება არ არის უცხო არც ევროპული სამართლის ქვეყნებისთვის, მაგალითად, გერმანიაში „ლოიალობის ვალდებულება“ ნორმატიულ ასახვას პოვებს სავაჭრო კოდექსის [HGB] მე-60 პარაგრაფში და სავაჭრო კოდექსი ადგენს, რომ, დამსაქმებლის თანხმობის გარეშე, დასაქმებული არ არის უფლებამოსილი, კონკურენციაში შევიდეს მასთან. თუმცა ზემოაღნიშნულთან ერთად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს დასაქმებულის ღირსი ინტერესიც - ჰქონდეს მისი შრომითი უფლებების რეალიზების შესაძლებლობა. სწორედ ამ ინტერესთა კონკურენციის ურთიერთთანაზომიერი და გონივრული დაბალანსებიდან გამომდინარეობს დასაქმების შეზღუდვის სასყიდლიანი ხასიათი, რაც დამსაქმებლის მიერ შეზღუდვის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში დასაქმებულის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდაში გამოიხატება. კომპენსაციასთან დაკავშირებით კი ერთ-ერთ განჩინებაში უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესება და ასეთზე მხარეთა შეთანხმება. ამასთან, დასაქმების უფლების შეზღუდვისათვის, დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს – დაწესებული შეზღუდვისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება. (შეად. № ას-1041-2019, 12.02.2020 წ).

31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან დასაქმების შეზღუდვის უფლების გამოყენება არ იქნა სათანადო წესით რეალიზებული და სწორად ამოქმედებული, ამიტომ აღნიშნული უფლების გამოყენებად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნა და ყოველთვიურად თანხის ჩარიცხვა, ვერ იქნება მიჩნეული სახელშეკრულებო დათქმის ძალაში შესვლის საფუძვლად. ასევე, დასაქმების შეზღუდვის უფლების გამოყენებისას, დამსაქმებელმა უნდა შეაფასოს, თუ რა სახის ზიანი შეიძლება მიაყენოს დასაქმებულის სხვაგან დასაქმებამ და დასაქმების უფლების შეზღუდვა პროპორციული ზომა უნდა იყოს მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილებისთვის. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ დასაქმების შეზღუდვის გზით უფლებაშეზღუდულ პირს სამუშაოს შესრულება ეკრძალება, რის სანაცვლოდაც მას ერთიანად უნდა მიეცეს შესაბამისი საკომპენსაციო თანხა, რაც თანასწორად აზღვევს, ერთი მხრივ, დამსაქმებლის ინტერესს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში პირი არ დასაქმდეს კონკურენტ საწარმოში, ხოლო, მეორე მხრივ, ავალდებულებს დროებით უფლებაშეზღუდულ პირს, შეასრულოს სახელშეკრულებო პირობა, რადგან ის უზრუნველყოფილია დასაქმების შეზღუდვის მთელი პერიოდისათვის ერთიანად გადახდილი თანხით.

32. საქართველოს შრომის კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია შრომის კოდექსის მე-60 მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც ადგენს ამგვარი დარღვევით დამდგარი უსამართლო მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზოგადი წესით აღდგენის პრინციპს. ამასთან, ვალდებულების დარღვევისათვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ასევე სსკ-ის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სსკ-ის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა ლ. ო-ას მხრიდან დასაქმების შეზღუდვის შესახებ ვალდებულების დარღვევა არ ვლინდება, საფუძველს მოკლებულია მისთვის ფინანსური სანქციისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნაც. ამდენად, რადგანაც აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა შესრულებული არ არის, არ არსებობს სს „------ ბანკის“ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ სწორად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ მართალია შრომითი ურთიერთობის დროს დამსაქმებელმა შესაძლოა ინვესტიცია ჩადოს დასაქმებულში და უზრუნველყოს მისი პროფესიული განვითარება, რის გამოც ამის საპასუხოდ შეუძლია მოსთხოვოს მას, არ გამოიყენოს დასაქმების დროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვა კონკურენტ დამსაქმებელთან და ამის უფლებას სწორედ სშკ-ის მე-60 მუხლი ადგენს, თუმცა ამავე ნორმით ვიწროდაა განმარტებული ასეთი აკრძალვის ფარგლები და იმავდროულად ავალდებულებს დამსაქმებელს, აუნაზღაუროს დასაქმებულს შეზღუდვის შედეგად მიღებული დანაკლისი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს ვადას, რა ვადაშიც შესაძლებელია შეეზღუდოს დასაქმებულს დასაქმების უფლება. ასევე ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე, როდესაც მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება დასაქმების შეზღუდვის შესახებ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელმა იმავდროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს არჩევანი, შეუძლია თუ არა ყოფილ დასაქმებულს კონკურენტ ორგანიზაციაში დასაქმებისას მიაყენოს ზიანი და იყენებს თუ არა დასაქმების შეზღუდვის უფლებას, რა დროსაც შეზღუდვის პერიოდში ასევე უნდა გადაუხადოს ანაზღაურება არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. მოსარჩელეს (დამსაქმებელს) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს უნდა ეცნობებინა მოპასუხისათვის, რომ იყენებდა მისთვის მინიჭებულ უფლებას და უზღუდავდა დასაქმების უფლებას, რის ასანაზღაურებლადაც მას განსაზღვრულ ვადაში გადაუხდიდა კომპენსაციას, ამ უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში კი მას წაერთვა შესაძლებლობა, შეთანხმების პირობები აამუშავოს მხოლოდ მაშინ, როცა რეალურად დადგება ფაქტის წინაშე, ანუ როდესაც ყოფილი დასაქმებული დასაქმდება სხვა კონკურენტ ორგანიზაციაში. მოსარჩელემ „დასაქმების შეზღუდვის“ აკრძალვის შესახებ მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ განაცხადა, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ დასაქმების შეზღუდვის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნა და ყოველთვიურად თანხის („ხელფასის“) ჩარიცხვა ვერ იქნება საკმარისი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შრომითი ხელშეკრულების N- დანართის სპეციალური პირობებით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვის მიზნით შეთანხმებული დათქმა დამსაქმებლის მხრიდან სრულად იყო დაცული და სწორად ამოქმედებული. მხოლოდ დასაქმების შეზღუდვა იმ გარემოების გაანალიზებისა და დასაბუთების გარეშე, თუ რა ფორმით და რა სახის ზიანი შეიძლება მიაყენოს დასაქმებულმა დამსაქმებელს, დაუსაბუთებელია და ცალკე აღებული უფლების გამოყენება ისე, რომ არ იქნეს გათვალისწინებული დასაქმებულისათვის მიყენებული შესაძლო ზიანი, უფლების ბოროტად გამოყენებას ემსახურება (სსკ-ის 115-ე მუხლი), ვინაიდან თუ გავითვალისწინებთ იმ გარემობას, რომ დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების შემთხვევაში დამსაქმებელი დასაქმებულს უხდის მხოლოდ ხელფასის სახით მისაღებ თანხას, ხოლო დასაქმების შემთხვევაში იგი მიიღებდა დამატებით შემოსავალს (მაგალითად ბონუსის სახით), ან უფრო მაღალ ხელფასს, დასაქმების შეზღუდვის გამოყენება დაუსაბუთებლად და მისი ძირითადი მიზნის გარეშე, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას (მუხლი 26), ისე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ასევე სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით დაცულ სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების, სამართლიანი ხელფასის, დამაკმაყოფილებელი გასამრჯელოს არჩევის უფლებას.

34. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნას, რომ დამსაქმებლის მხრიდან მხარეთა შეთანხმებით დადგენილი შეზღუდვა არ ამოქმედებულა, რადგან N-- დანართის პირველი პუნქტის თანახმად დამსაქმებელს დასაქმებულისათვის წერილობითი შეტყობინება უნდა გაეგზავნა იმ შემთხვევაში თუკი იგი შეზღუდვის ამოქმედებას აპირებდა, ამდენად მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მის მიერ მითითებულ განჩინებაში.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ მსჯელობებსა და სამართლებრივ პოზიციას, ასევე აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში კასატორებმა ვერ შეძლეს შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.

36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „------- ბანკისა“ და ლ. ო-ას საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს „-------- ბანკს“ (------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №------, სახაზინო კოდი -----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №-----, გადახდის თარიღი 2021 წლის 16 აპრილი), 1 530 ლარის 70% - 1 071 ლარი;

3. ლ. ო-ას (------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №-, გადახდის თარიღი 2021 წლის 13 აპრილი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე