Facebook Twitter

საქმე №ას-510-2022

15 ოქტომბერი 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.წ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, შეგებებული სარჩელით - გარიგების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.წ–ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ხ.ზ–ასა და მ.ბ–ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ხ.ზ–ასათვის 30 000 აშშ დოლარის დაკისრება; პირგასამტეხლოს სახით - 3237 აშშ დოლარის დაკისრება; ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე: გურჯაანის რაიონი, სოფელი ....., „ზ...“, საკადასტრო კოდი: ..... – ½ წილი საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოპასუხე ხ.ზ–ას სახელზე აღრიცხვა; უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: მარტვილის რაიონი, სოფელი ...., საკადასტრო კოდი: ..... – ½ წილი საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოპასუხე ხ.ზ–ას სახელზე აღრიცხვა.

2. 2020 წლის 5 ოქტომბერს, ხ.ზ–ამ აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა 2016 წლის 20 სექტემბერს, გაფორმებული ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით, მ.წ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ხ.ზ–ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 აშშ დოლარის გადახდა; ასევე, პირგასამტეხლოს - 3237 აშშ დოლარის გადახდა; უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: გურჯაანის რაიონი, სოფელი ...., „....“, საკადასტრო კოდი: ..... - 1/2 წილი საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა მოპასუხე ხ.ზ–ას სახელზე; უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: მარტვილის რაიონი, სოფელი ...., საკადასტრო კოდი: ...... – ½ წილი საკუთრების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხე ხ.ზ–ას სახელზე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის დამატებითი გადაწყვეტილებით, ხ.ზ–ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და 2021 წლის 26 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხ.ზ–ამ და მ.ბ–მა. ხ.ზ–ამ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მ.ბ–მა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ნაწილობრივ და უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, ხ.ზ–ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებით, მ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით, გაასაჩივრა მ.ბ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, მ.ბ–ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

10. 2022 წლის 30 სექტემბერს, მ.ბ–ის წარმომადგენელმა ა.გ–მა (იხ. რწმუნებულება ტომი I, ს.ფ. 81-83) საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლის თანახმად, მხარე უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა. დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებას წარმოადგენს ასევე წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება, რომელიც რეგლამენტირებულია 378-ე მუხლით (სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით)

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნული ნორმის გამოიყენება საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას: საკასაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე, ამ შემთხვევაში კი კასატორ - მ.ბ–ის წარმომადგენელი ა.გ–ი, (იხ. რწმუნებულება ტომი I, ს.ფ. 81-83), წარმოდგენილი მინდობილობის ფარგლებში, უფლებამოსილია მომართოს საკასაციო სასამართლოს, საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით.

15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის წარმომადგენლის ა.გ–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და ამ საფუძვლით, თანახმად 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება.

16. ამასთან, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს კასატორს განუმარტოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა (სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით) და ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე (საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინების, საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, მ.ბ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ნ.ფ–ის მიერ 2022 წლის 13 ივნისს, გადახდილი (საგადასახადო დავალება N0) სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49.2, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოპასუხე მ.ბ–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება მოპასუხე მ.ბ–ის საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე მ.წ–ძის სარჩელის გამო, მოპასუხე მ.ბ–ის მიმართ თანხის დაკისრებისა და უძრავი ქონებების (ს/კ ...., ს/კ .....) 1/2 ნაწილის, ხ.ზ–ას სახელზე აღრიცხვის თაობაზე;

3. განემარტოს კასატორს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

4. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ.ფ–ის მიერ, მ.ბ–ის საკასაციო საჩივარზე, სს „თ. ბ–ში“, 2022 წლის 13 ივნისს №0 საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ბაჟის სახით, გადახდილი 300 ლარი.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე