Facebook Twitter

საქმე №ას-529-2019 27 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ. წ-ძე, ე. კ-ვა (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – პ. პ-ნი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. წ-ემ (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“ ან „პირველი კასატორი“) და ე. კ-ამ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში პ. პ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვეს მისთვის 3500 აშშ დოლარისა და 6485 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. მოსარჩელეები მათ მშობლებთან, მ. მ-ან და ზ. წ-თან ერთაც ცხოვრობდნენ მშობლების საკუთრებაში არსებულ ბინაში ქალაქ ოზურგეთში, -------- ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი სახლის პირველ სართულზე. 1994 წელს მ. მ-ემ გაყიდა მის საკუთრებაში არსებული ბინა და მოპასუხისგან შეიძინა ბინა იმავე სახლში, მეორე სართულზე. ნასყიდობასთან დაკავშირებით დაიდო სიტყვიერი შეთანხმება, რომლის თანახმად, ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 2500 აშშ დოლარით, რომელიც მოპასუხეს გადაეცა. მოპასუხემ დამატებით 1000 აშშ დოლარი მოითხოვა, რაც, ასევე გადაეცა, თუმცა ვინაიდან მოპასუხე რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა, ბინის გადაფორმება ვერ მოხერხდა;

2.2. მოსარჩელეთა მშობლები აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდნენ და იქვე გარდაიცვალნენ;

2.3. მოპასუხემ ბინა საჯარო რეესტრში მის საკუთრებად დაირეგისტრირა და სარჩელის აღძვრამდე რამდენიმე დღით ადრე მოსარჩელეებს დაუკავშირდა და დამატებით 30 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, რის შემდეგაც ბინას მათ სახელზე გააფორმებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სხვა პირს მიყიდდა;

2.4. მოსარჩელეთა მშობლების მიერ შეძენილი ბინა იყო მთლიანად სარემონტო, შესაბამისად, მ. მ-ემ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მასზე საკუთრების უფლება შეძენილი ჰქონდა მუდმივად, ბინაში სხვადასხვა სამუშაოები განახორციელა. კერძოდ, გაარემონტა ბინის კედლები, გააკრა შპალერი, დაამონტაჟა კანალიზაცია, მოაწყო და დაამონტაჟა სანიტარული კვანძებისთვის საჭირო მოწყობილობები, მთლიანად გამოცვალა ელექტრო გაყვანილობა, დააგო მეტლახი, შეიყვანა გაზი, შეიძინა და დაამონტაჟა გაზის გამათბობელი, ასევე, წყლის გამაცხელებელი, აივნის იატაკზე დააგო ბეტონის საფარი და განახორციელა სხვა აუცილებელი სამუშაოები. აღნიშნულმა სამუშაოებმა 6485 ლარით გაზარდა უძრავი ქონების ღირებულება.

3. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, რის გამოც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 23 მარტს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 3500 აშშ დოლარისა და 6485 ლარის გადახდა.

4. მოპასუხემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და მოპასუხეს მიეცა შესაგებლის წარდგენისთვის 10 დღიანი ვადა.

6. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

7. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. მოსარჩელეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მოპასუხისათვის 6485 ლარის დაკისრება მოითხოვეს.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

10.1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. ოზურგეთი, ---- ------ ქ. №-, ბინა-, საჯარო რეესტრის მონაცემებით, საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხის სახელზე (შემდგომში - „სადავო ბინა“ ან „სადავო ქონება“) (იხ. ს.ფ. 27);

10.2. შპს „ა-----ი ----“-ის მიერ შედგენილ იქნა საშემფასებლო ანგარიში საცხოვრებელი ბინის მშენებლობის ღირებულების განსაზღვრის შესახებ. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, მოპასუხის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ძველი გარემოენტებულია, კერძოდ: 1. დამუშავებულია კედლები და აკრულია კედელზე შპალერი 2008 წელს. რადგან კედლების მოპირკეთება დაზიანებულია, ალაგ-ალაგ მიეცა ცვეთა 25%; 2. დანარჩენი შიდა მოპირკეთება მოწყობილია 1998 წელს. მოპირკეთება მოძველებულია და მიეცა ცვეთა 60%. დანარჩენი სამუშაოები მოწყობილია ბოლო 2 წლის განმავლობაში. საბოლოოდ, დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი ბინის კაპიტალური შეკეთებისთვის გაწეული ხარჯი შეადგენს 6485 ლარს (იხ. ს.ფ. 28-58).

11. სააპელაციო პალატამ ზემოთ მითითებული დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ბინაზე გარკვეულ წლებში ჩატარებულია სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რომელთა ღირებულება 6485 ლარით განისაზღვრა.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ 1994 წელს მოპასუხესა და მოსარჩელეთა მამკვიდრებლებს შორის შედგა ფორმადაუცველი გარიგება სადავო ბინის ნასყიდობის შესახებ, ასევე, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის 3500 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი.

13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 987-ე მუხლებით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ გაუმჯობესებული ქონების მიღების საფუძველზე მოპასუხის გამდიდრების დამადასტურებელი მტკიცებულება.

14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ სარემონტო სამუშაოების გაწევა მოპასუხის ქონებაზე სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საკმარის პირობას არ წარმოადგენს. იმისათვის, რომ სარჩელი საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს მოპასუხის გამდიდრების ფაქტი. ამასთან, გამდიდრების არსებობა იმ მომენტისთვის განისაზღვრება, როცა მოვალეს თავისი ნივთი უბრუნდება.

15. სააპელაციო პალატის მითითებით, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სარემონტო ხარჯები გაწეულია 10-20 წელზე მეტი ხნის წინ, სასამართლოსთვის ბუნდოვანი და სრულიად გაურკვეველი დარჩა საკითხი იმის შესახებ, ნივთის დაბრუნების მომენტისათვის არის თუ არა სახეზე მოპასუხის გამდიდრების ფაქტი.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი. კასატორებმა განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

17. კასატორებმა საკასაციო საჩივარში მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

17.1. სადავო ბინაში მ. მ-ემ განახორციელა დაახლოებით 15 000 ლარის რემონტი. მან ბოლო სარემონტო სამუშაოები ჩაატარა 2016 წელს. საშემფასებლო დასკვნის მიხედვით, შესრულდა 6485 ლარის სამუშაოები;

17.2. სამუშაოების განხორციელება დაადასტურეს მოწმეებმა. კერძოდ, დ. ბ-ემ, ვინც უშუალოდ ჩაატარა სამუშაოები, დეტალურად აღწერა რა გააკეთა; ასევე, ლ. გ-ემ და მ. დ-ემ. გარდა ამისა, მოსარჩელემ მტკიცებულების სახით წარადგინა საშემფასებლო დასკვნა, სადაც დეტალურად არის მოცემული შესრულებული სამუშაოების ღირებულება;

17.3. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ 1994 წელს მოსარჩელეთა მამკვიდრებლებსა და მოპასუხეს შორის შედგა ფორმადაუცველი გარიგება. ამ გარემობაზე მსჯელობისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმე მ. დ-ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ მოსარჩელეთა მამამ, რუსეთში მოპასუხეს თანხა მისი თანდასწრებით გადასცა. ამასთან, თანხის გადაცემის დროს შედგა საუბარი, რომლის თანახმად, მოპასუხეს ბინა მოსარჩელეთა მამისთვის უნდა გადაეფორმებინა;

17.4. საქმის გარემოებებიდან დგინდება, რომ მოსარჩელეების ოჯახი ცხოვრობდა სადავო ბინაში 1994 წლიდან, ისინი რეგიტრირებულები იყვნენ კომუნალური (დენის, წყალის და გაზის) მომსახურების აბონენტებად. ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად გაურკვეველია მოპასუხის პოზიცია, რომელიც ვერ განმარტავს თუ რა საფუძვლით ცხოვრობდა/სარგებლობდა მოსარჩელეთა ოჯახი საცხოვრებელი ბინით;

17.5. მოსარჩელეთა ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ სადავო ბინაზე საკუთრების უფლება შეძენილი ჰქონდათ. ამასთან, დადასტურდა, რომ მოპასუხე ბინით მოსარჩელეთა მშობლების გარდაცვალების შემდგომ დაინტერესდა და ის საკუთრებაში აღირიცხა;

17.6. ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებენ სადავო ბინაზე ფორმადაუცველი გარიგების არსებობის ფაქტს;

17.7. კასატორი მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლს.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

20. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სადავო ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმე №ას-1529-1443-2012, 09 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი, §187).

24. მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (იხ. სუსგ საქმე №ას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი; №ას-1170-1125-2016, 13 ივნისი, 2017 წელი).

21. განსახილველ შემთხვევაში სადავო ქონებაზე გაწეული სარემონტო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის შესაძლო სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლი [არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად. სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება] და 987-ე მუხლის პირველი ნაწილი [პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა].

22. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ფარგლებში სარჩელის წარმატებას განაპირობებს შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა:

- არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა ქონებაზე უნდა გასწიოს ხარჯები (შეგნებულად ან შეცდომით);

- ქონების უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების მომენტში კვლავ უნდა არსებობდეს გაუმჯობესებანი;

- ამ გაუმჯობესების შედეგად ქონების მიმღები უნდა გამდიდრდეს.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერება და არაკეთილსინდისიერება სუბიექტურ კრიტერიუმებზე მიუთითებს, რაც განისაზღვრება პირის დამოკიდებულებით ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების მიმართ, განსხვავებით მართლზომიერი და არამართლზომიერი მფლობელობისაგან, რომლებიც ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე მიგვითითებს და მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში ვლინდება (იხ. სუსგ საქმე №ას-524-493-2012, 04 ოქტომბერი, 2012 წელი).

24. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამასთან, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). აღსანიშნავია, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად იმავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი მოჰყვება.

25. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავ ქონებაზე ხარჯების გაწევის, აგრეთვე, მისი ოდენობისა და აღნიშნულით მოპასუხის გამდიდრების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა.

26. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ სადავო ქონება წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას. ამასთან, სადავო არ არის, რომ აღნიშნულ ბინას 1994 წლიდან ფლობენ მოსარჩელეები (მშობლების გარდაცვალებამდე აღნიშნულ ბინაში მოსარჩელეები მათთან ერთად ცხოვრობდნენ), რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს მათი მფლობელობის მართლზომიერი საფუძვლის დასაბუთება. კასატორები მიუთითებენ, რომ მათ მშობლებსა და მოპასუხეს შორის 1994 წელს დაიდო ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეს გარემოება ვერ იქნა სათანადოდ დადასტურებული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება და მოწმეთა ჩვენება არ წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას, თუმცა ამ გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულება ვერ იქნება მოსარჩელეთა მართლზომიერ მფლობელებად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე და 323-ე მუხლებიდან გამომდინარე, ფორმის დაუცველად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება შესაბამის სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.

27. ამდენად, საკსაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერ მფლობელებს წარმოადგენენ, ვინაიდან არ დგინდება მათი მფლობელობის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო წინაპირობის არსებობა. უფრო მეტიც, ვინაიდან საქმე უძრავ ქონებას შეეხება, პირის სუბიექტური დამოკიდებულება ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელების თაობაზე არ შეიძლება კეთილსინდისიერად შეფასდეს, ვინაიდან უძრავ ნივთზე საკუთრება რეგისტრაციაუნარიანი უფლებაა (სსკ-ის 311.1. მუხლი).

28. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებულ შპს „ა------ი ----“-ის მიერ შედგენილ საშემფასებლო ანგარიშზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია სადავო ბინაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარების ფაქტი, რომელთა ღირებულებამ 6485 ლარი შეადგინა. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ძველი გარემონტებულია, კერძოდ: 1. დამუშავებულია კედლები და აკრულია კედელზე შპალერი 2008 წელს, რადგან კედლების მოპირკეთება დაზიანებულია. ალაგ-ალაგ მიეცა ცვეთა 25%; 2. დანარჩენი შიდა მოპირკეთება მოწყობილია 1998 წელს. მოპირკეთება მოძველებულია და მიეცა ცვეთა 60%. დანარჩენი სამუშაოები მოწყობილია ბოლო 2 წლის განმავლობაში. საცხოვრებელი ბინის კაპიტალური შეკეთებისთვის გაწეული ხარჯი შეადგენს 6485 ლარს (იხ. ს.ფ. 28-58). ამდენად, დადასტურებულია მოპასუხის კუთვნილი სადავო ქონების გაუმჯობესების ფაქტი, ხოლო ამ გაუმჯობესებით უძრავი ქონების მიღება მიუთითებს მესაკუთრის გამდიდრებაზე.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა არაკეთილსინდისიერი/არამართლზომიერი მფლობელის მიერ ნივთზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნისათვის განსაზღვრული ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6485 ლარის გადახდა.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

34. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში (6485 ლარი) დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აღნიშნული მოთხოვნის მიხედვით სარჩელზე, ასევე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება ჯამში 778,2 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ნ. წ-ისა და ე. კ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. წ-სა და ე.კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. პ. პ-ნს ნ. წ-ისა და ე.კ-ას სასარგებლოდ დაეკისროს 6485 ლარის გადახდა;

5. პ. პ-ანს (რ/ფ პასპორტი: ------) ნ. წ-სა (რ/ფ პასპორტი: -------) და ე. კ-ას (რ/ფ პასპორტი: -----) სასარგებლოდ დაეკისროს 778,2 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად გაწეული ხარჯის ანაზღაურების სახით;

6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი