Facebook Twitter

საქმე №ას-610-2021 23 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ვ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-ვა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების ხანდაზმულად აღიარება, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ც-ეს (შემდგომში - „მსესხებელი“) პირადად და როგორც გ. ვ-ის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მესაკუთრე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) წარმომადგენელსა და მ. შ-ას (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „იპოთეკარი“) შორის 2013 წლის 27 აგვისტოს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ მსესხებელს ასესხა 17 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3%-ის დარიცხვის პირობით. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა სამი თვით - 2013 წლის 27 ნოემბრამდე.

2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ------ ქუჩა №---, ბინა №- (შემდგომში - „სადავო ქონება“ ან „იპოთეკის საგანი“). ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიხედვით, უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა განისაზღვრა 18 530 აშშ დოლარით. იპოთეკით უზრუნველყოფილი იყო როგორც სესხი და მასზე დარიცხული პროცენტები, აგრეთვე, შესაძლო ზიანიც.

3. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, მოპასუხემ მსესხებელს სესხის თანხა სრულად გადასცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო ამ უკანასკნელმა თანხა სრულად მიიღო.

4. ხელშეკრულების მე-9 პუნქტით განისაზღვრა იპოთეკარის უფლებამოსილება მესაკუთრის ან/და მსესხებლის მიერ წინამდებარე ან/და საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით. კანონით დადგენილი წესით, კრედიტორის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების წარდგენის საფუძველზე, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე გასცემდა.

5. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 27 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სადავო ქონებაზე იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა.

6. იპოთეკარის მიმართვის საფუძველზე, 2016 წლის 25 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა 17 000 აშშ დოლარი; 2014 წლის 27 ნოემბრიდან პირგასამტეხლო საერთო თანხის 0,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე; აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126 ლარი.

7. მსესხებელსა და მესაკუთრეს 2019 წლის 10 აპრილს აღმასრულებელმა გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

8. მსესხებელმა იპოთეკარს 2015 წლის 29 იანვარს, საბანკო ანგარიშსწორების გზით, ჩაურიცხა 600 აშშ დოლარი, რომლის დანიშნულებაც შემდეგი სახით განისაზღვრა: „იპოთეკური სესხის პროცენტის დასაფარად“.

9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა 27.08.2013წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარება და სადავო ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება.

10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

11. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 03 აპრილს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. მოსარჩელემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს არსებითად განსახილველად.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

17. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

19. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

20. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს, ვინაიდან აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდა არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში - სამი წლის განმავლობაში ევალებოდა. უდავოა, რომ მსესხებლის მიერ თანხის გადახდის ვალდებულება დაირღვა და დღემდე სადავო თანხა გამსესხებელს არ მიუღია. ამდენად, ვინაიდან ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადად 2016 წლის 27 აგვისტო განისაზღვრა, ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა მომდევნო დღიდან, ანუ 2016 წლის 28 აგვისტოდან დაიწყო, რომელიც, წესით, 2019 წლის 28 აგვისტოს ამოიწურა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა მოთხოვნის ხანდაზმულობას, ვინაიდან საქმის მასალებში არსებული შეუცილებადი მტკიცებულებით დგინდებოდა, რომ 2015 წლის 29 იანვარს, საბანკო ანგარიშსწორების გზით, მსესხებელმა იპოთეკარს 600 აშშ დოლარი ჩაურიცხა, რომლის დანიშნულებაც შემდეგი სახით განისაზღვრა: „იპოთეკური სესხის პროცენტის დასაფარად“. მოპასუხის განმარტებით, ეს გარემოება სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადას ანახლებდა.

21. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, 105-ე მუხლებით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობის შეწყვეტის ფაქტი მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა, ხოლო მოსარჩელე ვალდებული იყო სასამართლოს წინაშე რელევანტური, განკუთვნადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენის გზით, 2015 წელს განხორციელებული გადახდის 2013 წლის სასესხო ვალდებულებასთან შემხებლობა გამოერიცხა. ამ მიმართებით აპელანტი მხოლოდ ზეპირი ახსნა განმარტებით შემოიფარგლა, 2015 წლის გადახდის ქვითრის დანიშნულებაში კი, ცალსახად და არაორაზროვნადაა მითითებული, რომ თანხა მოპასუხეს იპოთეკური სესხის პროცენტის დასაფარად ჩაერიცხა. ის გარემოება, რომ პროცენტის დაფარვის მიზნით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტზე 100 აშშ დოლარით მეტი იქნა ჩარიცხული, სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან უდავოა, რომ 2013 წლის სასესხო ვალდებულება არ სრულდებოდა, შესაბამისად, 2015 წელს პროცენტის დასაფარად გადახდილი თანხა, სწორედ იმ დაუფარავი ვალდებულების პროპორციულად იყო გაზრდილი, რომლის დროული და ჯეროვანი შესრულებაც არ ხდებოდა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ 2015 წლის 29 იანვარს მსესხებლის მიერ გამოხატული ნება არა იპოთეკით უზრუნველყოფილი, არამედ სხვა სასესხო ვალდებულების დაფარვის სურვილს ემსახურებოდა.

23. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დავის გადაწყვეტისათვის, ასევე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, 2016 წლის 25 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სარჩელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ხანდაზმულად აღიარების შესახებ კი, წარდგენილია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის შემდეგ, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის თავიდან დაწყებიდან ამ ვადის გასვლამდე პერიოდში - 2017 წლის 09 აგვისტოს. აღნიშნული, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, 2013 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობას გამორიცხავს. რაც, თავის მხრივ, სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის აქცესორული უფლების ვალიდურობას და მის გაუქმებაზე უარის თქმას მართებულად დაედო საფუძვლად.

24. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

25. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

25.1. სასამართლოს არ უმსჯელია მოპასუხის მიერ წარდგენილი ქვითარი მხარეთა შორის დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებას მიეკუთვნებოდა თუ 2016 წლის იპოთეკას. აღნიშნული ქვითარი არ არის კავშირში 27.08.2013წ. ხელშეკრულებასთან;

25.2. 2013 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულების ვადა არ გაგრძელებულა კანონით დადგენილი წესით, არ განახლებულა ხელშეკრულება, შესაბამისად, მოპასუხეს აღარ ჰქონდა ფულადი ვალდებულების მოთხოვნის უფლება. ხელშეკრულებიდან გასული იყო სამი წლის ვადა.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

31. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

32. მოცემულ შემთხვევაში კასატორი დავობს, რომ მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია კანონით დადგენილი სამწლიანი ვადა.

33. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.

34. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

35. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, შესაძლებელია ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა მოვალის მხრიდან მოთხოვნის არსებობის აღიარების გზით. თავის მხრივ, ვალდებულების არსებობის აღიარებისთვის განსაზღვრულია კონკრეტული ფორმები, კერძოდ, ესენია: ავანსის, პროცენტის გადახდა და გარანტიის მიცემა, რაც შეეხება ვალდებულების სხვაგვარად აღიარებას, ეს საკითხი შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა დადგინდეს. მოვალის ასეთ ქმედებად - სხვაგვარ აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ საქმე №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი).

36. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ მოთხოვნის არსებობის ამგვარი, ე.წ. დეკლარაციული („კაუზალური“) აღიარება უკვე ხანდაზმული მოთხოვნის ვადას კი არ აღადგენს, არამედ ხანდაზმულობის მიმდინარე ვადის შეწყვეტას იწვევს. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

37. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა.

38. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებელს პირადად და როგორც მოსარჩელის წარმომადგენელსა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 27 აგვისტოს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სამი თვის ვადით, სესხის დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 27 ნოემბერი. სადავო არ არის, რომ მსესხებელს სესხად მიღებული თანხა არ დაუბრუნებია. შესაბამისად, 2013 წლის 28 ნოემბრიდან დაიწყო აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით სესხის ნაწილ-ნაწილ დაბრუნების პირობა არ განსაზღვრულა, არამედ მსესხებელს სესხი სრულად უნდა დაებრუნებინა 2013 წლის 27 ნოემბრამდე, შესაბამისად, სადავო ურთიერთობაზე ვრცელდება არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით, არამედ იმავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

39. დადგენილია, ასევე, რომ მსესხებელმა იპოთეკარს ხანდაზმულობის ვადაში, 2015 წლის 29 იანვარს, საბანკო ანგარიშსწორების გზით, 600 აშშ დოლარი ჩაურიცხა, რომლის დანიშნულებაც შემდეგი სახით განისაზღვრა: „იპოთეკური სესხის პროცენტის დასაფარად“. მოპასუხის განმარტებით, ამ თანხის გადახდით სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა. თუმცა, კასატორის მტკიცებით, აღნიშნული თანხა არ არის დაკავშირებული 27.08.2013წ. იპოთეკის ხელშეკრულებასთან, არამედ ეს თანხა მსესხებელმა იპოთეკარს მათ შორის არსებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად ჩაურიცხა. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, სწორედ მოსარჩელეს ეკისრებოდა, თუმცა მან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო სადავო გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების წარდგენა. მისი პოზიციის დასადასტურებლად მოსარჩელეს შეეძლო წარედგინა ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც იგი მიუთითებდა, თუმცა მას ეს არ განუხორციელებია. მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება კი სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.

40. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ 2015 წლის 29 იანვარს მსესხებლის მიერ იპოთეკარისთვის პროცენტის გადახდით შეწყდა 27.08.2013წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის დენა, პროცენტის გადახდის მე-2 დღიდან, 2015 წლის 30 იანვრიდან თავიდან დაიწყო და ამოიწურა 2018 წლის 30 იანვარს. მოსარჩელემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების თაობაზე სარჩელით სასამართლოს მიმართა 2017 წლის 09 აგვისტოს, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.

41. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში 27.08.2013წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადად მიუთითებს სამ წელს, თუმცა დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით და სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 27 ნოემბერი. ამასთან, სადავო არ არის, რომ ხელშეკრულების ვადა არ გაგრძელებულა და ამის თაობაზე მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმება არ ყოფილა. მიუხედავად აღნიშნულისა, ეს გარემოება ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სამართლებრივ სურათს არ ცვლის და, შესაბამისად, განსახილველი საქმის შედეგზე გავლენას არ ახდენს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს სწორად აქვს განსაზღვრული ხანდაზმულობის შეწყვეტის თარიღი და ამ თარიღიდან ასევე მართებულად არის გამოთვლილი ხანდაზმულობის ვადა.

42. გარდა ზემოაღნიშნულისა, დადგენილია, რომ იპოთეკარის მოთხოვნით 27.08.2013წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 25 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. როგორც ზემოთ აღინიშნა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა 2013 წლის 28 ნოემბრიდან დაიწყო და შესაბამისად, ჩვეულებრივ შემთვევაში, 2016 წლის 28 აგვისტოს ამოიწურებოდა. ამდენად, მოპასუხემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი მოთხოვნის უფლება კანონითა და ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ხანდაზმულობის ვადაში განახორციელა, რაც, ხანდაზმულობის შეწყვეტის არარსებობის პირობებში, აგრეთვე, გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანობას.

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

44. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 804,56 ლარისა და 865,96 ლარის, ჯამში 2 670,52 ლარის 70% – 1 869,36 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. გ. ვ-ეს (პ.ნ. -----) დაუბრუნდეს ზ. ჩ-ის (პ.ნ. -----) მიერ 2021 წლის 01 ივლისს №------ საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 804,56 (ათას რვაას ოთხი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლ. და ს. ჯ-ის (პ.ნ. ------) მიერ 2021 წლის 06 აგვისტოს №------ საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 865,96 (რვაას სამოცდახუთი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის, ჯამში 2 670,52 (ორი ათას ექვსას სამოცდაათი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარის 70% – 1 869,36 (ათას რვაას სამოცდაცხრა ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ------, მიმღების ანგარიშის №------, სახაზინო კოდი -------;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი