Facebook Twitter

საქმე №ას-1139-2022 26 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. ჩ-ლი (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჟ-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - შპს „ი--------ტი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ. ჟ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი----ის“ (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ზ. ჩ-ლი.

მესამე პირმა სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მესამე პირმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჩ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს. კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები ანუ ის პირები, რომელთაც უფლება აქვთ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები არიან მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით (იხ. სუსგ საქმე №ას-623-593-2013 , 20 ივნისი, 2013 წელი).

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. ჩ-ლი წარმოადგენს მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. შესაბამისად, მას არ აქვს უფლება წარადგინოს საკასაციო საჩივარი, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის უფლების სუბიექტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური