Facebook Twitter

3გ-ად-64-გ-02 19 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განიხილა განსჯადობის შესახებ დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 9 ნოემბერს თ. ხ.-მ განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც “მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე მისი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და რეაბილიტირებულად ცნობა მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ხ.-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის განჩინებით თ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული.

ამავე სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა თ. ხ.-ის კერძო საჩივარი, გაუქმდა 2002წ. 20 სექტემბრის განჩინება და განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 4 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას გადაეცა

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ უნდა ყოფილიყო საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შესაბამისი რაინული განყოფილება, რის გამოც მისი გადაწყვეტა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა მომხდარიყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 18 დეკემბრის განჩინებით არ გაიზიარა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მსჯელობა და საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა განსჯადობის შესახებ დავა და მიიჩნევს, რომ საქმე განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას უნდა დაექვემდებაროს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა იმის თაობაზე, რომ სსკ-ს ანონმდებლობით ზუსტად არის განსაზღვრული უდავო წარმოების წესით საქმეთა განხილვის განსაკუთრებული პროცედურა, ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით დადგენილია მოცემული პროცესუალური კანონის მოქმედების სფერო და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გააფართოოს ან შეზღუდოს მისი მოქმედება და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილოს უდავო წარმოების წესით განსახილველი სამოქალაქო საქმე. ნიშანდობლივია ის საკითხი, რომ კონკრეტულ საქმეში არ არსებობს დავა, თ. ხ.-ის მიერ სასამართლოში წარდგენილია განცხადება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების თაობაზე.

ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ამომწურავად არის განსაზღვრული, რომ ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და საქმის ადმინისტარციული წესით განსჯადად მიჩნევა იმ მოტივით, რომ საქმეში სოცუზრუნველყოფის ფონდი უნდა იქნეს ჩაბმული, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან, რადგან დავათა კატეგორიის განსაზღვრა წარმოებს არა დავის სუბიექტის, არამედ წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მოსაზრებას და განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ სამოქალაქო სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების თაობაზე განცხადება სასარჩელო წესით უნდა იქნეს განხილული, რადგან დავა აღიძრა, მან, სსკ-ს 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განცხადება უნდა დატოვოს განუხილველი და დაინტერესებულ პირებს განუმარტოს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე. სარჩელის წარმოდგენის შემდგომ, დავის არსებობისას, საქმე განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ს 284-286-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას დაექვემდებაროს.

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.