საქმე №ას-1524-2019 22 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – გ. ჩ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი------ლ ქ-----ფ“ (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა - სააღსრულებო ფურცლის გაცემა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ჩ-ამ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი-----ლ ქ-----ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ამავე სასამართლოს 2021 წლის 3 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ი----ლ ქ----ს“ გ. ჩ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 81 186 (ოთხმოცდაერთი ათას ას ოთხმოცდაექვსი) აშშ დოლარისა და 102 429 (ას ორი ათას ოთხას ოცდაცხრა) ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად; შპს „ი----ლ ქ---ს“ (ს.კ. -----) გ. ჩ----ას (პ.ნ. -----) სასარგებლოდ დაეკისრა 11 200 (თერთმეტი ათას ორასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
2022 წლის 8 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ჩ-ას წარმომადგენელმა და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეზე გ. ჩ-ამ მოთხოვნის უფლებები სრულად გადასცა ნ. გ-ს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ სააღსრულებო ფურცელში მოხდეს სუბიექტის ჩანაცვლება და კრედიტორად გ. ჩ-ას ნაცვლად მიეთითოს ნ. გ-ი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა ნ. გ-ის სასარგებლოდ. განცხადებას ერთვის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება გაფორმებული გ. ჩ-ს და ნ. გ-რს შორის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული მასალის გაცნობის შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით კრედიტორს წარმოადგენს გ. ჩ-ა, რომელიც აცხადებს, რომ ყველანაირი მოთხოვნის უფლება, რაც მას გააჩნია საკასაციო სასამართლოში არსებულ საქმეზე Nას------, დაუთმო ნ. გ-ს, თუმცა განცხადებაზე დართული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება წარმოდგენილია ასლის სახით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასლის სახით წარმოდგენილი ხელშკრულება არ არის საკმარისი მისი ნამდვილობის დასადასტურებლად და უფლებამონაცვლის დასადგენად.
ამასთან, აღსრულების ეტაპზე უფლებამონაცვლის დადგენის შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამონაცვლის და არა თავდაპირველი კრედიტორის მიერ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. ჩ-ს განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი