თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „ვ–ო“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ვ.გ–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „ვ–ომ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ვ.გ–ის მიმართ, მოპასუხისთვის 1 074 759 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ვ–ოს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ვ.გ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ 173 259,33 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, შპს „ვ–ომ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა. განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2022 წლის 15 მარტს ჩაბარდა.
შპს „ვ–ომ“ 2022 წლის 24 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა; კომპანიამ წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იშუამდგომლა. კომპანიამ წარადგინა მტკიცებულებები, რომ შეჩერებული აქვს ეკონომიკური საქმიანობა, რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის საბანკო ანგარიშებს ადევს ინკასო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინებით შპს „ვ–ოს“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; კომპანიას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 10 დღით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინებით კი შპს „ვ–ოს“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. აღნიშნული განჩინება კომპანიამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა უსაფუძვლოდ არ გადაუვადა, რადგან კომპანიას სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება ჰქონდა წარდგენილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ვ–ოს“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ უფლებას სამართლიან სასამართლოზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის, დასახელებული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაში ერთ-ერთ ასეთ ჩარევას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის სავალდებულოობა. სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესი და ოდენობა კი მოწესრიგებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსითა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სააპელაციო საჩივარზე გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი. იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. ამრიგად, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დართვა სავალდებულოა; სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა ან სახელმწიფო ბაჟის არასრულად გადახდა კი სააპელაციო საჩივრის განმხილველ სასამართლოს ავალდებულებს, მიიღოს ხარვეზის შესახებ განჩინება და მხარეს განუსაზღვროს გონივრული ვადა მის შესავსებად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. იმ პირთა თუ სასამართლო დავათა კატეგორიას კი, რომლებზეც სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება, კანონმდებლობა პირდაპირ აწესრიგებს; გარდა ამისა, კანონმდებლობით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, შესაბამისი გარემოებების არსებობისას, გაათავისუფლოს მოქალაქე სასამართლო ხარჯების გადახდისაგან ან მხარეს გადაუვადოს/შეუმციროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა; მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, „თუ მხარის განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ საეჭვო ან არასაკმარისია, სასამართლომ უნდა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის მითითებით და/ან წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმება“ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის №38736/04 გადაწყვეტილება საქმეზე „საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ“; §45).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ უარი უთხრა შპს „ვ–ოს“ სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ წარადგინა შემდეგი დოკუმენტაცია: ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროდან, რომ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში (ტ. 4, ს.ფ. 45); სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება, რომლითაც შპს „ვ–ოს“ საბანკო ანგარიშებზე წარდგენილია საინკასო დავალებები (ტ. 4, ს.ფ. 46); გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათი, რომელშიც კომპანიას სტატუსად უფიქსირდება „უმოქმედო“ (ტ. 4, ს.ფ. 40). გარდა მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა, რომლებიც მის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე მიუთითებს, საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს განსახილველ საქმეზე, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის მაღალ ოდენობაზეც (მხარეს უნდა გადაეხადა 7000 ლარი). აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ შეაფასა მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ გაითვალისწინა გადასახდელი ბაჟის ოდენობა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად ვერ მიუთითა, რატომ არ იყო საკმარისი წარდგენილი მტკიცებულებები სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისთვის, ან დამატებით რა დოკუმენტის წარდგენა შეიძლებოდა მიჩნეულიყო შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობად. ამდენად, საკასაციო პალატა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას უკანონოდ მიიჩნევს (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის №ას-1825-2018 და 2020 წლის 29 სექტემბრის №ას-284-2020 განჩინებები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არის საფუძვლიანი, დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა დაიცვას სამართლიანი ბალანსი სასამართლო ხარჯების გადახდასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესსა და მომჩივნის კანონიერ ინტერესებს შორის, ასევე, სასამართლომ სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად უნდა დაადგინოს აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა და მისი მხრიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ვ–ოს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე