Facebook Twitter

საქმე №ას-652-2022

20 ოქტომბერი 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ფ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - კ.ს–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - სარჩელის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კ.ს–ვამ სარჩელი აღძრა მ.ფ–ძის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: მოპასუხისთვის თანასაკუთრებაში არსებული ქონებით, მდებარე: ქ. თბილისში, ........ N18-ში, სართული 2, ბინა N8 (საკადასტრო კოდი N ......), სარგებლობაში ხელის შეშლის აღკვეთის აკრძალვა და მ.ფ–ძისთვის მოსარჩელე კ.ს–ვას სასარგებლოდ, ყოველთვიურად 257.18 ლარის, დაკისრება (2020 წლის 26 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, კ.ს–ვას სარჩელი ნაწილობრივ - ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში, დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ.ფ–ძეს აეკრძალა, ხელი შეეშალა მოსარჩელე კ.ს–ვას თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (საკადასტრო კოდი N ........), სარგებლობაში. კ.ს–ვას სარჩელი - თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით კ.ს–ვამ გაასაჩივრა, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და კ.ს–ვას სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილშიც დაკმაყოფილდა. შედეგად, მ.ფ–ძეს მოსარჩელისთვის ყოველთვიურად 257.18 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა (2020 წლის 26 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ფ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განჩინებით, მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. 2022 წლის 10 ოქტომბერს, მოდავე მხარეებმა: კ.ს–ვამ და მ.ფ–ძემ, განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც კ.ს–ვამ წარმოდგენილი სარჩელის გამოხმობა მოითხოვა, ხოლო მ.ფ–ძემ აღნიშნულზე განაცხადა თანხმობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კ.ს–ვას სარჩელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

9. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ემყარება დისპოზიციურობის პრინციპს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრონციპის კერძო გამოხატულებაა მოსარჩელის/განმცხადებლის უფლება, გამოიხმოს სარჩელი/განცხადება.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე (იხ. სუსგ Nას-431-431-2018 (ბ), 22.06.2018წ.; №ას-398-398-2018, 25 დეკემბერი, 2018, პ.21). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.

11. როგორც აღინიშნა, 2022 წლის 10 ოქტომბერს, კასატორმა და მოწინააღმდეგე მხარემ განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც კ.ს–ვამ წარმოდგენილი სარჩელის გამოხმობა მოითხოვა, ხოლო მ.ფ–ძემ აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა.

12. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სარჩელის გამოხმობის პროცესუალური წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა და განუხილველად დატოვოს მისი სარჩელი, თუ მოპასუხე თანახმაა აღნიშნულზე. გამომდინარე იქიდან, რომ მოწინააღმდეგე (მოპასუხე) მხარე დაეთანხმა კ.ს–ვას განცხადებას და განაცხადა თანხმობა სარჩელის გამოხმობაზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ.ს–ვას მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

13. ამასთანავე, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განსახილველ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განჩინებით, გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის ძალითაც: მ.ფ–ძეს აეკრძალა უძრავ ქონებაში (ს/კ .....) მისი კუთვნილი ½ წილის გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან პალატამ დააკმაყოფილა კ.ს–ვას შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ ამიტომ, ამავე განჩინებით უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განჩინებით, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ.ფ–ძეს (მოპასუხე) საკასაციო საჩივარზე ბაჟის სახით, 2022 წლის 13 ივლისს, გადახდილი აქვს 300 ლარი. ვინაიდან მოსარჩელემ მთავარ სხდომამდე გაიხმო სარჩელი ამიტომ, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე, 399-ე, 372-ე, 49-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.ს–ვას შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე N2/20841-20) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის (საქმე N2ბ-5542-21) გადაწყვეტილება;

3. კ.ს–ვას სარჩელი დარჩეს განუხილველი;

4. გაუქმდეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განჩინებით, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც:

- მოპასუხე მ.ფ–ძეს (პ/ნ .....) აეკრძალა უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ. თბილისი, ......, სართული 2, ბინა N8, ფართი - 46.76 კვ.მ, ს/კ N ......., მისი კუთვნილი 1/2 წილის გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა;

5. კასატორ მ.ფ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ჯ.ტ–ვას (პ/ნ ......) მიერ, მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარზე, სს „საქართველოს ბანკში“, 2022 წლის 13 ივლისს, №13850231251 საგადახდო დავალებით, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე