საქმე №ას-1187-2022 18 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ჯ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჰ.დ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი.ჯ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჰ.დ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ თანხის 1 585 800 ლარისა და პირგასამტეხლოს 109 400 ლარის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ჰ.დ–ს“ ი.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1 087 149, 58 ლარის გადახდა; შპს „ჰ.დ–ს“ ი.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 78 000 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ჰ.დ–ს“ ი.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 586 190 ლარის გადახდა; შპს „ჰ.დ–ს“ ი.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - 8 100 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ი.ჯ–ძეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისი (დავის საგნის ღირებულების 5%, მაგრამ არაუმეტეს 6 000 ლარი) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს (იხ. მინდობილობა ტ.1, ს.ფ. 24) გაეგზავნა და ჩაბარდა 2022 წლის 4 ოქტომბერს (იხ. ტ.2, ს.ფ. 184).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინება კასატორის წარმომადგენელს (იხ. მინდობილობა ტ.1, ს.ფ. 24) გაეგზავნა და ჩაბარდა 2022 წლის 4 ოქტომბერს (იხ. ტ.2, ს.ფ. 184).
სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა 2022 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო და ამავე წლის 17 ოქტომბერს ამოიწურა (რამდენადაც ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა უქმე დღეს). ამდენად, კასატორს ხარვეზი 2022 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის. დამატებით კასატორის წარმომადგენელთან 2022 წლის 18 ოქტომბერს შედგა სატელეფონო აქტი, რომლის ფარგლებშიც მხარემ განმარტა, რომ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ შეუვსია.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე