3გ-ად-65-გ-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა გ.ხ.-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო, გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
ფიზიკურმა პირმა – ე. ღ.-მ სარჩელით მიმართა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს და სკ-ს მე-18, 181-ე, 412-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხე – გ.ხ.-ისათვის მორალური ზიანის სახით 500 ლარის, ერთი ძირი ბალის მოჭრით გამოწვეული ზარალის – 100 ლარის, ადვოკატის მომსახურების – 100 ლარის დაკისრება და მხარეთა საკარმიდამო ნაკვეთებს შორის საზღვრის დადგენა მოითხოვა შემდეგი მოტივით:
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1992 წელს მიწის რეფორმის ადგილობრივმა კომისიამ საკარმიდამო ნაკვეთთან ერთად ღ.-ებს გადასცა საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთი და მოახდინა შევსება 1,29 ჰექტარის ოდენობით, რის შესახებაც მიწის რეფორმის ადგილობრივი კომისიისა და მიწის მართვის რაიონული სამმართველოს მიერ გაცემული იქნა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹406 აქტი. მოსარჩელის მითითებით, ღ.-ების მომიჯნე მეზობელი, მოპასუხე გ.ხ.-ი წლების განმავლობაში სჩადიოდა თვითნებობას, შეიჭრა მათ საკარმიდამო ნაკვეთში, მოჭრა ნაყოფის მომცემი ერთი ძირი ბალი, მოშალა საკარმიდამო ნაკვეთებს შორის მიჯნა, მიისაკუთრა 274 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც გადახნა ტრაქტორით და აღნიშნული ნაკვეთი მოიქცია თავის სარგებლობაში.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე.ღ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ.ხ.-ის და ე.ღ.-ის საკარმიდამო ნაკვეთებს შორის მიჯნა დადგინდა მათ სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების ¹406 და ¹407 შესაბამისად, ხოლო ე.ღ.-ის მოთხოვნას – ერთი ძირი ბლის მოჭრით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ეთქვა უარი, უსაფუძვლობის გამო; გ.ხ.-ს ე.ღ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯების გადახდა 100 ლარის ოდენობით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ხ.-მ და მოითხოვა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება ლაგოდეხის რაიონული სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 17 სექტემბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, რაც გასაჩივრდა გ.ხ.-ის მიერ. სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინებით გ.ხ.-ის სააპელაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში და განაახლა საქმის წარმოება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით გ.ხ.-ის სააპელაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, განსჯადობით გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინსიტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რადგან პალატამ მიიჩნია, რომ არსებული სამოქალაქო დავა გადაიზარდა ადმინისტრაციულ დავაში. კერძოდ, სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტმა საქმის წარმოების დროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დააზუსტა, მოითხოვა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹406 და ¹407 აქტების გაუქმება. სააპელაციო პალატამ სსკ-ს 381-ე მუხლის თანახმად, მიიღო გაზრდილი მოთხოვნა და მიუთითა, რომ აპელანტი მხოლოდ იმიტომ არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რომ იგი დაეყრდნო, მისი აზრით, ყალბ მიღება-ჩაბარების აქტებს.
საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 დეკემბრის განჩინებით გ.ხ.-ის სააპელაციო საჩივარი სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსაზრება, რომ გ.ხ.-მ სააპელაციო საჩივრის დაზუსტებით მოითხოვა მიწის მიღება-ჩაბარების ¹406 და ¹407 აქტების გაუქმება. ამასთან, გ.ხ.-ს არ აღუძრავს შეგებებული სარჩელი. მისი მოთხოვნა მიღება-ჩაბარების აქტების გაუქმების შესახებ ვერ ჩაითვლება სსკ-ს 381-ე მუხლით გათვალისწინებულ დავის საგნის შეცვლად ან გადიდებად, ასევე შეგებებული სარჩელის აღძვრად. ე.ღ.-ის სარჩელი კი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და სსკ-ს მე-11 მუხლის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახილველ დავას წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის თაობაზე საოლქო სასამართლოს პალატების განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ხ.-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. განსახილველ დავაში მოსარჩელე ე.ღ.-ი მოპასუხე გ.ხ.-ის მიმართ აღძრული სარჩელით, სკ-ს მე-18, 181-ე, 412-ე მუხლების საფუძველზე, მოითხოვდა მოპასუხის მიერ მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას და საკარმიდამო ნაკვეთებს შორის საზღვრის დადგენას. ამდენად, აღნიშნული დავა სამართლებრივად წარმოადგენს სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს შორის წამოჭრილ სამოქალაქო (სამეზობლო) დავას, რაც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
2. ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და საკარმიდამო ნაკვეთებს შორის მიჯნის აღმართვა დადგინდა მათ (ე.ღ.-ისა და გ.ხ.-ის) სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების ¹406, ¹407 შესაბამისად, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ.ხ.-ის მიერ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მისი და ღ.-ის სახელზე 1995წ. ოქტომბერში მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების ¹406, 407 საფუძველზე საკარმიდამო ნაკვეთებს შორის საზღვრის დადგენის შესახებ ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის რაიონულ სასამართლოში დაბრუნება. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტების ბათილობა აპელანტ გ.ხ.-ს სააპელაციო საჩივრით არ მოუთხოვია.
3. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის სხდომაზე აპელანტ გ.ხ.-ის წარმომადგენელმა ზეპირად მოითხოვა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტების შემოწმება (ალბათ კანონიერების შემოწმება) და განაცხადა, რომ ისინი ზრდიდნენ მოთხოვნას, რასაც არ დაეთანხმა ე.ღ.-ის წარმომადგენელი. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ გ.ხ.-ის წარმომადგენლის სიტყვიერი განცხადება სსკ-ს 381-ე მუხლით გათვალისწინებულ გაზრდილ მოთხოვნად მიიჩნია და 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით საქმე განსახილველად გადასცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რადგან ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა სამოქალაქო დავის ადმინისტრაციულ დავაში გადაზრდას.
4. სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო სასამართლოს განჩინებას არ დაეთანხმა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლო და თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია სსკ-ს 381-ე მუხლით გათვალისწინებულ არც დავის საგნის შეცვლა-გადიდებას და არც შეგებებული სარჩელის აღძვრას, რადგან მოსარჩელე ე.ღ.-ს არ მოუთხოვია მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტების ბათილობა (მისი წარმომადგენელი პირიქით წინააღმდეგი იყო გ.ხ.-ის ასეთი მოთხოვნისა), ამიტომ დავის საგნის შეცვლას ან გადადებას ადგილი არა აქვს. სახელმწიფო აქტები სადავოდ გახადა მოპასუხე (აპელანტ) გ.ხ.-ის წარმომადგენელმა თავის სიტყვიერ გამოსვლაში, აქტების ბათილად ცნობა მას არც სააპელაციო საჩივარში დაუფიქსირებია, ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გ.ხ.-ის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი მოთხოვნა მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტების შემოწმების შესახებ პროცესუალურად არ წარმოადგენს სსკ-ს 381-ე მუხლით გათვალისწინებული შეგებებული სარჩელის აღძვრას, რადგან ამავე კოდექსის 189-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეგებებული სარჩელის წარდგენა უნდა მოხდეს სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით ანუ სავალდებულოა, რომ მას ჰქონდეს წერილობითი ფორმა და შეესაბამებოდეს ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტ გ.ხ.-ის მიერ არ იქნა დაცული. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას და თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია სსკ-ს 381-ე მუხლით გათვალისწინებულ დავის საგნის შეცვლა-გადიდებას ან შეგებებული სარჩელის წარდგენას, ამ ეტაპზე კვლავ დავის საგანია ფიზიკურ პირებს (ე.ღ.-ი - მოსარჩელე, გ.ხ.-ი - მოპასუხე) შორის ზიანის ანაზღაურება და მიწის ნაკვეთებს შორის სამეზობლო მიჯნის აღმართვა, რაც სამართლებრივად წარმოადგენს ამავე კოდექსის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო (სამეზობლო) დავას და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილული უნდა იქნეს განსჯადი სასამართლოს – სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე, სსკ-ს მე-11, 381-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ხ.-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
2. გ.ხ.-ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.