Facebook Twitter

20 ივლისი 2022 წელი

№ას-1216-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ე.ა–ვი

მოწინააღმდეგე მხარეები _ გ.ა–ნი, ლ.ა–ნი, ა.ხ–ნი, ი.ხ–ნი, ხ.ხ–ნი, ვ.ჩ–ნი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებით, მ.ა–ვისა და ე.ა–ვის სარჩელი გ.ა–ნის, ლ.ა–ნის, ა.ხ–ნის, ი.ხ–ნის, ხ.ხ–ნის, ვ.ჩ–ნის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ე.ა–ვმა და მ.ა–ვმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივლისის განჩინებით, ე.ა–ვის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. 2021 წლის 18 მარტის სხდომას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი ვ.კ–ი, თუმცა ამ სხდომაზე გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა, სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 257-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადადო 2021 წლის 08 აპრილს. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2021 წლის 08 აპრილს გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. აღნიშნულ სხდომას არ ესწრებოდა არც მოსარჩელე ე.ა–ვი და არც მისი წარმომადგენელი, თუმცა მათთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, რამეთუ მოსარჩელის წარმომადგენელს ვ.კ–ს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ეცნობა 2021 წლის 18 მარტის სხდომაზე, რაზეც ჩამოერთვა შესაბამისი ხელწერილიც (ტ 2, ს.ფ. 247). ამდენად, საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ გაფრთხილებული იყო მოსარჩელის წარმომადგენელი.

3.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში არ მიუმართავს. ამასთან, დადგენილია, რომ მ.ა–ვმა, როგორც წარმომადგენელმა, მხოლოდ 20.05.2021წ., ანუ გამოცხადებიდან 42-ე დღეს ჩაიბარა გადაწყვეტილების ასლი. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოსარჩელისთვის დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის (2021 წლის 08 მაისი) მომდევნო დღიდან - 2021 წლის 09 მაისიდან და შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადა 2021 წლის 24 მაისს ამოიწურა (მე-14 დღე, 22 მაისი არასამუშაო დღე იყო). სააპელაციო საჩივარი კი ფოსტას 2021 წლის 02 ივნისს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით ჩაბარდა და კანცელარიაში დარეგისტრირდა 03 ივნისს.

3.3 სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე.ა–ვის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებაზე შეტანილ იქნა კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია დაუშვებლობის გამო.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ. და ე.ა–ვების წარმომადგენელმა ვ.კ–მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნება, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

4.1. სინამდვილეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდა, მ.ა–ვი 2021 წლის 08 აპრილს ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას, აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს საოქმო ჩანაწერით და ელ.ვერსიის დისკით. სამწუხაროდ, სხდომის ოქმი და ელ.დისკი საქმეში არ არის. მ.ა–ვმა გადაწყვეტილების გამოცხადებისას გამოთქვა პრეტენზია, რაც ასახული იქნება დისკზე, ამასთან, დასწრების ფაქტი დასტურდება იმითაც, რომ სარეზოლუიო ნაწილი გამოცხადებული იქნა სხვა პროცესის მიმდინარეობისას გამოცხადებულ შესვენებაზე.

4.2. სინამდვილეს არ შეესაბამება, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მოთხოვნილი არ ყოფილა დადგენილ ვადაში. საქმეში ინახება მ.ა–ვის 2021 წლის 26 აპრილის განცხადება, რომლითაც საქმის მასალებთან ერთად მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილება, ამდენად, მ.ა–ვმა დათქმულ ვადაში მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად.

4.3. 2021 წლის 30 აპრილიდან 13 მაისამდე პანდემიის გამო გამოცხადდა უქმე დღეები, სასამართლოები არ მუშაობდა და ამ მიზეზით აღნიშნულ ვადაში ვერ მოხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. 14 მაისიდან მ.ა–ვი ინტენსიურად რეკავდა მოსამართლის თანაშემწესთან გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, მაგრამ გადაწყვეტილება მზად არ იყო. მხარეს გამზადებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2021 წლის 20 მაისს, ამდენად, ეს არ არის მოსარჩელის ბრალეულობა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, მ.ა–ვის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2021 წლის 03 დეკემბრის განჩინებით, ე.ა–ვის კერძო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (სუსგ. №ას-873-2018, 31.01.2019წ.). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი).

11. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014).

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ციტირებული ნორმის მესამე ნაწილის ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

13. საქმეში წარმოდგენილი მინდობილობებით (ტ.1, ს.ფ. 23-28) დასტურდება, რომ მ.ა–ვი საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას იყო ე.ა–ვის წარმომადგენელი. მარწმუნებლის მიერ 27.03.2022 წლამდე გაცემული მინდობილობით იგი აღიჭურვა საპროცესო უფლებამოსილებებით და აღნიშნულ უფლებათა მესამე პირებზე გადანდობის შესაძლებლობით. თავის მხრივ, მ.ა–ვმა, გადანდობის უფლებამოსილების ფარგლებში, ე.ა–ვისგან მიღებული უფლებამოსილებები გადაანდო ვ.კ–ს 2018 წლის 09 იანვრიდან 2020 წლის 09 იანვრამდე (ტ.1, ს.ფ. 20-22) და 2020 წლის 17 იანვრიდან 2022 წლის 27 მარტის ჩათვლით (ტ.2, ს.ფ. 164). თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 18 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა როგორც მ.ა–ვი, ისე ვ.კ–ი, მხარეებს (წარმომადგენლებს) ეცნობათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი და დრო - 2021 წლის 08 აპრილი, 16:30 საათი, რის შესახებაც ხელწერილს ხელი მოაწერა როგორც მ.ა–ვმა, ისე ვ.კ–მა (ტ.2, ს.ფ. 247). დადგენილია, რომ მ.ა–ვი, რომელიც არის მოსარჩელე და ამავდროულად, მეორე მოსარჩელის წარმომადგენელიც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას პირადად ესწრებოდა (ტ.2, ს.ფ. 254-255). ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის გამოსაყენებლად არსებობს არამარტო ერთი, არამედ ორივე წინაპირობა (ცოდნა გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის შესახებ და დასწრება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებაზე). საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებაზე მოსარჩელეთა არდასწრების შესახებ, თუმცა აღნიშნული ზეგავლენას ვერ იქონიებს პროცესუალურ შედეგზე, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოცხადებაზე დასწრება-არდასწრების მიუხედავად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო ვალდებულება წარმოიშვება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მხარისათვის (წარმომადგენლისათვის) ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, რაც წინამდებარე საქმეში წერილობით დასტურდება მ.ა–ვისა და ვ.კ–ის ხელმოწერილი ხელწერილით (ტ.1, ს.ფ. 247).

14. დადგენილია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-15 დღეს, 2021 წლის 23 აპრილს, მ.ა–ვმა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შემდეგი შინაარსის განცხადება: „გთხოვთ გადმომცეთ თქვენს განხილვაში მყოფი სამოქალაქო საქმის N2/20707-18 საქმის მასალების და აუდიო ჩანაწერის ქსეროასლები“. საგულისხმოა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება კერძო საჩივრით მითითებული 2021 წლის 26 აპრილის განცხადება გადაწყვეტილების მოთხოვნის შესახებ, ამდენად, საკასაციო პალატა შეაფასებს მ.ა–ვის მიერ 2021 წლის 23 აპრილს წარდგენილ განცხადებას.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის (მისი წარმომადგენლის) ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საკანონმდებლო ჩანაწერს „არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღე“ საკასაციო პალატა განმარტავს იმგვარად, რომ აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ (იხ. სუსგ. ას-429-401-2017; ას-1273-1193-2017).

16. 2021 წლის 23 აპრილს წარდგენილი განცხადების შინაარსი არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნის შესახებ, თუმცა ასეთი მითითების არსებობის შემთხვევაშიც კი, იგი ვერ ჩაითვლება გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით სსსკ 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულების შესრულებად, რამდენადაც განცხადება წარდგენილია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20 დღის გასვლამდე, კერძოდ, მე-15 დღეს.

17. პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20 დღის გასვლის შემდეგ _ 2021 წლის 29 აპრილიდან წარმოიშვა გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად მხარის სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება, მაგრამ მოსარჩელეს ან მის რომელიმე წარმომადგენელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის წერილობით არ მიუმართავს. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო გზით ითხოვდა დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემას.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

19. კერძო საჩივრის ავტორის მითითება მოსამართლის თანაშემწესთან გადაწყვეტილების გადმოცემის მიზნით კომუნიკაციის წარმოების შესახებ, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის, ვინაიდან კერძო საჩივართან ერთად წარმოდგენილი სატელეფონო ზარების ისტორიით დგინდება კონკრეტულ სატელეფონო ნომერზე ზარების განხორციელების ფაქტები, მაგრამ არ დასტურდება, ეკუთვნის თუ არა აღნიშნული სატელეფონო ნომერი მოსამართლის თანაშემწეს, აგრეთვე არ დგინდება სატელეფონო საუბრების შინაარსიც, ამდენად, პალატა დამტკიცებულად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2021 წლის 14 მაისიდან 2021 წლის 20 მაისამდე დროის შუალედში მ.ა–ვი, როგორც ე.ა–ვის წარმომადგენელი, მოსამართლის თანაშემწისგან იღებდა უარს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებაზე.

20. დადგენილია, რომ სასამართლოს 2021 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელე მ.ა–ვმა (ამავდროულად, მოსარჩელე ე.ა–ვის წარმომადგენელმა) ჩაიბარა 2021 წლის 20 მაისს (იხ. ხელწერილი, ტ.2, ს.ფ. 272).

21. დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილი ვალდებულება არ შეუსრულებია, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 09 მაისიდან და ამოიწურა 2021 წლის 24 მაისს.

22. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2021 წლის 02 ივნისს, ფოსტის მეშვეობით (იხ. სააპელაციო საჩივარი , ტ.2, ს.ფ. 278-292).

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

24. ამდენად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე, 59-ე, მე-60, 61-ე, 63-ე, 2591, 369-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ა–ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივლისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი