15 ივლისი 2022 წელი
საქმე №ას-122-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ლ.ლ–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებელი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ.ლ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე“, „კასატორი“, „დასაქმებული“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორის მოწინააღმდეგე მხარე“, „დამსაქმებელი“) მიმართ, ლ.ლ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნაწილში ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №264-კ_ის ბათილად ცნობის, ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენისა და 2018 წლის 18 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - 1 375 ლარის (დარიცხული) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნებით.
სარჩელის საფუძვლები:
2. ლ.ლ–ი ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივ მაუწყებელში საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობაზე დასაქმებული იყო 2017 წლის 17 ივლისს განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით, რომლითაც დეტალურად იყო გაწერილი შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები, კერძოდ, დასაქმებულის თანამდებობა და ანაზღაურება. მოსარჩელეს მუშაობის პერიოდში არ მიუღია არც ერთი საყვედური ან/და შენიშვნა.
3. 2018 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელემ ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მიიღო ხელშეკრულების პირობების შეცვლის შეთავაზება, კერძოდ, მოპასუხემ დასაქმებულებს შესთავაზა საათობრივად დასაქმების სამუშაო რეჟიმი, როდესაც ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. შეთავაზებაში მოცემული იყო დღიური ანაზღაურების ტარიფი, თუმცა არ გაწერილა სამუშაო დღეების სავალდებულო მინიმალური ოდენობა, რაც ტოვებდა შესაძლებლობას, რომ დასაქმებულს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ერთი სამუშაო დღეც ვერ ემუშავა. ამავდროულად, დასაქმებულებს შრომის შინაგანაწესით აკრძალული აქვთ სხვა მედია საშუალებაში დასაქმება, რაც მათ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აყენებს. ჩნდებოდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ აღნიშნული შეთავაზება რეალურად სამსახურიდან განთავისუფლებას წარმოადგენდა. გადაწყვეტილების მისაღებად ვადა მოპასუხის მხრიდან განისაზღვრა სამი დღის ოდენობით. შეთავაზებაზე უარი ნიშნავდა სამსახურიდან გათავისუფლებას.
4. ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანების თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელემ მოპასუხისგან მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი განმარტება. 2018 წლის 28 სექტემბერს მიღებული განმარტების თანახმად, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო’’ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელე ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ითხოვდა დასაბუთებას, თუ რის მიხედვით მოხდა იმ თანამშრომელთა შერჩევა, რომლებმაც მიიღეს ახალი პირობების შეთავაზება, რაზეც ვერ მიიღო პასუხი.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ წერილობით შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, საზოგადოებრივ მაუწყებელში თანამშრომელთა დასწრება-აღრიცხვის, ე.წ. „ტურნიკეტის“ სისტემის ამოქმედების შედეგად გამოვლინდა, რომ მთელ რიგ სტრუქტურულ ერთეულებში არათანაბრად იყო გადანაწილებული დატვირთვა ან არსებული დატვირთვა არასწორად იყო ასახული სამუშაო რეჟიმზე. გამოვლინდა, რომ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან სამსახურში გამოცხადება იყო უაღრესად დაბალი, ნაწილს კი უფიქსირდებოდა მოკლე დროის მონაკვეთით გამოცხადება სამსახურში.
6. სარჩელზე თანდართული მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ცალკეული პოზიციებისათვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, განისაზღვრა საათობრივი დასაქმების რეჟიმი და ამ პოზიციებზე დასაქმებული პირებისთვის შრომის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. ამდენად ადმინისტრაციამ მოსარჩელეს შესთავაზა პირობები, რომლებიც შეესაბამებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ რეალობას, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა. მოსარჩელე გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყდებოდა მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ო“ პუნქტის საფუძველზე. ამდენად, დასაქმებულის აზრით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება კანონიერი იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა.
7.1. ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №264-კ მოსარჩელე ლ.ლ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნაწილში;
7.2. მოსარჩელე ლ.ლ–ი აღდგენილ იქნა ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორის თანამდებობაზე;
7.3. ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივ მაუწყებელს მოსარჩელე ლ.ლ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 18 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1 375 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
9. ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება.
10. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ და მოთხოვნილ იქნა გადაწყვეტილების შეცვლის გზით სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და სააპელაციო სასამართლოსთვის მიცემული მითითებები:
11. ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 07 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
12. საკასაციო სასამართლომ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად მიჩნევის ნაწილში, გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, თუმცა არ გაიზიარა დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება და განმარტა, რომ პირვანდელ სამუშაო თანამდებობაზე აღდგენის მიზნით, გამოსაკვლევია, საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორის თანამდებობა ერთი და იგივე თანამდებობებია თუ არა, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, არსებობს თუ არა საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობა დამსაქმებელ ორგანიზაციაში, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მიზნიდან გამომდინარე, არსებობს თუ არა დასაქმებულის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის მსგავსი თანამდებობა, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი თანმიმდევრობით, საჭიროა შეფასდეს, დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის ნაცვლად კომპენსაციის მიცემის საკითხი და მიღებულ იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
13.1. 2017 წლის 17 ივლისს ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც დამსაქმებელს და მოსარჩელე ლ.ლ–ს, როგორც დასაქმებულს შორის განუსაზღვრელი ვადით დაიდო შრომითი ხელშეკრულება №915, რომლის თანახმადაც მოსარჩელე დასაქმდა საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობაზე.
13.2. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 1 375 ლარით.
13.3. 2018 წლის აგვისტოს თვეში ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შეთავაზებით, მოსარჩელე ლ.ლ–ს ეცნობა, რომ ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ცალკეული პოზიციებისათვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, საათობრივი სამუშაო რეჟიმის განსაზღვრისა და ამ პოზიციებზე დასაქმებული პირებისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოს შესაბამისად ანაზღაურების შესახებ. აღნიშნულის ფარგლებში, ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოსარჩელეს შესთავაზა წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკში რეჟისორის თანამდებობის დაკავება, რომლის ფარგლებშიც შესრულებული სამუშაოს ერთი გადასაღები დღის ღირებულება განისაზღვრებოდა 200 ლარით.
13.4. ამავე შეთავაზების თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ შეთავაზება ძალაში იყო 2018 წლის 04 სექტემბრამდე და შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოქმედი შრომის ხელშეკრულება შეწყდებოდა 2018 წლის 04 სექტემბრიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
13.5. მოსარჩელე ლ.ლ–მა უარი განაცხადა ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ 2018 წლის აგვისტოს თვეში განხორციელებული შეთავაზების პირობების მიღებაზე.
13.6. ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2018 წლის 18 სექტემბრის №264-კ ბრძანებით, მოსარჩელე ლ.ლ–ი 2018 წლის 18 სექტემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
13.7. ამავე ბრძანების თანახმად, მოსარჩელეს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მიეცა ორი თვის შრომის ანაზღაურების სახით კომპენსაცია.
13.8. 2018 წლის 21 სექტემბერს მოსარჩელე ლ.ლ–მა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მიმართა ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივ მაუწყებელს.
13.9. ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის 28 სექტემბრის მიმართვით, მოსარჩელეს განემარტა, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას კი წარმოადგენდა საათობრივი დასაქმების თაობაზე სამუშაო რეჟიმის წინადადების მის მიერ მიუღებლობა.
13.10. მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მოსარჩელე ლ.ლ–ს არ მიუღია საყვედური ან/და შენიშვნა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ან/და სხვა გარემოებების გამო.
13.11. ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის წერილობითი მომართვის (N547/07; 23/07/2021) შესაბამისად, 2021 წლის 23 ივლისის მდგომარეობით, ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივ მაუწყებელში თანამდებობრივი პოზიცია სახელწოდებით - „ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორი“ არ არსებობს. ამავე თარიღის მდგომარეობით, ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივ მაუწყებელში საშტატო განრიგი, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული არ არის და ასევე, მაუწყებლის არც ერთ სტრუქტურულ ერთეულში არ არსებობს რეჟისორის ვაკანტური თანამდებობა/თანამდებობები. წერილობით მომართვაში ასევე განმარტებულია, რომ ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივ მაუწყებელში სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულია სულ 22 რეჟისორი, რომლებიც მიბმული არიან კონკრეტულ გადაცემებზე/პროექტებზე და ამდენად, სრულად აკმაყოფილებენ სატელევიზიო ბადის მოთხოვნებს. ამასთანავე, საზოგადოებრივი მაუწყებელი, შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსების დაზოგვის მიზნით, ინტენსიურად გადასულია გარეწარმოებებზე, რომლის დროსაც, შესაბამისი პროექტების/გადაცემების ადამიანურ რესურსს შემოქმედებითი და ტექნიკური თვალსაზრისით განსაზღვრავენ თავად გარეწარმოების განმახორციელებელი კონტრაქტორი კომპანიები. ამდენად, არ არსებობს ლ.ლ–ის საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმების/აღდგენის ფიზიკური შესაძლებლობა ან/და საჭიროება.
14. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
14.1. შრომის კოდექსის 47-ე მუხლი (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 37-ე მუხლი) შეიცავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგიტიმურ საფუძვლებს, რომელთაგან წინამდებარე დავის ფარგლებში შეფასების საგანს „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა წარმოადგენს (სახეზეა, თუ არა სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას).
14.2. შრომის კოდექსის 47-ე მუხლის სისტემური ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მისი პირველი ნაწილი ითვალისწინებს ჩამონათვალს, თუ რა საფუძვლით შეიძლება შეწყდეს შრომითი ხელშეკრულება. თუმცა, შრომითი ხელშეკრულების მართლზომიერად შეწყვეტის საფუძვლების აღნიშნული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, რადგან შრომის კოდექსის 37(1)„ო“ ქვეპუნქტი იძლევა ზოგად მითითებას და ამბობს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს „სხვა ობიექტური გარემოება”, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებს. შესაბამისად, იმისათვის, რომ ნებისმიერი გარემოება არ მოხვდეს მითითებული დანაწესის მოქმედების სფეროში და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ გაამართლოს, მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეფასდეს დამსაქმებლის მხრიდან მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეფუძნება თუ არა ობიექტურად გამართლებულ გარემოებას.
14.3. შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტში (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 37-ე მუხლი) მოცემული რეგულაცია არ შეიძლება გამოდგეს კეთილსინდისიერების, კეთილი ზნის საწინააღმდეგო გათავისუფლების გამართლებისთვის. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად გასაკიცხი მოტივი არ შეიძლება „ობიექტური გარემოებით შეიფუთოს“. არამედ, „ობიექტური გარემოება“ მოსამართლემ უნდა განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ყოველგვარ ვითარებაზე მორგებული განმარტება ვერ იარსებებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთი და იგივე „ობიექტური გარემოება“ სხვადასხვა მოცემულობაში განსხვავებულად შეიძლება შეფასდეს... მთავარია, რომ მოცემული საფუძვლით ხელშეკრულება შეწყდეს მართლზომიერი საშუალებითა და ობიექტურად გამართლებული გარემოებით, რაც ასევე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორცილების პრინციპს. შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შესაფასებელია, რამდენად არსებობდა ლ.ლ–თან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური გარემოება.
14.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება არა დასაქმებულს, არამედ დამსაქმებელს, რომელმაც უნდა შეძლოს ობიექტური გარემოებების და შესაბამისად საკუთარი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების შეწყვეტის) ლეგიტიმურობის დასაბუთება.
14.5. სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 ნაწილის (მოქმედი კოდექსის 14.1 მუხლი) შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო; გ) სამუშაო ადგილი; დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე; ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი; ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი და ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი. საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი) შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ განხორციელებული შეთავაზება გულისხმობდა შრომითი ხელშეკრულებების არსებითი პირობების შეცვლას, რაც საჭიროებდა დასაქმებულის ნებართვას. მისი მხრიდან აღნიშნული პირობების მიუღებლობა კი გახდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, რაც დამსაქმებელმა განსაზღვრა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობად.
14.6. მოპასუხემ მიუთითა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად სხვა ობიექტურ გარემოებებზე, მაგრამ მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში დამსაქმებელს არ განუხორციელებია კვალიფიციური შედავება და არ მიუთითებია კონკრეტულად რა ფაქტორს მოიაზრებს დამსაქმებელი ხელშეკრულების შეწყვეტის „სხვა ობიექტურ გარემოებად“, ან რის საფუძველზე მიიჩნევს მოპასუხე, რომ განუსაზღვრელი ვადით დასაქმებული პირის მხრიდან, შეცვლილი შრომითი ხელშეკრულების პირობებზე უარის თქმა შეიძლება მოიაზრებოდეს ხელშეკრულების მართლზომიერად მიჩნევის წინაპირობად და კანონმდებელი მოიაზრებდეს მას „სხვა ობიექტურ გარემოებად“. ამასთან, მოპასუხეს არ განუხორციელებია არც იმ გარემოების მითითება, რა აუცილებლობით იყო განხორციელებული მოსარჩელისთვის აღნიშნული შეცვლილი წინადადების შეთავაზება, რომელიც თავისთავად ცვლიდა განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულების ბუნებას და აუარესებდა დასაქმებულის მდგომარეობას სტაბილურობის გარანტიის მოსპობით. სარწმუნო მტკიცებულებების არ არსებობა ვერ ქმნის იმ ვარაუდის დაშვების წინაპირობასაც კი, რომ მოცემულ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში დამსაქმებლთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს მართლზომიერად.
14.7. საქმის მასალებით ვერ დადასტურდა მოსარჩელე ლ.ლ–თან განუსაზღვრელი ვადით არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერი საფუძველი, რაც განაპირობებს გათავისუფლების თაობაზე სადავოდ გამხდარი ბრძანების ბათილად ცნობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.
15. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის იურიდიულ შედეგებთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა შემდეგზე:
15.1. საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 38.8 მუხლი) შესაბამისად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
15.2. ვინაიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობები განხორციელებულად იქნა მიჩნეული, შესაბამისად შესაფასებელია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან მიმართებით. ამასთანავე, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ: თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. შესაბამისად, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით, მან უნდა გამოიკვლიოს თუ რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა.
15.3. სააპელაციო სასამართლომ, წინამდებარე განჩინების 13.11. პუნქტში მოხსენიებული წერილის შინაარსის გათვალისწინებით დაასკვნა, რომ მიუხედავად მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლებისა, მაინც არ არსებობს მისი თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი, რადგანაც დღეის მდგომარეობით, მოპასუხე ორგანიზაციაში არ არსებობს ვაკანტური პოზიცია, რომელზეც შესაძლებელი იქნება მოსარჩელის აღდგენა და შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
15.4. ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის საკითხზე მსჯელობისას პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში სწორედ მოსარჩელის (მოთხოვნის ავტორის) და არა მოპასუხის (მოთხოვნის ადრესატის) მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ტოლფასი თანამდებობის არსებობისა და მისი ვაკანტურობის ფაქტის დადასტურება. სწორედ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე მიუთითოს კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა. პალატის შეფასებით, ამ მიმართულებით მოსარჩელეს არც მითითების და არც მტკიცების ტვირთი არ დაუძლევია.
15.5. შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 38.8 მუხლი) შესაბამისად, იმ პირობებში თუ შეუძლებელია დასაქმებულის სამსახურში აღდგენა, შეფასება უნდა მიეცეს კომპენსაციის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის წინაპირობებს. კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციის სფეროა, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში.
15.6. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ, დასაქმების ხანგრძლივობისა და გათავისუფლების უკანონობის ხარისხის შესაბამისად, მოსარჩელის უფლებებში რესტიტუციის მიზნით სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად მიიჩნია მოპასუხისათვის კომპენსაციის სახით 12 თვის მისაღები თანამდებობრივი სარგოს დაკისრება, რაც 16 500 ლარს (დარიცხული) შეადგენს.
16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ისე ლ.ლ–მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინებით, ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის საკასაციო საჩივარი ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის მოტივით, დარჩა განუხილველად.
17. ლ.ლ–ის საკასაციო საჩივრით მოთხოვნილია გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც დასაქმებულს უარი ეთქვა გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მიეკუთვნა კომპენსაცია. კასატორის მოთხოვნაა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით აღდგეს პირვანდელ სამუშაო ადგილზე და მოპასუხეს დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 18 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1375 ლარის ოდენობით. ლ.ლ–ის საკასაციო განაცხადი ეფუძნება შემდეგ პრეტენზიებს:
17.1. გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად უდევს დანტერესებული პირის - ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის წერილი, ასახული ტექსტი ნეიტრალური პირის დამტკიცებულ საშტატო განრიგს არ ეფუძნება, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი სამეურვეო საბჭოს მხრიდან დატკიცებული არ არის. დირექტორის წერილი არ უნდა განხილულიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების (თანამდებობის არსებობის) თაობაზე დასკვნის გამოტანის საფუძვლად, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ვაკანტური თანამდებობის არსებობა/არასებობა უნდა დადასტურებულიყო მხოლოდ საშტატო განრიგით, ხოლო თუ მოპასუხე ორგანიზაციას ასეთი არ გააჩნია, შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, დასაქმებული ყოველთვის უნდა აღდგეს პირვანდელ სამუშაო ადგილზე, ვინაიდან თანამდებობის ვაკანტურობას განაპირობებს თავად ის ხელშეკრულება, რომლის შეწყვეტაზე გამოვლენილი ნებაც სასამართლომ ბათილად ცნო. კასატორს საგულისხმოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იდენტური შინაარსის წერილი სხვა მოსარჩელის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია თანამდებობის არარსებობის დადგენისათვის საკმარის მტკიცებულებად მასზე ხელმომწერი პირის საქმის შედეგის მიმართ დაინტერესებულობის გამო და განმარტა, რომ თანამდებობის არსებობა/არარსებობა უნდა დადასტურებულიყო საშტატო ნუსხით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტოოდენ წერილზე დაყრდნობით დამსაქმებელს ყოველთვის ექნება შესაძლებლობა, მიუთითოს შტატების შემცირების საჭიროებაზე ისე, რომ არ მიიღოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.
17.2. სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა საკასაციო სასამართლოს მითითება მასზედ, რომ პირვანდელ სამუშაო თანამდებობაზე აღდგენის მიზნით, უნდა გამოკვლეულიყო, საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორის თანამდებობა ერთი და იგივე თანამდებობებია თუ არა, ხოლო თუ პასუხი იქნებოდა უარყოფითი, გამორკვევას ექვემდებარებოდა საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობის არსებობა/არარსებობა. კასატორს მოსაზრებით, თანამდებობის ვაკანტურობის გამოკვლევა საკასაციო სასამართლოს ქვემდგომი ინსტანციისათვის არ დაუვალებია.
17.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, ლ.ლ–ის მიმართ განსხვავებული პირობებით სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგარძელება განაპირობა კომპანიაში განხორციელებულმა ცვლილებებმა. კასატორის მოსაზრებით, არავითარ ცვლილებას ადგილი არ ჰქონია და არც ხელშეკრულება შემწყდარა ორგანიზაციულ ცვლილებებზე მითითებით, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე (ორგანული კანონის მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე) დაყრდნობით.
17.4. სასამართლოს არასწორად აქვს ასახული მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, ვინაიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა მოსარჩელეს არ მოუთხოვია, შესაბამისად, უსაფუძვლოა მსჯელობაც მასზედ, რომ მოსარჩელემ ტოლფასი თანამდებობის არსებობისა და მისი ვაკანტურობის მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია. ამასთან, ტოლფასი თანამდებობის არსებობა-ვაკანტურობის გარემოებათა მიმართ სასამართლომ მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა სსსკ 102-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული გარემოებების მტკიცების ტვირთი უნდა დაკისრებოდა დამსაქმებელს მისი მტკიცებითი უპირატესობისა და მხარეთა არათანაბარი შესაძლებლობების გათვალისწინებით.
17.5. სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაედგინა საზოგადოებრივ მაუწყებელში რეჟისორის თანამდებობის არარსებობა, ვინაიდან ასეთი თანამდებობის არსებობა დგინდება წინამდებარე საქმის ფარგლებში ბათილად ცნობილი ბრძანებიდან - ლ.ლ–ი განთავისუფლებულ იქნა სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორის თანამდებობიდან (ე.ი. ვერ გაათავისუფლებდა თანამდებობიდან, რომელიც არ არსებობს). საეთერო ჯგუფში რეჟისორისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორის თანამდებობები ერთი და იგივეა და იგი არსებობს.
17.6. დასკვნა მასზედ, რომ მოსარჩელის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია, არასწორია, ვინაიდან 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №264-კ_ის ფარგლებში სამსახურიდან განთავისუფლებული სხვა პირები აღდგენილნი არიან გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობებზე და აგრძელებენ მუშაობას თავდაპირველად დადებული ხელშეკრულებების ძალით, რაზედაც საქმე №ას-820-2020-ის ფარგლებში, არსებობს საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 05 თებერვლის განჩინება.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ასევე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ. №ას-1365-2021; №ას-921-2021; ას-929-2021).
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
22. უწინარესად, პალატა მიუთითებს, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, საკასაციო პალატის მსჯელობა მიემართება მხოლოდ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის შესახებ სასამართლოს დასკვნის მართებულობის წინააღმდეგ წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიებს.
23. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო პრეტენზიას მასზედ, რომ საშტატო ნუსხის არარსებობის პირობებში, დასკვნის გაკეთება თანამდებობის არარსებობის ან მისი არავაკანტურობის შესახებ, დაუშვებელია.
23.1. პალატა მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო ნუსხის დამტკიცება სამეურვეო საბჭოს ფუნქციას წარმოადგენს. ამავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს იმ უფლება-მოვალეობებით, როგოც კერძო სამართლის სუბიექტი.
23.2. პალატა, მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე უთითებს, რომ არ არსებობს საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც დაადგენს, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე ორგანიზაციის (განსახილველ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის) თანამდებობრივი სტრუქტურის განსაზღვრისათვის ერთადერთი განკუთვნადი მტკიცებულება არის საშტატო განრიგი (იგივე საშტატო ნუსხა). ამდენად, იმთავითვე არასწორია კასატორის მოსაზრება მასზედ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში თანამდებობის არსებობა-არარსებობა დგინდება მარტოოდენ საშტატო ნუსხით. საგულისხმოა, რომ კასატორს საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად ასეთი საკანონმდებლო შეზღუდვის დამდგენ დანაწესზე არ მიუთითებია.
23.3. საგულისხმოა ისიც, რომ საშტატო განრიგი, თავისი ბუნებით, დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტია, რომელიც რეალურად დასაქმებულ პირთა მონაცემების (მათ შორის, რაოდენობის) მიუთითებლად განსაზღვრავს, თუ რომელ თანამდებობათა არსებობაა გაცხადებული ორგანიზაციის მიერ ამავე დაწესებულების სტრუქტურაში და რა ოდენობით, საშტატო ნუსხა, შესაძლოა, შეიცავდეს მონაცემს თანამდებობრივი სარგოს შესახებ. ამრიგად, ორგანიზაციაში კონკრეტული თანამდებობის არსებობა საშტატო ნუსხით დგინდება, თუმცა მარტოოდენ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით სასამართლო მოკლებული იქნება შესაძლებლობას, გააკეთოს დასკვნა მასზედ, ვაკანტურია თუ არა ორგანიზაციის მიერ დაშვებული თანამდებობა. საშტატო ნუსხის არსებობის შემთხვევაშიც კი, პოზიციის ვაკანტურობის შესახებ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად სასამართლოს ესაჭიროება დამატებითი მტიცებულება მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან მასზედ, თუ საშტატო ნუსხით დაშვებულ თანამდებობათაგან რომელი და რა ოდენობის პოზიციაა ათვისებული. ამდენად, თუ დამსაქმებლის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ მონაცემებს მხარე და სასამართლო იმთავითვე რეალობასთან შეუსაბამო და არასარწმუნო მტკიცებულებად განიხილავს, დამსაქმებელს ნებისმიერ შემთხვევაში წაერთმევა შესაძლებლობა, ამტკიცოს გარემოება თანამდებობის არავაკანტურობის შესახებ.
23.4. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას, მასში განხორციელებული განმარტებები საკასაციო პალატისთვის სახელმძღვანელო ვერ იქნება, განსაკუთრებით იმ ფაქტობრივ მოცემულობაში, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის.
23.5. ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო პრეტენზიას ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის 23 ივლისის წერილისა და მასზე დართული ცხრილის (ტ.2, ს/ფ 207-208) არაგანკუთვნად და არასარწმუნო მტკიცებულებად მიჩნევის შესახებ, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ამავე მტკიცებულებაზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორის თანამდებობის არარსებობისა და საეთერო ჯგუფის რეჟისორის თანამდებობის არავაკანტურობის შესახებ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, არ წარმოადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების პროცესუალური წესების დარღვევის შედეგს, შესაბამისად, ამავე მტკიცებულებით დადგენილი ფაქტები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვისაც.
24. სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული კასატორის პრეტენზია მასზედ, რომ საშტატო ნუსხის არარსებობის პირობებში, დასაქმებული ყოველთვის უნდა აღდგეს თანამდებობაზე იმ ხელშეკრულების ძალით, რომლის შეწყვეტაც სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.
24.1. პალატა მოიხმობს სადავო ურთიერთობის წარმოშობისას მოქმედი რედაქციით საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის (ამჟამად, 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის) შინაარსს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია 1) პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან 2) უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან 3) გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
24.2. თანამდებობაზე აღდგენა დასაქმებულის უპირატესი უფლებაა, რადგან მისი დათხოვნა უკანონო გათავისუფლების თანმდევი შედეგია, შესაბამისად, დათხოვნის უკანონოდ ცნობის პირობებში, უკანონოდ გათავისუფლებული პირის მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესის შემცველია, თუმცა აღნიშნული უფლება აბსოლუტური კატეგორია არ არის და მისი დაკმაყოფილება გარკვეულ წინაპირობებზეა დამოკიდებული. უკანონოდ განთავისუფლებული პირის უფლებრივი აღდგენის მექანიზმების საკანონმდებლო ალტერნატივების სახით არსებობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ბრძანების ბათილობის თანმდევი შედეგი უპირობოდ პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა ვერ იქნება, არამედ ამ ეტაპზე სასამართლო მხედველობაში იღებს დამსაქმებლის ინტერესსაც.
24.3. პირვანდელ სამუშაო ადგილზე პირის აღდგენის წინაპირობებია: აღდგენის შესაძლებლობა და აღდგენის მიზანშეწონილობა. აღდგენის შესაძლებლობა, საკუთარ თავში მოიცავს 1) მოპასუხე ორგანიზაციაში იმ თანამდებობის არსებობას, რომელსაც მოსარჩელე იკავებდა თანამდებობიდან განთავისუფლებამდე და 2) ამავე თანამდებობის ვაკანტურობას საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპისათვის. აღდგენის მიზანშეწონილობა კი ძირითადად იმ სუბიექტურ მიზეზთა ერთობლიობაა, რომელთა არსებობაც ზემოქმედებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის ნორმალურად გაგრძელების შესაძლებლობაზე.
24.4. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მიზნებისათვის მარტოოდენ იმის კვლევა, არსებობს თუ არა მოპასუხე ორგანიზაციაში განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, არ იძლევა სრულფასოვან პასუხს მასზედ, შესაძლებელია თუ არა პირის რესტიტუცია, არამედ განსაკუთრებულ შემოწმებას ექვემდებარება ამავე თანამდებობის ვაკანტურობა. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სასამართლოს ევალება, გამოიკვლიოს, საქმის განხილვის ეტაპზე დამსაქმებელს აქვს თუ არა ისეთი შრომითი საჭიროება, რომელიც სრულფასოვნად არ არის დაკმაყოფილებული ორგანიზაციაში დასაქმებული პირების შრომითი რესურსით. დაუშვებელია, სასამართლო წესით პირის თანამდებობაზე აღდგენას ჰქონდეს იმგვარი ეფექტი, რომ დამსაქმებელს მოსარჩელის დასაკმაყოფილებლად უწევდეს ახალი შტატის შექმნა. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს გააჩნია ერთგვაროვანი პრაქტიკა (იხ. სუსგ. №ას-456-2021; №ას-1529-2019; №ას-577-2020).
24.5. ამრიგად, პირვანდელი თანამდებობის არსებობასთან ერთად, მისი ვაკანტურობა თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის საფუძვლიანობის წინაპირობაა, შესაბამისად, კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინების მითითებათა იმგვარი განმარტება, რომ თანამდებობის ვაკანტურობის კვლევის უფლება სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
24.6. საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიას მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა საკასაციო სასამართლოს მითითება პირვანდელ სამუშაო თანამდებობაზე აღდგენის მიზნით, საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორის თანამდებობის იგივეობრივობის გამოკვლევის შესახებ. ამ მიმართულებით კვლევის შეუძლებლობა განაპირობა ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2021 წლის 23 ივლისის №547/07 წერილმა, რომლითაც დადგინდა, რომ 23.07.2021 წლის მდგომარეობით, მაუწყებელში თანამდებობრივი პოზიცია სახელწოდებით „ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორი“ არ არსებობს, ამდენად, შედარების ობიექტის არარსებობამ თავისთავად გამორიცხა შედარებისა და ამ მიმართულებით სასამართლოს მსჯელობის შესაძლებლობა.
24.7. რაც შეეხება მითითებას საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობის არსებობა/არარსებობის გამოკვლევის შესახებ, აღნიშნული, წინამდებარე განჩინების 24.3-24.5. პუნქტებში წარმართული მსჯელობის შესაბამისად, მოცავს ამავე თანამდებობის ვაკანტურობის კვლევის აუცილებლობასაც. ზემოაღნიშნულ წერილში მითითებული ცნობის თანახმად, მაუწყებლის არცერთ სტრუქტურულ ერთეულში (მათ შორის, არც საეთერო ჯგუფში) რეჟისორის ვაკანტური თანამდებობა არ არსებობს, ამრიგად, თანამდებობის არავაკანტურობაზე მითითებამ დაადასტურა საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობის არსებობა, თუმცა მასზე კასატორის აღდგენის შეუძლებლობა, ამდენად, აღნიშნული მითითების შესაბამისმა მსჯელობამ, პალატის მოსაზრებით, ასახვა ჰპოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.32. პუნქტში.
25. საკასაციო პრეტენზიას მასზედ, რომ მოსარჩელეს ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა არ მოუთხოვია, ამდენად, ამ მიმართულებით სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ემსჯელა და მით უმეტეს, არ უნდა მიეთითებინა, რომ მოსარჩელემ ვერ დასძლია ტოლფასი თანამდებობის არსებობისა და მისი ვაკანტურობის მტკიცების ტვირთი, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. სადავო ურთიერთობის წარმოშობისას მოქმედი რედაქციით საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის (ამჟამად, 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის) სტრუქტურული აგებულება იმგვარია, რომ თუ მოსარჩელე ითხოვს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენას და აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია, კომპენსაციის დაკისრებამდე სასამართლომ უნდა იმსჯელოს ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის შესაძლებლობაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარჩელე პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობისას პირდაპირ ითხოვს კომპენსაციის დაკისრებას, ე.ი. ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის ინტერესი არ გააჩნია). ვინაიდან სააპელაციო პალატამ დაადგინა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობა და ამავდროულად, საქმის მასალებში გაცხადებული არ ყოფილა, რომ მოსარჩელეს ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა არ სურს, კომპენსაციის განსაზღვრამდე პალატამ სწორად შეამოწმა ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის წინაპირობები. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის მიზნებისათვის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მტკიცების ტვირთი. საკასაციო პალატას ტოლფასი თანამდებობის დასახელებისა და მისი არსებობის მტკიცების ტვირთის მოსარჩელისათვის დაკისრების მართებულობასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს სტაბილური პრაქტიკა (იხ., მათ შორის, სუსგ. №ას-1189-2020; №ას-1009-2020; №ას-890-857-2016; №ას-588-556-2014).
26. კასატორის პრეტენზია გაზიარებას არ იმსახურებს იმ ნაწილშიც, რომ თითქოს, მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლება სააპელაციო სასამართლომ დაუკავშირა მოპასუხე ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებებს. საგულისხმოა, რომ სადავო ბრძანების კანონიერება პალატას შემოწმებული აქვს არა ორგანიზაციული ცვლილებების (სადავო ურთიერთობის წარმოშობისას მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი), არამედ განთავისუფლების გამამართლებელი სხვა ობიექტური გარემოებების (სადავო ურთიერთობის წარმოშობისას მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი) საფუძველთან შესაბამისობის შეფასების გზით. სააპელაციო სასამართლოს მითითება „ცვლილებებზე“ წარმოადგენს არა სტრუქტურულ-ორგანიზაციული ცვლილებების დადასტურებას, არამედ თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის მიზნით ე.წ. „ტურნიკეტების“ სისტემის ამოქმედების თანმდევ შედეგებზე მითითებას, ხოლო ტერმინის ამ ფორმით გამოყენებას საქმის არსებით შედეგზე არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია, ამდენად, საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილში არარელევანტურია.
27. საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით მასზედ, 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №264-კ_ის ფარგლებში სამსახურიდან განთავისუფლებული სხვა პირები აღდგენილნი არიან გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობებზე, საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ საქმე №ას-820-2020-ის ფარგლებში, 2021 წლის 05 თებერვლის განჩინების თანახმად, დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ პირველი და მეორე მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციები ვაკანტური იყო, რაც გახდა კიდეც მათ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის წინაპირობა. თუმცა განსახილველ შემთხვევაში, როგორც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს და საკასაციო პალატამაც გაიზიარა, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა ვაკანტური არ არის, ასევე არ დგინდება ტოლფასი თანამდებობის არსებობა, რის გამოც კასატორის მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემული დავის მიმართ არარელევანტურია და ვერ იქნება გაზიარებული.
28. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტის იდენტურ ან მსგავს მოწესრიგებას სადავო ურთიერთობის წარმოშობისას მოქმედი სშკ-ის რედაქცია არ ითვალისწინებდა, შესაბამისად, განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხი წყდებოდა სშკ-ის 32-ე მუხლის ფარგლებში და კმაყოფილდებოდა მხოლოდ პირის პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში. ვინაიდან წარუმატებელი იყო პირის სასარჩელო მოთხოვნა აღდგენასთან მიმართებით, აღნიშნული გამორიცხავდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობასაც.
29. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კომპენსაციის გაანგარიშების მიზნით გამოყენებულ პრინციპებსა და დადგენილი კომპენსაციის ოდენობაზე კასატორს პრეტენზია წარმოდგენილი არ აქვს, ამდენად, მიიჩნევა, რომ კომპენსაციის გამოთვლის წესსა და ოდენობას კასატორი არ ეწინააღმდეგება, რაც საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიჩნეულ იქნეს კანონიერად. ამავდროულად, მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა, პალატის მოსაზრებით, გონივრულია და გასაჩივრებული გადაწყვეტილება კომპენსაციის ნაწილში სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-353-338-2016; №ას-727-680-2017; №ას-632-2019; №ას-395-2019; №ას-67-2020).
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
31. ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან კანონმდებლობის საფუძველზე, ბაჟის ნაწილობრივ დაბრუნებაზე მსჯელობის საპროცესო საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ლ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი