საქმე №ას-293-2022 26 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ყ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ქ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.01.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.07.2021 წლის გადაწყვეტილებით ნ.ქ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი თ.ყ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. 15.09.2019 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 7000 ევრო, რის თაობაზეც შედგა ურთიერთშეთანხმების აქტი.
1.2. მოსარჩელე და მოპასუხის შვილი - ს.ყ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხის შვილი“), რომელიც ქორწინების პერიოდში იყო ესპანეთის მოქალაქე, 26.09.2019 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
1.3. 04.10.2019 წელს მეუღლეები გაემგზავრნენ ესპანეთში. ვინაიდან მოპასუხის შვილი იყო ესპანეთის მოქალაქე, მოსარჩელე ესპანეთში იმყოფებოდა ლეგალურად.
1.4. ორივე მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კონკრეტული თანხის გადახდა უკავშირდება მოსარჩელის ესპანეთში გამგზავრებას; თუმცა მოსარჩელე მიუთითებს, რომ თანხის გადაცემა წარმოადგენდა მოპასუხის მხრიდან მისი ესპანეთში დასაქმების (რისი შემადგენელი ნაწილიც იყო მოპასუხის შვილთან, როგორც ესპანეთის მოქალაქესთან ქორწინება) სანაცვლოდ გადახდილი თანხის ნაწილს, ხოლო მოპასუხე განმარტავს, რომ თანხა წარმოადგენდა მოსარჩელის დედის საქორწინო საჩუქარს, რომელიც მოპასუხის შვილს გადაეცა ესპანეთში მოგზაურობისთვის. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული თანხის გადახდა მოხდა იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება მოსარჩელის ესპანეთში გამგზავრებასთან და ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით. შეთანხმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო მოსარჩელის მოპასუხის შვილთან, როგორც ესპანეთის მოქალაქესთან, ქორწინება.
1.5. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის შეთანხმება მხოლოდ დასაქმების ან თუნდაც კონკრეტულ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის უფლების მოპოვებისთვის ქორწინების თაობაზე, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 54-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა მოპასუხეს გადაეცა ბათილი გარიგების საფუძველზე, მოპასუხე, სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) თანახმად, ვალდებულია დააბრუნოს მიღებული თანხა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.01.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. ორივე მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კონკრეტული თანხის გადახდა უკავშირდება მოსარჩელის ესპანეთში გამგზავრებას, თუმცა, მოპასუხე სადავოდ ხდის თანხის გადაცემის მიზნობრიობას. შესაბამისად, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის თანხის გადაცემის მიზანი. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლივად – ურთიერთშეთანხმების აქტი, მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განცხადება უფლებამოსილ ორგანოებში მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძვლებით გამოძიების დაწყების თაობაზე და მართებულად მიიჩნია, რომ კონკრეტული თანხის გადახდა მოხდა, რადგან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება მოსარჩელის ესპანეთში გამგზავრებასთან და ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით.
3.2. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტი წინ უსწრებს მოსარჩელის მოპასუხის შვილთან ქორწინების რეგისტრაციის თარიღს. კერძოდ, მოსარჩელესა და მოპასუხის შვილს შორის ქორწინება რეგისტრირებულია 26.09.2019 წელს, თანხის გადაცემის შესახებ ურთიერთშეთანხმების აქტი კი გაფორმებულია რამდენიმე დღით ადრე - 15.09.2019 წელს. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო მეტად არასარწმუნოს ხდის მოპასუხის ახსნა-განმარტებას გადაცემული თანხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით და უფრო მეტად იმის მანიშნებელია, რომ გადაცემული თანხა საჩუქარს არ წარმოადგენდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 15.09.2019 წლის ურთიერთშეთანხმების აქტი გაფორმებულია თავად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის. სასამართლოს მხრიდან მოპასუხის იმ განმარტების გაზიარების შემთხვევაშიც, რომ ხსენებული თანხა მოსარჩელის ძმამ გამოაგზავნა, რომელიც ქუვეითში იმყოფებოდა და მას ადრესატისათვის თანხის გადაცემის დასტური სჭირდებოდა, საინტერესოა, თუ რატომ გაფორმდა ხსენებული ურთიერთშეთანხმების აქტი მოსარჩელესა და მოპუხეს შორის და არა უშუალოდ მოსარჩელის დედასა და რძალს შორის, როგორც ამას მოპასუხე განმარტავს. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გადაცემული თანხის მიზნობრიობას ჩუქების კვალიფიკაცია არ მიანიჭა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნია, რომ კონკრეტული თანხის გადაცემა წარმოადგენდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ესპანეთში დასაქმებისა და ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვების სანაცვლოდ გადახდილი თანხის ნაწილს.
3.3. სააპელაციო პალატამ გამოიყენა სსკ-ის 977-ე მუხლი (პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება, შეუძლია გადაცემულის გამოთხოვა, თუ მეორე პირის მოქმედება არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს) და განმარტა, ამ ნორმით გათვალისწინებულია ე.წ. condictio ob rem-ის შემთხვევა, რა დროსაც შესრულების განხორციელება გარკვეული მიზნის მიღწევას ემსახურება და ამის თაობაზე მიმღები ინფორმირებულია, უფრო მეტიც, მიმღები შესრულებას სწორედ აღნიშნული მიზნით იღებს. შესაბამისად, მართალია, მიმღები შესრულებას უსასყიდლოდ იღებს, თუმცა, არა უპირობოდ, შესრულების პირობა კი გარკვეული მიზნის მიღწევაა. თუ აღნიშნული მიზანი მიღწეული არ (ვერ) იქნება, მიმღები შესრულების დაბრუნებაზე ვალდებული სუბიექტი ხდება. ამდენად, გარკვეული მიზნით განხორციელებული შესრულება არც უსასყიდლო და უპირობო ჩუქებაა და არც რაიმე ვალდებულებიდან გამომდინარე საპასუხო შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ შემსრულებელმა დაადასტურა შესრულების მიზანი, აღნიშნული მიზნის მიმღებთან შეთანხმება, მათ შორის, მიმღების კონკლუდენტური თანხმობა და, ამავდროულად, მიზნის მიუღწევლობა, ეს იმას ნიშნავს, რომ სახეზეა ე.წ. condictio ob rem-ის წინაპირობები და გადაცემული შესრულება უკან დაბრუნებას ექვემდებარება. დასახელებული მუხლის თანახმად, გადაცემული ქონების უკან დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა ქონება გადაცემულია რაიმე ქმედების შესასრულებლად და მისი მიმღების მოქმედება ან უმოქმედობა არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს. მიზნის მიუღწევლობა, ასეთ შემთხვევაში, უთანაბრდება ქონების მიღების უსაფუძვლობას. ამ ნორმით გათვალისწინებული შემთხვევები არაა დაკავშირებული რაიმე ვალდებულების შესრულების პირობებიდან გამომდინარე ქონების გადაცემასთან. პალატამ განმარტა, რომ სადავო თანხის მოძრაობა ობიექტური კატეგორიაა, ანუ მისი დამტკიცება მატერიალური მტკიცებულებების წარდგენის გზით შესაძლებელია, ხოლო, თანხის გადაცემის მიზნობრიობის დადგენა სუბიექტური კატეგორიაა, მისი დადგენა სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილი და ობიექტური შეფასებით ხდება, შესაბამისად, გადაცემული თანხის მიზნობრიობის დადგენა სუბიექტური აღქმის საგანია.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ 15.09.2019 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 7 000 ევრო, რის თაობაზეც შედგა ურთიერთშეთანხმების აქტი (იხ. ტ.1, ს.ფ.17). სადავოა თანხის გადაცემის მიზანი. მოსარჩელის მითითებით, გადაცემული თანხა წარმოადგენდა მოპასუხის მხრიდან მისი ესპანეთში დასაქმების სანაცვლოდ გადახდილ თანხას, ხოლო მოპასუხე განმარტავს, რომ თანხა იყო მოსარჩელის დედის საქორწინო საჩუქარი, რომელიც მოპასუხის შვილს გადაეცა ესპანეთში მოგზაურობისთვის.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
10. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებების, წარდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივი ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მხარეთა შორის ადგილი არ ჰქონია ჩუქების ხელშეკრულებას. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სადავო არ არის მოსარჩელისა და მოპასუხის შვილის ესპანეთში გამგზავრების ფაქტი, მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის თანხის გადაცემა წინ უსწრებს მოსარჩელის მოპასუხის შვილთან ქორწინების რეგისტრაციის თარიღს, 15.09.2019 წლის ურთიერთშეთანხმების აქტი გაფორმებულია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის და არა მოსარჩელის დედასა და მოპასუხის შვილს შორის, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სადავო თანხა მოსარჩელემ მოპასუხეს ესპანეთში დასაქმებისა და ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვების სანაცვლოდ გადასცა.
11. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ სხვადასხვა ნორმის გამოყენების შესახებ (976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 977-ე მუხლის პირველი ნაწილი), აღნიშნული ვერ იქნება განხილული საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის წინაპირობად, რამეთუ არსებობს კონდიქციური მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე ... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (სუსგ №ას-390-390-2018, 15.05.2018წ., პ.19; №ას-584-584-2018, 28.06.2019წ., პ.19).
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1289 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 902.3 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ყ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. თ.ყ–ს (პ/ნ ......) უკან დაუბრუნდეს დ.მ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1289 ლარის (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 09.03.2022წ.) 70% – 902.3 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია