საქმე №ას-746-2022 29 სექტემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ–სი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.04.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.07.2020 წლის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (ამჟამად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „სამინისტრო“) სარჩელი შპს „თ–სის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მიმწოდებელი“) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2677,35 ლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისთვის დარჩენილი 2677,35 ლარის დაკისრებაზე. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. მოსარჩელეს და მოპასუხეს (მიმწოდებელი) შორის 14.09.2016 წელს 31.10.2016 წლის პერიოდზე (სასაწავლო დღეების სავარაუდო რაოდენობა: ჩვეულებრივ, საჯარო სკოლებში 32 დღე, პანსიონის ტიპის სკოლებში 15 დღე (წაყვანა ან წამოყვანა), იმ სკოლებში სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შაბათ დღესაც, 39 დღე) გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სამინისტროს „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამების დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლების (კახეთის, თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები) მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურეობა. 10.10.2016 წლის შეთანხებით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და მომსახურების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 587 396 ლარით.
1.2. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო მომსახურება გულისხმობდა წინასწარ დათქმული ადგილებიდან საჯარო სკოლამდე და სკოლიდან უკან მოსწავლეების გადაყვანის მომსახურების განხორციელებას ხელშეკრულების N1 დანართში მითითებული მიმართულებისა და გრაფიკის მიხედვით (მოსწავლეთა სკოლაში მიყვანა უნდა მოხდეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 წუთისა და არაუმეტეს 25 წუთისა, ხოლო სკოლიდან წამოყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დასრულებიდან - არაუგვიანეს 25 წუთისა). მომსახურების გაწევის ვადა - 2016 წლის 15 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.
1.3. ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს-საგანმანათლებლო რესურსცენტრების საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლები, ასევე - სამინისტროს ზოგადი განათლების მართვის და განვითარების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან ყოველი თვის ბოლოს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე საჯარო სკოლებთან შეამოწმოს/გადაამოწმოს მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურება და წერილობითი ფორმით აცნობოს მიმწოდებლის ზოგადი განათლების მართვის და განვითარების დეპარტამენტს შემოწმების შედეგების შესახებ. თავის მხრივ სამინისტროს ზოგადი განათლების მართვის და განვითარების დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი დასკვნა (წერილობითი ფორმით), სადაც აღნიშნული იქნება მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დეფექტები და ხარვეზები. დასკვნა (მიმწოდებლის მიერ წარდგენილ ტაბელთან ერთად) იქნება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი.
1.4. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ გაწეული მომსახურება არ გამოავლენს ხარვეზებს, იქნება ხარისხიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. ხელშეკრულების მე-11 პუნქტის თანახმად: ა) თუ თვის განმავლობაში თითოეულ მიმართულებაზე ხარვეზით განხორციელებული ან/და განუხორციელებელი მომსახურების რაოდენობა არ აღემატება 3 დღეს (ზედიზედ ან ჯამში), მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხარვეზით განხორციელებულ და/ან განუხორციელებელ მომსახურების ყოველ დღეზე მიმართულების ჯამური ღირებულების 1%-ის ოდენობით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ერთი თვის განმავლობაში ხარვეზით განხორციელებული და/ან განუხორციელებელი მომსახურება თითოეულ მიმართულებაზე გადააჭარბებს 3 დღეს, დაეკისრება პირგასამტეხლო ხარვეზით განხორციელებულ და/ან განუხორციელებელ მომსახურების ყოველ დღეზე მიმართულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში არ იმოქმედებს ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა და 3 დღეზეც გამოიყენება „ბ“ პუნქტში მითითებული პირგასამტეხლოს მოცულობა. გ) მიმწოდებლის მიერ 2016 წლის სექტემბრის თვეში თითოეულ მიმართულებაზე ხარვეზით განხორციელებული ან/და განუხორციელებელი მომსახურების რაოდენობა არ აღემატება 2 დღეს (ზედიზედ ან ჯამში), მიმწოდებელს დაეკისრება ხარვეზით განხორციელებული ან/და განუხორციელებელი მომსახურების ყოველ დღეზე პირგასამტეხლო იმ მიმართულების ჯამური ღირებულების 1 %-ის ოდენობით. დ) ხოლო 2016 წლის სექტემბრის თვეში თუ ხარვეზით განხორციელებული მომსახურება ან განუხორციელებელი მომსახურება თითოეულ მიმართულებაზე გადააჭარბებს 2 დღეს, მიმწოდებელს დაეკისრება ხარვეზით განხორციელებული ან/და განუხორციელებელი მომსახურების ყოველ დღეზე პირგასამტეხლო იმ მიმართულების ჯამური ღირებულების 5 %-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში ამავე მუხლის 11.1 პუნქტის ,,გ“’ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ 2 დღეზეც გამოიყენება ამ ქვეპუნქტში მითითებული პირგასამტეხლოს მოცულობა. აღნიშნული პრინციპით დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს ჯამში 5354.70 ლარს.
1.5. სახელშეკრულებო პერიოდში მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულდა 583 766 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც მოსარჩელემ 07.11.2016 წლის საგადასახადო მოთხოვნით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოპასუხეს გადაურიცხა 213 759 ლარი, ხოლო 05.12.2016 წლის საგადახდო მოთხოვნით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე - 370 007 ლარი.
1.6. სამინისტროს 23.11.2018 წლის წერილით მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სექტემბრის და ოქტომბრის თვის მომსახურებაზე გადასახდელი პირგასამტეხლოს, 5354.70 ლარის დაკისრების თაობაზე. მოპასუხეს აღნიშნული თანხა არ გადაუხდია.
1.7. მოპასუხის მხრიდან რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ხარვეზიან, არაჯეროვან შესრულებას, რაც ძირითადად გამოიხატებოდა სათანადო ტევადობის სატრანსპორტო საშუალების არქონაში ან ტექნიკური გაუმართავობის საფუძვლით სატრანსპორტო საშუალების არყოფნის გამო კონკრეტული მარშრუტის განუხორციელებლობაში.
1.8. მოსარჩელე არ უარყოფს, რომ საერთო ჯამში შესრულება განხორციელდა. საერთო შედარების აქტით მხარეებმა დაადასტურეს 583 766 ლარის სამუშაოების შესრულება, რომლის ღირებულებაც მოპასუხის სასარგებლოდ სამინისტროს ანაზღაურებული აქვს. მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს არაჯეროვანი შესრულებისთვის, რასაც მომსახურების გაწევის ამა თუ იმ ეტაპზე ადგილი ჰქონდა. ხარვეზიანი შესრულების არსებობა კი დგინდება მიღება-ჩაბარების აქტებით, რომელსაც ერთვის ცხრილი დანართი N1-ის სახელწოდებით. აღნიშნული დოკუმენტები ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და ცხრილში კონკრეტულად არის მითითებული ხარვეზები შესრულების განხორციელებისას.
1.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 668-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ჯეროვანი მომსახურება, მომსახურების გაწევის ამა თუ იმ ეტაპზე
ადგილი ჰქონდა დარღვევებს, რაც შემსყიდველს ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
1.10. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სადავოდ გახადა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დარიცხვის პრინციპი და შესაბამისად, მისი ოდენობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო არის ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალება, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს. პირგასამტეხლოს დაანგარიშება მოსარჩელის მიერ მოხდა არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ კონკრეტული მიმართულების ჯამური ღირებულებიდან. სასამართლოს განმარტებით, სადავო არაა, რომ მთლიანობაში ხელშეკრულება შესრულდა, ხოლო კონკრეტული ხარვეზები მოპასუხის მიერ ერთობლიობაში შესრულებულ სამუშაოს მოცულობასთან მიმართებაში დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს ქმნის. სასამართლომ გონივრულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განახევრება და მოპასუხეს დაეკისრა 2677.35 ლარი.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.03.2022 წლის საოქმო განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.04.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო არსებობდა მისთვის გონივრულ ოდენობამდე შემცირებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მხოლოდ მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი და პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე მოპასუხის შედავების პირობებში, სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მას დააკისრა გონივრულ ოდენობამდე შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ მოსარჩელის მიერ. კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.
10. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
12. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
13. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).
14. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).
15. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, არაჯეროვანი შესრულების და შესრულებული სამუშაოს მთლიანი მოცულობის თანაფარდობის, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულების და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ადეკვატური და გონივრულია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია