Facebook Twitter

საქმე №ას-847-2022 29 სექტემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.გ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.03.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.07.2021 წლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი ი.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის, 3594.22 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო: 462 ლარი და 2020 წლის 24 ივლისიდან გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.50 ლარი. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 16.11.2016 წლის №44.12.936 განკარგულებით შესათანხმებლად წარედგინა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25.11.2016 წლის №388 განკარგულებით თანხმობა გაიცა მოპასუხისთვის ქ. თბილისში, .... მდებარე 14 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ს/კ: ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „საიჯარო ქონება“), სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ. მოსარჩელის 29.11.2016 წლის №04-1/162 ბრძანებით მოპასუხეს, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაეცა საიჯარო ქონება, ღია კაფეს მოწყობის მიზნით. ბრძანების მიხედვით, ბრძანება, მოპასუხის ელექტრონულ განცხადებებთან ერთად, გათანაბრებულია იჯარის ხელშეკრულებასთან. ბრძანების განუყოფელ ნაწილს შეადგენს საიჯარო პირობები. საიჯარო ურთიერთობის დასრულების ვადად განისაზღვრა 31.07.2019 წელი.

1.2. საიჯარო პირობებით, გადაცემული მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 2 600 ლარს, რაც გადახდილი უნდა ყოფილიყო თანაბარწილად, 3 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს სამთვიანი პერიოდის უკანასკნელ დღეს. საიჯარო პირობების 22-ე პუნქტით, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო საიჯარო ქირის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არანაკლებ 5 ლარი.

1.3. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, რომ მხოლოდ ნაწილობრივ გადაიხადა საიჯარო ქირა. 31.07.2019 წლის მდგომარეობით, ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის, მოპასუხეს ერიცხებოდა საიჯარო ქირის დავალიანება 3594.22 ლარი. ამავე დროისთვის, მოპასუხეს ასევე ერიცხებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების პირობების 22-ე პუნქტის საფუძველზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა.

1.4. მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელის მიერ დავალიანების არსებობის შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და ჩაბარების ფაქტი. მოსარჩელის მითითებით, 07.03.2018 წ., №61-0118060663431, 15.05.2018 წ., №61-0118135943, 28.09.2018 წ., №61-01182713540, 06.06.2019 წ., №61-01191573306 და 16.09.2019 წ., №61-011902591694 წერილებით მოპასუხეს გაეგზავნა ინფორმაცია მეიჯარის მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულების შესახებ. წერილები მოპასუხეს გაეგზავნა ხელშეკრულებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე - gegeckoriira@yahoo.com, თუმცა, მოსარჩელე არ ფლობს მხარისათვის გაგზავნილი შეტყობინებების ჩაბარების დასტურს. იქიდან გამომდინარე, რომ მოიჯარეს საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მეიჯარისთვის არ უცნობებია, ხელშეკრულების პირობის თანახმად, შეტყობინებები გაიგზავნა მხარისათვის ცნობილ და მოძიებულ მისამართებზე, შესაბამისად, ის ხელშეკრულების თანახმად, ჩაბარებულად ითვლება. მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით, მოპასუხეს არ ჩაბარდა ელექტრონულ მისამართზე გაგზავნილი წერილი, რაც, მისი მოსაზრებით, არასწორად გაგზავნის გამო უნდა მომხდარიყო. ამასთან, მოსარჩელეს შეეძლო, მისთვის ცნობილ საცხოვრებელ, ან სხვა მისამართზე გაეგზავნა წერილი მოპასუხისთვის, რაც მას ჩაბარდებოდა, როგორც ჩაბარდა სასამართლოს გზავნილი. მოსარჩელემ წერილების გაგზავნის მის ხელთ არსებული შესაძლებლობები არ გამოიყენა.

1.5. საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ, თუნდაც ელექტრონულ ფოსტაზე, წერილები დავალიანების არსებობის შესახებ დროულად გაუგზავნა მოპასუხეს. მოსარჩელემ წარმოადგინა მხოლოდ ერთხელ გაგზავნის დამადასტურებელი შეტყობინების ასლი, რომლითაც ირკვევა, რომ 19.06.2020 წელს ერთდროულად გაუგზავნა მოპასუხეს 16.09.2019 წ., 06.06.2019 წ., 05.05.2018 წ., 07.03.2018 წ. და 28.09.2018 წ. „გაფრთხილებები“. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ 19.06.2020 წ. წერილის ასლი, 16.09.2019 წ., 06.06.2019 წ., 05.05.2018 წ., 07.03.2018 წ. და 28.09.2018 წერილების (გაფრთხილებების) ასლები კი წარმოდგენილი არ არის. ამასთან, მოსარჩელე ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ყველა წერილი, რომელთა არსებობა სასამართლოსთვის საეჭვოა, მათი ასლების საქმეში არარსებობის გამო, მოპასუხეს ელექტრონულ ფოსტაზე ერთდროულად გაუგზავნა მხოლოდ ერთხელ. სასამართლომ აღნიშნა, რომ საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელისთვის ცნობილი იყო მოპასუხის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა შეტყობინებების საცხოვრებელ მისამართზე გაგზავნის ან ტელეფონით გადაცემის ფაქტი, ან, რომ დამატებით ერთხელ მაინც სცადა წერილების გაგზავნა მოპასუხისთვის ელექტრონულ ფოსტაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეტყობინების გაგზავნის შესაძლო საშუალებები არ გამოიყენა და, დროულად, პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდულობის მიხედვით, არ აცნობა მოპასუხეს საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დავალიანების შესახებ.

1.6. 26.07.2021 წელს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო საიჯარო ქირის დავალიანების ნაწილში. საპროცესო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სასამართლოსთვის საკმარისი საფუძველია, დააკმაყოფილოს სარჩელი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-3 და 208.3 მუხლები).

1.7. სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის 29.11.2016 წლიდან 31.07.2019 წლამდე არსებობდა საიჯარო ურთიერთობა (მართალია, შესაგებლით მოპასუხე მიუთითებდა, რომ მას საიჯარო ქირის ერთჯერადად გადაუხდელობისთანავე ხელშეკრულება შეწყვეტილად მიაჩნდა, მაგრამ, საბოლოოდ, სარჩელი ცნო და, შესაბამისად, დაეთანხმა მოსარჩელის მითითებას, რომ ხელშეკრულება შეწყდა ვადის გასვლით, 2019 წლის 31 ივლისს). მეიჯარემ (მოსარჩელემ) ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ვალდებულება შეასრულა, ხოლო მოიჯარემ (მოპასუხემ) საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად. საიჯარო ურთიერთობის განმავლობაში მოპასუხეს წარმოეშვა საიჯარო ქირის დავალიანება 3594.22 ლარი. მოპასუხეს საიჯარო დავალიანება სარჩელის აღძვრის დღისთვის გადახდილი არ ჰქონია. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 581-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სარჩელი საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო.

1.8. სასამართლოს მითითებით, დაცული იყო პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმების კანონით დადგენილი ფორმა (სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლები), შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნა იყო კანონიერი და უნდა დაკმაყოფილებულიყო, თუმცა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და, სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირების საფუძველი. პირგასამტეხლოს შემცირების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო მხარეთა სტატუსი, მოპასუხის დამოკიდებულება ვალდებულების დარღვევისადმი, მოსარჩელის ქმედება, რაც მიმართული უნდა ყოფილიყო იმისკენ, რომ თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა მოპასუხის მიერ საიჯარო ქირის გადაუხდელობით მიყენებული ზიანი. სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება მოპასუხის სტატუსთან (პენსიონერი) დაკავშირებით, ასევე ხაზი გაუსვა დადგენილ გარემოებას, რომ მოსარჩელემ, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელსაც გააჩნია ხელშეკრულების მხარესთან კომუნიკაციისთვის საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსი, არ შეასრულა სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული, საკუთარი ვალდებულებების მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულების ვალდებულება და არ მიიღო სათანადო ზომები დავალიანების არსებობის შესახებ მოიჯარისთვის დროულად შესატყობინებლად, რა გზითაც შეიძლებოდა შემცირებულიყო მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს 10-ჯერ შემცირება. მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, 24.07.2020 წლამდე, პირგასამტეხლოს დავალიანება შეადგენს 4620 ლარს, რაც გამოთვლილია ვადაგადაცილების დღეების რაოდენობის მიხედვით, ამ დღეების ოდენობის 5 ლარზე გამრავლებით. ყოველდღიური პირგასამტეხლოს 10-ჯერ, 0.50 ლარამდე შემცირების შედეგად, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 462 ლარის ოდენობით. ანალოგიურად უნდა შემცირდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 24.07.2020 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 24.07.2020 წლიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე ყოველ დღეზე 0.50 ლარის ოდენობით.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.03.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

9. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

11. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

12. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).

13. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ჩიტაშვილი ნათია. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით შესაგებელში კვალიფიციური შედავება წარადგინა (ს.ფ.82-95).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის შინაარსის, გადაუხდელი საიჯარო ქირის ოდენობის, მხარეთა სტატუსის, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ადეკვატური და გონივრულია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია