საქმე №ას-377-2021 12 ოქტომბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ. ქ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - სს ,,მ-------ო ო----ია G----oC----l“, ნოტარიუსი ე. გ-ლი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. ქ-ის (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) მეუღლე ა. კ-სა (შემდგომ - მსესხებელი, აწ გარდაცვლილი, მოსარჩელის მამკვიდრებელი) და სს ,,მ------ო ო----ია G---oC----l-ს“ (შემდეგ - პირველი მოპასუხე, გამსესხებელი, პირველი მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2015 წლის 22 იანვარს დადებული №---- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით, სესხის ერთიანი ლიმიტი 9000 აშშ დოლარით განისაზღვრა, ხელშეკრულების ვადა კი - 2021 წლის 22 იანვრამდე.
2. 2015 წლის 22 იანვარს, ზემოაღნიშნულ მხარეებს შორის გაფორმდა №---- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის 2.1.1. მუხლის თანახმად, კრედიტის თანხა 8424.77 აშშ დოლარით, მოქმედების ვადა 24 თვით, წლიური საპროცენტო სარგებელი კი 39.6%-ით განისაზღვრა. ყოველთვიურად გადასახდელმა თანხამ შეადგინა 513.68 აშშ დოლარი, რომელსაც მსესხებელი 2015 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით იხდიდა.
3. 2015 წლის 9 ივლისს, იმავე მხარეებს შორის გაფორმებული №---- საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, სესხი განისაზღვრა 1752.58 აშშ დოლარით, ვადა - 24 თვით, წლიური 36%-ის დარიცხვით. მსესხებელი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხს 2016 წლის იანვრამდე იხდიდა.
4. 2015 წლის 22 იანვარს №---- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. -----, ------ ქ. ----ში (ს/კ ------).
5. მსესხებლმა №----საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში დაფარა სესხის ძირითადი თანხა - 3110.22 აშშ დოლარი და პროცენტი - 2411.12 აშშ დოლარი, ხოლო №---- ხელშეკრულების ფარგლებში სესხის ძირითადი თანხა 673.06 აშშ დოლარი და პროცენტი - 227.67 აშშ დოლარი.
6. 2016 წლის 4 იანვარს, მსესხებელი გარდაიცვალა და მისი სამკვიდრო მიიღო პირველი რიგის მემკვიდრემ - მოსარჩელემ.
7. გენერალური საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე შეთანხმებას ითვალისწინებდა.
8. 2017 წლის 27 იანვარს მოპასუხე ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაიცა, სადაც მოვალის მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ორივე სესხზე განისაზღვრა 9140.16 აშშ დოლარით, საიდანაც ძირითადი თანხა 6392.07 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 2748.09 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 120 ლარია. დავალიანების დაფარვის მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
სარჩელის საფუძვლები:
.
9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გამსესხებლისა და ნოტარიუს ე. გ-ის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, ნოტარიუსი, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 27 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, კერძოდ, 2015 წლის 22 იანვარს გაფორმებული №---- გენერალური ხელშეკრულებიდან და მისი შემადგენელი იმავე წლის №---- და №---- საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მისთვის დაკისრებული დავალიანების შემცირება 3781.87 აშშ დოლარით.
10. მოსარჩელის მტკიცებით, დავალიანება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს სააღსრულებო ფურცელშია მითითებული, კერძოდ, გადახდილი თანხების გათვალისწინებით, მსესხებლის შეუსრულებელი ვალდებულება მთლიანად შეადგენს 5358.29 აშშ დოლარს და არა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ - 9140.6 აშშ დოლარს.
11. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულებებით შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა.
მოპასუხის პოზიცია:
12. გამსესხებელმა (პირველმა მოპასუხემ) წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხები გამსესხებლის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობას შეესაბამება.
13. მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მითითებას დარიცხული პროცენტის შემცირებაზეც და მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი სავსებით კანონიერია. ამასთან, მიუთითებს, რომ სესხი იყო კლებადი გრაფიკით შედგენილი და, ვინაიდან, მსესხებლი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებდა, პროცენტი დაირიცხა არა საკრედიტო გრაფიკით, არამედ დანჩენილი ძირითადი თანხიდან.
14. ნოტარიუსს მის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
15. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი (36%, 39.6%) ექცევა როგორც ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში, ასევე, ამჟამად მოქმედ ნორმატიულ ფარგლებში და არ სცილდება კანონით დადგენილ ზღვარს, ამასთან, მართალია, ის რამდენადმე აღემატება სადავო პერიოდში, ბაზარზე საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემულ კრედიტებზე დადგენილ საშუალო საპროცენტო განაკვეთებს, მაგრამ არა იმდენით, რომ ეწინააღმდეგებოდეს ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილი კანონის ძირითად პრინციპებს, საჯარო წესრიგსა და ზნეობრივ სტანდარტებს.
18. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმ ნაწილშიც, რომ სადავო სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული დავალიანება, მსესხებლის მიერ უკვე გადახდილი თანხის გათვალისწინებით, სცილდება მსესხებლისათვის დაკისრებული გრაფიკით გადასახდელი თანხის ოდენობას.
19. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი ძირითადი თანხა სრულად შეესაბამება ნაკისრი და შესრულებული ვალდებულების თანაფარდობას და ამ მხრივ არ არსებობს სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის საფუძველი, რაც შეეხება დარიცხული პროცენტის მართლზომიერებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვადაგადაცილების შემდეგ, პროცენტს გამსესხებელი ყოველთვიურად რიცხავდა ნარჩენ ძირითად დავალიანების თანხაზე (№---- სესხზე - 5312.55 აშშ დოლარის წლიური 39.6%-ის ოდენობით; ხოლო №----- სესხზე - 1079.52 აშშ დოლარის წლიური 36%-ის ოდენობით), რაც სრულად შეესატყვისებოდა და გამომდინარეობდა მხარეთა შორის შეთანხმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტის დანაწესიდან, რომლის თანახმად, ყოველი მომდევნო გადახდის პერიოდისათვის სარგებელი ერიცხება აღნიშნული პერიოდის დასაწყისისათვის არსებული კრედიტის ძირითად თანხას.
20. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
22. კასატორის მითითებით, №---- საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, მსესხებლის მიერ გადახდილია 5312.55 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხა იყო - 3112.02 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი - 2411.12 აშშ დოლარი. №---- საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში კი გადახდილია 880.07 აშშ დოლარი, რაც უნდა გამოჰკლებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას, თუმცა ასე არ მოხდა.
23. კასატორის მითითებით, მოპასუხემ არათუ შეამცირა უკვე გადახდილი თანხებით სესხის საერთო ოდენობა, კაბალური პროცენტის ყოველთვიური ერთი და იმავე ოდენობით დარიცხვებით, ნაცვლად კლებადი გრაფიკისა, სასესხო თანხის ოდენობა გაზარდა, რაც უკანონო და დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
24. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
28. კასატორი სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანას ორი საფუძვლით მოითხოვს, კერძოდ, ერთი მხრივ, სესხის ხელშეკრულებით, სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო სარგებელზე, ხოლო, მეორე მხრივ, გადახდილ თანხებზე მიუთითებს, რომელიც სააღსრულებო ფურცელში არ ასახულა. ამასთან, აღნიშნავს, რომ საპროცენტო სარგებელი გამსესხებელმა, ნაცვლად კლებადი გრაფიკისა, სესხის ძირითადი თანხიდან დაიანგარიშა, რაც უკანონოა.
29. საკასაციო პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიებს არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის საფუძველი არ ვლინდება, კერძოდ, №--- ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხა მთლიანად შეადგენდა 12 328.12 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 8424.76 აშშ დოლარი, სარგებელი - 3903.36 აშშ დოლარია, ხოლო №---- საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხაა - 2112.82 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 1752.58 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი - 360.24 აშშ დოლარია. უდავოა, რომ მსესხებელმა №---- სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის იანვრამდე (გარდაცვალებამდე) სესხის ძირითადი თანხა - 3110.22 აშშ დოლარი და პროცენტი - 2411.12 აშშ დოლარი დაფარა, ხოლო №---- ხელშეკრულების ფარგლებში ძირითადი თანხა - 673.06 აშშ დოლარი და პროცენტი - 227.67 აშშ დოლარი, რისი გათვალისწინებითაც, დავალიანების ნარჩენი ძირითადი თანხა №----ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 5314.54 აშშ დოლარს, ხოლო №---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1079.52 აშშ დოლარს. ნიშანდობლივია, რომ სადავო სააღსრულებო ფურცელი ორივე სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დავალიანებას მოიცავს, რისი გათვალისწინებითაც, მასში მითითებული ძირითადი გადასახდელი თანხა - 6392.02 აშშ დოლარი შეესაბამება ნაკისრი და შესრულებული ვალდებულების თანაფარდობას.
30. რაც შეეხება დარიცხული პროცენტის მართლზომიერებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პროცენტი - 2748.09 აშშ დოლარი მოიცავს №---- სესხზე ვადაგადაცილებიდან ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (13 თვე) დარიცხულ პროცენტს - 2307.85 აშშ დოლარსა და №---- სესხზე დარიცხული პროცენტს - 440.24 აშშ დოლარს (რომელიც მოიცავს ვადაგადაცილებიდან 2017 წლის 27 იანვრამდე პერიოდს). უდავოა, რომ ვადაგადაცილების შემდეგ, პროცენტის დარიცხვას გამსესხებელი ყოველთვიურად ახორციელებდა ნარჩენი ძირითადი დავალიანების თანხაზე (№---- სესხზე - 5312.55 აშშ დოლარის წლიური 39.6%, ხოლო №---- სესხზე - 1079.52 აშშ დოლარის წლიური 36%), რაც სავსებით კანონიერია მხარეთა შორის შეთანხმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული, ყოველი გადახდის თარიღიდან მომდევნო გადახდის თარიღამდე პერიოდზე, საპროცენტო სარგებელი დაერიცხება აღნიშნული პერიოდის დასაწყისისათვის არსებული კრედიტის ძირითად თანხას.
31. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის იმ საკასაციო პრეტენზიასაც, რომლის თანახმად, სადავო სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული დავალიანება მსესხებლის მიერ უკვე გადახდილი თანხების გათვალისწინებით სცილდება მსესხებლისათვის დაკისრებული გრაფიკით გადასახდელი თანხის ოდენობას. პალატის განმარტებით, კასატორის მიერ გადახდილი თანხები, რაც გაცემული სააღსრულებო ფურცლით არ ასახულა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, მაშინ, როდესაც, სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავის ფარგლებში, სწორედ მსესხებლის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ზემოაღნიშნული სესხის თანხის დაფარვის დადასტურება (მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ: ,,სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს“ (იხ. საქმე №ას-517-490-2014, 15.09.2014წ, საქმე Nას-709-2019, 12.07.2019წ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მქონე მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს), რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, კრედიტორის მიმართ შესასრულებელ ვალდებულების ოდენობაზე მართებულია.
32. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდაც, რომლის თანახმადაც, სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლი - წლიური, ერთ შემთხვევაში, 36%( ------) ხოლო მეორე შემთხვევაში, 39.6% არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ამორალურ და საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო ოდენობად.
33. საკასაციო პალატის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ზემოაღნიშნული საპროცენტო განაკვეთები, სესხის ხელშეკრულების დადებისას, ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლისგან შეუსაბამო და მართლსაწინააღმდეგო პირობას არ წარმოადგენს (იხ. სუსგ №ას-894-834-2017, 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინება; საქმე №ას-1325-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; №ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი; საქმე №ას-894-834-2017, 3 ნოემბერი, 2017 წელი).
34. ერთ-ერთ საქმეში, სადაც სადავო იყო სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ოდენობა, საკასაციო სასამართლომ განმარტა რომ: „სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება, თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ. ს.-ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და კასატორი (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“. საბოლოოდ, საკასაციო პალატამ სამართლიანად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის, წლიური 72%-ის 48%-მდე შემცირების თაობაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-663-629-2015, 2015 წლის 28 ივლისის განჩინება).
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საკითხზე დადგენილი პრაქტიკა მიმართულია მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ავტონომიის პრინციპის გარკვეულწილად შეზღუდვისაკენ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრულია სესხის სარგებელის მიუღებელი, არაგონივრულად გაზრდილი ოდენობა (როგორიცაა, თუნდაც ზემოთ მოყვანილი გარიგებით დადგენილი სესხის წლიური სარგებელი – 72%), რასაც წინამდებარე დავაში ადგილი არ აქვს.
36. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2016 წლის 29 დეკემბერს, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში ცვლილება შევიდა და დაემატა მე-2 ნაწილი, რომლითაც სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად 100% დაწესდა, ხოლო მოგვიანებით, 2018 წლის 21 ივლისს, იგივე მუხლი კვლავ შეიცვალა და საპროცენტო სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად 50% განისაზღვრა, რაც კონკრეტულ მიზნად სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირებას ისახავდა. ამდენად, ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესების დაცვის, სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირების მიზნით, კანონმდებელმა საკანონმდებლო ცვლილებებით სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი ჯერ 100%-ით, ხოლო მოგვიანებით 50%-ით განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის დაბლა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი კანონშესაბამისია.
37. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში დადებული 2015 წლის 22 იანვრისა და იმავე წლის 9 ივლისის სესხის ხელშეკრულებები, რომლითაც სარგებლის ოდენობა წლიური, ერთ შემთხვევაში, 36%-ით (№----), ხოლო, მეორე შემთხვევაში, 39.6%-ით (№---) განისაზღვრა, 2015 წელს გაფორმდა, როდესაც კანონმდებლობა სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ოდენობას საერთოდ არ ითვალისწინებდა (როგორც უკვე აღინიშნა 100%-იანი ზღვარი 2016 წლის 29 დეკემბრის ცვლილებით განისაზღვრა, რომელიც ძალაში 2017 წლის 15 იანვარს შევიდა), თუმცა, მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული, წლიური საპროცენტო განაკვეთი, შეესაბამება სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობას, მოგვიანებით დაწესებულ 50%-იან ზედა ზღვარსაც.
38. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეაფასა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
40. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
41. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
42. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
43. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. საქმე №ას-919-2020, 2021 წლის 26 მარტის განჩინება; საქმე №ას-248-2019, 2019 წლის 8 მაისის განჩინება; საქმე №ას-444-2020, 2021 წლის 17 მარტის განჩინება).
44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
45. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. მ. ქ-ეს (პ/ნ -----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი ------) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 345 ლარის (საგადახდო დავალება №------- / გადახდის თარიღი 23.04.2021), 70% - 241.5 ლარი და 290.75 ლარის (საგადახდო დავალება №------ / გადახდის თარიღი 28.05.2021) 70% - 203.5 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე