საქმე №ას-1000-2022 6 ოქტომბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ. გ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ბ-ლი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, იპოთეკის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ. გ-ამ (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ბ-სა (შემდგომ - პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) და ნოტარიუს დ. ფ-ის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, ნოტარიუსი) მიმართ სააღსრულებო ფურცლისა და იპოთეკის გაუქმების შესახებ მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნოტარიუს დ. ფ-ის მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს გაცემული №----- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №----- სააღსრულებო წარმოება და, ნოტარიუს დ. ფ-ის მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს გაცემული №----- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №----- სააღსრულებო წარმოება შეჩერდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 2018 წლის 20 აგვისტოს გაცემული №----- და №---- სააღსრულებო ფურცლები 2018 წლის 20 აგვისტომდე ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში გაუქმდა. 2018 წლის 20 აგვისტოდან პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ცვლილება შევიდა №----- და №----- სააღსრულებო ფურცლებში და პირგასამტეხლოს აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა შემდეგი სახით: №---- სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლო დადგინდა სესხის ძირითადი თანხიდან - 6200 ლარიდან 2018 წლის 20 აგვისტოდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ით. №----- სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლო განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხიდან - 11 000 აშშ დოლარიდან 2018 წლის 20 აგვისტოდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად და კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
7. პირველმა მოპასუხემ, 2021 წლის 11 ივნისს, განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი), რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ამავე განჩინებით მიეთითა, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება გაგრძელდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად (ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარდგენილი მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც ასევე ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით).
8. პირველმა მოპასუხემ, 2022 წლის 14 აპრილს, განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით: განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სასამართლომ იმსჯელა პირგასამტეხლოს დარიცხვაზე არა მხოლოდ აღსრულების ეროვნულ ბიუროში ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე, კერძოდ, 2018 წლის 20 აგვისტომდე, არამედ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე 2018 წლის 20 აგვისტოს შემდგომი პერიოდისთვისაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რისი გათვალისწინებითაც, ბუნდოვანია, თუ რომელ თარიღამდე უნდა დაეკისროს მოველს პირგასამტეხლო. 2018 წლის 20 აგვისტოს, როდესაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარედგინა ორივე სააღსრულებო ფურცელი, ორივე საქმეზე პირგასამტეხლოს დაკისრება შეჩერდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ 2018 წლის 20 აგვისტოდან უნდა აითვალოს პირგასამტეხლო აღსრულებამდე, თუმცა ბუნდოვანია, რას მოიაზრებს აღსრულებამდე პერიოდი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ პირველი მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდს (2018 წლის 20 აგვისტოდან აღსრულებამდე პერიოდისათვის), განიმარტა შემდეგი სახით: 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის დრო მოიცავს 2018 წლის 20 აგვისტოდან ნოტარიუს დ. ფ-ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებზე (№------ და ------) შეჩერებული სააღსრულებო წარმოების განახლებამდე პერიოდს.
10. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 262-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ იკვეთება გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობა აღსასრულებლად ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლებისა, რომელშიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება) შესულია ცვლილება პირგასამტეხლოს ოდენობისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდთან დაკავშირებით.
11. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ იმ დროისათვის, როდესაც მოსარჩელემ სარჩელით (მათ შორის სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით) მიმართა სასამართლოს, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უკვე დაწყებული იყო სააღსრულებო წარმოება, რომელიც მოგვიანებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2019 წლის 28 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილების შინაარსზეც, კერძოდ, მის სამოტივაციო ნაწილზე და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის დასრულების მომენტის განსაზღვრა (გადაწყვეტილების) აღსრულებამდე პერიოდზე მითითებით გულისხმობს სწორედ სააღსრულებო ფურცელში სასამართლოს გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილებების კვალობაზე იმ სააღსრულებო წარმოების განახლებას, რომელიც შეჩერდა სწორედ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შინაარსიდან ნათელია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდში მოიაზრება არა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენა - 2018 წლის 20 აგვისტომდე, არამედ - ნოტარიუს დ.ფ-ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებზე შეჩერებული სააღსრულებო წარმოების განახლებამდე (სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცელში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) პერიოდი.
12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტება უსაფუძვლოა და ხელყოფს მოვალის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, კერძოდ, მას აკისრებს შეუსაბამო პასუხისმგებლობას.
14. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ის ფაქტი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში შეჩერებულ იქნა აღსრულების პროცესი, არ შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს დარიცხვის ვადის გახანგრძლივების საფუძველი, რაც გამოვლენილია სასამართლოს განმარტებით.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
17. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი, ხოლო „ნოტარიატის შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს. ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულება ხორციელდება სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის შესაბამისად.
18. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა ან აღმასრულებლის შუამდგომლობის საფუძველზე. იმავე შინაარსს ითვალისწინებს სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
19. ამდენად, სასამართლო განმარტავს გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ მისი სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს ბუნდოვან ან ორაზროვან დებულებას, ამასთან, განმარტების საკითხი ორიენტირებული უნდა იყოს მისი აღსრულების ხელშეწყობაზე. კანონმდებელი მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის შეუცვლელად მის იმგვარად განმარტებას, რომ იგი მაქსიმალურად გასაგები გახდეს მხარეთათვის და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას (გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას). ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების განმარტებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რათა გადაწყვეტილების განმარტება მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდეს, რომელიც კანონმდებელმა დასახა სსსკ-ის 262-ე მუხლით.
20. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრი შეეხება გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებში - პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდის უმართებულო განსაზღვრას, რის გამოც ყურადღება უნდა გამახვილდეს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
21. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ (კრედიტორმა) ნოტარიურსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლები 2018 წლის 20 აგვისტოს აღსასრულებლად წარუდგინა სააღსრულებო ბიუროს, თუმცა მოვალის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და იპოთეკის გაუქმების შესახებ მოთხოვნით აღძრული სარჩელის გამო, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებები შეჩერდა. ამასთან, კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააღსრულებო ფურცლები 2018 წლის 20 აგვისტომდე ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში გაუქმდა, ხოლო 2018 წლის 20 აგვისტოდან პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ცვლილება შევიდა სააღსრულებო ფურცლებში და პირგასამტეხლოს აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა შემდეგი სახით: №----- სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლო დადგინდა სესხის ძირითადი თანხიდან 6200 ლარიდან 2018 წლის 20 აგვისტოდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ით. №----- სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლო განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხიდან - 11 000 აშშ დოლარიდან 2018 წლის 20 აგვისტოდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ით. ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, კრედიტორის მოთხოვნით საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი) და გადაწყვეტილების აღსრულება გაგრძელდა.
22. მას შემდეგ რაც გადაწყვეტილების აღსრულება გაგრძელდა, სააღსრულებო ბიურომ განუმარტა კრედიტორს, რომ ვინაიდან სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იყო 2018 წლის 20 აგვისტოს, პირგასამტეხლოს დარიცხვის დაანგარიშება შესაძლებელი იყო 2018 წლის 20 აგვისტომდე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე პირგასამტეხლოს ოდენობის დადგენა ვერ ხერხდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხემ (კრედიტორმა) მიმართა სააპელაციო სასამართლოს და აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ითხოვა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის განმარტება პირგასამტეხლოს დარიცხვის დასრულების მომენტის განსაზღვრის ნაწილში.
23. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდს (2018 წლის 20 აგვისტოდან აღსრულებამდე პერიოდისათვის), განიმარტა იმგვარად, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი მოიცავს 2018 წლის 20 აგვისტოდან ნოტარიუს დ. ფ-ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებზე (№---- და ----) შეჩერებული სააღსრულებო წარმოების განახლებამდე პერიოდს.
24. საკასაციო პალატა არ იზიარებს პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება უმართებულოა და არ გამომდინარეობს აღსრულების პროცესის სპეციალური ნორმატიული რეგულირებიდან, რომელიც სამოქალაქო უფლების დაცვის მექანიზმის შემადგენელი ნაწილი და საბოლოო ეტაპია და მიზანს დადასტურებული, უდავოდ ქცეული უფლების აღდგენა წარმოადგენს.
25. საკასაციო პალატის განმარტებით, მსგავს საკითხზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში ერთხელ უკვე განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს დარიცხვის დასრულების მომენტის განსაზღვრა (გადაწყვეტილების) აღსრულებამდე პერიოდზე მითითებით არ გულისხმობს სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე დაწყებული სამართალწარმოებისას უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში აღსრულების შეჩერებულ პერიოდს. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი ადგენს, რომ განგრძობითი პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდში არ მოიაზრება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების პერიოდი - ანუ, ის დროის მონაკვეთი, როდესაც სააღსრულებო წარმოების განხორციელება შეჩერებული იქნა სწორედ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით (იხ., საქმე №ას-1488-1408-2017, 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება). ამავე საკითხზე ნამსჯელი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებშიც (იხ., სუსგ №ას-399-372-2017, 11 მაისი, 2017 წელი).
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს (მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი) არსი, ფუნქცია და თავისებურებები საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინება/გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომლითაც დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი ვალდებულების დარღვევის მომენტიდან იწყება და ვალდებულების სრულად (ჯეროვნად) შესრულების მომენტით წყდება. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულების შესრულება იძულებითი აღსრულების გზებით ხდება, მზარდი მოთხოვნის დარიცხვის შეწყვეტის მომენტი კანონმდებელმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით განსაზღვრა, კერძოდ, ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.
27. საკასაციო პალატის მითითებით, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, სასამართლო განსაზღვრავს პირგასამტეხლოს დარიცხვის, მათ შორის, მისი დაწყებისა და დასრულების მომენტს და ადგენს დადასტურებულ მატერიალურ უფლებას, თუმცა, მას შემდეგ, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება იწყება, მოქმედებს სპეციალური კანონი, რომელიც სააღსრულებო წარმოების (იძულებითი აღსრულების) განხორციელების ძირითად სამართლებრივ საფუძველს ქმნის და ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან, წყდება კრედიტორის მოთხოვნის (გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა) ძირ თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა.
28. საქმის მასალების მიხედვით, მოპასუხემ (კრედიტორმა) ნოტარიურსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლები 2018 წლის 20 აგვისტოს აღსასრულებლად წარუდგინა სააღსრულებო ბიუროს და სააღსრულებო წარმოება დაიწყო, რისი გათვალისწინებითაც, ამ თარიღიდან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდა.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვლინდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინება;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების შესახებ ი. ბ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე