საქმე №ას-111-2020 30 მარტი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი გ. ჟ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე ც. შ-ა, გ. მ-ლი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
ც. შ-ამ და გ. მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ. ჟ-სა და ლ. გ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე გ. ჟ-ას ც. შ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1870 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. ჟ-ას დაეკისრა ც. შ-ას სასარგებლოდ 3650 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გ. ჟ-ამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმება ინ ნაწილში, რა ნაწილშიც მას დაეკისრა გაზრდილი ზიანის თანხის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით გ. ჟ-ას დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 მარტის #--- გადაწყვეტილების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჟ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით გ. ჟ-ას დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
ზემოთ ხსენებული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2020 წლის 21 თებერვალს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად გ. ჟ-ას 2020 წლის 25 თებერვალს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 26 თებერვლიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 6 მარტს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63- ე, 396-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. გ. ჟ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე