10 თებერვალი, 2022 წელი,
საქმე №ას-868-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – მ. ბ-ძე, ს. ბ-ძე (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ც. ბ-ძე, ჯ. ბ-ძე (მოპასუხეები), ჭ. ბ-ძე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მეორე კასატორი – ჭ. ბ-ძე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე), ც. ბ-ძე, ჯ. ბ-ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ძე, ს. ბ-ძე (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, გამოსახლება (სარჩელში), ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ. ბ-ძე (შემდეგში - პირველი მოსარჩელე) და ჭ. ბ-ძე (შემდეგში - შეგებებული მოსარჩელე) არიან ძმები.
2. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ---- არსებობდა პირველი მოსარჩელისა და შეგებებული მოსარჩელის მამის, რ. ბ-ის კომლი (შემდეგში - კომლი), რომელსაც 1961 წელს ეკუთვნოდა 110კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0.19კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამჟამად, დასახელებული უძრავი ქონება (შემდეგში - უძრავი ქონება, სადავო ქონება ან სადავო საცხოვრებელი სახლი) საკუთრების უფლებით აღრიცხულია პირველი მოსარჩელისა და ს. ბ-ის (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) სახელზე.
3. მოსარჩელეები, ასევე, შეგებებული მოსარჩელე და ჯ. ბ-ძე (შემდეგში - პირველი მოპასუხე), ცხოვრობდნენ და ამჟამადაც ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელ სახლში. მათ სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვთ. დაქორწინებიდან (1992 წელი) დღემდე, შეგებებულ მოსარჩელესთან ერთად, ამავე სახლში ცხოვრობს მისი მეუღლე, ც. მ-ძე (შემდეგში - მეორე მოპასუხე). 1993 წელს, მათ შეეძინათ საერთო შვილი, მეორე მოპასუხე.
4. ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 24 ოქტომბრის საარქივო ცნობაში აღწერილია 1986 – 1996 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერები. ამ ცნობის მიხედვით, კომლის უფროსია - რ. მ. ძე ბ-ძე, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1). ბ-ე რ, მ-ის ძე - ოჯახის უფროსი, გადახაზულია, მიწერილია - ამოეწერა, 24.10.1994წ. 2). ბ-ძე უ. რ-ის ასული - ცოლი, გადახაზულია, მიწერილია - გარდაიცვალა 21.01.1992წ. 3). ბ-ძე გ. რ-ის ასული - შვილი, გადახაზულია, მიწერილია - გამოიყო ცალკე კომლად, ოქმი #--- 1988 წ. 4). ბ-ძე მ. რ-ის ძე - შვილი. 5). ბ-ძე ტ. ი-ის ასული - რძალი. გადახაზულია. 6). ბ-ძე ს. მ-ის ასული - შვილიშვილი; 7). ბ-ძე ნ. ხ-ის ასული - რძალი. შეგებებული მოსარჩელე გამოეყო ცალკე კომლად.
კომლიდან გასვლის თაობაზე სხვა მონაცემი, საკომლო წიგნის ამონაწერში მითითებული არაა, მასში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ 1993 წლამდე, კერძოდ, 1988 წელს, შეგებებული მოსარჩელე ცალკე კომლად გამოეყო.
5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 25 ოქტომბრის მიმართვის თანახმად, 1988 წელს, ცალკე კომლად გამოყოფა ხდებოდა თემებში, შეგებებული მოსარჩელის შემთხვევაში, ეს უნდა მომხდარიყო ----- თემის საკრებულოში. ნებისმიერი თემის საკრებულოს მასალები ინახება ხელვაჩაურის ადგილობრივ არქივში.
6. ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 11 ოქტომბრის საარქივო ცნობის შესაბამისად, ----- სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის გადაწყვეტილებები ხელვაჩაურის არქივში დაცული არ არის, რადგან დაცვაზე შესანახად არ შესულა.
7. მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი აღძრეს პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის წინააღმდეგ, სადავო ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მათთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე.
8. მოგვიანებით, თავდაპირველ მოსარჩელეთა მიმართ იმავე სასამართლოში სარჩელი შეიტანა შეგებებულმა მოსარჩელემ და მოითხოვა: ა). 1988-1996 წლებში საკოლმეურნეო კომლიდან მისი ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ ხელვაჩაურის არქივის მიერ საკომლო წიგნის ამონაწერში არსებული მინაწერის ბათილად ცნობა; ბ). სადავო ქონების თანამესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
9. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ზემომითითებული სარჩელებით აღძრული საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.
10. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- დადგინდა, რომ უძრავი ქონება გამოთხოვილიყო მოპასუხეთა მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეებს გადასცემოდათ;
- შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შეგებებულმა მოსარჩელემ და მოპასუხეებმა, ამ გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფისა და, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით:
- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
- სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- ჭ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ბათილად იქნა ცნობილი 1988-1996 წლებში ხელვაჩაურის არქივის მიერ საკომლო წიგნის ამონაწერში არსებული მინაწერი, შეგებებული მოსარჩელის საკოლმეურნეო კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ;
- გაუქმდა საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა სახელზე არსებული საკუთრების რეგისტრაციის ჩანაწერი, სადავო ქონების 1/6 ნაწილზე;
- საჯარო რეესტრის ზემომითითებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილება შევიდა და დადგინდა, რომ უძრავი ქონების 1/6 ნაწილი აღრიცხულიყო ჭ. ბ-ის საკუთრებად.
12.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, საკომლო წიგნის ჩანაწერს.
12.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კომლიდან გამოყოფას თავისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდებოდა, უნდა არსებულიყო გამოსაყოფი პირის ნება, თანხმობა (ამ შემთხვევაში განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა გამოყოფას) და, შესაბამისი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორ გადაწყდა აღნიშნული საკითხი. კონკრეტულ შემთხვევაში, არც ერთი დასახელებული დოკუმენტი საქმეში არ მოიძებნებოდა და არც არქივში იყო დაცული. ამდენად, არ დგინდებოდა, თუ რა გახდა შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გამოყოფის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ჩანაწერის არსებობა საკმარისი არ იყო იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შეგებებული მოსარჩელე სწორედ 1993 წლამდე, კერძოდ კი 1988 წელს ცალკე კომლად გამოეყო. მაშინ როდესაც თავად მხარეთა განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებით დადასტურდა, რომ 1993 წელსაც და მის შემდგომ პერიოდშიც, ოჯახთან ერთად, იგი იმავე საცხოვრებელ სახლში მუდმივად ცხოვრობდა.
12.3. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკოლმეურნეო კომლის საოჯახო ქონების გაყოფა ძირითადად დაკავშირებული იყო კომლის შემადგენლობის შეცვლასთან, რის შედეგადაც კომლი, როგორც საოჯახო შრომითი გაერთიანება ან მთლიანად წყვეტდა თავის არსებობას და მის ბაზაზე ორი ან რამდენიმე ახალი კომლი იქმნებოდა, ან იგი რიცხობრივად მცირდებოდა, კომლიდან წევრის გასვლის გამო. პირველი შემთხვევა შეეხებოდა – კომლის გაყრას, ხოლო მეორე შემთხვევა – კომლიდან გამოყოფას.
სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის ამოქმედებამდე საკოლმეურნეო კომლის საოჯახო ქონების გაყოფის ცნება კანონით განსაზღვრული არ ყოფილა და საკოლმეურნეო კომლის მიმართ მიწის კოდექსის სათანადო ნორმები გამოიყენებოდა.
სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში დაზუსტდა კომლიდან გამოყოფისა და საკოლმეურნეო კომლის გაყრის ცნება (სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 126-127-130-ე მუხლები). კომლიდან გამოყოფა, როგორც წესი, აღინიშნებოდა კომლიდან გასვლით, თუმცა არსებობდა შემთხვევები, როდესაც კომლის წევრი აპირებდა კომლის ქონების გაყოფას, მაგრამ საცხოვრებლად კვლავ კომლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში რჩებოდა.
ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის თაობაზე არსებულ იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრდა შეხედულება, რომელიც დასაშვებად მიიჩნევდა საკოლმეურნეო კომლის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან გარკვეული წილის გამოყოფას საკუთრების უფლებით და მასზე სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი საერთო წილადი საკუთრებისათვის განსაზღვრული უფლებრივი რეჟიმის გავრცელებას.
მაგალითად, თუ კომლის რომელიმე წევრი აღარ ეწეოდა კომლში სამეურნეო საქმიანობას (მუშაობას დაიწყებდა საწარმოში და ა.შ), ხოლო საცხოვრებლად ამავე კომლში არსებულ საცხოვრებელ სახლში დარჩებოდა, ამ შემთხვევაშიც, კომლის წევრი, კომლიდან გამოყოფილად მიიჩნეოდა. კომლიდან გამოყოფა, კომლიდან გასვლით და კომლში დარჩენით, კომლის საერთო საკუთრების მიმართ სამართლებრივად განსხვავებულ რეჟიმს წარმოშობდა, კერძოდ, კომლიდან გასვლა და ქონების გატანა (ნატურით ან ფულადი კომპენსაციის სახით), კომლის წევრს მთლიანად უსპობდა უფლებას კომლის საერთო ქონებაზე, ხოლო კომლში საცხოვრებლად დარჩენა - კომლის დანარჩენ საერთო საკუთრების ქონებაზე უფლების მოსპობასთან ერთად, წარმოშობდა, კომლთან საერთო წილადი საკუთრების უფლებას, რაც მხოლოდ საცხოვრებელ სახლს შეეხებოდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან გაუსვლელად მამისეული კომლიდან გამოყოფის ფაქტის დადგენილად მიჩნევის პირობებშიც კი, ჭ. ბ-ეს კომლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე უფლება არ დაუკარგავს, რადგან მამისეული სახლის (ე.ი. კომლის კუთვნილი სახლის) გარდა, მას სხვაგან არ უცხოვრია.
12.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებასა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის 29-ე დეკრეტზე და განმარტა, რომ საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა; ხოლო ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონება და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრება იყო, საკოლმეურნეო კომლის ქონება აღარაა, იგი კომლის ყოფილი წევრების საერთო საკუთრებაა, თანაბარწილად, რომელზეც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდეგში - სსკ) გათვალისწინებული საერთო საკუთრების რეჟიმი ვრცელდება.
რაკი საქმეზე დადგინდა, რომ მოსარჩელეებიც და შეგებებული მოსარჩელეც, 1993 წლამდე კომლის წევრები იყვნენ, ხოლო იმ დროისათვის კომლს 6 წევრი ჰყავდა, შესაბამისად, შეგებებული მოსარჩელის წილი სააპელაციო სასამართლომ განსაზღვრა, როგორც მთლიანი ქონების 1/6 ნაწილი, იდეალურ წილში. აქვე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეგებებული მოსარჩელე დავობდა, როგორც კომლის წევრი და, არა, როგორც გარდაცვლილი რ. ბ-ის მემკვიდრე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია წილთა თანაფარდობა სხვაგვარი ყოფილიყო.
12.5. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაცო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა ვინდიკაციური მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან მოპასუხეები იყვნენ სადავო ქონების ერთ-ერთი მესაკუთრის, შეგებებული მოსარჩელის ოჯახის წევრები და ისინი სადავო საცხოვრებელ სახლს სწორედ შეგებებული მოსარჩელის თანხმობით ფლობდნენ.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა ორივე მხარემ.
13.1. მოსარჩელეები მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და, საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას, შემდეგი დასაბუთებით:
- სააპელაციო სასამართლომ შეგებებული მოსარჩელე უსაფუძვლოდ არ ჩათვალა საკოლმეურნეო კომლიდან გამოყოფილად და, მას, მოსარჩელეთა სახელზე რეგისტრირებული კომლიდან 1/6 ნაწილი მიაკუთვნა. საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ, შეგებებული მოსარჩელე გამოყოფილია მამამისის, რ. ბ-ის საკოლმეურნეო კომლიდან. ამასთან, შეგებებულ მოსარჩელესა და მოპასუხეებს, სასამართლოში არ გაუსაჩივრებიათ იმ სამართლებრივი აქტის კანონიერება, რომლითაც უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა სახელზე დარეგისტრირდა.
- შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გამოყოფის ფაქტი დადასტურებულია არა მხოლოდ საკომლო წიგნში გადახაზვითა და მისი ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ ჩანაწერის გაკეთებით, არამედ სხვა მტკიცებულებებითაც. საქმეზე წარმოდგენილია, სოფელ ---- კოოპერატიული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 17 აპრილის კანონიერ ძალაში მყოფი ოქმი, სადაც კონკრეტულადაა მითითებული, შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გამოყოფის საფუძველზე, კერძოდ: ----- საკრებულოს 1988 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, შეგებებული მოსარჩელე, სამი სულის შემადგენლობით, გამოყოფილია ცალკე კომლად, უმიწოდ, ცხოვრობს მშობლებთან, განიცდის საცხოვრებელი ფართის სივიწროვეს და ოჯახური პირობების გაუმჯობესების მიზნით მოითხოვს, სამოსახლო ფართობის გამოყოფას №-- ბრიგადაში. აღნიშნული კრების ოქმის სიყალბის საკითხი სასამართლოს განხილვის საგანი არ გამხდარა, რადგან მხარეს ასეთი შუამდგომლობა არ დაუყენებია.
- სააპელაციო სასამართლომ უპასუხოდ დატოვა მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრის შემდეგი პრეტენზია: თუკი შეგებებული მოსარჩელე კომლიდან არ გამოყოფილა, მაშინ საკომლო წიგნში ვინ და რატომ მიაწერა ამ უკანასკნელის კომლიდან გამოყოფაზე ან კომლიდან მისი გამოყოფის საფუძვლად რატომაა მითითებული სოფელ ----- საკრებულოს 1988 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება. რაკი შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გამოყოფის საფუძვლად კრების ოქმში ზემომითითებულ გადაწყვეტილებაა დასახელებული, ამიტომ ზემოაღნიშნული ფაქტი უტყუარად დასტურდება.
- გასაჩივრებული გადაწყვეტილება მცდარია მოწმეთა ჩვენებების შეფასების ნაწილშიც. შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გაყოფის ფაქტის უარსაყოფად სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოწმეთა ჩვენებები, რომლებზე დაყრდნობით ამ ფაქტის დადასტურებაც დაუშვებელია. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მოწმის სახით დაკითხული ხელვაჩაურის რაიონის არქივის უფროსის, ა.ლ-ის ჩვენება, რომელმაც მის მიერ გაცემული საარქივო ცნობის სისწორე დაადასტურა და განმარტა, რომ საკომლო წიგნში მითითებული წევრის გადახაზვას ახდენს არა არქივი, არამედ, სოფლის საბჭო, შესაბამისად, შეგებებული მოსარჩელის კომლიდან უსაფუძვლოდ გადახაზვა ვერ მოხდებოდა.
- ის გარემოება, რომ შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება არქივში შესანახად არ შესულა, მოსარჩელეთა ბრალს არ ასაბუთებს. აღნიშნული არ შეიძლება გახდეს, მათთვის ქონების ჩამორთმევის მიზეზი. მოცემულ შემთხვევაში, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მოქმედებს საკომლო ჩანაწერების უტყუარობის პრეზუმფცია, ამიტომ შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გამოყოფის შესახებ ჩანაწერი ნამდვილად უნდა ჩაითვალოს.
- იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ შეგებებული მოსარჩელე კომლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან გაუსვლელად გამოეყო მამისეულ კომლს, მაშინ შეგებებული მოსარჩელისათვის უნდა გამოეყო მხოლოდ საცხოვრებელი სახლის და არა მთლიანი სახლთმფლობელობის (მიწის ნაკვეთის ჩათვლით) 1/6 ნაწილი.
- საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეებად მოსარჩელეთა რეგისტრაციის საფუძველია არა საკომლო ჩანაწერი, რომლის ბათილობის მოთხოვნითაც სარჩელია აღძრული, არამედ 2014 წლის 28 ივლისის საარქივო ცნობა, თუმცა ხსენებული ცნობის გაუქმება სარჩელში მოთხოვნილი არაა.
13.2. შეგებებული მოსარჩელის, პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, კერძოდ, უძრავი ქონების 1/3 იდეალური წილის მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
ხსენებული საკასაციო საჩივრის საფუძველი შემდეგია:
- სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა, კომლის ქონებაზე საკუთრების საერთო რეჟიმის გავრცელებასთან ერთად, 1993 წელს, ვინ იყვნენ კომლის წევრები, ვინ გარდაიცვალა, კომლი ფაქტობრივად ვინ დატოვა და, საბოლოოდ, როგორ უნდა გაფორმდეს კომლის ქონება საერთო საკუთრებად.
- 1993 წლიდან, კომლში ირიცხებოდა 4 წევრი. ამ დროისთვის, მასში ცხოვრობდა პირველი მოსარჩელე, მეორე მოსარჩელე და, შეგებებული მოსარჩელე, თავის ოჯახთან ერთად. ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად დღემდე ცხოვრობს კომლის შემადგენლობაში და საერთო მეურნეობას ეწევა. სააპელაციო სასამართლომ, განიხილა მითითებული გარემოებები, მაგრამ, შეჯამებისას, აღნიშნული შეფასების მიღმა დატოვა და შეგებებულ მოსარჩელეს იმაზე ნაკლები წილი მიაკუთვნა, რაც მას ერგებოდა. შეგებებული მოსარჩელე ცნობილ უნდა იქნეს, მოსარჩელეთა სახელზე რეგისტრირებული კომლის 1/3 წილის თანამესაკუთრედ.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 და 14 ივლისის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საკასაციო სასამართლომ, საკასაციო საჩივრები დასაშვებად ცნო და დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საკასაციო პალატის მიერ განსახილველი საკითხი შემდეგია: რამდენად კანონიერია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შეგებებული მოსარჩელის საკოლმეურნეო კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ საკომლო წიგნის მინაწერის ბათილად ცნობის, სადავო ქონების 1/6 ნაწილზე მოსარჩელეთა საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებისა და ამ ქონების 1/6 ნაწილის შეგებებული მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ; ამასთან, რამდენად კანონიერად არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა - სადავო ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მათთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე.
16. პალატის განსჯით, ჭ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და საკოლმეურნეო კომლიდან შეგებებული მოსარჩელის ცალკე კომლად გამოყოფაზე საკომლო წიგნის მინაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნა წარმატებულია. ამ დასკვნის საფუძველს ქმნის საქმეზე დადგენილად ცნობილი რამდენიმე გარემოება, კერძოდ:
1). საკოლმეურნეო კომლიდან შეგებებული მოსარჩელის ცალკე კომლად გამოყოფის ფაქტის დასადასტურებლად საქმეზე წარმოდგენილია აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველო - ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 24 ოქტომბრის საარქივო ცნობა, სადაც აღწერილია 1986 – 1996 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერები. ამ ცნობის მიხედვით, 1988 წელს შეგებებული მოსარჩელე ცალკე კომლად გამოეყო. იქვე მითითებულია ოქმი #---, 1988წ.
2). ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 25 ოქტომბრის მიმართვის თანახმად, 1988 წელს, ცალკე კომლად გამოყოფა ხდებოდა თემებში, შეგებებული მოსარჩელის შემთხვევაში, ეს უნდა მომხდარიყო ----- თემის საკრებულოში. ნებისმიერი თემის საკრებულოს მასალები ინახება ხელვაჩაურის ადგილობრივ არქივში, ხოლო ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 11 ოქტომბრის საარქივო ცნობის შესაბამისად, ---- სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის გადაწყვეტილებები ხელვაჩაურის არქივში დაცული არ არის, რადგან დაცვაზე შესანახად არ შესულა.
3). შეგებებული მოსარჩელე, მოპასუხეებთან ერთად, ცხოვრობდა და ამჟამადაც ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში, მათ სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვთ.
პალატა აღნიშნავს, რომ აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს - ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 24 ოქტომბრის საარქივო ცნობა, ვერ შეფასდება კომლის წევრობიდან პირის გასვლის ფაქტის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად, შემდეგი მოტივების გამო:
16.1. საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები წესრიგდებოდა 1964 წლის სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 123-ე და 128-ე მუხლების მიხედვით, კომლის წევრს წარმოადგენდა პირი, რომელიც ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას, კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის შრომისუნარიანი წევრი კომლის ქონების წილზე უფლებას კარგავდა, თუ იგი ზედიზედ სამი წლის განმავლობაში მონაწილეობას არ მიიღებდა თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. ამდენად, კანონმდებელი კომლის წევრობის დაკარგვას კონკრეტულ ფაქტს უკავშირებდა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დადასტურებულა შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გასვლის სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, არ არსებობს განცხადება ამ უკანასკნელის კომლიდან ამოწერის შესახებ ან სასოფლო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება კომლიდან ამოწერის თაობაზე.
საქმეში არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ შეგებებული მოსარჩელე კომლში არ ცხოვრობდა ან კომლის მეურნეობის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებდა.
პირიქით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია (რაც მოსარჩელეებს საკასაციო საჩივრით არ გაუქარწყლებიათ, რომ შეგებებული მოსარჩელე (მოპასუხეებთან ერთად) ცხოვრობდა და ამჟამადაც ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში, მას სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს.
ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ საკომლო წიგნში შეგებებული მოსარჩელე გადახაზულია და მისი ცალკე კომლად გამოყოფის შესახებაა მიწერილი, არ ადასტურებს ამ უკანასკნელის კომლიდან ამოწერის ფაქტს (შდრ. იხ. სუსგ, №ას-27-27-2016, 1.03.2016).
16.2. ზემოთმოყვანილი მსჯელობის უარსაყოფად ვერ გამოდგება მოსარჩელეთა მიერ საკასაციო საჩივარში იმ გარემოებაზე მითითება, რომ საქმეზე წარმოდგენილია სოფელ ----- კოოპერატიული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 17 აპრილის ოქმი, რომლის თანახმადაც, ------ საკრებულოს 1988 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, შეგებებული მოსარჩელე (სამი სულის შემადგენლობით) ცალკე კომლადაა გამოყოფილი, უმიწოდ, ცხოვრობს მშობლებთან, განიცდის საცხოვრებელი ფართის სივიწროვეს და ოჯახური პირობების გაუმჯობესების მიზნით მოითხოვს, სამოსახლო ფართობის გამოყოფას №----ბრიგადაში.
დასახელებული საკასაციო პრეტენზიის საპასუხოდ პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული დოკუმენტის შინაარსი გვაუწყებს შემდეგ გარემოებას: შეგებებული მოსარჩელე 1996 წლის 17 აპრილის მდგომარეობითაც სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 115-130).
უფრო მეტიც, საქმეზე წარმოდგენილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 102) და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 29 დეკემბრის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 103), რომელთა მიხედვით, შეგებებული მოსარჩელე დაბადებიდან მამის საცხოვრებელ სახლში (სადავო საცხოვრებელი სახლი) ცხოვრობს და საკუთრებაში არ აქვს მიწის ნაკვეთი.
საქმეზე წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 დეკემბრის მიმართვითაც დასტურდება, რომ მითითებული დროისათვის, შეგებებულ მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული არ არის (ტომი 1, ს.ფ. 105).
ამდენად, ზემოაღნიშნულის მტკიცებულებები (მათ შორის, კასატორის მიერ მითითებული სოფელ ---- კოოპერატიული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 17 აპრილის ოქმი) იმ გარემოებას ადასტურებს, რომ შეგებებული მოსარჩელე (მოპასუხეებთან ერთად) სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა და სხვა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა. აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, იმის მაუწყებელია, რომ საქმის მასალებით არ დგინდება კომლის ქონების წილზე შეგებებული მოსარჩელის უფლების დაკარგვის განმაპირობებელი საფუძვლის არსებობა - კონკრეტულად ის, რომ ზედიზედ სამი წლის განმავლობაში თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში არ იღებდა მონაწილეობას (რაც, 1964 წლის სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით მიჩნეული იყო, კომლის ქონების წილზე კომლის წევრის უფლების დაკარგვის წინაპირობად).
რაც შეეხება სოფელ ---- კოოპერატიული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 17 აპრილის ოქმის იმ ნაწილს, სადაც მითითებულია ---- საკრებულოს 1988 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილებით შეგებებული მოსარჩელის ცალკე კომლად გამოყოფაზე, აღნიშნული ვერ შეცვლის საქმის მასალებში იმ მტკიცებულების არსებობის აუცილებლობას, რომლიდანაც შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გასვლის სამართლებრივი საფუძველი გამოიკვეთება; კერძოდ, განცხადება ამ უკანასკნელის კომლიდან ამოწერის შესახებ ან სასოფლო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება კომლიდან ამოწერის თაობაზე, რომ იგი არ ცხოვრობდა სოფლად, არ ჰქონდა სოფელთან კავშირი, შრომით მონაწილეობას არ იღებდა კომლის მეურნეობაში და უძრავ ქონებას არ ფლობდა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით საწინააღმდეგო გარემოებებია გამოკვეთილი, კერძოდ, დადასტურებულია, რომ შეგებებული მოსარჩელე (ოჯახთან ერთად) ცხოვრობდა და ამჟამადაც ცხოვრობს კომლში.
16.3. ზემოაღნიშნული საფუძვლით პალატა მოსარჩელეთა ვერც იმ საკასაციო პრეტენზიას გაიზიარებს, რომ სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ხელვაჩაურის არქივის უფროსის ჩვენება, რომელმაც მის მიერ გაცემული საარქივო ცნობის სისწორე დაადასტურა. როგორც განიმარტა, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია, საქმეზე ისეთი მტკიცებულების არსებობა, რომლიდანაც შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გასვლის სამართლებრივი საფუძველი გამოიკვეთება და რომლითაც სარწმუნოდ დადასტურდება, რომ არსებობდა შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გასვლის სამართლებრივი საფუძველი (შესაბამისი განცხადება კომლიდან ამოწერის შესახებ ან სასოფლო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება კომლიდან ამოწერის თაობაზე, რომ იგი სოფლად არ ცხოვრობდა, სოფელთან კავშირი არ ჰქონდა, კომლის მეურნეობაში შრომით მონაწილეობას არ იღებდა და უძრავ ქონებას არ ფლობდა).
17. რაკი შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გამოყოფის ფაქტი საქმეზე არ დადასტურდა, პალატას საფუძვლიანად მიაჩნია ამ უკანასკნელის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, კომლის ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
შეგებებული სარჩელის ხსენებული მოთხოვნის კანონიერების შემოწმებისას, პალატა, პირველ რიგში მიუთითებს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე და 125-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად: კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს, თანასაკუთრების უფლებით. საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის.
გარდა ამისა, პალატა მიუთითებს რამდენიმე ამონარიდზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვადასხვა განჩინებიდან, სადაც განიმარტა, რომ:
„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის # 48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის # 128 დადგენილების მეორე პუნქტით კი, დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით (იხ. სუსგ, №ას-211-203-2013, 3.06.2013).
„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო საკუთრების რეჟიმი“ (იხ. სუსგ, №ას-1778-1756-2011, 29.06.2012).
ამ მიმართებით არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ფაქტს, რომ ნორმატიული აქტით დადგენილი პერიოდისათვის, კერძოდ, 1992 წლის 1 იანვრის მდომარეობით, პირი კომლის ოჯახის წევრად უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული (აღრიცხული). ამავე ნორმატიული ბაზიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან დამოუკიდებელ ოჯახად გასულ და რეგისტრირებულ ოჯახს უფლება წარმოეშობოდა, სხვა ადგილას მიეღო ასევე ქონება მიღება-ჩაბარების აქტით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმატიული წყაროს მიზანი იყო ოჯახების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწების დაკანონება, ამდენად, აღნიშნული პერიოდისათვის ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლებას იძენდა ამავე ოჯახის ყველა ის წევრი, რომელსაც სხვა მიწის ნაკვეთის მიღებაზე უფლება არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, აპირებდა თუ არა იგი აღნიშნული უფლების რეალიზებას (იხ. სუსგ, №ას-516-2021, 30.11.2021).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შეგებებული მოსარჩელე იყო კომლის წევრი, სადაც წევრებად ირიცხებოდნენ თავდაპირველი მოსარჩელეებიც. ამასთან, შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გასვლის ფაქტი საქმეზე არ დადასტურებულა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, კომლის ქონებაზე, თავდაპირველ მოსარჩელეებთან ერთად საკუთრების უფლება შეიძინა მისი ოჯახის სხვა წევრმაც - შეგებებულმა მოსარჩელემ, ვინაიდან 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, იგი კომლის წევრი იყო.
18. რაც შეეხება შეგებებული მოსარჩელისა და მოპასუხეების საკასაციო საჩივრით შედავებულ საკითხს, სადავო ქონებაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეთათვის მიკუთვნებული წილების უსწორობას, პალატის მოსაზრებით, ხსენებული პრეტენზია საფუძვლიანია, შემდეგ გარემოებათა გამო:
18.1. შეგებებული მოსარჩელისათვის კომლის ქონების 1/6 ნაწილის მიკუთვნებისას, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 24 ოქტომბრის საარქივო ცნობას. იმაზე მითითებით, რომ აღნიშნული ცნობის მიხედვით, 1993 წლამდე კომლის შემადგენლობაში ექვსი წევრი შედიოდა, სააპელაციო სასამართლომ, კომლში შეგებებული მოსარჩელის წილი, მთლიანი ქონების 1/6-ით განსაზღვრა. საკასაციო პალატის შეფასებით, ზემოხსენებული საკითხის ამგვარად გადაწყვეტა არასწორია.
ჯერ ერთი, როგორც ზემოთ განიმარტა, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო მიწები უსასყიდლოდ კერძო საკუთრებაში გადაიცემოდა, 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 და 1992 წლის 6 თებერვლის #128 დადგენილებები). მოცემულ შემთხვევაში კი, იგივე საარქივო ცნობის შესაბამისად, კომლის დასახელებული ექვსი წევრიდან ორი წევრი (გ. ბ-ძე და ტ. ბ-ძე) „გადახაზული“ იყო, თუმცა არ დგინდება - ისინი კომლიდან 1992 წლის 1 იანვრამდე გავიდნენ თუ, - შემდეგ პერიოდში.
უფრო მეტიც, მოსარჩელეებმა შეგებებულ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში განმარტეს, რომ გ. ბ-ძე (პირველი მოსარჩელისა და შეგებებული მოსარჩელის და) კომლიდან 1987 წელს გამოეყო, რასაც თვითონაც აღიარებს (იხ. ტომი 2, ს.ფ. 69).
18.2. შეგებებული მოსარჩელის წილის განსაზღვრისას კიდევ ერთი გარემოებაა საყურადღებო, კერძოდ: სადავო ქონება საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად ამჟამად კომლის მხოლოდ ორი წევრის (მოსარჩელეები) საკუთრებაში ირიცხება, ე.ი. კომლის დანარჩენ წევრებს, გარდა შეგებებული მოსარჩელისა, კომლის ქონების მესაკუთრეობაზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ამასთან, როგორც საქმეზე გამოირკვა, კომლის ერთ-ერთმა წევრმა, გ. ბ-ემ, კომლიდან გამოყოფის ფაქტი თავადაც აღიარა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე გამოიკვეთა შემდეგი ფაქტობრივი მოცემულობა: თავდაპირველი მოსარჩეელეებისა (საჯარო რეესტრში, რომელთა საკუთრებაშიც კომლის ქონება ირიცხება) და შეგებებული მოსარჩელის (რომელმაც განსახილველ საქმეზე კომლის ქონების თანამესაკუთრედ ცნობა მოითხოვა) გარდა, კომლის დანარჩენ წევრებს სადავო ქონებაზე პრეტენზია არცერთ ეტაპზე არ განუცხადებიათ.
შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლო არაა უფლებამოსილი იმსჯელოს, კომლის დანარჩენი წევრებისთვის კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების მინიჭების თუ დადასტურების შესახებ; მითუმეტეს იმ ვითარებაში როდესაც აღნიშნული პირები თავად არ გამოხატავენ საკუთრების მიღების ნებას.
ამასთან, შეგებებული მოსარჩელის წილის განსაზღვრა კომლის ქონების 1/6 ნაწილით მიზანშეუწონელია, რადგან კომლის სხვა წევრების მხრიდან სადავო ქონებაზე პრეტენზიის ამ დრომდე განუცხადებლობის გამო, დადასტურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ წევრთა ქონებრივი ინტერესები, რომლებმაც კომლის ქონების მესაკუთრედ ცნობის პრეტენზია გამოხატეს და საკუთრების მისაღებად სათანადო სამართლებრივი ნაბიჯები გადადგეს. შესაბამისად, სადავო ქონებაზე შეგებებული მოსარჩელის წილი არა 1/6-ით, არამედ 1/3-ით უნდა განისაზღვროს.
19. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად საფუძველი გამოეცალა თავდაპირველ მოსარჩელეთა მოთხოვნას, სადავო ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, რადგან ამ ქონებაზე შეგებებული მოსარჩელის თანამესაკუთრედ ცნობის პირობებში, მოპასუხეებს (როგორც შეგებებული მოსარჩელის ოჯახის წევრებს) სადავო საცხოვრებელი სახლის ფლობის საფუძველი შეექმნათ.
20. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
სსსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ამდენად, მოსარჩელეებს, მოპასუხეთა სასარგებლოდ, უნდა დაეკისროთ, ამ უკანასკნელების მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (800 ლარის და 300 ლარი) 1 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 399-ე, 372-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მ. ბ-სა და ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ც.ბ-ის, ჯ. ბ-სა და ჭ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3.გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ის ნაწილი, რომლითაც #----- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახლთმფლობელობის 1/6 ნაწილი აღირიცხა ჭ.ბ-ის საკუთრებად და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
ჭ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
4.გაუქმდეს საჯარო რეესტრში, მ. და ს. ბ-ის სახელზე არსებული საკუთრების რეგისტრაციის ჩანაწერი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - №-----), 2 128.00კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 233.45კვ.მ შენობა-ნაგებობების 1/3 ნაწილზე; შესაბამისი ცვლილება შევიდეს, საჯარო რეესტრის ზემომითითებულ მონაცემებში და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ -----, მ. და ს. ბ.ის სახელზე №------ კოდით რეგისტრირებული სახლთმფლობელობის 1/3 ნაწილი აღირიცხოს ჭ. ბ-ის საკუთრებად;
5.დანარჩენ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
6.მ. ბ-სა და ს. ბ-ეს, ც. ბ-ის, ჯ. ბ-სა და ჭ. ბ-ის სასარგებლოდ, დაეკისროთ, ამ უკანასკნელების მიერ პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1100 ლარი.
7.საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე