2 ივნისი, 2022 წელი,
საქმე №ას-868-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – მ. ბ-ძე, ს. ბ-ძე (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ც. მ-ძე, ჯ. ბ-ძე (მოპასუხეები), ჭ. ბ-ძე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მეორე კასატორი – ჭ. ბ-ძე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე), ც. მ-ძე, ჯ. ბ-ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ძე, ს. ბ-ძე (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება
განხილვის საგანი - გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ. ბ-ემ (შემდეგში - პირველი მოსარჩელე) და ს. ბ-ემ (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) სასამართლოში სარჩელი აღძრეს ჯ. ბ-სა (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და ც. მ-ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ, 110კვ.მ საცხოვრებელი სახლისა და 0.19კვ.მ მიწის ნაკვეთის (შემდეგში - უძრავი ქონება, სადავო ქონება ან სადავო საცხოვრებელი სახლი) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მათთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე.
2. მოგვიანებით, თავდაპირველ მოსარჩელეთა მიმართ იმავე სასამართლოში სარჩელი შეიტანა ჭ. ბ-ემ (შემდეგში - შეგებებული მოსარჩელე) და მოითხოვა: ა). 1988-1996 წლებში საკოლმეურნეო კომლიდან მისი ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ ხელვაჩაურის არქივის მიერ საკომლო წიგნის ამონაწერში არსებული მინაწერის ბათილად ცნობა; ბ). სადავო ქონების თანამესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ზემომითითებული სარჩელებით აღძრული საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- დადგინდა, რომ უძრავი ქონება გამოთხოვილიყო მოპასუხეთა მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეებს გადასცემოდათ;
- შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შეგებებულმა მოსარჩელემ და მოპასუხეებმა, ამ გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფისა და, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით:
- სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
- სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ბათილად იქნა ცნობილი 1988-1996 წლებში ხელვაჩაურის არქივის მიერ საკომლო წიგნის ამონაწერში არსებული მინაწერი, შეგებებული მოსარჩელის საკოლმეურნეო კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ;
- გაუქმდა საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა სახელზე არსებული საკუთრების რეგისტრაციის ჩანაწერი, სადავო ქონების 1/6 ნაწილზე;
- საჯარო რეესტრის ზემომითითებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილება შევიდა და დადგინდა, რომ უძრავი ქონების 1/6 ნაწილი აღრიცხულიყო შეგებებული მოსარჩელის საკუთრებად.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა ორივე მხარემ.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- შეგებებული მოსარჩელისა და მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ის ნაწილი, რომლითაც სადავო ქონების 1/6 ნაწილი აღირიცხა შეგებებული მოსარჩელის საკუთრებად და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა;
- სადავო ქონების 1/3 ნაწილზე გაუქმდა საჯარო რეესტრში, მოსარჩელეთა სახელზე არსებული საკუთრების რეგისტრაციის ჩანაწერი; საჯარო რეესტრის ზემომითითებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილება შევიდა და უძრავი ქონების 1/3 ნაწილი შეგებებული მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა;
- დანარჩენ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაში უნდა გასწორდეს დაშვებული უსწორობა, კერძოდ:
9. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში, ნაცვლად მეორე მოპასუხისა: „ც. მ-ძე“, მითითებულია: „ც. ბ-ე“.
10. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მეორე მოპასუხის სახელი და გვარია - ც. მ-ძე.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 260.1 მუხლზე, რომლის შინაარსიც ასეთია: სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, სასამართლო გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური უსწორობის გასწორების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, ც. ბ-ის ნაცვლად მხარედ მიეთითოს ც. მ-ძე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე №ას-868-2018) დაშვებული უსწორობა, კერძოდ, ც. ბ-ის ნაცვლად მხარედ მიეთითოს ც. მ-ძე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდa ერემაძე