¹ 3კ-67-გ-02 14 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატასა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
ს/ს «ე.-ს” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001წ. 7 თებერვლის ¹8-ე განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის «ეროვნული ბანკის შესახებ» 59-ე მუხლის და «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად საქართველოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998წ. 9 ივლისის ¹61-ე და 2000წ. 13 ნოემბრის ¹310-ე ბრძანებულებების მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო გაუქმდა საბანკო ლიცენზია.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 თებერვლის დადგენილებით საქართველოს ეროვნული ბანკის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს კანონის «საქართველოს კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” 37-ე მუხლისა და საქართველოს კანონის მეწარმეთა შესახებ 14.2 მუხლის საფუძველზე ს.ს. «ე.-ის” ლიკვიდატორად დაინიშნა ამავე ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი ი. გ.-ა.
იმ გარემოების გათვალისწინებით რომ საქართველოს კანონში «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” 2001წ. 23 ოქტომბერს შეტანილი ცვლილებების შედეგად შეიცვალა ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის წესი და კანონის ახალი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად «ლიკვიდატორის უფლებებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით”, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2002წ. 14 მაისის განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ძველი კანონის შესაბამისი ლიკვიდატორების დანიშვნის დადგენილებების გაუქმება, მათ შორის ს.ს. «ე.-თან” დაკავშირებით მიღებული დადგენილებისა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 9 სექტემბრის განჩინებით გააუქმა ს.ს. «ე.-ის” ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ამავე სასამართლოს 2001წ. 13 თებერვლის დადგენილება.
2002წ. 9 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრის შეტანით გაასაჩივრა ს.ს. «ე.-ის” ლიკვიდატორმა ი. გ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 თებერვლის დადგენილების ძალაში დატოვება.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინებით ი. გ.-ს უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი განსახილველად გადასცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას იმ მოტივით, რომ 2002წ. 9 სექტემბერს სამეწარმეეო რეესტრში ახალი ლიკვიდატორის რეგისტრაცია მოხდა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2002წ. 8 მაისის ¹235 განკარგულების საფუძველზე და სწორედ ამ განკარგულების კანონთან შესაბამისობას ხდის სადაოდ კერძო საჩივრის ავტორი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდესის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის მოსაზრებანი კერძო საჩივრის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის თაობაზე და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოაგზავნა უზენაეს სასამართლოში შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივარი სადაოდ არ ხდის საქართველოს ეროვნილი ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2002წ. 8 მაისის ¹235 განკარგულების კანონთან შესაბამისობის საკითხს და არც ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით არის აღძრული სარჩელი. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მიერ 2001წ. 13 თებერვლის დადგენილება და 2002წ. 9 სექტემბრის განჩინება უდავო წარმოების წესით იქნა მიღებული. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად კი, «ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან».
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2002წ. 8 მაისის ¹235-ე განკარგულების კანონთან შესაბამისობას ხდის სადაოდ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა” ქვეპუნქტის შესაბამისად კერძო საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სააპელაციო წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ამავე სასამართლოს 2001წ. 13 თებერვლის დადგენილების ძალაში დატოვება. როგორც დადგენილება, ისე განჩინება, რომელთა შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორი ი. გ.-ა ჯერ დაინიშნა ს.ს. «ე.-ის” ლიკვიდატორად, ხოლო შემდგომ კი გაუქმდა მისი ლიკვიდატორად დანიშვნის შესახებ სასამართლოს დადგენილება, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა სამოქალაქო სამართლწარმოების წესით, საქართველოს კანონების _ «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” და «მეწარმეთა შესახებ”, საფუძველზე. კერძო საჩივრის ავტორი პირდაპირ მიუთითებს საჩივარში, რომ საქართველოს კანონში «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” 2001წ. 23 ოქტომბერს შეტანილ ცვლილებებთან, კერძოდ ლიცენზია ცამორთმეულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის წესთან დაკავშირები, მას პრეტენზია არ გააჩნია, მაგრამ არ ეთანხმება სასამართლოს 2002წ. 9 საქტემბრის განჩინებას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ი. გ.-ს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში წარდგენა 2002წ. 28 ივნისის ¹44 განცხადებაშიც არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ¹235-ე ბრძანებულებასთან დაკავშირებით და სასამართლოს სთხოვა საქართველოს ეროვნული ბანკის შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა იმ მოტივით, რომ მას არავითარი შრომითი ხელშეკრულება დადებული არ ჰქონია და «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონის 37-ე მუხლში შეტანილ ცვლილებებს უკუქცევითი Aძალა არ აქვს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი სადაოდ ხდის არა საქართველოს კანონში «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” შეტანილი ცვლილებების საფუძველზე მიღებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ¹235 დადგენილებას, არამედ იმ გარემოებას, თუ რამდენად კანონის შესაბამისად იქნა გამოტანილი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ 2002წ. 9 სექტემბრის განჩინება, ხოლო სამეწარმეო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული განჩინების კანონიერებისა და დასაბუთებულობის და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმება სსკ-ს მე-11 მუხლის შესაბამისად უნდა მოხდეს სსკ-ს დადგენილი წესით:
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის წესების შესაბამისად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 26-ე მუხლებით, სსკ-ს 408-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. გ.-ს კერძო საჩივარი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
2. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები მხარეებს გადაეგზავნოთ დადგენილი წესით.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.