Facebook Twitter

20 ივლისი, 2022 წელი,

საქმე №ას- 1754-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ. ბ-ლი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - გ.დ-ლი, ნ. გ-რი, ლ. თ-რი, ნ. ბ-ძე, მ. ს-ძე, ნ. თ-ძე, ი. ა-ლი, ჯ. თ-ლი, დ. ბ-ძე, მ.ნ-ძე, გ. ი-ლი, დ. ე-ლი, მ. კ-ძე, შპს „ე--------ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ. ბ-ლი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებას გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა გ. დ-ის, ნ. გ-ის, ლ. თ-ის, ნ. ბ-ის, მ. ს-ის, ნ. თ-ის, ი. ა-ის, ჯ. თ-ის, დ. ბ-ის, მ. ნ-ის, გ. ი-ის, დ.ე-ის, მ. კ-ისა (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეეები, მოწინააღმდეგე მხარეეები ან კრედიტორები) და შპს „ე-----ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მოვალე ან შპს) წინააღმდეგ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე უარყოფილ იქნა. მისი საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა მის მიერ სადავო ნივთების შეძენისა და ფლობის ფაქტი, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 151-ე და 158-ე მუხლის მოთხოვნები.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. შპს „ე-----ი“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, მისი იურიდიული მისამართია - გორი, ---- ქუჩა #-----, ხოლო დირექტორი ქ. ყ-ია.

4.4. გორში, --- ქუჩა #----ში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც როგორც უძრავი ქონება) მდებარე საცხოვრებელ სახლში ფაქტობრივად ცხოვრობენ შპს-ს დირექტორის ოჯახის წევრები.

4.5. გორის რაიონული სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანების თანახმად, კრედიტორების სასარგებლოდ, მოვალეს/საზოგადოებას თანხის გადახდა დაეკისრა.

4.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-თაინეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის მიერ, 2018 წლის 10 ივლისს აღიწერა და დაყადაღდა მოვალის (შპს „ე------ის“) რეგისტრაციის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში არსებული მოძრავი ნივთები:

ა)„ფილიპსის“ შავი ტელევიზორი;

ბ) „ჰიტაჩის“ შავი მაცივარი;

გ) „ელ ჯის“ თეთრი სარეცხი მანქანა;

დ) „ელ ჯის“ შავი მონიტორი, კლავიატურა, პროცესორი;

ე) კუთხის კრემისფერი ნაჭრის დივანი და ერთი მეორეული რბილი პუფი;

ვ) მისაღები ოთახის ავეჯი, ორი კომპლექტი, ყავისფერი, ჭურჭლის კარადა და „დესაუ“;

ზ) „შარფის“ შავი ტელევიზორი;

თ) ჟურნალის ხის მაგიდა ყავისფერი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ნივთები);

4.6.1. სადავო მაცივარი შეძენილია 20---წლის 17 აპრილს ლ. ყ--ის მიერ (იხ საგარანტიო ბარათი), 20-- წლის 6 დეკემბერს „გ---ში“ შეძენილი სადავო ტელევიზორისა და იმავე წლის 15 დეკემბერს შპს „ე----ტ ე-----ში“ შეძენილი კომპიუტერის საგარანტიო ბარათების მიხედვით, შემძენის ვინაობა არ დასტურდება. ავეჯის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება (გარდა მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი განმარტებისა) კი, საქმეში არ წარდგენილა.

4.7. გორში, ---- ქუჩა #--- კორპუსში მდებარე #--- ბინა, 2018 წლის 19 თებერვლიდან ე. ყ-სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საზოგადოების დირექტორის ოჯახის წევრი) და მოსარჩელეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, კასატორის საკუთრებაა.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უსაფუძვლობა სსკ-ის 158.1 (ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე) მუხლისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს) პუნქტებით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობის არარსებობამ განაპირობა.

6. აქვე საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაპყრობს ერთგვაროვანი პრაქტიკისკენ, რომელიც დადგენილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე. ამ კატეგორიის დავების მიმართ სასამართლოს დამოკიდებულება შემდეგნაირია: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსგავსი დავების განხილვისას, როგორც საპროცესოსამართლებრივი, ასევე - მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის პოზიცია ემყარება იმ გარემოებას, რომ იგი წარმოადგენს იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელშიც განთავსებულია სადავო მოძრავი ნივთები, შესაბამისად, მისივე მოსაზრებით, იგი მოძრავი ნივთების მესაკუთრეცაა.

8. კასატორის ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო უარყოფს შემდეგ გარემოებათა გამო:

8.1. დადგენილია, რომ მოსარჩელემ უძრავი ქონება 2018 წლის 19 თებერვალს შეიძინა, ასევე დადგენილია, რომ სადავო მაცივარი შეძენილია 20--- წლის 17 აპრილს ლ. ყ-ის მიერ, ამასთან, მართალია 20-- წლის 6 დეკემბერს „გ--ში“ შეძენილი სადავო ტელევიზორისა და იმავე წლის 15 დეკემბერს შპს „ე---ტ ე----ში“ შეძენილი კომპიუტერის საგარანტიო ბარათების მიხედვით, შემძენის ვინაობა არ დასტურდება, თუმცა უდავოა, რომ ისინი შეძენილია 20--- წელს, მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების შეძენამდე.

საგულისხმოა, რომ 2018 წლის 10 ივლისსაც, ნივთების დაყადაღებისას აღმასრულებელს სახლში არა მოსარჩელე, არამედ უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრის შვილი დახვდა, რომელიც საზოგადოების დირექტორის დაა და ესწრებოდა კიდეც სადავო ნივთების აღწერასა და დაყადაღებას. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მათი სადავო ბინაში დროებით ცხოვრების ფაქტი დაადასტურა კასატორის წარმომადგენელმაც (იხ, სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი), რომელმაც აღნიშნა, რომ შპს „ე-----ის“ დირექტორის ოჯახის წევრები მოსარჩელის ნებითა და თანხმობით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომაც აგრძელებდნენ ბინაში ცხოვრებას. ამდენად, მოსარჩელის საწინააღმდეგოდ არსებული სამართლებრივი პრეზუმფციის პირობებში, მისი საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე უცილობლად არ ადასტურებს მოძრავი ნივთების მისდამი კუთვნილების ფაქტს.

8.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული ნივთების მის საკუთრებაში არსებობის ფაქტს და გააქარწყლებდა მესაკუთრედ მოვალის ყოფნის პრეზუმფციას. მხოლოდ მითითება, რომ იმ უძრავი ქონების მესაკუთრეა, რომელშიც განთავსებულია სადავო მოძრავი ნივთები და, შესაბამისად, იგი მოძრავი ნივთების მესაკუთრეცაა, არ არის საკმარისი ამ სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის.

9. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

12. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე