Facebook Twitter

საქმე №ას-690 -2022

4 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ს.ფ.ი–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

გ.ა–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში, შპს „ს.ფ.ი–ის“ მიმართ და მოითხოვა: სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ.ა–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით გ.ა–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ.ა–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს.ფ.ი–ის“ 2021 წლის 26 მაისის №1-44/კ გადაწყვეტილება, გ.ა–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე; შპს ,,ს.ფ.ი–ს’’ დაეკისრა გ.ა–ის სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდა 14 000 ლარის (დარიცხული) ოდენობით. სხვა ნაწილში გ.ა–ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.ფ.ი–იმ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით, კასატორს, შპს „ს.ფ.ი–ს“ დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა 10 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 700 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა, აგრეთვე კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, ხელმოწერილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ტომი I, ს.ფ.334-336). განჩინება ხარვეზის შესახებ, კასატორს ჩაბარდა მიმდინარე წლის 4 აგვისტოს.

2022 წლის 12 აგვისტოს, კასატორის წარმომადგენელმა ლ.ნ–ამ, მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელება, ვინაიდან, კომპანია განიცდიდა ფინანსურ სირთულეებს. დასადასტურებლად წარმოადგინა ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. ასევე მიუთითა, რომ არ ჩაბარებია სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 სექტემბრის განჩინებით, კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 3 (სამი) დღით და დაევალა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 700 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნი, აგრეთვე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, ხელმოწერილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ტომი I, ს.ფ.348-350). უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 5 სექტემბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების ასლი, შპს „ს.ფ.ი–ის“ ფინანსურ დირექტორს, თ.შ–ას ჩაბარდა საქმეში კასატორის მიერ მითითებულ მისამართზე, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად (ტომი I, ს.ფ.352).

2022 წლის 20 სექტემბერს კასატორის წარმომადგენელმა ლ.ნ–ამ, მინდობილობა (ტომი I, ს.ფ. 82) მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 700 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ასევე, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კასატორს ორჯერ დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. 2022 წლის 5 სექტემბრის განჩინება (ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ) კასატორს, შპს „ს.ფ.ი–ის“ ფინანსურ დირექტორს, თ.შ–ას ჩაბარდა 2022 წლის 16 სექტემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად (ტომი I, ს.ფ. 352).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორ შპს „ს.ფ.ი–ისათვის“ 2022 წლის 5 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების 3 დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის ჩაბარებიდან მომდევნო სამუშაო დღეს, 2022 წლის 17 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 19 სექტემბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2022 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს ან მის წარმომადგენელს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში, არ წარმოუდგენია 700 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს. კასატორმა საკასაციო სასამართლოს მომართა მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, საპროცესო მოქმედების შესასრულებლად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ(ტომი I, ს.ფ.353)ამიტომ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა, აღნიშნული გარემოება კი, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIX თავი არ შეიცავს.

ამავე კოდექსის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა და შპს „ს.ფ.ი–ს“, სახელმწიფო ბაჟი - 700 ლარი, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სახელმწიფო ბაჟის სახით, ლ.ნ–ას მიერ, საიდენტიფიკაციო/პირადი N....., 2022 წლის 20 სექტემბერს №14536..., საგადახდო დავალებით გადახდილი 700 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, ასევე 399-ე, 374-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.ფ.ი–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

2. კასატორს, შპს „ს.ფ.ი–ს“, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, ლ.ნ–ას მიერ, საიდენტიფიკაციო/პირადი N....., 2022 წლის 20 სექტემბერს №14536909…, საგადახდო დავალებით გადახდილი 700 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი