№ას-987-2022
29 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „მ.ლ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.ბ–ვა და ფ.მ–ვი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულების არსებობის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით:
1. ნ.ბ–ვასა და ფ.მ–ვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.1. აღიარებულ იქნა, რომ ნოტარიუს ნ.ღ–ის მიერ 2017 წლის 06 ივლისს გაცემულ N170760068 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოპასუხე შპს „მ.ლ–ის“ წინაშე დარჩენილი ფულადი ვალდებულება შეადგენს 2 985,15 აშშ დოლარს;
1.2. მოსარჩელე ფ.მ–ვი გათავისუფლდა 2 985,15 აშშ დოლარის მოპასუხე შპს „მ.ლ–ის“ სასარგებლოდ გადახდის ვალდებულებისაგან.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს ინიციატივით გასწორდა უსწორობა ამავე სასამართლოს 2021 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტებში.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
4. მოპასუხე შპს „მ.ლ–ს“ მოსარჩელეების ნ.ბ–ვასა და ფ.მ–ვის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 308,62 ლარის ოდენობით. ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
5. მოსარჩელეებს ნ.ბ–ვასა და ფ.მ–ვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ 2021 წლის 23 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (533 ლარის) ნაწილი 14,96 ლარის ოდენობით (გადამხდელის ბანკი: სს „თიბისი ბანკი“, საგადახდო დავალება #1619126737).";
3. გადაწყვეტილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით:
1. შპს „მ.ლ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ;
3. ნ.ბ–ვას და ფ.მ–ვის სარჩელი დაკმაყოფილდა;
4. აღიარებულ იქნა, რომ ნოტარიუს ნ.ღ–ის მიერ 2017 წლის 06 ივლისს გაცემულ N170760068 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოპასუხე შპს „მ.ლ–ის“ წინაშე დარჩენილი ფულადი ვალდებულება შეადგენს 1800 აშშ დოლარს.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შპს „მ.ლ–მა“, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 აგვისტოს განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და 160,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 08 აგვისტოს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს – ნ.ს–ას (იხ. მინდობილობა ტ.2 ს.ფ. 114) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე – თბილისი, ..... – და გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ჩაბარდა იურისტ მ.ნ–ს 2022 წლის 08 აგვისტოს (იხ. ტ.2 ს.ფ. 143), შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელს – ნ.ს–ას ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა 2022 წლის 08 აგვისტოს.
სსსკ–ის 60–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 09 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 15 აგვისტოს (ვინაიდან, სასამართლოს მიერ კასატორისთვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5-დღიანი ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს - შაბათს, ხოლო 15 აგვისტო იყო პირველი სამუშაო დღე შაბათის შემდეგ), რომელიც იყო სამუშაო დღე – ორშაბათი. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2022 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. გარდა ამისა, კასატორის წარმომადგენელმა 2022 წლის 27 სექტემბერს განცხადებით მომართა საკასაციო სამართლოს და აღნიშნა, რომ არ აპირებს დადგენილი ხარვეზის შევსებას.
სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.ლ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია