Facebook Twitter

ას-965-2021

16 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ს–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ვ.ს–მა (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 1-23).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით მიუთითა, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო და დამსაქმებელმა კანონიერად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ვ.ს–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის N2200/კ ბრძანება ვ.ს–ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 9900 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. მხარეებს შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2012 წლის 19 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელე დასაქმდა სააგენტოს ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 19 თებერვლამდე.

5.2. მოსარჩელესთან ყოველი ერთწლიანი პერიოდის გასვლამდე ერთი წლით ხდებოდა შრომითი ხელშეკრულების გაგრძელება.

5.3. სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 01 თებერვლის ბრძანებით, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო შეწყდა შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნულ ბრძანებაზე სარჩელი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის დაკისრება.

5.4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით ვ.ს–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება, მოსარჩელე აღდგენილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე და მოპასუხეს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 01 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

5.5. სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 12 მარტის ბრძანებით ვ.ს–ი აღდგენილ იქნა თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 900 ლარით.

5.6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის N462 ბრძანების შესრულების მოტივით, სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. იმავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ რეორგანიზაცია უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს 2020 წლის 01 თებერვლისა, ხოლო 2020 წლის 31 იანვრის ბრძანებით შეიცვალა რეორგანიზაციის დასრულების თარიღი და მიეთითა „არაუგვიანეს 27 თებერვლისა“. აგრეთვე მიეთითა, რომ უნდა მომხდარიყო სააგენტოს თანამშრომლების ინფორმირება შტატების მოსალოდნელი შემცირების/გათავისუფლების, ასევე შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის/გაუგრძელებლობის თაობაზე და თანამშრომლების კვალიფიკაციის შემოწმების მიზნით უნდა ჩატარებულიყო ტესტირება ან/და გასაუბრება, დაკავებული პოზიციების სპეციფიკის მიხედვით.

5.7. მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩამოყალიბდა ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური. ახალმა სტრუქტურამ გააერთიანა ქვემო ქართლის რეგიონი (ქ. რუსთავის გარდა, რომელიც მიუერთდა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს).

5.8. 2019 წლის 17 დეკემბრის ბრძანებით განისაზღვრა სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმები. მოსარჩელის შემთხვევაში, ასეთად განისაზღვრა პროფესიული წერა, უნარ-ჩვევები და გასაუბრება.

5.9. სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის ბრძანებით, რეორგანიზაციის განხორციელების მოტივით, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

5.10. მოპასუხემ წარმოადგინა 2020 წლის 08 აპრილის N01/76391 წერილი, რომლის თანახმადაც, იმ თანამდებობის იდენტური ან ტოლფასი თანამდებობა, რომელიც გათავისუფლებამდე ეკავა მოსარჩელეს, მოპასუხის ქვემო ქართლის ტერიტორიულ სტრუქტურაში არ არსებობს. უშუალოდ 2020 წლის 27 თებერვლამდე ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 8 საშტატო პოზიცია იყო (აქედან ერთი - სამსახურის უფროსის, ხოლო 7 - მთავარი სპეციალისტის). რეორგანიზაციის შემდეგ კი ახალ სტრუქტურაში განისაზღვრა 20 საშტატო ერთეული (აქედან ერთი - სამსახურის უფროსის, ხოლო 19 - მთავარი სპეციალისტის).

5.11. სააგენტოს 2020 წლის 31 მარტის N01/74475 წერილით დასტურდება, რომ რეორგანიზაციამდე სააგენტოს საშტატო ნუსხით დამტკიცებული იყო 615 საშტატო ერთეული, თვის ფონდით 813 200 ლარის ოდენობით, შესაბამისად, წლიური ფონდი შეადგენდა 9 758 000 ლარს. რეორგანიზაციის შემდეგ კი საშტატო ნუსხა განისაზღვრა 530 ერთეულით, 749 000 ლარიანი ყოველთვიური, ხოლო 9 000 000 წლიური ფონდებით.

5.12. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სააგენტომ გადაწყვეტილება მოსარჩელესთან დაკავშირებით მიიღო არა მარტო ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით, არამედ კომპლექსურად, მასთან ჩატარებული გასაუბრების გათვალისწინებითაც. თუმცა, ოქმების ამონაწერებიდან, რომლებიც მოპასუხემ წარმოადგინა, გასაუბრების ე.წ. „დეტალურ გაშიფვრას“ (ანუ მითითებას გასაუბრების შინაარსზე) შეიცავს მხოლოდ მოსარჩელესთან მიმართებით (მოპასუხემ წარმოადგინა ამონაწერები ათი პრეტენდენტის (მათ შორის - მოსარჩელის)) გასაუბრების ოქმები. აღსანიშანავია, რომ მოსარჩელესთან მიმართებით კომისიამ დაასკვნა შემდეგი: „…[მოსარჩელე] ვერ გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანას და მისი შემდგომი დასაქმება სააგენტოში არ არის მიზანშეწონილი“. ამ დასკვნამდე კომისია მივიდა იქიდან გამომდინარე, რომ „…კომისიის მიერ დასმულ კითხვას, თუ რამ გამოიწვია რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში, სხვა თანამშრომლებთან შედარებით, საშუალოზე დაბალი ქულების მიღება, უპასუხა, რომ წუხს მიღებული შეფასების გამო, რადგან რეორგანიზაციის ფარგლებში მოსალოდნელი შემცირების ფონზე ღელვა შესაძლოა ნეგატიურად აისახა მასზე. დაკავებულ პოზიციაზე მის საქმიანობასა და სამუშაო პროცესში შესაძლო სირთულეებზე კომისიის მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით […] განმარტა თავისი ფუნქცია-მოვალეობები, აღწერა სამუშაო პროცესი და აღნიშნა, რომ სირთულეებს არ აწყდება, მუშაობს კარგად და საჭიროდ არ მიიჩნევს სამუშაო პროცესში არაფრის გამოსწორებას“, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ 9 დანარჩენ პრეტენდენტს, მათთან დაკავშირებით ოქმებში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ მათ დაესვათ გარკვეული კითხვები, რაზეც მათ გასცეს „არგუმენტირებული პასუხი და ამომწურავად ჩამოაყალიბეს ფუნქცია მოვალეობები“.

5.13. პალატამ მიიჩნია, რომ ოქმები არ შეიცავდა ინფორმაციას კონკრეტულ პასუხებთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს მისცემდა შედარებისა და ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას. ასევე დაუსაბუთებელი და გაურკვევლი იყო მოპასუხის მითითება როგორც სხდომაზე, ისე ოქმის ჩანაწერში, რომ მოსარჩელის პასუხები იყო არადამაკმაყოფილებელი იმ პირობებში, როცა ოქმის თანახმად, მან ყველა კითხვას გასცა პასუხი. რა მიიჩნია „არაარგუმენტირებულ“ პასუხად, არც ოქმშია დასაბუთებული და არც სასამართლო სხდომაზე დასაბუთებულა.

5.14. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

5.15. პალატამ მიიჩნია, რომ უნდა შეეფასებინა სამუშაო ძალის შემცირება ხომ არ ატარებდა ფორმალურ ხასიათს. ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში, მაშინაც კი როდესაც მას შტატების შემცირება მოსდევს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასებულიყო დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოვლენილი ცალმხრივი ნება შეესაბამებოდა თუ არა ამ ნების საკანონმდებლო რეგლამენტაციას.

5.16 სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ წარმოადგინა დამაჯერებელი, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დამყარებული არგუმენტაცია, რომ განხორციელებული რეორგანიზაცია ნაკარნახევი იყო ფინანსებისა და შტატების ოპტიმიზაციით. თუმცა, გაიზიარა რაიონული სასამართლოს განმარტება მასზედ, რომ 10 პრეტენდენტიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ გადარჩევის პროცესში, ყველას ეკავა მთავარი სპეციალისტის პოზიცია და ცხრამ თავისივე პოზიით გადაინაცვლა ახალ, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ სტრუქტურაში. შესაბამისად, ყველა ეს პრეტენდენტი, როგორც მათ შორის მოსარჩელე, იყო ერთსა და იმავე მდგომარეობაში მყოფი პირები, რომელთა მიმართაც შეფასების, გამორჩევის ერთი და იგივე მიდგომა, კრიტერიუმი უნდა ყოფილიყო გამოყენებული. წარმოდგენილი ოქმების ამონაწერებიდან არ ირკვეოდა (მოსარჩელის გარდა) დანარჩენს პირებს კონკრეტულად როგორ ფორმულირებული კითხვები დაუსვეს, მათ როგორი პასუხები გასცეს (მათი პასუხების შეფასებისათვის საკმარისი არ იყო მხოლოდ მოპასუხის მითითება, რომ პასუხები იყო „დამაჯერებლი“), რატომ მიიჩნია კომისიამ მოსარჩელის პასუხი არამდამაჯერებლად (რატომ არ შეიძლება პირი თავის პოზიციაზე საქმიანობით იყოს კმაყოფილი და მიაჩნდეს, რომ არაფრის შეცლა არ არის საჭირო). შესაძლოა, მოსარჩელის ეს პასუხი მართლაც იყო „არადამაჯერებლი“, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო დანარჩენი პრეტენდენტების პასუხების შედარებისა და შეჯერების შედეგად, ანუ გაუგებარია, რამდენად თანაბარი მოპყრობის პირობებში აღმოჩნდა მოსარჩელე დანარჩენ ცხრა პრეტენდენტთან მიმართებით.

5.17. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა რაიონული სასამართლოს მითითება, რომ რეორგანიზაციის პროცესი წარიმართა არაგამჭვირვალედ. კერძოდ, გასაუბრების პროცედურასთან ერთად, სააგენტოს უნდა განესაზღვრა კონკრეტული კითხვარი იმ თემატიკის მიხედვით, რაც რელევანტური იქნებოდა პრეტენდენტის მიერ დაკავებულ კონკრეტულ პოზიციასთან მიმართებით, ასევე უნდა შეემუშავებინა ობიექტური კრიტერიუმები და დაედგინა შეფასების მეთოდოლოგია.

5.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით განსაზღვრული სათანადო წინაპირობების არსებობა, რაც განაპირობებდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობას. ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში კი ვინაიდან, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა გაუქმდა, ხოლო მის მიერ დაკავებული შტატის მოვალეობები გადანაწილებულია სხვადასხვა პირებზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტის მტკიცება მოსარჩელის ტვირთს წარმოადგენდა, ხოლო შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას სათანადო მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ზეპირი განმარტებით მიუთითებდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორად იყო გამოყენებული დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალებად კომპენსაცია ერთი წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მითითებით, სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესის ლეგიტიმურად მიჩნევის პირობებში, არათანმიმდებრული და ბუნდოვანია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის არაკანონიერებაზე.

6.2. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი ოქმის, როგორც მტკიცებულების საპირწონედ მოსარჩელე მხოლოდ ზეპირ განმარტებას იყენებს, რაც სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა.

6.3. სპეციალურად შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობითა და გამჭვირვალობის ხარისხის დაცვით მოხდა თანამშრომელთა შეფასება და სხვა თანამშრომლებთან შედარებით დაბალი შეფასების მიღების გამო, აგრეთვე გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხების გათვალისწინებით გათავისუფლდა მოსარჩელე დაკავებული პოზიციიდან, რასაც ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ნოემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრით სადავოა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძვლის არსებობა.

12.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაციისა და მისი შდეგების მოსარჩელისადმი მართლზომიერების საკითხები, კერძოდ, შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება, დამსაქმებელის მიერ სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენება, ანუ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 115-ე და მე-8 მუხლებით რეგულირებული საკითხები და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შრომის უფლების დაცვის სტანდარტი, ვინაიდან რეორგანიზაცია დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (სუსგ №ას-115-111-2016, 8.04.2016წ.).

12.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს და, ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.

12.3. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან“ (სუსგ. №ას-665-636-2016, 9.12.2016)“.

13. შრომით დავებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი, რომელიც რეორგანიზაციის მართლზომიერებაზე მიუთითებს, სწორედ თავადაა ვალდებული, რეორგანიზაციისა და მისი შედეგების მოსარჩელის მიმართ მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინოს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მის მიერ წარმოდგენილი სხდომის ოქმის ამონაწერის, როგორც უპირატესი მტკიცებულებითი ძალის მქონე დოკუმენტის თაობაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ამონაწერი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას ვერ ადასტურებს.

13.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ცვლილება განიცადა მოპასუხე ორგანიზაციამ. წარმოდგენილია დამაჯერებელი, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დამყარებული არგუმენტაცია, რომ განხორციელებული რეორგანიზაცია ნაკარნახევი იყო ფინანსებისა და შტატების ოპტიმიზაციით, კერძოდ, დასტურდება როგორც საშტატო ნუსხის, ასევე ყოველთვიური და წლიური ფონდების შემცირება. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საკმარის საფუძველს მოპასუხის პრეტენზიის (კანონიერად ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლიანობა) გაზიარებისთვის და მიუთითებს, რომ კომპანიაში განხორციელებული რეორგანიზაცია არ წარმოშობს დასაქმებული პირის უპირობოდ გათავისუფლების საფუძველს, დამსაქმებელს ევალებოდა ესაბუთებინა, თუ რა გარდაუვალი აუცილებლობა არსებობდა კონკრეტულად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის.

13.2. კასატორი მიუთითებს, რომ სპეციალურად შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობითა და გამჭვირვალობის ხარისხის დაცვით მოხდა თანამშრომელთა შეფასება და სხვა თანამშრომლებთან შედარებით დაბალი შეფასების მიღების გამო, აგრეთვე გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხების გათვალისწინებით გათავისუფლდა მოსარჩელე დაკავებული პოზიციიდან, რასაც ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი თანამშრომლების გასაუბრების ოქმების ამონაწერებიდან ირკვევა მხოლოდ მოსარჩელისათვის დასმული კითხვები და პასუხები, ხოლო სხვა პირებისათვის დასმული კონკრეტული კითხვები და პასუხები წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, მოპასუხის მხოლოდ მითითება, რომ სხვა პრეტენდენტების პასუხები იყო დამაჯერებელი, ვერ მიიჩნევა საკმარისად და არ იძლევა პასუხების შედარებისა და შეჯერების შესაძლებლობას.

13.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში, სამუშაო ძალის შემცირების შემთხვევაშიც, ასეთი საფუძვლით გათავისუფლებული თანამშრომლისათვის ნათელი უნდა ყოფილიყო შერჩევის რა კრიტერიუმით ისარგებლა დამსაქმებელმა. შრომით-სამართლებრივი დავებისათვის დამახასიათებელი მტკიცების სპეციფიური სტანდარტის შესაბამისად, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა კონკრეტულად მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი ისეთი გარემოებების არსებობა, რომელთა საფუძველზეც სხვა თანამშრომლებს მიენიჭათ სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა მოსარჩელესთან შედარებით.

13.4. ამდენად, ვინაიდან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების მართებულობაზე და მიიჩნევს, რომ მოსარჩელე უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, წარმოიშვა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტში (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მითითებული დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, ნორმა დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ №ას-1135-2018, 31 მაისი 2019 წელი; სუსგ №ას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წელი). განსახილველ შემთხვევაში კასატორი არის დამსაქმებელი, შესაბამისად, მისი პრეტენზიის ფარგლებში საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში რიგით მომდევნო სამსჯელო საკითხზე, თუ რატომ არ მოხდა დასაქმებულის ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა. რაც შეეხება კომპენსაციის დაკისრებას, დამსაქმებელ ორგანიზაციას საკასაციო პრეტენზია კომპენსაციის ოდენობის შემცირებასთან მიმართებით არ წარმოუდგენია.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ და სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის საფუძვლით მოპასუხე ორგანიზაციას დააკისრა კომპენსაცია მოსარჩელის სასარგებლოდ. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

16. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 495 ლარის (396 ლარი, საგადახდო დავალება N13011, გადახდის თარიღი 23.08.2021; 99 ლარი, საგადახდო დავალება N14191, გადახდის თარიღი 03.09.2021) 70% – 346.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 495 ლარის (396 ლარი, საგადახდო დავალება N13011, გადახდის თარიღი 23.08.2021; 99 ლარი, საგადახდო დავალება N14191, გადახდის თარიღი 03.09.2021) 70% – 346.5 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე