Facebook Twitter

საქმე № ას-1062-2021 13 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ს. ა-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი------ა ს------ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ი----ა ს-----ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია) წარმომადგენელმა ს. ა-ის (შემდეგში: მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, უსაფუძვლოდ მიღებული 4 679 804.04 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. კომპანია დაფუძნდა 2016 წლის 19 სექტემბერს, დირექტორად დაინიშნა ვ. კ-ძე. იმავე წლის 4 ოქტომბერს კომპანიის დირექტორად დაინიშნა მოპასუხე, ხოლო, 2019 წლის 18 თებერვალს გ. ჟ-ლი (შემდეგში: კომპანიის დირექტორი).

3. კომპანიის დირექტორის განმარტებით, კომპანიის საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე კომპანიიდან გატანილი ჰქონდა სოლიდური თანხები, კერძოდ, 2016 წლის 19 სექტემბრიდან 2019 წლის 10 აპრილამდე პერიოდში, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაიტანა 4 019 822.36 ლარი, ხოლო, დააბრუნა - 3 135 ლარი, შესაბამისად, დავალიანება შეადგენდა 4 016 687.36 ლარს.

4. მოპასუხემ, 2018 წელს, დაადეკლარირა განაცემი ხელფასი, თუმცა, არცერთ სახელფასო ინფორმაციაში მითითებული არ იყო ვისზე გაიცა ხელფასი. დასახელებული თანხების ჯამი 663 611.68 ლარი იყო, საიდანაც 2018 წლის ივნისის თვეში გაცემული იყო 144 829.08 ლარი, 2018 წლის ივლისის თვეში - 94 155.10 ლარი, 2018 წლის აგვისტოს თვეში - 120 000 ლარი, 2018 წლის ოქტომბრის თვეში - 106 250 ლარი და 2018 წლის დეკემბრის თვეში - 197 882.50 ლარი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შესაბამისი მოხელის (მოსამართლის თანაშემწის) მიერ შედგენილი აქტით მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ და განემარტა ვალდებულება, უზრუნველეყო მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარება ფოსტის, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე და მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარების დასტური სასამართლოსათვის წარედგინა 2 თვის ვადაში, ან ეშუამდგომლა გზავნილის საჯარო შეტყობინებით გავრცელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელი დარჩებოდა განუხილველად (ტ.1, ს.ფ 59).

6. საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 24 ივლისს განცხადებით მიმართა კომპანიის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ მოპასუხეს ექვსჯერ გაეგზავნა სარჩელი თანდართული დოკუმენტებით, თუმცა, მისი ჩაბარება ადრესატისთვის ვერ მოხერხდა. სარჩელში მითითებულ მისამართზე გზავნილი განხორციელდა სამჯერ - 2019 წლის 23 მაისს, 7 ივნისს და 14 ივნისს, თუმცა, სახლში არავინ იყო, მეზობლის განმარტებით, ბინა დაკეტილია. სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლი ორჯერ გაიგზავნა მისამართზე, რომელზეც, მოსარჩელის ინფორმაციით, მდებარეობდა მოპასუხის ოფისი (თბილისი, -------- -), თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა. სარჩელი, დანართებით გაიგზავნა მისამართზე, რომელზეც, მოსარჩელის ინფორმაციით, მოპასუხეს გააჩნდა საკუთრება (ხაშური, ------), თუმცა საფოსტო უკუგზავნილის შესაბამისად, ადრესატს სახლი გაქირავებული აქვს. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელისა და მასზე თანდართული დოკუმენტების მოპასუხისთვის ჩაბარება საჯარო შეტყობინების გზით (ტ.1, ს.ფ 72- 81).

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსთვის გზავნილის მხარისათვის გადაცემის დავალების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს ტერიტორიულ საუბნო სამსახურს დაევალა კომპანიის საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო გზავნილის ჩაბარება მოპასუხისთვის, მისამართზე: თბილისი, ----- --- გასასვლელი, კორპუსი -, ბინა -. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა იმავე გზავნილის ს. ა-ის ჩაბარება მისამართზე: ხაშური, ----- ქუჩა ---; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს ტერიტორიულ საუბნო სამსახურს ს. ა-ვის სარჩელისა და თანდართული მასალების ასლების ჩაბარება დაევალა მისამართზე: თბილისი, ------ ქ. - (ტ.1, ს.ფ ----).

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მაიორმა, რომლის თანახმად, ძველი თბილისის სამმართველოსთვის გაგზავნილი სასამართლო დავალება ქვემდებარეობით გადაეგზავნა ისანი-სამგორის სამმართველოს (ტ.1, ს.ფ 96-97).

9. საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 8 აგვისტოს მიმართა ხაშურის პოლიციის დეპარტამენტმა, წარადგინა 2019 წლის 1 აგვისტოს შედგენილი გასაუბრების ოქმი, რომლის თანახმადაც, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გაესაუბრა ხაშურში, ------ N--ში მცხოვრებ გ. ღ-ეს, რომელმაც განმარტა, რომ დაახლოებით 5 წლის წინ ს. ა-ი ---- N--ში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა როგორც იცის, ადრესატი ამჟამად საცხოვრებლად იმყოფება საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად და დაახლოებით 5 წელია, რაც არ ჩასულა ხაშურში (ტ.1, ს.ფ 98-99).

10. საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 8 აგვისტოს მიმართა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების წარმომადგენელმა 2019 წლის 3 აგვისტოს შედგენილი ბინაზე გამოცხადების ოქმის მიხედვით, ირკვევა, რომ გზავნილი ვერ ჩაბარდა ადრესატს, მიზეზად მითითებულია, რომ ბინა დაკეტილია (ტ.1, ს.ფ. 100-102).

11. სასამართლოს, 2019 წლის 21 აგვისტოს მიმართა ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილებამ, წარადგინა 2019 წლის 17 აგვისტოს შედგენილი ბინაზე გამოცხადების ოქმი, რომელშიც გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია, რომ ადრესატი მისამართზე არ ცხოვრობს, ხოლო მეზობლები არ იცნობენ (ტ.1, ს.ფ 104-105).

12. კომპანიის წარმომადგენელმა, 2019 წლის 22 აგვისტოს მიმართა სასამართლოს, წარადგინა განცხადება, 2019 წლის 11 მარტს შედგენილ დაყადაღების აქტთან ერთად, რომელიც შედგენილი იყო ხაშურში, ----- N----ში და ხელს აწერდა მოპასუხე, ხაშურის პოლიციის მიერ 2019 წლის 1 აგვისტოს შედგენილ გასაუბრების ოქმში მითითებული იმ ფაქტობრივი გარემოების გასაქარწყლებლად, რომ მოპასუხე ცხოვრობს საზღვარგარეთ და 5 წელია ხაშურში არ ყოფილა (ტ.1, ს.ფ 106-109).

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის საჯარო შეტყობინებით, ეცნობა მოპასუხეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაში იყო კომპანიის სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ, თანხის დაკისრების მოთხოვნით. ამავე განჩინებით, მოპასუხეს განემარტა შესაგებლის წარმოდგენის სავალდებულოობა საჯარო შეტყობინების გავრცელებიდან 10 დღის ვადაში და შესაგებლის წარუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესზე (ტ.1, ს.ფ 112-115). მითითებული განჩინება თვალსაჩინო ადგილსა და ვებგვერდზე განთავსდა 2019 წლის 25 სექტემბერს და ჩამოიხსნა 2019 წლის 2 ოქტომბერს (ტ.1, ს.ფ 117).

14. მოპასუხის წარმომადგენელმა, 2019 წლის 17 ოქტომბერს მიმართა საქალაქო სასამართლოს, წარადგინა მინდობილობები (ტ.1,ს.ფ. 118). განცხადებას დაერთო 2019 წლის 13 სექტემბერს მოპასუხის მიერ წარმომადგენლებისთვის მიცემული მინდობილობა, რომელიც რწმუნებულებს განუსაზღვრელი ვადით აღჭურვავს, მათ შორის, სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილებით (ტ.1, ს.ფ 119-121).

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კომპანიის სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 4 679 804.4 ლარის გადახდა.

16. მოპასუხის წარმომადგენლებმა, 2019 წლის 21 ოქტომბერს განცხადებით მიმართეს სასამართლოს, შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელების მოთხოვნით. წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ მოპასუხე ცხოვრობს საფრანგეთში და მათ შემთხვევით გაიგეს კომპანიის სარჩელის შესახებ, ამდენად, წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელება და ვადის ათვლის დაწყება 2019 წლის 17 ოქტომბრიდან (ტ.1,ს.ფ. 122). ამასთანავე, მოპასუხის სახელით წარადგინეს შესაგებელი კომპანიის სარჩელზე (ტ.1,ს.ფ. 123-133).

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, შესაგებლის წარმოსადგენად დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელებას ეთქვა უარი, ხოლო, შესაგებელი დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით: საქმეში არსებული დოკუმენტაციით დგინდებოდა, რომ საჯარო შეტყობინების აქტი გამოქვეყნდა 2019 წლის 23 სექტემბერს, ხოლო ჩამოიხსნა 2019 წლის 2 ოქტომბერს, რაც იმას ნიშნავდა, რომ პასუხის (შესაგებლის) წარსადგენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 3 ოქტომბერს. შესაბამისად, მოპასუხე უფლებამოსილი იყო შესაგებელი წარედგინა 2019 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით. 2019 წლის 17 ოქტომბერს სასამართლომ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. მოპასუხის წარმომადგენლებმა, შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მიმართეს სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბერს და იმავე დღეს წარადგინეს შესაგებელი. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, სამოქალაქო საპროცესო სამართალი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის როგორც გაგრძელებას, ასევე აღდგენას, თუმცა, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გაგრძელება დასაშვებია როდესაც განმცხადებელი, სასამართლოს მიმართავს მიმდინარე ვადის პერიოდში ანუ როდესაც ჯერ კიდევ არ გასულა დადგენილი ვადის დინების პერიოდი, ხოლო ვადის აღდგენაში კანონმდებელმა გაითვალისწინა ისეთი შემთხვევა, როდესაც გასულია საპროცესო მოქმედების შესრულების პერიოდი და განმცხადებელი ითხოვს გაშვებული საპროცესო მოქმედების ვადის დინების განახლებას. მოპასუხის წარმომადგენლებმა ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს 2019 წლის 21 ოქტომბერს, ხოლო, საპროცესო მოქმედების შესრულების უკანასკნელ დღეს წარმოდგენდა 2019 წლის 14 ოქტომბერი ანუ მოპასუხის წარმომადგენლებმა განცხადება წარადგინეს შვიდი დღის დაგვიანებით, შესაბამისად, განმცხადებლებს გაშვებული აქვთ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა, ხოლო სსკ-ის 201.1. მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ ვადის გაგრძელებას და არა აღდგენას (ტ.1, ს.ფ 134-136).

18. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინეს მოპასუხის წარმომადგენლებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ მოპასუხის მარწმუნებლებისათვის 2019 წლის 17 ოქტომბერს სასამართლოს კანცელარიაში სრულიად შემთხვევით გახდა სარჩელის შესახებ, რის გამოც დაუყოვნებლივ წარადგინეს მინდობილობები, და მოითხოვეს საქმის მასალები, ხოლო 21 ოქტომბერს დოკუმენტების წარდგენისას მათთვის ცნობილი არ იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსებობა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიუთითა ისეთი მისამართები, სადაც მოპასუხე ფიზიკურად არ იმყოფებოდა და მასთან დაკავშირება ამავე მისამართების მეშვეობით შეუძლებელი იქნებოდა, შესაბამისად, სარჩელისა და თანდართული მასალის რამდენჯერმე ერთსა და იმავე მისამართზე გაგზავნა არ გულისხმობს მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების კეთილსინდისიერ შესრულებას. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სსსკ 78-ე მუხლის პირველ ნაწილში საჯარო შეტყობინების განსახორციელების წინაპირობად მითითებული „თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია“ გულისხმობს მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის დადგენის ობიექტურ შეუძლებლობას. მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელესა და B----A P----T L----P-ს (რომლის დირექტორიც მოპასუხეა) მიმდინარე დავაში მოპასუხის მისამართად მითითებულია ქალაქი რუსთავი, მე---- მ/რ, ---, ბინა ---, ტელეფონის ნომერი: ------, აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენელმა წინამდებარე სარჩელში მიუთითა მოპასუხის ის მისამართი, რომელიც ვარგისი არ იქნებოდა მოსარჩელესთან კომუნიკაციისთვის.

19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

20. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

20.1. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებაზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, გაუქმების მოთხოვნით.

21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

21.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

21.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივარი იმ გარემოებას ეფუძნებოდა, რომ მოპასუხის საზღვარგარეთ ყოფნის გამო, მისთვის სარჩელისა და თანდართული მასალის ჩაბარება სარჩელში მითითებულ მისამართზე იყო შეუძლებელი, ამრიგად, საჯარო შეტყობინების განხორციელების მიუხედავად, მოპასუხისათვის სარჩელის შესახებ ინფორმირება არ უნდა ჩათვლილიყო განხორციელებულად. სააპელაციო საჩივარში აპელანტი სადავოდ ხდიდა საქალაქო სასამართლოს მიერ საჯარო შეტყობინების გასავრცელებლად გამოყენებული წესის კანონშესაბამისობასაც. პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხის საზღვარგარეთ ცხოვრების არგუმენტის პირობებში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივრის წარდგენის ეტაპზე, აპელანტი მიუთითებდა, რომ მოსარჩელის კეთილსინდისიერების შემთხვევაში, სარჩელის შესაბამის გრაფაში მოპასუხის მისამართად მითითებული უნდა ყოფილიყო ქალაქი რუსთავი, მე---- მ/რ, ---, ბინა ----.

21.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასამიჯნი იყო სამოქალაქო სამართალწარმოებისას არასწორი მისამართის მითითების ორი შემთხვევა. პირველ შემთხვევაში, მისამართის მიმთითებელი პირისათვის იმთავითვე ცნობილი უნდა იყოს, რომ სასამართლოს მიუთითებს არასწორ მისამართს და ამ გზით შეჰყავს სასამართლო შეცდომაში, ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია სარჩელის განუხილველად დატოვება, რამეთუ აღნიშნული წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი მოსარჩელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საშუალებას (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინება საქმეზე №2ბ/4134-15). მეორე შემთხვევაში, მოპასუხის მისამართის უსწორობის მიმართ მოსარჩელე კეთილსინდისიერია, რამეთუ მისთვის ცნობილი არ არის, რომ მოპასუხემ შეიცვალა მისამართი და სწორედ ამ ინფორმაციის არქონით არის განპირობებული უზუსტო მონაცემის წარდგენა სასამართლოში. ასეთ შემთხვევაში, მიზანშეუწონელია მოსარჩელისათვის სანქციის დაკისრება და სარჩელის განუხილველად დატოვება, არამედ უნდა გატარდეს საპროცესო კანონით შემოთავაზებულ ღონისძიებათა ერთობლიობა მოპასუხის მისაკვლევად.

21.4. სააპელაციო პალატის მითითებით, როდესაც მოპასუხე ცდილობდა დაესაბუთებინა, სარჩელის აღძვრიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ჩათვლით დროის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრების ფაქტი, გაურკვეველია, რა ეფექტი ექნებოდა სარჩელისა და თანდართული მასალების იმ მისამართზე გაგზავნას, რომელიც მოპასუხეს მასთან კომუნიკაციის დასამყარებლად ვარგის მისამართად ჰქონდა მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარში. არც საჩივარი და მასზე დართული მტკიცებულებები და არც სააპელაციო საჩივარი დანართებით, არ შეიცავს მტკიცებას, რომ მისამართი: ქალაქი რუსთავი, მე-----მ/რ, ---, ბინა ---, ეკუთვნის მოპასუხეს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს. სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია არც ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სხვა, მიმდინარე დავის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებისთვის დოკუმენტალურად იყო ცნობილი, რომ მოპასუხე სხვა მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში საქმისწარმოების დოკუმენტებში საკუთარ მისამართად სწორედ ზემოაღნიშნულ მისამართს უთითებდა, ასეთი მტკიცებულება საქმის არც პირველი ინსტანციის წესით განხილვისას და არც სააპელაციო სასამართლოში, აპელანტის (მოპასუხის) წარმომადგენლებს არ წარუდგენიათ და შესაბამისად, არც საქმეში მოიპოვება.

21.5. გასათვალისწინებელი იყო, რომ აპელანტის საზღვარგარეთ ცხოვრების ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. 2019 წლის 13 სექტემბრის სანოტარო აქტში (მინდობილობაში) ნოტარიუსის მითითება, რომ მოპასუხე იმყოფებოდა საფრანგეთში, მინდობილობის ტექსტიდანვე ცნობილი ხდება, რომ ემყარებოდა თავად მოპასუხის განცხადებას და არა ნოტარიუსის მიერ ამავე განცხადების გადამოწმების შედეგად დადგენილ ფაქტს, ამდენად, აღნიშნული მინდობილობა ვერ მიიჩნეოდა სათანადო მტკიცებულებად პირის კონკრეტულ დროს საზღვარგარეთ ყოფნის დასადასტურებლად.

21.6. სააპელაციო სასამართლომ, განსაკუთრებული ყურადღების ღირსი იყო ის გარემოება, რომ 2019 წლის 21 ოქტომბერს წარდგენილ შესაგებელში მოპასუხის წარმომადგენლებიც კი მოპასუხის ძირითად მისამართად უთითებდნენ შემდეგს: თბილისი, ------ ---- გასასვლელი, კორპუსი --, ბინა --, მეტიც, სააპელაციო საჩივარშიც კი, აპელანტის მისამართად კვლავ მიეთითება თბილისი, ----- --- გასასვლელი, კორპუსი --, ბინა --, ანუ მისამართი, რომელიც მოსარჩელე კომპანიამ სარჩელში მიუთითა მოპასუხის ძირითად მისამართად. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მისამართი სწორედაც ზემოაღნიშნული მისამართია და სამართლებრივად მნიშვნელოვანი კავშირი აპელანტს რუსთავის მისამართთან არ გააჩნდა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინება საქმეზე ას-887-2018).

22. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

22.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების, აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

22.2. კასატორის განმარტებით, ---- მე---- გასასვლელი, კორპ ---, ბ.--- გზავნილის გაგზავნის შედეგად აღმოჩნდა, რომ მითითებული ბინა დაკეტილი იყო. ხაშურში, ---- #---ში გაგზავნილ მისამართზე აგრეთვე ვერ ჩაბარდა, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე უკვე 5 წელია აღარ ცხოვრობდა დასახელებულ მისამართზე, ასევე, ვერ ჩაბარდა გზავნილი თბილისში, ---- #---ში, ამასთან აღნიშნულ მისამართზე არსებული მაცხოვრებლები ადასტურებდნენ რომ მოპასუხეს საერთოდ არ იცნობდნენ.

22.3. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის არსებულ სხვა დავაში მოპასუხეს მითითებული ჰქონდა ელექტრონული ფოსტის მისამართი, თუმცა მოსარჩელეს აღნიშნული არ გამოუყენებია არც თავად და არც სასამართლოსთვის მიუთითებია.

22.4. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდებოდა, რომ სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად მოპასუხეს არ ჩაბარებია, რის გამოც არც იცოდა და ვერც ეცოდინებოდა, რომ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი იყო აღძრული.

23. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

23.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო, ამავე სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

24. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, მოპასუხის მიერ სასამართლოს განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით გამოტანილი დაუწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების კანონიერება.

26. საკასაციო საჩივრის თანახმად, მხარე პრეტენზიას ძირითადად ამყარებს მისთვის სასამართლო შეტყობინების კანონით დადგენილი წესის დაუცველად ჩაბარებაზე (სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლები). ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო მისი მისამართი და ელ. ფოსტის მისამართი, მხარეთა შორის მიმდინარე სხვა დავიდან, რომელიც საერთოდ არ გამოუყენებია სარჩელში.

27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს, საფუძველი ჩაეყარა 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, სახელდობრ, კოდექსს დაემატა 2321 მუხლი, რომლის პირველი წინადადების თანახმად, „მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება“. ამდენად, კოდექსში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ დგება არასასურველი საპროცესოსამართლებრივი შედეგი, კერძოდ, საქმის განმხილველ მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

28. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას, როგორც ეს გათვალისწინებულია სსსკ-ის 230-ე მუხლში, კანონმდებელი არ ითვალისწინებს - სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.

29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება, განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ( შდრ. სუს-ოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი, პ.32; სუსგ №ას-101-2020, 08 ივლისი, 2020 წ; სუსგ №ას-948-884-2017, 12 სექტემბერი, 2017 წ.).

31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, კერძოდ კი, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა.

32. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.). თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების ხარჯზე.

33. საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე დადგენილ გარემოებებზე გაამახვილებს ყურადღებას, კერძოდ, მოსარჩელემ სარჩელი და თანდართული მასალები არაერთხელ გაუგზავნა მოპასუხეს სხვადასხვა მისამართზე, პირველი სამი გზავნილი გაეგზავნა ქ. თბილისში, ----- მე---- გასასვლელი, კორპუსი--, ბინა --, აღნიშნული მისამართიდან საფოსტო უკუგზავნილის მიხედვით ბრუნდებოდა ადრესატზე ჩაუბარებლად, მიზეზად კი მითითებული იყო - „სახლში არავინ იყო“ და „სახლში არავინ იყო, მეზობლის განმარტებით ბინა დაკეტილია“, შემდეგი გზავნილები გაიგზავნა, თბილისში, ----- #----ში, ორჯერ, რომელიც დაბრუნდა უკუგზავნილით - „აღნიშნულ მისამართზე არის კორპუსი, გაკითხვით ადრესატი არ მოიძებნა“, ქ. ხაშურში, ---- ქუჩა #----ში ასევე ვერ ჩაბარდა, უკუგზავნილზე მითითებული იყო რომ „მისამართზე არსებული სახლი გაქირავებული აქვს ადრესატს“.

34. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ, სარჩელისა და მასზე დართული დოკუმენტების საჯარო შეტყობინებით გამოქვეყნება მოითხოვა.

35. 2019 წლის 21 ოქტომბერს მოპასუხის წარმომადგენლებმა მიმართეს საქალაქო სასამართლოს და განმარტეს, რომ მათთვის შემთხვევით გახდა ცნობილი წარდგენილი სარჩელის შესახებ იმავე წლის 17 ოქტომბერს, ამდენად, მოითხოვეს საპროცესო ვადის გაგრძელება შესაგებლის წარმოსადგენად, იმ საფუძვლით, რომ ობიექტურად არ იყო მათთვის და მათი მარწმუნებლისთვის ცნობილი სასარჩელო წარმოების შესახებ, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა არ არსებობდა. მიუხედავად აღნიშნულისა, საპროცესო ვადის გაგრძელებაზე მოპასუხეს უარი ეთქვა, ხოლო, შესაგებელი დარჩა განუხილველი, როგორც განსაზღვრული საპროცესო ვადის შემდეგ წარდგენილი დოკუმენტი.

36. მოპასუხემ საჩივარი წარადგინა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. საჩივრის მიხედვით, მოპასუხის წარმომადგენლებისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი საქმისწარმოების შესახებ. საჩივრის მიხედვით, მოსარჩელის მიერ გაგზავნილი გზავნილების დაბრუნებისას, უკუგზავნილებით ირკვეოდა, რომ მოპასუხის იურიდიულ მისამართზე იგზავნებოდა გზავნილი, ხოლო, მისამართი არ წარმოადგენდა მოპასუხის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს. საჩივრის ავტორისა და კასატორის პრეტენზიით, მოსარჩელემ არ მიიღო საკმარისი ზომები იმისთვის, რომ დაედგინა მოპასუხის ადგილსამყოფელი. აღნიშნულ ეჭვს აღრმავებდა ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა სხვა დავა, სადაც მოსარჩელე იყო „B-----A P----T L---P“, რომელსაც ამჟამინდელი მოპასუხე წარმოადგენდა, ხოლო, მოწინააღმდეგე იყო ამჟამინდელი მოსარჩელე კომპანია, ამასთან, ამ უკანასკნელის წარმომადგენელი იგივე პირია, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე კომპანიის დირექტორია. დასახელებულ დავაში, მოსარჩელის წარმომადგენლის და ამჟამინდელი მოპასუხის ძირითადი მისამართის ველში მითითებული იყო - საქართველო, ქალაქი რუსთავი, ---- მიკრო რაიონი,---, ბინა ---, აგრეთვე, მითითებული იყო ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი., თუმცა მიმდინარე დავაში მოსარჩელე კომპანიას, დასახელებული მისამართით არ უხელმძღვანელია, არამედ, იყენებდა მხოლოდ იურიდიულ მისამართებს.

37. საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილ, ხაშურის რაიონის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილ გასაუბრების შესახებ ოქმზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, ირკვევა, რომ მოპასუხე, ხაშურში, ----- ქუჩაზე, დაახლოებით 5 წლის წინ ცხოვრობდა, ხოლო, მეზობლის იმფორმაციით ბოლო ხუთი წელია არ ჩასულა ხაშურში, იმყოფება საზღვარგარეთ.

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, მოსარჩელის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაზე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე განმარტავდა შემდეგს - „მოპასუხის მიმართ არსებული დიდი ოდენობის მოთხოვნების, მის წინააღმდეგ წარმართული სასამართლო საქმეებისა და საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ მოპასუხის უკანონო საქმიანობის შესწავლის დაინტერესების გამო, მოპასუხეს დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია, 4 წლის მანძილზე უკვე იმყოფება საფრანგეთი სახელმწიფოში და იქ აგრძელებს ყოველდღიურ საქმიანობას, საფრანგეთის სახელმწიფოში დებს გარიგებებს, იძენს ქონებას, სატრანსპორტო საშუალებებს და პირადი საქმიანობით გააჩნია საფრანგეთის კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე ფულადი სახსრები და ნაღდი სახით ფულადი თანხები... ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ მოპასუხე კომპანიის წილის მესაკუთრე და ერთადერთი პარტნიორი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც მყარი კავშირი საქართველოსთან არ გააჩნია, რაც შესაძლებელს ხდის სამართლებრივი გზების გვერდის ავლით, თვალთმაქცურად, კომპანიის ქონებისა და სახსრების სხვა ქვეყანაში გადატანას, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მათ წინააღმდეგ მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესრულებისაგან თავის დაღწევის მიზნით.“.

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადო წესით ჩაბარებულად მიიჩნია სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, მოსარჩელის მიერ წარდგენილი უკუგზავნილების გათვალისწინებით, თუმცა, საქმეში თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა (ტ.1,ს.ფ. 126-174; ტ.1, ს.ფ. 99; 61-66) და პრეტენზიების ურთიერთწინააღმდეგობისა და მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, აგრეთვე, სასამართლო დავალების შესახებ ხაშურის პოლიციის სამმართველოს გასაუბრების ოქმის მიხედვით, არსებული კვლევის ფარგლებში ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ისეთ მისამართზე გაგზავნის ფაქტი, რაც ობიექტურად შესაძლებელს გახდიდა მოპასუხის ინფორმირებას სასარჩელოს წარმოების შესახებ, რაც საკასაციო სასამართლოს განმარტებით დამატებით კვლევასა და შეფასებას საჭიროებს.

40. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

41. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ა-ის საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე

ვ. კაკაბაძე