საქმე № ას-1062-2021 13 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (კასატორი) – ს. ა-ი (მოპასუხე)
საჩივრის ავტორი (მოწინააღმდეგე მხარე) – შპს „ი-----ა ს----ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინება
საჩივრის ავტორის (კასატორი) მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
საჩივრის ავტორის (მოწინააღმდეგე მხარე) მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ი-----ა ს----ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია) წარმომადგენელმა ს. ა-ის (შემდეგში: მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, უსაფუძვლოდ მიღებული 4 679 804.04 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განჩინებით მოსარჩელე კომპანიის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ყადაღა დაედო მოპასუხის სახუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული სამი ერთეული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შესაბამისი მოხელის (მოსამართლის თანაშემწის) მიერ შედგენილი აქტით მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ და განემარტა ვალდებულება, უზრუნველეყო მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარება ფოსტის, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე და მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარების დასტური სასამართლოსათვის წარედგინა 2 თვის ვადაში, ან ეშუამდგომლა გზავნილის საჯარო შეტყობინებით გავრცელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელი დარჩებოდა განუხილველად (ტ.1, ს.ფ 59).
4. საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 24 ივლისს განცხადებით მიმართა კომპანიის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ მოპასუხეს ექვსჯერ გაეგზავნა სარჩელი თანდართული დოკუმენტებით, თუმცა, მისი ჩაბარება ადრესატისთვის ვერ მოხერხდა. სარჩელში მითითებულ მისამართზე გზავნილი განხორციელდა სამჯერ - 2019 წლის 23 მაისს, 7 ივნისს და 14 ივნისს, თუმცა, სახლში არავინ იყო, მეზობლის განმარტებით, ბინა დაკეტილია. სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლი ორჯერ გაიგზავნა მისამართზე, რომელზეც, მოსარჩელის ინფორმაციით, მდებარეობდა მოპასუხის ოფისი (თბილისი, ----- ---), თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა. სარჩელი, დანართებით გაიგზავნა მისამართზე, რომელზეც, მოსარჩელის ინფორმაციით, მოპასუხეს გააჩნდა საკუთრება (ხაშური, ----- ---), თუმცა საფოსტო უკუგზავნილის შესაბამისად, ადრესატს სახლი გაქირავებული აქვს. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელისა და მასზე თანდართული დოკუმენტების მოპასუხისთვის ჩაბარება საჯარო შეტყობინების გზით (ტ.1, ს.ფ 72- 81).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსთვის გზავნილის მხარისათვის გადაცემის დავალების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს ტერიტორიულ საუბნო სამსახურს დაევალა კომპანიის საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო გზავნილის ჩაბარება მოპასუხისთვის, მისამართზე: თბილისი, ------ --- გასასვლელი, კორპუსი --, ბინა --. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა იმავე გზავნილის ს. ა-ვის ჩაბარება მისამართზე: ხაშური, ----ქუჩა --; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს ტერიტორიულ საუბნო სამსახურს ს. ა-ის სარჩელისა და თანდართული მასალების ასლების ჩაბარება დაევალა მისამართზე: თბილისი, ---- ქ.--- (ტ.1, ს.ფ 82-90).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მაიორმა, რომლის თანახმად, ძველი თბილისის სამმართველოსთვის გაგზავნილი სასამართლო დავალება ქვემდებარეობით გადაეგზავნა ისანი-სამგორის სამმართველოს (ტ.1, ს.ფ 96-97).
7. საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 8 აგვისტოს მიმართა ხაშურის პოლიციის დეპარტამენტმა, წარადგინა 2019 წლის 1 აგვისტოს შედგენილი გასაუბრების ოქმი, რომლის თანახმადაც, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გაესაუბრა ხაშურში, ----- N----ში მცხოვრებ გ.ღ-ეს, რომელმაც განმარტა, რომ დაახლოებით 5 წლის წინ ს.ა-ი ---- N---ში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა როგორც იცის, ადრესატი ამჟამად საცხოვრებლად იმყოფება საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად და დაახლოებით 5 წელია, რაც არ ჩასულა ხაშურში (ტ.1, ს.ფ 98-99).
8. საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 8 აგვისტოს მიმართა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების წარმომადგენელმა 2019 წლის 3 აგვისტოს შედგენილი ბინაზე გამოცხადების ოქმის მიხედვით, ირკვევა, რომ გზავნილი ვერ ჩაბარდა ადრესატს, მიზეზად მითითებულია, რომ ბინა დაკეტილია (ტ.1, ს.ფ. 100-102).
9. სასამართლოს, 2019 წლის 21 აგვისტოს მიმართა ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილებამ, წარადგინა 2019 წლის 17 აგვისტოს შედგენილი ბინაზე გამოცხადების ოქმი, რომელშიც გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია, რომ ადრესატი მისამართზე არ ცხოვრობს, ხოლო მეზობლები არ იცნობენ (ტ.1, ს.ფ 104-105).
10. კომპანიის წარმომადგენელმა, 2019 წლის 22 აგვისტოს მიმართა სასამართლოს, წარადგინა განცხადება, 2019 წლის 11 მარტს შედგენილ დაყადაღების აქტთან ერთად, რომელიც შედგენილი იყო ხაშურში,-----N----ში და ხელს აწერდა მოპასუხე, ხაშურის პოლიციის მიერ 2019 წლის 1 აგვისტოს შედგენილ გასაუბრების ოქმში მითითებული იმ ფაქტობრივი გარემოების გასაქარწყლებლად, რომ მოპასუხე ცხოვრობს საზღვარგარეთ და 5 წელია ხაშურში არ ყოფილა (ტ.1, ს.ფ 106-109).
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის საჯარო შეტყობინებით, ეცნობა მოპასუხეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაში იყო კომპანიის სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ, თანხის დაკისრების მოთხოვნით. ამავე განჩინებით, მოპასუხეს განემარტა შესაგებლის წარმოდგენის სავალდებულოობა საჯარო შეტყობინების გავრცელებიდან 10 დღის ვადაში და შესაგებლის წარუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესზე (ტ.1, ს.ფ 112-115). მითითებული განჩინება თვალსაჩინო ადგილსა და ვებგვერდზე განთავსდა 2019 წლის 25 სექტემბერს და ჩამოიხსნა 2019 წლის 2 ოქტომბერს (ტ.1, ს.ფ 117).
12. მოპასუხის წარმომადგენელმა, 2019 წლის 17 ოქტომბერს მიმართა საქალაქო სასამართლოს, წარადგინა მინდობილობები (ტ.1,ს.ფ. 118). განცხადებას დაერთო 2019 წლის 13 სექტემბერს მოპასუხის მიერ წარმომადგენლებისთვის მიცემული მინდობილობა, რომელიც რწმუნებულებს განუსაზღვრელი ვადით აღჭურვავს, მათ შორის, სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილებით (ტ.1, ს.ფ 119-121).
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კომპანიის სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 4 679 804.4 ლარის გადახდა.
14. მოპასუხის წარმომადგენლებმა, 2019 წლის 21 ოქტომბერს განცხადებით მიმართეს სასამართლოს, შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელების მოთხოვნით. წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ მოპასუხე ცხოვრობს საფრანგეთში და მათ შემთხვევით გაიგეს კომპანიის სარჩელის შესახებ, ამდენად, წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელება და ვადის ათვლის დაწყება 2019 წლის 17 ოქტომბრიდან (ტ.1,ს.ფ. 122). ამასთანავე, მოპასუხის სახელით წარადგინეს შესაგებელი კომპანიის სარჩელზე (ტ.1,ს.ფ. 123-133).
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, შესაგებლის წარმოსადგენად დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელებას ეთქვა უარი, ხოლო, შესაგებელი დარჩა განუხილველად.
16. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინეს მოპასუხის წარმომადგენლებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
18. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებაზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, გაუქმების მოთხოვნით.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისს, მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენების სახით მოპასუხის სახელზე საქართველოსა და საფრანგეთის სახელმწიფოების კომერციულ ბანკებში გახსნილ ყველა ვალუტაში 4 679 804.04 ლარის ფარგლებში ყადაღის დადება, აგრეთვე, მოპასუხის საკუთრებაში მყოფი ნაღდი ფულის სახით არსებულ სახის ვალუტაზე 4 679 804.04 ლარის ფარგლებში ყადაღის დადება; საქართველოსა და საფრანგეთში მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადება და აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე განთავსება; ყადაღა დაედოს საქართველოსა და საფრანგეთის სახელმწიფოებში ფიზიკური და იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტების ასევე სხვაგვარი ორგანიზაციული წარმონაქმნების მიმართ მოპასუხის მოთხოვნის უფლებას 4 679 804.04 ლარის ფარგლებში;
20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების, აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო, ამავე სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებით, მოსარჩელე კომპანიის შუამდგომლობა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტი) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ყადაღა დაედო საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებში, მოპასუხის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს ყველა სახის ვალუტაში, საერთო ჯამში 4 679 804.04 ლარის ფარგლებში. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.
25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებაზე საჩივრები წარმოადგინეს მოსარჩელემ და მოპასუხემ.
26. მოსარჩელე კომპანიამ გასაჩივრებული განჩინების, მოთხოვნის უარყოფის ნაწილში გაუქმება, ხოლო, მოპასუხემ მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება მოითხოვა.
27. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 აგვისტოს განჩინებებით, მხარეთა საჩივრები არ დაკმაყოფილდა, და შემდგომი განხილვის მიზნით გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 აგვისტოს განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა იმავე სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
28. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
29. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მოგვარების ფარგლებშია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (შდრ. სუსგ # ას-69-63-2015, 19.03.2015წ; #ას-1249-2018, 30.11.2018წ; ას-1302-2019, 26.12.2019).
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივი გარანტიაა. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (იხ. სუსგ. ას-1415-2019, 26.12.2019).
31. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ ას-16-354-09, 05.02.09 წ.).
32. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეს, გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ განცხადებაზე მტკიცებულებები, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნას გამორიცხავდა არ წარუდგენია სასამართლოსთვის.
33. საკასაციო სასამართლო მოსარჩელე კომპანიის პრეტენზიების პასუხად განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე, სარჩელის აღძვრის პერიოდში გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება, სააპელაციო ეტაპზე კი გასაჩივრებული განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე კომპანიის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, ამასთან, იმავე განჩინებით, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის შესახებ სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი. ამდენად მოცემულ პირობებში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში საკმარისი გარანტიებია შექმნილი სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი ხელახლა განსახილველადაა დაბრუნებული სააპელაციო სასამართლოში განსახილველად.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შერჩეული უზრუნველყოფის ღონისძიებები მოთხოვნის პროპორციულია, გამოყენებულია კანონით განსაზღვრული თანაზომიერების პრინციპის დაცვით და სრულად შეესაბამება იმ მიზანს, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება. შესაბამისად, არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 1961-ე, 1971, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ა-სა და შპს „ი----ა ს-----ის“ საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე
ვ. კაკაბაძე