16 ივნისი, 2022 წელი,
საქმე №ას-101-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ. შ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ. შ-ემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან კასატორი) და ა. შ-ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეთა მიერ გახარჯული 51 გრაგნილი ქაღალდის (17 297კგ) ღირებულების - 50 578 ლარის მისთვის ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 50 578 ლარის გადახდა დაეკისრა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირველმა მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
4.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2010 წლიდან, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამების ეკლესიის ლ----ის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, მუშაობდა სტამბა, თუმცა ოფიციალურად არ დაარსებულა და, იგი, როგორც იურიდიული პირი, შესაბამის ორგანოში არ დარეგისტრირებულა.
- 2012 წლის 2 აგვისტოს, მოსარჩელესა (როგორც ინდმეწარმეს) და ,,საპატრიარქოს სტამბის საქმის წარმოების ხელმძღვანელს“, ნ.ს-ლს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მოსარჩელემ, სამების ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარე საპატრიარქოს სტამბის ტერიტორიიდან, ნ.ს-ან ჩაიბარა 15 გრაგნილი, ე.წ. „ლუქს კრემის“ ქაღალდი.
- საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს 2012 წლის 30 ივლისის წერილის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი საქონელი (ქაღალდი) 2010 წლის 18 აგვისტოდან 2012 წლის 30 ივლისამდე განთავსებული იყო სამების ლ----ის ტერიტორიაზე.
- მხარეებს რაიმე შეთანხმებისათვის არ მიუღწევიათ, მათ შორის, ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
4.2. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ მოსარჩელემ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას 2010 წლის აგვისტოში მიაწოდა 22 521კგ. 66 გრაგნილი ქაღალდი. აღნიშნული დასკვნა სააპელაციო სასამართლომ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დააფუძნა:
- თბილისის შსს ძველი თბილისის სამმართველოს I განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ.ჩ-ის მიერ 2013 წლის 8 მაისს №--- №---- საქმეზე შედგენილ ოქმში მეორე მოპასუხე განმარტავს, რომ 2009 წელს მას, როგორც საპატრიარქოს გამომცემლობა „ა----ს“ ხელმძღვანელს დაევალა, საპატრიარქოს სტამბის შექმნა. ვინაიდან სტამბის შექმნის დეტალები თავად არ იცოდა, დახმარებისათვის ნათელმირონს, ვ. შ-ეს მიმართა, რომელიც საპატრიარქოში ხელმძღვანელ პირებს გააცნო და მათი ნებართვის მიღების შემდეგ, ვ. შ-ის დახმარებით, 2009-2010 წლებში საპატრიარქოს სტამბა შეიქმნა, რაც სამების ლ---ის ტერიტორიაზე განთავსდა. ვ. შ-ძე სტამბაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა და საორგანიზაციო საკითხებს წყვეტდა, მან სტამბაში დაასაქმა მეუღლე და შვილი (იგივე მოსარჩელე). მეორე მოპასუხისათვის უცნობია, თუ რამდენი ქაღალდი შემოიტანეს საქართველოში ან რამდენი ქაღალდი დაასაწყობეს საპატრიარქოს სტამბაში შ-ბმა. სტამბაში ქაღალდის შეტანისა და რეალიზაციის საკითხებს ვ. შ-ძე განაგებდა. 2010 წლის ოქტომბერში მეორე მოპასუხემაც და ვ. შ-აც სტამბა დატოვეს. საგამოძიებო ორგანოში მიცემული ზემოაღნიშნული ჩვენების სისწორე მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა.
- თბილისის შსს ძველი თბილისის სამმართველოს I განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის - პოლიციის მაიორ მ.ჩ-ის მიერ 2013 წლის 16 აპრილს შედგენილ გასაუბრების ოქმში ვ. შ-ემ განმარტა, რომ 2010 წლის 10 აგვისტოს მისმა შვილმა, მოსარჩელემ (ინდივიდუალური მეწარმე) სამების ლ---ის ტერიტორიაზე საპატრიარქოს სტამბაში შეიტანა ქაღალდი - 66 გრაგნილი, დაახლოებით 22-23 ტონა. ამ დროისათვის იგი სამების ტერიტორიაზე მდებარე სტამბაში მუშაობდა და ტექნიკურ სამუშაოს უზრუნველყოფდა.
ვ. შ-ემ სტამბაში მუშაობა 2010 წლის ოქტომბერში შეწყვიტა. 2010 წლის 18 აგვისტოდან 2010 წლის ოქტომბრამდე სტამბამ საცდელად წიგნი დაბეჭდა, რომელზეც 4-5 ტონა ქაღალდი დაიხარჯა, ხოლო ქაღალდის დანარჩენი ნაწილი საწყობში დარჩა.
2012 წელს, სტამბიდან კუთვნილი დაზგა-დანადგარების წამოღებისას, ვ. შ-ემ აღმოაჩინა, რომ საწყობში იმდენი ქაღალდი აღარ იყო, რამდენიც მოსარჩელემ შეიტანა. ვ. შ-ის განმარტებით, ქაღალდთან დაკავშირებით მოლაპარაკება არავისთან გაუმართავს და ქაღალდის გახარჯვის შესახებ მისთვის უცნობი იყო.
- საქმის სასამართლოში განხილვის დროისათვის ვ. შ-ძე გარდაცვლილია. ვ. შ-ის მიერ საგამოძიებო ორგანოში მიცემული ჩვენების ნამდვილობა სადავო არაა.
4.3. ვინაიდან, მეორე მოპასუხის ახსნა-განმარტებით დადასტურდა ვ. შ-ის მიერ სტამბის საქმიანობის ხელმძღვანელობა და სტამბაში ქაღალდის შეტანისა და რეალიზაციის საკითხების მართვა; ხოლო საგამოძიებო ორგანოში მეორე მოპასუხის ახსნა-განმარტება მისივე წარმომადგენელმა დაადასტურა, ამასთან, პირველ მოპასუხეს აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია, სააპელაციო სასამართლომ შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა: ვ. შ-ის ახსნა-განმარტება, სადავო გარემოების დადგენისას, უპირატესად გასათვალისწინებელი იყო. კერძოდ, მოსარჩელის მიერ საპატრიარქოსათვის გადაცემული ქაღალდის რაოდენობის განსაზღვრისა და დადასტურების მიზნით (66 გრაგნილი ქაღალდის მიწოდება).
4.4. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რაკი სტამბის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის მიერ (ფაქტობრივად შესრულებული საქმიანობიდან გამომდინარე), შეუძლებელი იყო საქონლის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულების გაცემა (გარდა საქმიანობის ფაქტობრივი ხელმძღვანელის - ვ. შ-ის მიერ ხელმოწერით ფაქტის დადასტურებისა, მსგავსად, 2012 წლის 2 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტისა, რაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ბეჭდით არ დადასტურებულა, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, ნ.ს-ის წარმომადგენლობა სადავო არაა), ხოლო სადავო პერიოდში 2010 წლის აგვისტოში სტამბის საქმიანობის ფაქტობრივი ხელმძღვანელი და ქაღალდის შეტანაზე პასუხისმგებელი პირი ვ. შ-ძე გარდაცვლილია და მისი მოწმის სახით დაკითხვა შეუძლებელია, მტკიცების ტვირთის შესრულება/რეალიზება მოსარჩელის მიერ გონივრულად შეუძლებელი იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცების ტვირთის დაკისრება ისეთ გარემოებებზე, რომლის დამტკიცება და შესრულება გონივრულად შეუძლებელია, მტკიცების ტვირთის არასწორად დაკისრება და განაწილება იქნებოდა.
აქვე გასათვალისწინებელი იყო, რომ პირველ მოპასუხეს, არც 2012 წლის 2 აგვისტოს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოსარჩელისათვის დაბრუნებული 15 გრაგნილი ქაღალდის მიღების (რაც ამავე მიღება-ჩაბარებით დასტურდება და მხარეთა შორის სადავო არაა) შესახებ წერილობითი მტკიცებულება არ გაუცია.
4.5. სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით პირველმა მოპასუხემ გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
5.1. მოსარჩელეს, სამების ლ----ის ტერიტორიაზე, 66 გრაგნილი ქაღალდი არ შეუტანია. უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის სარჩელის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ამასთან, კანონის მითითებული ნორმით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, შემდეგი კუმულაციური პირობები უნდა გამოიკვეთოს: ა). მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ). მოპასუხის გამდიდრება მოსარჩელის ქმედებამ უნდა გამოიწვიოს და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს; გ). მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უკანონო უნდა იყოს, ე.ი. მას შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს, რომ კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. მოცემულ შემთხვევაში, ჩამოთვლილიდან არცერთი პირობა არ არსებობს, რაც გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის საკასაციო უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საკასაციო პალატის მიერ განსახილველი საკითხი შემდეგია: არსებობს თუ არა მოსარჩელის სასარგებლოდ პირველი მოპასუხისათვის 50 578 ლარის დაკისრების საფუძველი. მეორე მოპასუხისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, რის გამოც გადაწყვეტილების ეს ნაწილი კანონიერ ძალაშია შესული და საკასაციო სასამართლო მასზე ვერ იმსჯელებს (სსსკ-ის 264.1 მუხლი).
8. მოსარჩელე, პირველი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნას შემდეგი ფაქტობრივ საფუძველზე მითითებით ასაბუთებს: 2010 წლის აგვისტოში, ქ.თბილისში, სამების ეკლესიის ლ----ის ტერიტორიაზე მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ე.წ. „ლუქს კრემის“ მარკის ქაღალდი - შეფუთული, ჯამურად 66 გრაგნილი, წონით 22 521კგ. აქედან მოსარჩელეს დაუბრუნდა 15 გრაგნილი, შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ მოპასუხეს მისთვის უნდა აენაზღაურებინა დარჩენილი 51 გრაგნილი ქაღალდის (17 297კგ) ღირებულება - 50 578 ლარი.
9. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დამტკიცებულად ცნო მოცემული დავისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ზემოხსენებული გარემოება. აღნიშნული დასკვნის ჩამოყალიბებისას, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო, ერთი მხრივ, ა. შ-სა და აწ გარდაცვლილ ვ. შ-ის (მოსარჩელის მამის) მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის მიცემულ განმარტებებს, ხოლო, მეორე მხრივ, მოწმე ი. ნ-ის (ავტომობილის მძღოლი, რომლითაც მოსარჩელემ სამების ლ----ის ტერიტორიაზე ქაღალდის გრაგნილები გადაზიდა) ჩვენებას. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებულ დასკვნას ვერ გაიზიარებს შემდეგი მიზეზების გამო:
9.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მტკიცებულებათა ცალკეული სახეები, რომელთა შორისაა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები. სსსკ-ის 140.1 მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია საქმის შესახებ რაიმე გარემოება. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე მხარეთა მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა (სსსკ-ის 105-ე მუხლი). მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და, აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი (იხ. სუსგ. №ას-175-175-2018, 19.07.2018).
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი, პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (იხ. სუსგ. №ას-400-2020, 15.02.2020).
„მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ“ (იხ. სუსგ. №ას-1698-1592-2012, 2.06.2014).
9.2. პირველ რიგში, პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მოცემული დავის მოწესრიგება მართებული ვერ იქნება, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ზემომითითებული გარემოების დამტკიცებულად ცნობისათვის. ამ მოსაზრების საფუძველს ქმნის მხარეთა შორის სადავოდ ქცეული სამართალურთიერთობისა და იმ ფაქტობრივი გარემოების შინაარსი, რომელზეც მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს და რომელიც მის მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებაა.
9.3. ამავდროულად, პალატის შეფასებით, წარმოდგენილი მოწმეებიდან აწ გარდაცვლილი ვ. შ-ისა და მეორე მოპასუხის ჩვენებების გაზიარების შესაძლებლობა გამოირიცხება შემდეგი გარემოებების გამო:
1). აწ გარდაცვლილი ვ. შ-ძე მოსარჩელის მამა იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ, მაღალი ალბათობით ეს უკანასკნელი იყო საქმის შედეგით დაინტერესებული პირი. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ვ. შ-ის განმარტება სანდოობის მკაცრ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, რაც მისი შინაარსობრივი მხარის გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან თანხვედრაშია (იხ. სუსგ. №ას-91-2022, 4.05.2022).
2). ა. შ-ის განმარტების მიხედვით, საპატრიარქოს სტამბაში ქაღალდის შეტანისა და რეალიზაციის საკითხებს ვ.შ-ძე განაგებდა და მისთვის უცნობია, თუ რამდენი ქაღალდი შეიტანეს შ-ბმა (საუბარია მოსარჩელეზე და მის მამაზე, აწ გარდაცვლილ ვ. შ-ზე).
ამდენად, ა. შ-ის ჩვენებიდან შეუძლებელია, დადგინდეს შემდეგი მთავარი გარემოება - 2010 წლის აგვისტოში, ქ.თბილისში, სამების ეკლესიის ლ---ის ტერიტორიაზე მიაწოდა თუ არა მოსარჩელემ მოპასუხეს ე.წ. „ლუქს კრემის“ მარკის ქაღალდი (შეფუთული, ჯამურად 66 გრაგნილი, წონით 22 521კგ).
რაც შეეხება მოწმე ი.ნ-ის ჩვენებას, საკასაციო პალატის მოსაზრებით და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მხოლოდ დასახელებული ერთი მოწმის ჩვენება განსახილველ საქმეზე მოსარჩელისათვის სასარგებლო სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ვერ იქნება. ეს დასკვნა იმ მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ ურთიერთობის წარმოშობის მომენტიდან (2010 წელი) ხანგრძლივი დროა გასული, რაც მოსარჩელის მიერ მითითებული საქონლის რაოდენობაზე ხსენებული მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობასა და დამაჯერებლობას არამყარს ხდის; მაშინ, როცა სასამართლოს მხრიდან საქმისათვის ესოდენ მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენა მხოლოდ სარწმუნო, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი.
10. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ) და 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებაები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მცდარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ზემოთ დასახელებული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე სადავო გარემოება - 66 გრაგნილი ქაღალდის გადაცემის შესახებ დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს.
11. მოცემულ შემთხვევაში, კიდევ ერთი გარემოებაა საყურადღებო, კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, ე.წ. „ლუქს კრემის“ ქაღალდის გრაგნილი მან მეორე მოპასუხის დაკვეთით 2010 წლის 18 აგვისტოს საქართველოში შემოიტანა და ჯამურად 66 რულონი საქონელი მეორე მოპასუხის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ.თბილისში, წმინდა სამების ეკლესიის ლ-----ის ტერიტორიაზე მდებარე საპატრიარქოს სტამბის საწყობში მიიტანა (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 3). აქედან გამომდინარე, მოსარჩელე, საქონლის პირველი მოპასუხისათვის მიწოდების ფაქტზე კი არ მიუთითებს, არამედ, განმარტავს, რომ სარჩელში აღნიშნული ქაღალდის გრაგნილი საპატრიარქოს სტამბის საწყობში მიიტანა. ეს გარემოებაც, პირველი მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნას საფუძველს აცლის. საგულისხმოა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ქ.თბილისში, წმინდა სამების ეკლესიის ლ----ის ტერიტორიაზე მდებარე სტამბა კერძო სამართლის დამოუკიდებელი იურიდიული პირია, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში დამოუკიდებლად მონაწილეობს. კერძოდ, საჯარო რეესტრიდან 2012 წლის 15 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა შპს „მ-----ბა“, რომლის პარტნიორები იყვნენ - სსიპ საქართველოს საპატრიარქო და შპს „გ----ბა გ----ნი“ (ტომი 1, ს.ფ. 98-99), ხოლო საჯარო რეესტრიდან, 2012 წლის 15 ნოემბრის ამონაწერის თანახმად, შპს „გ-----ბა გ----ის“ 100%-იანი წილის მქონე პარტნიორი იყო მეორე მოპასუხე (ტომი 1, ს.ფ. 96-97).
12. ამრიგად, მოსარჩელემ პირველი მოპასუხის წინააღმდეგ მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება ვერ შეძლო, რაც განსახილველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, რაკი წინამდებარე გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს პირველი მოპასუხის სასარგებლოდ სრულად უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. დ. შ-ეს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 4553,12 (2023,12 + 2530) ლარი;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე