საქმე №ას-1208-2022 25 ოქტომბერი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ა. ჩ-ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - კ. ს-ია, ბ. დ-ია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება
პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, ა. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბ. დ-ას დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის,ხოლო კ. ს-იას 3 100 აშშ დოლარის ანაზღაურება ა. ჩ-ის სასარგებლოდ.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. დ-ამ და კ. ს-ამ, რომლითაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ა. ჩ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
9. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ა.ჩ-ნს საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, კასატორს დაევალა 3795,675 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განსაზღვრული ხარვეზის აღმოსაფხვრელად კასატორს განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 05 დღე.
10. კასატორმა დააყენა შუამდგომლობა, რომლითაც მოითხოვა ხარვეზის შევსების მიზნით განჩინებით განსაზღვრული ვადის 05 სამუშაო დღით გაგრძელება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 07 ოქტომბერის განჩინებით ა. ჩ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა განჩნების ჩაბარებიდან 05 დღე.
12. აღნიშნული განჩინება კასატორს ეცნობა სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით 09 ოქტომბერს და შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 10 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 17 ოქტომბერს (2022 წლის 14, 15 და 16 ოქტომბერი იყო ოფიციალური დასვენების დღეები). აღნიშნული პერიოდის მანძილზე კასატორს არ წარუდგენია შესაბამისი სახის შუამდგომლობა და არც ხარვეზის შევსების შესახებ განუცხადებია სასამართლოსთვის, ამიტომ სასაკაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე ა. ჩ-მა გაუშვა რა გასაჩივრების ვადა, მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
13. სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე