Facebook Twitter

საქმე №ას-216-2021 12 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,სადაზღვევო კომპანია -------“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2018 წლის 31 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდეგ - მოსარჩელე, სამინისტრო, დამზღვევი, აპელანტი, კასატორი) და სს ,,სადაზღვევო კომპანია -----“ (შემდეგ - მოპასუხე, სადაზღვევო კომპანია, მზღვეველი, მოწინააღმდეგე მხარე) შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №---- ხელშეკრულების თანახმად, მზღვეველმა იკისრა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხელშეკრულებით განსაზღვრული დაზღვევის მომსახურების ვალდებულება.

2. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტს (ხელშეკრულების საგანს) წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №---ით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულებისა და დანართი №--№- -ის პირობების შესაბამისად.

3. ხელშეკრულების 5.1.4. პუნქტით განისაზღვრა, რომ მზღვეველი უფლებამოსილია, არ აანაზღაუროს ის ხარჯი (თანხა), რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებისა და მისი დანართების შესაბამისად, არ არის გათვალისწინებული შემსყიდველის სადაზღვევო პირობებით.

4. ხელშეკრულების დანართი №--ით კი, განისაზღვრა სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი, კერძოდ, სადაზღვევო რისკებს მიეკუთვნება: 1) ავტოსაგზაო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მიზეზით მოხდა ავარია), ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა; 2) სატრანსპორტო საშუალების დაზიანება ან განადგურება, რაც გამოწვეულია ხანძრით, თვითაალებით, მეხის დაცემით ან/და აფეთქებით; 3) მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვანდალიზმი; 4) დაზიანება ან მთლიანი განადგურება, რაც გამოწვეულია რაიმე საგნის დაცემით, მოხვედრით; 5) დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება; 6) სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავად იმისა, მძღოლი გადაღლილი იყო, ჩაეძინა თუ დაარღვია მოძრაობის წესები; 7) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, გრიგალი, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი, სეტყვა) ან უბედური შემთხვევა (მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება და განადგურება გარეშე და აშკარა მიზეზებით); 8) წინამდებარე რისკებით გამოწვეული დამატებითი აღჭურვილობის, დეტალებისა და აქსესუარების (მინების, სარკეების და ა.შ.) დაზიანება-ქურდობა; 9) ტერაქტების, სამოქალაქო მღელვარების ან სხვა სახის არეულობის დროს მიყენებული ზიანი; 10) სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციასთან დაკავშირებული ხარჯები ნაწილობრივი და სრული დაზიანებისას, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების საჯარიმო გადაყვანა/გადაადგილების დროს, ასევე, საჯარიმო სადგომზე განთავსებისას.

5. ხელშეკრულების დანართი №--ით განისაზღვრა ზარალის ანაზღაურების პირობები, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში ტელეფონის მეშვეობით, მზღვევლის ზარალის რეგულირების ექსპერტი დამზღვევს აძლევს კომპანიაში წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც დამზღვევი წარადგენს. დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის მიერ ზარალის ანაზღაურების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ დამზღვევისათვის ინფორმაციის მიწოდების შემდგომ 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ძრავის დაზიანების შემთხვევაში 10 სამუშაო დღის ვადაში დამზღვევი ვალდებულია, გადაიყვანოს მხარეთა შორის ერთობლივად შეთანხმებულ სერვისცენტრებში და მზღვევლის წარმომადგენლის თანდასწრებით შეძლოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება, შესაბამისი დეფექტური აქტის შედგენა. შენიშვნის შესაბამისად, არაუმეტეს 5 წლის სატრანსპორტო საშუალებებს (თუ იმყოფებიან საგარანტიო პირობებზე) საქართველოში არსებული კონკრეტული მარკის ავტორიზებულ სერვისცენტრებში მოემსახურებიან, ხოლო დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებებს, სპეციფიკის მიხედვით, იმ სერვისცენტრებში, რომელთა ნუსხაც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 5 სამუშაო დღეში შეთანხმდება დამზღვევთან.

6. 2019 წლის 8 თებერვალს, წყალტუბოს რაიონის სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა მ. ჭ-ამ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განაცხადი წარადგინა, რომლის თანახმად, 2019 წლის 8 თებერვალს, წყალტუბოს რაიონის სოფელ -----, მდინარე ----- მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილის მობრუნებისას წინა მარჯვენა საბურავი ჩავარდა წყლის ორმოში, რამაც გამოიწვია მარჯვენა ჰაერის ფილტრის დასველება და ავტომანქანის ჩაქრობა.

7. 2019 წლის 9 თებერვლის პატაკის მიხედვით, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ------ ავტომობილის მობრუნებისას წინა მარჯვენა მხარე დასველდა და ჩაქრა ავტომანქანა, რის თაობაზეც ეცნობა 112-ს ოპერატორსა და სადაზღვევო კომპანიას.

8. სადაზღვევო კომპანიის 2019 წლის 19 თებერვლის წერილით, სამინისტროს უარი ეთქვა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების დანართი №---ში მითითებული სადაზღვევო რისკები, რომელთა არსებობისას სადაზღვევო კომპანია კისრულობდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, არ ითვალისწინებდა წყალში გავლის შედეგად ძრავის დაზიანებას, შესაბამისად, ხელშეკრულების 5.1.4. პუნქტის გათვალისწინებით, სადაზღვევო კომპანიას არ ეკისრებოდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

9. სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 9 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,---- ------“ აღდგენა მიზანშეწონილია და მისი აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობა საორიენტაციოდ შეადგენს 9900 ლარს.

სარჩელის საფუძვლები:

.

10. სამინისტრომ სარჩელი აღძრა სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ და მოითხოვა ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების ხარჯის - 9900 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

მოპასუხის პოზიცია:

11. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების მიზეზი წყლის ძრავაში მოხვედრაა, რაც არ წარმოადგენს ხელშეკრულებით დაზღვეულ და ანაზღაურებას დაქვემდებარებულ რისკს, რისი გათვალისწინებითაც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტების მტკიცების ტვირთი, კერძოდ, ვერ დაადასტურა, რომ ვლინდებოდა სადაზღვევო რისკების ჩამონათვალში არსებული შემთხვევა, მხარის მიერ მითითებული გარემოება - დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალების ძრავა დაზიანდა წყლით დასველების შედეგად, რაც არ არის მხარეთა მიერ შეთანხმებულ დაზღვეული რისკი და ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

17. კასატორის განმარტებით, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა მდინარის პირას მისი მობრუნების დროს, შესაბამისად, დაზიანების მიზეზი დაუდგენელია, რაც არ შეიძლება გამხდარიყო ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

18. კასატორის მითითებით, სასამართლოს განმარტება, რომ თითქოს სამინისტოს მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დასტურდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავაში წყლის მოხვედრა, რაც მისი დაზიანების მიზეზი გახდა, არასწორია, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი იყო სასაქონლო ექსპერტიზა, რომლის ფარგლებშიც საექსპერტო კვლევის ობიექტი იყო არა დაზიანების მიზეზი, არამედ დაზიანების შედეგად წარმოშობილი ზიანის ოდენობა. ამასთან, სადაზღვევო კომპანიას არ გაუმართავს შესაბამისი კვალიფიციური საექსპერტო კვლევა ავტომანქანის დაზიანების მიზეზის დასადგენად, რისი გათვალისწინებითაც, მზღვევლის მხრიდან ზიანის ანაზღაურებაზე უარი უსაფუძვლოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. დამზღვევის მოთხოვნა მზღვევლისათვის სადაზღვევო შემთხვევით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების შესახებ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლებიდან.

24. კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მოცემული შემთხვევა არ წარმოადგენს სადაზღვევო ხელშეკრულებით დაზღვეულ რისკს.

25. საკასაციო პალატის განმარტებით, ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი, სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლიც (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი), რომლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).

26. მოცემული დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს სადაზღვევო შემთხვევა და სადაზღვევო რისკი. სადაზღვევო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს. რისკი შეიძლება იყოს წინასწარ განჭვრეტადი, მაგრამ მისი რეალიზაციის (სადაზღვევო შემთხვევის დადგომის) ალბათობა უნდა იყოს განუჭვრეტელი და თავისუფალი მხარეთა გავლენისაგან. რისკი რომ სადაზღვევოდ ჩაითვალოს (დაზღვევადი რისკი), ის გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. რისკი არ უნდა იყოს იმ ხარისხით წინასწარ განუჭვრეტელი, რომ შეუძლებელი გახდეს მისი შეფასება სადაზღვევო კომპანიის მიერ (იხ. http://www.gccc.ge/, სკ-ის 799-ე მუხლის კომენტარი, გვ. 6).

27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ უკანასკნელთა ორმხრივი უფლებები და მოვალეობები, ხელშეკრულების №-- დანართით - სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი), რომლის ანაზღაურების ვალდებულებას კისრულობს სადაზღვევო კომპანია, ხოლო №-- დანართი მოიცავს ზარალის ანაზღაურების პირობებს.

28. უდავოა, რომ ხელშეკრულების №-- დანართით სადაზღვევო რისკს მიეკუთვნება დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, რაზეც დამზღვევი საქმისწარმოების დროს მიუთითებდა და ამ სადაზღვევო რისკზე მითითებით ითხოვდა თანხის ანაზღაურებას, თუმცა აღნიშნულს საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ გაიზიარებს. საკასაციო პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივად არასწორი შეფასების შესახებ კასატორის შედავება და მტკიცება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა დაუდგენელი მიზეზით, საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვერ იქნება გაზიარებული.

29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. აღნიშნული დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე - მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

30. საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დგინდება, რომ სამინისტროს კუთვნილი დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა არა დაუდგენელი მიზეზით, როგორც ამას დამზღვევი მიუთითებს, არამედ წყლის ზემოქმედებით, კერძოდ, სარჩელს ერთვის დამზღვევის მიერ წარდგენილი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განაცხადი, რომელშიც დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი უთითებს, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ -----, მდინარე ----- მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილის მობრუნებისას წინა მარჯვენა საბურავი ჩავარდა წყლის ორმოში, რამაც გამოიწვია მარჯვენა ჰაერის ფილტრის დასველება და ავტომანქანა ჩაქრა. ამ გარემოებების შესახებ მითითებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს პატაკებშიც, რომლის თანახმად, 2019 წლის 7 თებერვალს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ----- ავტომობილის მობრუნებისას წინა მარჯვენა მხარე დასველდა წყლის ტალღით და ავტომანქანა ჩაქრა, რის თაობაზეც ეცნობა 112-ის ოპერატორსა და სადაზღვევო კომპანიას. ნიშანდობლივია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული იყო შესაკეთებელი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება, რაც საქართველოში არსებული კონკრეტული მარკის ავტორიზებულ სერვისცენტრში უნდა შესრულებულიყო და რაც განხორციელდა კიდეც, კერძოდ, შეთანხმებული ავტორიზებული სერვისცენტრის ,,------ --- ----“ თანამშრომლების განმარტებების თანახმად (აღნიშნული ასახულია 2019 წლის 9 ოქტომბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაში), ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავისა და ძრავის სექციის მაკომპლექტებელი დეტალები დააზიანა წყალმა, რაც გახდა ძრავისა და მისი სექციის დეტალების დაშლის მიზეზი.

31. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტების მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ იკვეთებოდა სადაზღვევო რისკების ჩამონათვალში არსებული შემთხვევა, მხარის მიერ მითითებული გარემოება - დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი დგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა წყლის ძრავაში მოხვედრით, რაც არ წარმოადგენს ხელშეკრულებით დაზღვეულ და ანაზღაურებას დაქვემდებარებულ რისკს (ის გარემოება, რომ წყლით დასველების გამო ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება არ წარმოადგენს სადაზღვევო რისკს, კასატორის მიერ შედავებული არაა და არც სადავო ყოფილა საქმისწარმოების დროს), შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა, რომ მოთხოვნა არ წარმოშობილა, რადგანაც ზემოაღნიშნული ნორმებით (სსკ-ის 799-ე, 820-ე მუხლები) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა არ იყო განხორციელებული.

32. რაც შეეხება კასატორის მე-18 პუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიას პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ წინამდებარე განჩინების 30-ე პუნქტში მითითებული გარემოების გამაბათილებელი დამაჯერებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის, რისი გათვალისწინებითაც, კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია და მისი გაზიარების საფუძველი არ არსებობს.

33. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეაფასა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.

34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

37. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. საქმე №ას-180-180-2018, 2018 წლის 4 მაისის განჩინება; საქმე №ას-1401-2019, 2020 წლის 7 აპრილის განჩინება; საქმე №ას-1497-2020, 2021 წლის 23 აპრილის განჩინება).

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე