Facebook Twitter

საქმე №ას-470-2022 24 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,საფეხბურთო კლუბი --------“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჭ-ია (მოსარჩელე)

მორიგების მხარეები - ნ. ჭ-ია, დ. ხ-ია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმება

დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, კომპენსაციის დაკისრება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. გ. ჭ-ამ (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,საფეხბურთო კლუბი ------“ (შემდგომ - მოპასუხე, საფეხბურთო კლუბი, დამსაქმებელი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, 2020 წლის თებერვლის სახელფასო დავალიანების - 6725 ლარის (დაბეგრილი), კომპენსაციის - 143 275 ლარისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე გათავისუფლებისათვის ორი თვის შრომის ანაზღაურების - 30 000 ლარის დამსაქმებლისათვის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ საფეხბურთო კლუბის გადაწყვეტილება; საფეხბურთო კლუბს კომპენსაცია - 90 000 ლარი და 2020 წლის თებერვლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 6725 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; სარჩელი, წინასწარი შეტყობინების გარეშე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, კომპენსაციის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება წინასწარი შეტყობინების გარეშე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, კომპენსაციის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა წინასწარი შეტყობინების გარეშე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, კომპენსაციის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და საფეხბურთო კლუბს წინასწარი შეტყობინების გარეშე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, კომპენსაცია 30 000 ლარი (ხელზე ასაღები) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ასევე, სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც მოპასუხის შუამდგომლობა მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო პალატას ერთობლივი განცხადებით მომართეს მხარეებმა, წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს ამ აქტში მოცემული პირობებით მისი დამტკიცება (იხ. მორიგების აქტი).

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე და მიიჩნევს მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი გარემოებების გამო:

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

10. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

11. განსახილველ შემთხვევაში, როგორც მხარეთა განმარტებით, ასევე საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის მიღწეულია მორიგება.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მორიგების მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რისი გათვალისწინებითაც, სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და სსსკ-ის 372-ე და 399-ე მუხლების თანახმად (საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს; საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით) წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

13. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

14. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე, ამასთან, კასატორს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის - 6336.25 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან, საქმის არსებითად განხილვამდე მიღწეულ იქნა მხარეთა შორის მორიგება, პალატა თვლის, რომ კასატორი უნდა გათავისუფლდეს ხსენებული თანხის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მორიგება შპს ,,საფეხბურთო კლუბ ------“ (ს/კ ----) და გ. ჭ-ას (პ/ნ-----) შორის შემდეგი პირობებით:

2.1 მოპასუხე საფეხბურთო კლუბი გადაიხდის ჯამურად 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარს წინამდებარე მორიგების აქტის პირობების შესაბამისად, რის შემდგომაც წინამდებარე დავის (საქმე №ას------) საფუძველზე წარმოშობილი ყველა ვალდებულება ამ უკანასკნელის მიერ ჩაითვლება სრულად შესრულებულად და მოსარჩელეს ან 2.2 პუნქტში მითითებულ თანხის მიმღებ პირებს მოპასუხის მიმართ მოთხოვნები და პრეტენზიები აღარ ექნებათ.

2.2 წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერით, მოსარჩელე მოთხოვნის უფლებას უთმობს ნ. ჭ-სა და დ. ხ-ას შემდეგი პირობებით: საფეხბურთო კლუბის მიერ გადასახდელი თანხიდან 38 500 (ოცდათვრამეტი ათას ხუთასი) ლარი გადახდილ უნდა იქნეს ნ. ჭ-ას სასარგებლოდ, ხოლო 31 500 (ოცდათერთმეტი ათას ხუთასი) ლარი - დ. ხ-ას სასარგებლოდ. იმ შემთხვევაში, თუ საფეხბურთო კლუბის მიერ დაირღვა წინამდებარე მორიგების აქტი, რის საფუძველზეც გაიზრდება მოთხოვნის უფლება, თანხის მიმღებთა მოთხოვნის უფლებები განისაზღვრება წინამდებარე მორიგების აქტის 2.5 პუნქტის შესაბამისად. საფეხბურთო კლუბი ადასტურებს, რომ აღნიშნულ უფლებამონაცვლეობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია და წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერით ეთანხმება და არ ასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას/განჩინებას.

2.3 მოპასუხე საფეხბურთო კლუბი მორიგების აქტით გათვალისწინებულ თანხას, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარს გადაიხდის ქვემოთ მოცემული გრაფიკისა და პირობების შესაბამისად:

2.3.1 საფეხბურთო კლუბი ვალდებულია მორიგების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა განახორციელოს პირველი გადახდა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, ნ. ჭ-ას სასარგებლოდ.

2.3.2 მოპასუხე არაუგვიანეს 2022 წლის 31 ოქტობრისა განახორციელებს მეორე გადახდას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დ. ხ-ას სასარგებლოდ.

2.3.3 მოპასუხე ვალდებულია არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა განახორციელოს მესამე გადახდა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, საიდანაც 11 500 (თერთმეტი ათას ხუთასი) ლარი გადახდილ იქნება დ. ხ-ას სასარგებლოდ, ხოლო 8 500 (რვაათას ხუთასი) ლარი გადახდილ იქნება ნ. ჭ-ას სასარგებლოდ.

2.4 . 2.3 პუნქტში მითითებული თანხის გადახდა ნ. ჭ-სა და დ. ხ-ის უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით შესაბამისი უფლებამონაცვლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. თანხის მიმღები პირი ვალდებულია წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერისთანავე წერილობით მიაწოდოს საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებს იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები, რომლებზეც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა. წერილობითი ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია მოხდეს როგორც პირადად, ასევე ელ. ფოსტაზე წერილის გაგზავნით: ---------.com;

2.5 იმ შემთხვევაში, თუ საფეხბურთო კლუბი დაარღვევს/არაჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე მორიგების აქტში მითითებული გრაფიკით თანხის გადახდის ვალდებულებას, წინამდებარე მორიგების აქტი მიქცეულ იქნება იძულებითი წესით აღსასრულებლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმეზე N2ბ/---) საფეხბურთო კლუბზე დაკისრებულ თანხაზე სრული ოდენობით, კერძოდ, 131 694 (ას ოცდათერთმეტი ათას ექვსას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით, საიდანაც მოპასუხეს 31 500 (ოცდათერთმეტი ათას ხუთასი) ლარი დაეკისრება დ.ხ-ას სასარგებლოდ, ხოლო დარჩენილი თანხა დაეკისრება ნ. ჭ-ას სასარგებლოდ. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების (თანხის გადახდის) შეფერხება გამოწვეული იქნება დაუძლეველი ძალის გამო (მაგალითად ისეთი როგორიცაა ყადაღის დადება საბანკო ანგარიშებზე, აქტიური საფეხბურთო სეზონის გადადება ან/და მისი ჩაშლა, პანდემია და მასობრივი შეზღუდვები) და ამის შედეგად დადგენილი გრაფიკის მიხედვით ვერ განახორციელებს გადახდას, საფეხბურთო კლუბს მიეცემა დამატებითი 14 (თოთხმეტი) დღიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოსარჩელე/თანხის მიმღები პირები დამოუკიდებლად უფლებამოსილნი იქნებიან მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის აღების მოთხოვნით.

2.6 მხარეები აცხადებენ, რომ ეთანხმებიან წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას და არ ასაჩივრებენ მათ. ამასთან, მათთვის მისაღებია წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები, რასაც ეთანხმებიან და აწერენ ხელს.

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

4. შეწყდეს წარმოება საქმეზე და განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან მიქაბერიძე

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე