Facebook Twitter

საქმე №ას-1247-2022 26 ოქტომბერი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - გ. ს-ლი (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ა-ლი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა

დავის საგანი –ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით, ნ. ა-ლს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ს-ლს დაეკისრა გ. ს-ისა და მ. ს-ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 220-220 ლარის გადახდა 2021 წლის 03 თებერვლიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-მა, რომლითაც მოითხოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ცვლილების შეტანა ალიმენტის განსაზღვრის ნაწილში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ს-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ცვლილების შეტანა ალიმენტის განსაზღვრის ნაწილში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით დადგინდა ხარვეზი, რომლითაც კასატორს დაევალა დაზუსტებული, დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

10. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

11. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით გ. ს-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა და, ამასათან ერთად, დაზუსტებული, დასაბუთებული საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის დედანი ხელმოწერით. განსაზღვრული ხარვეზის აღმოსაფხვრელად კასატორს განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 05 დღე.

12. აღნიშნული განჩინება კასატორს ფოსტით გაეგზავნა 2022 წლის 10 ოქტომბერს და ჩაბარდა 2022 წლის 11 ოქტომბერს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 12 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 17 ოქტომბერს. აღნიშნული პერიოდის მანძილზე კასატორს არ წარუდგენია შესაბამისი სახის შუამდგომლობა და არც ხარვეზის შევსების შესახებ განუცხადებია სასამართლოსთვის, ამიტომ სასაკაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე გ. ს-მა გაუშვა რა გასაჩივრების ვადა, მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

13. სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე