Facebook Twitter

საქმე №ას-1297-2022 26 ოქტომბერი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ს. დ-ლი, ნ. დ-ლი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ. მ-ლი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 03 აგვისტოს განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. დ-სა და ს. დ-ლს რ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 2400 ლარისა და 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში ანაზღაურება.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. მ-მა ს. დ-მა და ნ. დ-მა, რომლითაც მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ს. დ-მა და ნ. დ-მა, რომლითაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 აგვისტოს განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი ბაჟის გადაუხდელობის, საკასაციო საჩივრის დაუსაბუთებლობისა და საკასაციო საჩივრის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნის დედანის ქვითრის წარუდგენლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

12. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, ს. დ-სა და ნ. დ-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, კასატორს დაევალა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის, 120 ლარისა და 400 აშშ დოლარის 5% ლარის 2022 წლის 21 სექტემბრის დროისთვის არსებული კურსის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და საკასაციო საჩივრის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნის დედანი ქვითრის წარმოდგენა. განსაზღვრული ხარვეზის აღმოსაფხვრელად კასატორს განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 05 დღე.

13. აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2022 წლის 12 ოქტომბერს და ჩაბარდა ამავე წლის 13 ოქტომბერს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 14 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 18 ოქტომბერს. აღნიშნული პერიოდის მანძილზე კასატორს არ წარუდგენია შესაბამისი სახის შუამდგომლობა და არც ხარვეზის შევსების შესახებ განუცხადებია სასამართლოსთვის, ამიტომ სასაკაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე ს. დ-მა და ნ. დ-მა გაუშვა რა გასაჩივრების ვადა, მათი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

14. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. დ-ისა და ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე