საქმე №ას-1067-2022 26 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ა-ლი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ. ს-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ა-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხის – 4 000 აშშ დოლარისა და 8 თვის პროცენტის (2021 წლის 5 თებერვლიდან 2021 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით) – 800 აშშ დოლარის (სულ – 4 800 აშშ დოლარის) გადახდა, ასევე, დაკისრებული თანხის ანაზღაურება სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით, ხოლო მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 5 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეს სესხის სახით გადაეცა 4000 აშშ დოლარი 17 თვის ვადით, თვეში 2.5%-ის დარიცხვის პირობით.
3. 2016 წლის 7 ოქტომბერს ზემოხსენებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2026 წლის 5 ოქტომბრამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მსესხებლის (მოპასუხის) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად არ შესრულებულა, მან სარგებელი გადაიხადა მხოლოდ 2021 წლის 5 თებერვლის ჩათვლით. ამჟამად მოპასუხეს აქვს დავალიანება – 4800 აშშ დოლარი, აქედან 4000 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 800 აშშ დოლარი – 8 თვის პროცენტი (2021 წლის 5 თებერვლიდან 2021 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდისთვის).
4. მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის არსებული 2015 წლის 5 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 მუხლის (სესხის უზრუნველყოფა) თანახმად, სესხის გადახდა უზრუნველყოფილ იქნა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონებით (იპოთეკის საგნით), შესაბამისად, გამსესხებლებს უფლება აქვს, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო საქმის განხილვისას მოსარჩელის მოთხოვნას 1091,25 აშშ დოლარის ნაწილში დაეთანხმა. მან მიუთითა, რომ 2015 წლის 15 მაისს დაიდო სესხის და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულება, მოსარჩელეს, მოპასუხესა და სხვა პირს (შემდგომ – ფიზიკური პირი) შორის. სესხის ჯამური თანხა შეადგენდა 30 000 აშშ დოლარს, საიდანაც 4 000 აშშ დოლარი სესხის სახით გასცა მოსარჩელემ, ხოლო 26 000 აშშ დოლარი ზემოაღნიშნულმა პირმა. 2016 წლის 7 ოქტომბერს მოხდა ხელშეკრულების გაგრძელება, როგორც მოსარჩელის, ასევე, ფიზიკური პირის ნაწილში.
6. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროს და ადგილას. მოპასუხე ორივე გამსესხებლის მიმართ თანხას იხდიდა ერთდროულად, ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე. მოპასუხის სანაცვლოდ, ხშირ შემთხვევაში გადახდა ხორციელდებოდა მესამე პირების მიერ. მოპასუხემ 2021 წლის ოქტომბრის გადახდაც განახორციელა და წინსწრებით დაფარა ორივე გამსესხებლის სესხის ძირი თანხა. 2017-2020 წლის პერიოდში ხდებოდა ყოველთვიურად 1 400 აშშ დოლარის გადახდა, რაც აღემატებოდა ყოველთვიურ პროცენტს – 750 აშშ დოლარს და მიმართული იყო სესხის ძირი თანხის დასაფარად. ამჟამად, სესხის ძირითადი თანხიდან – 30 000 აშშ დოლარიდან დარჩენილი მოპასუხის გადასახდელი შეადგენს 8 184,72 აშშ დოლარს, საიდანაც მოსარჩელის მიმართ სესხის ძირი თანხა შეადგენს 1 091,3 აშშ დოლარს, ხოლო პროცენტის ნაწილში მოპასუხეს არანაირი დავალიანება არ გააჩნდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 800 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით, იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის პირველი ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
10. 2022 წლის 20 ივლისს სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. მხარის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 372-ე, 2591, 369-ე მუხლებით და საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 თებერვილის სასამართლო სხდომას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი (ტ.1 ს.ფ 123), რომელსაც განემარტა მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების ჩაბარების და გასაჩივრების წესი (ტ.1, ს.ფ 123-129).
12. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწო 2022 წლის 2 აპრილიდან (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს) და გასაჩივრების ვადა ამოიწურა ამავე წლის 15 აპრილს. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი მოპასუხემ წარადგინა 2022 წლის 4 მაისს კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ (ტ.1 ს.ფ. 166). სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს არ ჩაუბარებია, რაც არ იყო გამოწვეული სასამართლოს ბრალეულობით.
13. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის განმარტება, რომ გადაწყვეტილება მომზადდა ვადის დაცვით, რასაც ადასტურებს საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა, პირველი ინსტანციის მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სისტემაში ატვირთულია გადაწყვეტილების მომზადების კანონით დადგენილი ვადის დაცვით.
14. სსსკ-ის 59-ე მუხლის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის, 63-ე მუხლის, 187-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
16. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება არღვევს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით გარანტირებულ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას.
17. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, აპელანტისათვის შეუტყობინებლად და მას შესაძლებლობა არ მიეცა, წარედგინა საკუთარი პოზიცია.
18. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილ ვადაში, რასაც ადასტურებს საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა. მხარის მოსაზრებით, აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს. აპელანტს მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ ჩაბარებია, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების მომზადების თარიღი არ დაუფიქსირებია. აპელანტი და მისი წარმომადგენელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეების განმავლობაში, გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, ტელეფონით არაერთხელ დაუკავშირდნენ მოსამართლის თანაშემწეს, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო. იგი მომზადდა 2022 წლის 28 აპრილს, როდესაც აპელანტმა მხარემ ჩაიბარა, რაც დასტურდება გადაწყვეტილების ასლზე კანცელარიის ბეჭდით. სააპელაციო საჩივარი კი წარადგინა 2022 წლის 4 მაისს, 6 დღის ვადაში. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ შეისწავლა საქმის მასალები, როდესაც მიუთითა, რომ აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
20. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
21. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
22. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.
23. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
24. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება, სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
25. განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 თებერვლის სასამართლო სხდომას ესწრებოდა შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი აპელანტის წარმომადგენელი (იხ. მინდობილობა - ტ.1 ს.ფ 133-136), რომელსაც განემარტა, რომ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდებოდა 2022 წლის 2 მარტს, 11:55 საათზე (ტ.1, ს.ფ 123-129). მიუხედავად იმისა, რომ მითითებულ დროს მოპასუხე მხარე სასამართლოში არ გამოცხადებულა, მის მიმართ ვრცელდებოდა გადაწყვეტილების გასაჩივრების სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი წესი, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადებულიყო პირველი ინსტანციის სასამართლოში და წერილობით მოეთხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისთვის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყებოდა 30-ე დღის მომდევნო დღიდან.
26. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ მოპასუხე მხარეს (არც მის წარმომადგენელს) პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, წერილობით არ მიუმართავს.
27. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწო 2022 წლის 2 აპრილიდან და ამოიწურა 2022 წლის 15 აპრილს. სააპელაციო საჩივარი მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა 2022 წლის 4 მაისს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ (ტ.1 ს.ფ. 166).
28. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში მზად არ იყო.
29. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
30. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
31. განსახილველ შემთხვევაში მხარეს არ მოუთხოვია და საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის უფლებამოსილი სასამართლო მოხელის ცნობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დაუსაბუთებელია (იხ. სუსგ საქმე №ას-787-2019, 28 ივნისი, 2019 წელი).
32. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება, დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით ან/და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ არის (იხ. სუსგ, №ას-1278-2019, 28.02.2020; №ას-1063-2019, 30.10.2019წ.). ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მითითებული შინაარსის დოკუმენტი მხარეს არც კერძო საჩივრისთვის დაურთავს.
33. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მომზადდა 2022 წლის 28 აპრილს, როდესაც აპელანტმა იგი ჩაიბარა. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მხარემ მოიხმო მისთვის ჩაბარებული გადაწყვეტილების ასლზე დასმული კანცელარიის ბეჭდის თარიღი. ბეჭედზე დასმული დროის პერიოდი ადასტურებს არა დასაბუთებული გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ მომზადების, არამედ ასლის მხარისათვის ჩაბარების დროს, შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონდარღვევით მომზადების სამტკიცებლად ვერ გამოდგება (იხ. წინამდებარე განჩინების პ. 13).
34. კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება მოპასუხის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და შესაძლებლობა არ მისცა აპელანტს, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა სადავო საკითხზე.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობის განხილვისას სააპელაციო პალატა ფაქტობრივად ამოწმებდა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს. სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ეს განჩინებები შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.
36. ამდენად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე და ასეთ დროს მხარეთა პოზიციების გათვალისწინება არ ხდება, არამედ მოწმდება, წარადგინა თუ არა აპელანტმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი წესითა და ვადაში.
37. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამუკიდებული.
38. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე