Facebook Twitter

24 ოქტომბერი 2022 წელი

საქმე №ას-884-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“

მოწინააღმდეგე მხარე _ ა.თ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ საადვოკატო მომსახურების თანხისა და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.თ–ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს მიმართ შემდეგი მოთხოვნებით: შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს ა.თ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ანაზღაურება 169 736 ლარის ოდენობით. შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს ა.თ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 50 811.77 ლარის ოდენობით. შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს ა.თ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი სარგებლის სახით სარჩელის აღძვრამდე 60 840 ლარი, სარჩელის აღძვრის შემდეგ ყოველთვიური სარგებლის სახით 2028 ლარი, ძირითადი დავალიანების თანხის სრულ დაფარვამდე.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით ა.თ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შ.პ.ს. ,,ბ. ბ.ს.ს“-ს ა.თ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურების თანხის 55 010 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-მ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ხოლო ა.თ–ძემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 დეკემბრის განჩინებით შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებაზე როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით ა.თ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილება საადვოკატო ჰონორარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის 2430 ლარისა და 570 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა.თ–ძის სარჩელი საადვოკატო ჰონორარის მოპასუხისათვის - შ.პ.ს. ,,ბ.ს.ბ.ს–ო“-სთვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შ.პ.ს. ,,ბ.ს.ბ.ს–ოს“ ა.თ–ძის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 102 392,50 ლარის გადახდა.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ომ“.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 5119 ლარის და 63 თეთრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ ჯ.ქ. 2022 წლის 29 ივლისს ჩაბარდა.

8. 2022 წლის 05 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორ შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს წარმომადგენლის ჯ.ქ–ის განცხადება, რომლითაც მან ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 15 დღით გაგრძელება ითხოვა, იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო ბაჟის თანხა სოლიდურია, საწარმოს კი ფინანსური პროლემები აქვს და ამ ეტაპზე ვერ ახერხებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 სექტემბრის განჩინებით შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს წარმომადგენლის ჯ.ქ–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. კასატორს გაურძელდა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა 15 დღით ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

10. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს, ჯ.ქ. 2022 წლის 13 სექტემბერს ჩაბარდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 სექტემბრის განჩინებით კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა 15 დღით ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

13. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჯ.ქ. (იხ. მინდობილობა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ჩაბარდა (იხ. გზავნილის ჩაბარების დასტური).

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

15. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2022 წლის 13 სექტემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 15-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 14 სექტემბერს და ამოიწურა 2022 წლის 28 სექტემბერს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი