გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-6-გ-02 21 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. კ-ოვის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის საკითხი.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. და ჯ. ა-ოვებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ გ. ა-ოვმა მამასთან _ მ. ა-ოვთან ერთად 1948 წელს მარნეულის რაიონის სოფ. ... ააშენა ინდივიდუალური საცხოვრებელი 4 ოთახიანი სახლი საერთო ფართით 177 კვ.მ.. დედის გარდაცვალების შემდეგ 1957 წელს მოსარჩელის მამა მ. ა-ოვი ხელმეორედ დაქორწინდა ხ. კ-ოვასთან, რის შემდეგაც გ. ა-ოვი გამოეყო მამას და თავის ცოლშვილთან ერთად ცხოვრობდა აღნიშნული სახლის ორ ოთახში, დანარჩენ ორ ოთახში ცხოვრობდა მოსარჩელის მამა მეუღლესთან ერთად. 1984 წელს, გაყოფის აქტის საფუძველზე, სახლის 2 ოთახი გ. ა-ოვმა დაუტოვა ჯ. ა-ოვს, რომელიც დღემდე აგრძელებს იქ ცხოვრებას თავის ოჯახთან ერთად. 1993 წელს გარდაიცვალა მ. ა-ოვი, რის შემდეგაც მის კუთვნილ 2 ოთახში ცხოვრობდა მეუღლე ხ. კ-ოვა. 1999 წელს ხ. კ-ოვას გარდაცვალების შემდეგ, გ. ა-ოვმა სადავო სახლის 2 ოთახში მცხოვრებ, ხ. კ-ოვას მემკვიდრეს _ რ. კ-ოვს მოსთხოვა ბინის გამონთავისუფლება, უკანასკნელმა მოსარჩელეს წარუდგინა აღნიშნული სახლის 2 ოთახის 1996 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, მოპასუხის სადავო სახლიდან გამოსახლება და მისგან 815 ლარად ღირებული მამის სამკვიდრო ქონების ამოღება.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 21.04.2000წ. გადაწყვეტილებით ა-ოვების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა 12.12.96წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი 12.12.96წ. ¹411 ცნობა გაცემული ... სოფლის საკრებულოს გამგეობის მიერ და მის საფუძველზე გაცემული საცხოვრებელი სახლის ტექ. პასპორტი; მოსარჩელეები ცნობილი იქნენ სადავო სახლის მესაკუთრეებად¾3/4 წილზე, მათ გამოეყოთ მიწის საკარმიდამო ნაკვეთი 1755 კვ.მ., შესაბამისად 3\4 ნაწილი. მოსარჩელეებს ასევე დაუბრუნდათ მ. ა-ოვის კუთვნილი ნივთები. მოპასუხე რ. კ-ოვი ცნობილ იქნა მემკვიდრედ აწ გარდაცვლილი ხ. კ-ოვას საკუთრების წილზე სადავო სახლის 1\4 იდეალურ წილზე. მოპასუხეს ასევე გამოეყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 585 კვ.მ. ოდენობით. ამასთან, რ. კ-ოვი გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან თავის ოჯახთან ერთად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაცო პალატის 12.12.2000წ. გადაწყვეტილებით რ. კ-ოვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება რ. კ-ოვის სადავო ბინიდან გამოსახლების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-ოვმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 08.06.01წ. განჩინებით რ. კ-ოვის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საოლქო სასამართლოს 12.12.2000წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 21.12.01წ. სასამართლო სხდომის დროს, სასამართლომ ადგილზე თათბირით დაადგინა მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისათვის განსახილელად გადაცემა იმ მოიტვით, რომ სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთი მოთხოვნა არის სადავო სახლის ტექ. აღრიცხვის ბიუროში რეგისტრაციის გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.02.02წ. გაჩინებით რ. კ-ოვის სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 12.02.02წ. განჩინებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახური უძრავი ქონების რეგისტრაციის დროს არანაირ ადმინისტრაციულ აქტს არ გამოსცემს, იგი დროის კონკრეტული მომენტისათვის აფიქსირებს უძრავი ქონების ფაქტობრივ-სამართლებრივ დოკუმენტებს (ტექნიკური პასპორტი, ნახაზი, ცნობა-დახასიათება), რომლებიც არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ აქტებს. ამდენად, ჩანაწერების გაუქმება არ წარმოადგენს დავათა იმ კატეგორიას, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე რ. კ-ოვის სააპელაციო საჩივრის გამო არის თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯადი.
2. მოცემული საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.