02 მარტი 2022 წელი
№ას-1317-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. ,,ლ–ა" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შ.პ.ს. ,,ლ–მ" (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „I აპელანტი“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მიმწოდებელი“, „შემსრულებელი“, „მენარდე“) სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „II აპელანტი“, „კასატორი“, „შემსყიდველი“, „შემკვეთი“) მიმართ, 101 332 ლარის, 39 338.47 ლარისა და სარჩელის მომზადებისას გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის - 11 172 ლარის დაკისრების მოთხოვნით (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია 2018 წლის 01 აგვისტოს წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით).
სარჩელის საფუძვლები:
2. 2017 წლის 09 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და შ.პ.ს. „ლ–ას“ შორის გაფორმდა N233 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. შესყიდვის საგანს წარმოადგენდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ....... მდებარე, 4170 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, (საკადასტრო კოდი ......), საბავშვო ბაღის მშენებლობა, შ.პ.ს. „A.s.“-ს მიერ მომზადებული მშენებლობის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად ს.ს. „ქ.ბ–გან“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ გაცემული იქნა საბანკო გარანტია 38 527 ლარის ოდენობით.
3. ხელშეკრულების 10.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებისა და მასში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულებაზე, შესრულებული სამუშაოების მოცულობასა და ხარისხზე ზედამხედველად შემსყიდველის მხრიდან მიმაგრებულ იქნა ტექნიკური ზედამხედველი ე.ა–ძე.
4. შ.პ.ს. „ლ–ას“ მიერ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გაირკვა, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე პროექტის შესაბამისად ნიშნულების განსაზღვრის შემთხვევაში, შენობა ვერ განთავსდებოდა სამშენებლო ტერიტორიაზე, შესაბამისად, ზედამხედველმა ე.ა–ძემ პროექტის ავტორ გ.ლ–ძეს მისცა ზეპირი მითითება ნიშნულების ცვლილების შესახებ და პროექტის ავტორმა განსაზღვრა შენობის ახალი ნიშნულები, ხოლო მენარდემ, მშენებლობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ზეპირად მიღებული მითითების შესაბამისად (რაც უნდა ასახულიყო კორექტირებულ პროექტში), 2018 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო სამშენებლო მოედნის მომზადება და ქვაბულის ამოღება, ამავდროულად, ქვაბულის ამოღებასთან ერთად, პროექტი ითვალისწინებდა იქვე არსებული ფერდის ფუძის ჩამოჭრასაც.
5. ფერდის ფუძის ჩამოჭრისა და წერტილოვანი საძირკვლისათვის ქვაბულის ამოღების შემდეგ მოვიდა უხვი ნალექი, რამაც გამოიწვია სამშენებლო ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების განვითარება და მიმდებარედ არსებული ფერდიდან მიწის მასის ჩამოშლა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ნაწილობრივ დაფარა სამშენებლო ტერიტორია და დააზიანა წერტილოვანი საძირკველისათვის გამზადებული ქვაბული. სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი იყო მეწყრის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასის გატანისა და სამშენებლო მოედანზე ღორღის შეტანის სამუშაოების განხორციელების გარეშე, შესაბამისად, შ.პ.ს. „ლ–ამ“ განახორციელა აღნიშნული სამუშაოები, რომლის შესრულებასაც მერიის მხრიდან ეწრებოდა ტექნიკური ზედამხედველი ე.ა–ძე. სამუშაოების საწარმოებლად მენარდეს დასჭირდა სპეციალური ტექნიკის დაქირავება, ღორღის შეძენა და შესაბამისი ხარჯების გაწევა. იმავდროულად, შ.პ.ს. „ლ–ა“ აგრძელებდა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებასაც. მეწყრის შედეგად დამდგარი ზიანის შესახებ შ.პ.ს. „ლ“-ს დირექტორმა წერილობით აცნობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას.
6. ვინაიდან სამშენებლო მოედნიდან მეწყრის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასის გატანისა და სამშენებლო მოედანზე ღორღის შეტანის სამუშაოები დროს მოითხოვდა, ხელვაჩაურის მუნიციალიტეტის მერიამ 2017 წლის 24 ნოემბრის ურთიერთშეთანხმების №1 აქტით მენარდეს გაუგრძელა მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულების ვადა.
7. საპროექტო დოკუმენტების შესყიდვისას სამშენებლო ტერიტორიის გეოლოგიური გამოკვლევა გამგეობის ერთ-ერთ სავალდებულო სატენდერო წინადადებას წარმოადგენდა. შესაბამისად, შ.პ.ს. „ლ–ას“ ეჭვი არ გასჩენია, რომ მოპასუხე პროექტს შეისყიდდა სამშენებლო ტერიტორიის გეოლოგიური კვლევის გარეშე, მით უფრო, რომ მეწყრული მოვლენების განვითარების მიუხედავად, მოპასუხეს შ.პ.ს. „ლ–თვის" არ უცნობებია მიწის ნაკვეთის გეოლოგიური კვლევის არ არსებობის შესახებ.
8. პირველი ეტაპის სამუშაოების ვადის გადაწევის შემდგომ მენარდემ განახორციელა მონოლითური რკინაბეტონის სვეტების, სარდაფის კედლებისა და ზეძირკვლის მოწყობის სამუშაოები, რის შემდეგაც მეწყრული პროცესები კვლავ განვითარდა, რასაც მოჰყვა ფერდიდან მიწის მასების ჩამოშლა და 15 მეტრიანი სიგრძის კედლის იმგვარი დაზიანება, რომ საჭირო გახდა მისი დემონტაჟი და ახალი კედლის აშენება, რაც საჭიროებდა დროს, შესაბამისად, 2017 წლის 28 ნოემბერს მენარდემ კვლავ მიმართა მერიას სამშენებლო მოედანზე განვითარებული ფაქტების შესწავლისა და სამუშაოს ეტაპის ვადის ცვლილების მოთხოვნით. მეწყრული პროცესები წარიმართა კიდევ ორჯერ, რამაც დააზიანა როგორც 35 მეტრის სიგრძის მქონე კედელი, აგრეთვე მეწყერსაშიშ მხარეს პირველი მეწყრის შემდგომ მენარდის მიერ ჩამოსხმული ფუნდამენტი. მეწყრული პროცესების ინტენსივობამ ეჭვი გაუჩინა შ.პ.ს. „ლ–ას“ დირექტორს, რომ მიწის ნაკვეთი ვარგისი არ იყო მშენებლობისათვის და 2017 წლის 08 დეკემბრის წერილში მეწყრის კვლავ ჩამოწოლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, მერიას დაუსვა შეკითხვა, არსებობდა თუ არა სამშენებლო მიწის ნაკვეთის გეოლოგიური დასკვნა, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, ითხოვა გეოლოგიური კვლევის ხელმეორედ წარმოება. უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, მენარდემ ითხოვა ხელშეკრულების ურთიერთშეთანხმებით შეწყვეტა და შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურება. წერილის საპასუხოდ მერიას არც გეოლოგიური კვლევა ჩაუტარებია და არც მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოსაყენებლად ვარგისიანობის შესახებ მიუთითებია მენარდისათვის.
9. მენარდემ შ.პ.ს. „A.s“-ს მიერ მომზადებული მშენებლობის პროექტის სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაუკვეთა პროექტზე ექსპერტიზის ჩატარება, რომლის 2018 წლის 03 თებერვლის დასკვნით დადგინდა, რომ პროექტის კონსტრუქციული ნაწილი არასრულყოფილია და მისი გამოყენება სოფ........ საბავშვო ბაღის შენობის ასაშენებლად დაუშვებელია, საპროექტო დოკუმენტაცია არ მოიცავს ფერდის გამაგრების სამუშაოებს, ხოლო თუ მისი პროექტში გათვალისწინება და წარმოება მოხდებოდა გეოლოგიური გამოკვლევების შედეგად განსაზღვრული ფერდის მდგრადობის კოეფიცენტის მხედველობაში მიღებით, სამშენებლო მოედანზე მიწის მასის ჩამოშლა იქნებოდა თავიდან აცილებული.
10. ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის გათვალისწინებით, მენარდემ მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა დაუკვეთა შ.პ.ს. „T.G.G”-ს, რომლის დასკვნითაც დადასტურდა, რომ სამშენებლო უბანი მდებარეობს მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, მეწყრის ხელახალი გააქტიურება მოსალოდნელია, შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიზანშეუწონელია.
11. მენარდის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის მოტივით შემკვეთმა 2018 წლის 12 მარტს ცალმხრივად შეწყვიტა მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება და ს.ს. „ქ.ბ“-ს მოსთოვა საგარანტიო თანხის ანაზღაურება 38 527.10 ლარის ოდენობით, რომელმაც, თავის მხრივ, საგარანტიო თანხა მიიღო შ.პ.ს. „ლ“-სა და ს.ს. „ჯ.ჰ“-ს შორის დადებული კონტრ-გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში. ს.ს. „ჯ.ჰ–მა“ კონტრ-გარანტიით ს.ს. „ქ.ბ–თვის" გადარიცხული საგარანტიო თანხის გადახდა შ.პ.ს. „ლ–გან“ მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით. განაღდებული გარანტიის რეგრესისა და სააღსრულებო ხარჯისთვის შ.პ.ს. „ლ–ას“ მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 39 338.47 ლარი, რომლის ანაზღაურებაც ეკისრება ბენეფიციარს (ხელვაჩაურის მერიას) გარანტიის უსაფუძვლოდ გამოთხოვის გამო.
12. მოსარჩელეს ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესრულებული აქვს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 35 519.34 ლარის ღირებულებით, აგრეთვე განვითარებული მეწყრების გამო პროექტით გაუთვალისწინებელი, თუმცა სამუშაოთა გასაგრძელებლად გაღებული აქვს აუცილებელი ხარჯი - 58 721.06 ლარი და სარჩელის აღძვრამდე გაწეულია სასამართლოსგარეშე ხარჯები, ჯამში 11 172 ლარის ოდენობით.
13. ხელვაჩაურის მუნუციპალიტეტის მერიამ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს შ.პ.ს. „ლ–ას“ შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა. სააგენტოს განკარგულება დასაბუთებულია იმ გარემოებით, რომ მიმწოდებლის (შ.პ.ს. „ლ–ას“) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობა გამოწვეული არ არის მისი ბრალეული ქმედებით, არამედ გამომდინარეობს სამშენებლოდ უვარგისი ტერიტორიის გამოყოფით, შემსყიდველის მიერ არასრულყოფილი პროექტის მიწოდებით, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის წინასწარ ჩაუტარებლობით და განვითარებული მეწყრული პროცესებით.
მოპასუხის პოზიცია:
14. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები წარმოებულია ხარვეზით, შეუსაბამოდ და საჭიროებს დემონტაჟს, კერძოდ, ნაცვლად შეთანხმებული 25 მარკის სამშენებლო ბეტონისა, მენარდემ სამუშაოები აწარმოა 20 და 22.5 მარკის სამშენებლო ბეტონით. შ.პ.ს. „ლ–ამ“ მშენებლობა აწარმოა პროექტის შეუსაბამოდ, მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გარეშე, ამასთან, საინჟინრო წესების დარღვევით, რამაც გამოიწვია მშენებლობის შეფერხება და სამშენებლო მოედნის ნაწილობრივ დაზიანება. კერძოდ, პროექტში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ არ უცნობებია მერიისთვის, არ დალოდებია პროექტის კორექტირებას და თვითნებურად, შემკვეთთან შეუთანხმებლად განახორციელა რიგი სამუშაოები, რამაც განაპირობა შემსყიდველისგან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა და საბანკო გარანტიის ამოქმედება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
15. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „ლ“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
15.1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „ლ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს თანხის 35 519.34 ლარის, უსაფუძვლოდ გადახდილი საბანკო გარანტიის თანხის და აღსრულების საფასურის - 39 338.47 ლარის, საერთო ჯამში 74 857.81 ლარის გადახდა.
15.2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „ლ“-სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების: მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2245.74 ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ნაწილის - 2994.32, ლარის, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის ღირებულების - 4700 ლარის, შ.პ.ს. „T.G.G.“-ს მიერ სამშენებლო ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური გამოკვლევისა და დასკვნისათვის გადახდილი თანხის 1192 ლარის გადახდა, რაც საერთო ჯამში შეადგენს 11 132.06 ლარს
15.3. სხვა ნაწილში სარჩელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
16. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააპელაციო საჩივარი წარადგინა ასევე შ.პ.ს. „ლ–ამ“, რომელმაც მოითხოვა, გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი და დაკმაყოფილდა შ.პ.ს. „ლ“-ს სააპელაციო საჩივარი:
17.1. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება, პროექტით გაუთვალისწინებელ სამუშაოებზე გაწეული ხარჯის 58721.06 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის 1280 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში;
17.2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „ლ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 58 721.06 ლარის ანაზღაურება;
17.3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „ლ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოსგარეშე ხარჯის 1280 ლარის ანაზღაურება;
17.4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „ლ-ს“ სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1761.63 ლარის ანაზღაურება;
17.5. დანარჩენ ნაწილში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
18. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
18.1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... საბავშვო ბაღის მშენებლობის მიზნით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 2016 წელს, გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. სატენდერო მოთხოვნები, საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადებასთან ერთად, მოიცავდა სამშენებლო ტერიტორიის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე 4170 კვმ, (სკ - 22.23.10.215), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გეოლოგიურ გამოკვლევასაც (ტომი 3; ს. ფ. 104-108).
18.2. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შ.პ.ს. „A.s.”, რომლის მიერ მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები შესყიდული იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ შ.პ.ს. „A.s”-მ საბავშვო ბაღის მშენებლობის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები მოამზადა სამშენებლო ტერიტორიის გეოლოგიური კვლევისა და მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის ვარგისიანობის შესწავლის გარეშე (ტომი 1; ს. ფ. 193-279).
18.3. შ.პ.ს. „A.s.”-ს მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის თანახმად, საბავშვო ბაღის მშენებლობის ხარჯი შეადგენდა 963174.00 ლარს, რომელიც მოიცავდა პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოებისთვის სარეზერვო ხარჯს - 23 770.00 ლარის ოდენობით (ტომი 1; ს. ფ. 195- 197).
18.4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ......., შ.პ.ს. „A.s”-ს მიერ მომზადებული პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 2017 წლის 14 ივლისს, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რომელშიც შ.პ.ს. „ლ–ა“ გამოცხადდა გამარჯვებულად. (ტომი 1; ს. ფ. 67-78)
18.5. საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული სატენდერო პირობები არ შეიცავდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სამშენებლო ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა პროექტის შედგენამდე ნაწარმოები არ იყო. შესაბამისად, ამ გარემოების შესახებ ტენდერში გამარჯვებული პირი - შ.პ.ს. „ლ–ა“ ინფორმირებული არ ყოფილა.
18.6. 2017 წლის 9 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შ.პ.ს. „ლ–ას“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №223, რომლის საფუძველზე შ.პ.ს. „ლ–ამ“ იკისრა ვალდებულება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ....... მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებულ 4170 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, (საკადასტრო კოდი - ....), უზრუნველეყო საბავშვო ბაღის მშენებლობა, შ.პ.ს. „A.s“-ს მიერ მომზადებული მშენებლობის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 770542.00 ლარს. მომსახურების განხორციელების ვადა კი მოიცავდა 2008 წლის 31 ივლისამდე პერიოდს. ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, შ.პ.ს. „ლ–ა“ კისრულობდა ვალდებულებას, სამშენებლო სამუშაო შეესრულებინა საპროექტო დოკუმენტებისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, 4 ეტაპად (ტომი 1; ს. ფ. 62- 66).
18.7. ხელშეკრულების 10.1 პუნქტით განისაზღვრა შემსყიდველის (გამგეობის) უფლებამოსილება - ნებისმიერ დროს განეხორციელებინა ტექნიკური კონტროლი ან/და სარემონტო სამუშაოების გამოცდა. ასევე დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით კონტროლს განახორციელებდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახური. მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების და ხელშეკრულების დანართ დოკუმენტებში ასახული პირობების შესრულებაზე კონტროლი, ასევე, შესრულებული სამუშაოების მოცულობასა და ხარისხზე კონტროლის განხორციელება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დაევალა ტექნიკურ ზედამხედველს - ე.ა–ძეს (ტომი 1; ს. ფ. 62- 66).
18.8. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა, 2017 წლის 03 ოქტომბერს, ს.ს. „ბ.ქ“-ს მიერ, 38527.10 ლარის ფარგლებში შ.პ.ს. „ლ–ზე“ გაცემული N5848-10/17 საბანკო გარანტიით. გარანტიის მოქმედების ვადა მოიცავდა 2018 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს. ხელშეკრულების 8.3. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე უარი თქმის და ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ჩამოერთმეოდა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის (38 527.10 ლარის) ოდენობით (ტ. 1, ს. ფ. 27; ტ. 3, ს. ფ. 116).
18.9. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე შ.პ.ს. „ლ–ამ“ მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურს და მოითხოვა სამშენებლო ტერიტორიის დაკვალვა, ანუ ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ნიშნულების განსაზღვრა. სამშენებლო ტერიტორიის დაკვალვისას, რომელშიც მონაწილეობდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსი, ამავე განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - გამგეობის მიერ დანიშნული ტექნიკური ზედამხედველი და სამშენებლო პროექტის ავტორი, დადგინდა, რომ ასაშენებელი ნაგებობის განთავსება სამშენებლო ტერიტორიაზე პროექტის შესაბამისად შეუძლებელი იყო.
18.10. მოსარჩელის განმარტების, ზემოთ მითითებულ პირთა მოხსენებითი ბარათებისა და ჩვენებების, ასევე მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული აქტების (ტ. 3; ს.ფ. 223-235) საფუძველზე, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მითითება ასაშენებელი ნაგებობის 900-ით შემობრუნების შესახებ, (შენობის პარამეტრებისა და მოცულობების დარღვევის გარეშე), შ.პ.ს. „ლ–ამ“ მიიღო სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე, შესრულებული სამუშაოების მოცულობასა და ხარისხზე კონტროლის განხორციელების მიზნით მოპასუხის მიერ დანიშნული პირისგან.
18.11. 2018 წლის 13 ოქტომბერს, შ.პ.ს. „ლ–ამ“ სამშენებლო მოედნის მომზადებისა და წერტილოვანი საძირკვლისათვის ქვაბულის ამოღების სამუშაოები დაიწყო არსებული პროექტის მიხედვით, შენობის ნიშნულების ადგილმონაცვლეობის გათვალისწინებით. ქვაბულის ამოღებისას განხორციელდა მიმდებარედ არსებული ფერდის ფუძის ჩამოჭრაც. დადგენილია, რომ სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ არსებული ფერდის ჩამოჭრა გათვალისწინებული იყო პროექტითაც, თუმცა შენობა-ნაგებობის ნიშნულების ცვლილებამ (900-ით მობრუნებამ) მოითხოვა ფერდის ჩამოჭრა პროექტით გათვალისწინებულზე მეტი პარამეტრებით.
18.12. აღნიშნული სამუშაოს შესრულების შემდეგ მოსული უხვი ნალექის შედეგად განვითარდა მეწყრული მოვლენები და სამშენებლო ტერიტორიაზე ფერდიდან მიწის მასის ჩამოშლა, რამაც ნაწილობრივ დაფარა სამშენებლო ტერიტორია და დააზიანა წერტილოვანი საძირკველისათვის გამზადებული ქვაბული.
18.13. სამშენებლო ტერიტორიაზე ჩამოშლილი მიწის მასის გატანის გარეშე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გაგრძელება იყო შეუძლებელი, რაც დასტურდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 03 თებერვლის ექპერტიზის დასკვნითაც (ტომი 2, ს. ფ. 3-18). შესაბამისად, შ.პ.ს. „ლ–ამ“ გამგეობის შესაბამისი სამსახურის მითითებით დაიწყო სამშენებლო ტერიტორიის გაწმენდა მეწყრის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასისაგან.
18.14. შ.პ.ს. „ლ“-ს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, არსებული ვითარება ადგილზე დათვალიერებით შეისწავლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა, რომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოების სატენდერო კომისიამ 2017 წლის 24 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გაგრძელების საფუძვლად მითითებულ იქნა ის გარემოება, რომ მშენებლობის მიმდინარეობის დროს განვითარებულმა მეწყერმა წარმოშვა დამატებითი სამუშაოს - კერძოდ, 1500 კვმ მიწის დამუშავებისა და სამშენებლო მოედნიდან გატანის აუცილებლობა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2017 წლის 24 ნოემბერს, მხარეებს შორის შედგა ურთიერთშეთანხმების აქტი №1, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვით პირველი ეტაპის სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 5 დეკემბრის ჩათვლით (ტ. 1; ს. ფ. 84-93).
18.15. სამშენებლო ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების/შესწავლის მიუხედავად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას რაიმე პრეტენზია შ.პ.ს. „ლ“-ს მიერ პროექტით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების დარღვევის შესახებ, არ გამოუხატავს. ამ გარემოებაზე დაყრდნობით, პალატამ გაიზიარა შ.პ.ს. „ლ–ას“ მტკიცება, რომ მან ყველა სამუშაო, მათ შორის შენობის ნიშნულის შეცვლა, სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ არსებული ფერდის ჩამოჭრა და ა.შ., განახორციელა დამკვეთის მითითებითა და მასთან შეთანხმებით.
18.16. მეწყერთან დაკავშირებით მიმწოდებლის მხრიდან განხორციელებული წერილობითი შეტყობინებების მიუხედავად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შ.პ.ს. „ლ“-ს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შ.პ.ს. „A.s“-ს სამშენებლო ტერიტორიის სამშენებლოდ ვარგისიანობის დადგენის მიზნით საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევები პროექტის შედგენამდე ნაწარმოები არ ჰქონდა. პირიქით, გამგეობამ გამოხატა ნება სამშენებლო სამუშაოს გაგრძელების შესახებ, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გამგეობამ უზრუნველყო შ.პ.ს. „ლ–თვის" სამუშაოს შესრულების ვადის გაგრძელება.
18.17. შ.პ.ს. „ლ–ამ“ გააგრძელა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოება - სპეცტექნიკით (ექსკავატორით) გრუნტის მოთხრა სარდაფის მოსაწყობად; გრუნტის დამუშავება ექსკავატორით წერტილოვანი საძირკვლის მოსაწყობად; გრუნტის დამუშავება ხელით; ღორღის საფუძვლის მოწყობა დატკეპვნით; მონოლითური რკინაბეტონის ბალიშის მოწყობა ბეტონით ბ-20; მონოლითური რკინაბეტონის სვეტების მოწყობა ბეტონით ბ-20, 00 ნიშნულამდე; მონოლითური რკინაბეტონის სარდაფის კედლებისა და შენობის საძირკვლის მოწყობა; ღორღის საფუძვლის მოწყობა დატკეპვნით, სარდაფში ბეტონის იატაკების მოსაწყობად; ბეტონის იატაკების მოწყობა სისქით 10 სმ. ლითონის ბადით.
18.18. ზემოაღნიშნული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 35519.34 ლარი, რაც დასტურდება შემსყიდველის შესაბამისი სამსახურების მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს შედგენილი დათვალიერების აქტით, (ტომი 1; ს.ფ. 188-189) 2017 წლის 25 ნოემბრის ფარული სამუშაოების აქტით, (ტომი 2; ს.ფ. 69) 2017 წლის 7 დეკემბრის კორექტირებული, შესრულებული სამუშაოების მიღების აქტით (ფორმა N2), (ტომი 2; ს.ფ. 66-68) ექსპერტიზის დასკვნით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით და მოწმეთა ჩვენებებით.
18.19. შ.პ.ს. „ლ–ამ“ გარდა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისა, შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულების განსახორციელებლად აუცილებელი, მაგრამ ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი სამუშაოები, მათ შორის მეწყრის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასისაგან სამშენებლო ტერიტორიის განთავისუფლების მიზნით 5196 კუბური მეტრი გრუნტის მოთხრა და გატანა, სამშენებლო ტერიტორიაზე მშენებლობის გაგრძელებისათვის პირობების შექმნის მიზნით 320 კუბური მეტრი ღორღის სამშენებლო მოედანზე შეტანა. აღნიშნული სამუშაოების შესრულების მიზნით შპს „ლ–ამ“ დაიქირავა სპეციალური ტექნიკა, მომსახურე პერსონალი, შეიძინა საწვავი. საერთო ჯამში, პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით შ.პ.ს. „ლ–ას“ მიერ გაღებულმა ხარჯებმა შეადგინა 58721.06 ლარი, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მასალებით - მომსახურების გაწევისა და იჯარის ხელშეკრულებებით, საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, მიღება-ჩაბარების აქტებით, (ტ.1, ს.ფ. 103-175); ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 03 თებერვლის დასკვნით, შ.პ.ს. „ჯ -გ–ის“ მიერ ჩატარებული კვლევებით. (ტ.2, ს.ფ. 3-18; 60-54).
18.20. მეწყრული პროცესების გაგრძელებისა და სამშენებლო ტერიტორიაზე მიწის მასის არაერთხელ (4-ჯერ) ჩამოშლის გამო, რამაც გამოიწვია პროექტის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს ნგრევა, შ.პ.ს. „ლ–ამ“ სამშენებლო სამუშაოების წარმოება ვეღარ შეძლო. შ.პ.ს. „ლ–ას“ დაკვეთით წარმოებული საექსპერტო გამოკვლევით კი, დადასტურდა, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მეწყერსაშიშ ზონაში და ის მშენებლობის მიზნით გამოყენებისათვის უვარგისი იყო.
18.21. ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 03 თებერვლის N000724018 დასკვნის საფუძველზე, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შესყიდული შ.პ.ს. „A.s“-ს მიერ მომზადებული, სოფ. ....... საბავშვო ბაღის მშენებლობის, საპროექტო დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი და არ შეესაბამებოდა სამშენებლო ნორმებსა და წესებს. პროექტის კონსტრუქციული ნაწილი იყო არასრულყოფილი, არ შეიცავდა ამომწურავ ინფორმაციას ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების შესახებ. მისი გამოყენება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ....... საბავშვო ბაღის შენობის ასაშენებლად იყო დაუშვებელი.
18.22. შ.პ.ს. „T.G.G“-ის მიერ წარმოებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ....... საბავშვო ბაღის სამშენებლო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ „სამშენებლო უბანი მდებარეობს მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, რომლის გააქტიურების საშიშროება მოსალოდნელია; ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო ამ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის.“ ამავე კვლევის საფუძველზე პალატამ დაადგინა, რომ მეწყრული პროცესების განვითარება განაპირობა არა მხოლოდ სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ არსებული ფერდობის ფუძის ჩამოჭრამ, არამედ ასევე გეოლოგიურმა ფაქტორებმა (ფერდობზე აღინიშნება ტექტონიკური ნაპრალი, ფერდი აგებულია დელუვიური წარმონაქმნებით და ძლიერ გამოფიტული ლატერიტებით, რომლის მექანიკური თვისებები ინტენსიური გამოფიტვის გამო მნიშვნელოვნად დაქვეითებულია).
18.23. ხელვაჩაურის მუნიციალიტეტის მერის 2018 წლის 12 მარტის №530 ბრძანებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. „ლ–ას“ შორის 2017 წლის 09 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შეწყდა. ამავე ბრძანებით, შ.პ.ს. „ლ–ას“ ჩამოერთვა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის (38527.10 ლარის) ოდენობით, რაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნით გადახდილი იქნა ს.ს. .„ბ.ქ–უს“ მიერ, რომელსაც, თავის მხრივ, საბანკო გარანტიის თანხა ჩაერიცხა ს.ს. „ს.კ. ჯ. ჰ–ის“ მიერ. (ტ.3, ს.ფ. 130-136).
18.24. ს.ს. „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ მოთხოვნის საფუძველზე, შ.პ.ს. „ლ–ამ“ სადაზღვევო კომპანიას აუნაზღაურა საბანკო გარანტიის თანხა 38527.10 ლარის ოდენობით, ასევე გადაიხადა სააღსრულებო ხარჯი - 811.37 ლარი (ჯამში - 39 338.47 ლარი). (ტ. 3; ს.ფ. 145-149; 150).
18.25. 2018 წლის 13 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილობით აცნობა შ.პ.ს. „ლ–ას“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო NAT17000.... ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2017 წლის 09 ოქტომბრის №223 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და ითხოვა შ.პ.ს. „ლ“-ს შავ სიაში რეგისტრაცია. (ტ.3; ს.ფ. 109; 110-111).
18.26. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 13 ივნისის №1497 განკარგულებით, შ.პ.ს. „ლ–ა” შავ სიაში არ დარეგისტრირდა. სააგენტომ დაადგინა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო არა შ.პ.ს. „ლ–ას“ ბრალით, არამედ პროექტის არასრულყოფილებით, პროექტის შესაბამისად საბავშვო ბაღის მშენებლობის შეუძლებლობით, სამშენებლო ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის აშენების დაუშვებლობით და სამშენებლო მოედანზე მეწყრული პროცესების განვითარებით. (ტ. 3; ს. ფ. 112-115).
19. მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
19.1. სამუშაოს შესრულების ფაქტისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას არსებითი შედავება არ განუხორციელებია. მისი პრეტენზია მდგომარეობს მასში, რომ შემსრულებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები და სამშენებლო პროექტში ხარვეზის გამოვლენის მიუხედავად, პროექტში შესაბამისი ცვლილების შეტანამდე დაიწყო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. ასევე, არ დაიცვა სამუშაოთა განხორციელების თანმიმდევრობა და ხარჯთღრიცხვით გათვალისწინებული პირობები, რამაც გამოიწვია სამშენებლო ტერიტორიის ხელყოფა (მიწის მასის ჩამოშლა), ამასთან, შესრულებული სამუშაო - ჩამოსხმული რკინა-ბეტონი, არ აკმაყოფილებდა შეთანხმებულ ხარისხს. ამდენად, აპელანტმა სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები არასათანადოდ განახორციელა.
19.2. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულყოფილად შესრულების დადასტურება, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის ფარგლებში, დამკვეთს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს, შედის მენარდის მტკიცების საგანში. მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით გააქარწყლა პრეტენზია მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თვითნებურად დარღვევის შესახებ და, ამასთან, დაამტკიცა სამუშაოს ჯეროვნად შესრულების ფაქტი, ხოლო მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გააბათილა სარწმუნო/დამაჯერებელი არგუმენტებით და მხოლოდ ხარვეზიან შესრულებაზე ზეპირსიტყვიერი მითითებით შემოიფარგლა, რაც საკმარისი არ არის სააპელაციო შედავების სათანადოდ დასაბუთებულად მიჩნევისათვის.
19.3. ბეტონის მარკირებასთან დაკავშირებით ხარჯთაღრიცხვა და სამშენებლო პროექტი განსხვავებულ მოთხოვნებს ადგენდა. კერძოდ, ხარჯთაღრიცხვა ითვალისწინებდა მშენებლობის განხორციელებას B25 მარკის სამშენებლო ბეტონით, ხოლო პროექტით გათვალისწინებული იყო სამშენებლო სამუშაოების წარმოება B20 მარკის სამშენებლო ბეტონით. მხარეთა შორის სადავო არ არის, ის გარემოება შ.პ.ს. „ლ“-მ სამუშაო აწარმოა B20 მარკის სამშენებლო ბეტონით, ანუ პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და მასში გათვალისწინებული ხარისხით, რასაც ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნა (ტ.2; ს. ფ. 37-42). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრეტენზია სამუშაოს უხარისხო შესრულებასთან მიმართებით უსაფუძვლოა.
19.4. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პრეტენზია მშენებლობის თანმიმდევრულად განხორციელების წესის დარღვევის თაობაზე. ამ მხრივ აპელანტის პრეტენზია მდგომარეობდა მასში, რომ შ.პ.ს. „ლ–ამ“ წერტილოვანი საძირკვლის ქვაბულის ამოღება განახორციელა ფერდსამაგრი ნაგებობის მოწყობამდე. აღსანიშნავია, რომ სამუშაოთა ამგვარი მიმდევრობით განხორციელების ვალდებულებას სამშენებლო დოკუმენტები არ ითვალისწინებდა. ამგვარი მითითება შ.პ.ს. „ლ–ას“ არ მიუღია მშენებლობის მიმდინარეობაზე კონტროლის განმახორციელებელი პირებისგანაც. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შ.პ.ს. „A.s“-ის მიერ მომზადებული საბავშვო ბაღის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია საერთოდ არ ითვალისწინებდა ფერდის გამაგრების სამუშაოებსა და ფერდის გამაგრების სამუშაოების პროექტს.
19.5. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მტკიცება შ.პ.ს. „ლ–ას“ მიერ პროექტის თვითნებურად დაღვევისა და სახელშეკრულებო ვალდებულების უხაროსხოდ შესრულებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და გაზიარებას არ იმსახურებს.
19.6. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 636-ე მუხლის მიხედვით კი, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
19.7. მითითებული ნორმების საფუძველზე პალატამ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წინაპირობებად კუმულატიურად განსაზღვრა: ა) მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებობა; ბ) მენარდის მიერ შეთანხმებული სამუშაოს ნაწილის შესრულება; გ) სამუშაოს დასრულებამდე შემკვეთის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა.
19.8. სასამართლომ დაადგინა, რომ შ.პ.ს. „ლ–ა“ იმყოფებოდა რა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან და ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული, 35 519.34 ლარის ღირებულების სამუშაო, რომლის ანაზღაურება მას არ მიუღია, არსებობდა სასამართლოს მიერ სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
20. მეწყრული მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებულ ფაქტებს პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
20.1. ნარდობის ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები ითვალისწინებს შემკვეთის ვალდებულებას აანაზღაუროს ზიანი, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას (სკ-ის 633.1 მუხლი), ასევე იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი, მენარდის დროული გაფრთხილების მიუხედავად, შესაბამის ვადაში არ გამოცვლის გამოუსადეგარ ან უხარისხო მასალას, არ შეცვლის მიცემულ მითითებას სამუშაოს შესრულების წესის შესახებ, ანდა არ აღმოფხვრის სხვა გარემოებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ნამუშევრის ვარგისიანობას ან სიმტკიცეს (სკ-ის 647.2 მუხლი).
20.2. მოპასუხემ საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები შეისყიდა ისე, რომ არც თავად უწარმოებია მოცემული ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა მისი მდგრადობისა და სამშენებლო მიზნით გამოყენებისათვის ვარგისიანობის შემოწმების თვალსაზრისით, და არც საპროექტო კომპანიისათვის მოუთხოვია შესაბამისი კვლევის წარმოება, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ტერიტორიის გეოლოგიური კვლევის სავალდებულობა დადგენილი იყო სატენდერო პირობებით. შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ არ განახორციელა მოქმედებები, რომელიც საჭირო იყო შესასრულებელი სამუშაოს, ....... საბავშვო ბაღის მშენებლობის განსახორციელებლად (სკ-ის 633.1 მუხლი).
20.3. აღნიშნული მოქმედების შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციალიტეტის გამგეობამ (ამჟამად მერია), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ....... საბავშვო ბაღის მშენებლობის მიზნით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ტენდერი გამოაცხადა საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის უვარგის, მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე და ამასთან, მშენებელობისათვის უვარგისი სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე. უფრო მეტიც, მეწყრული პროცესების განვითარების შემდეგ, მოითხოვა სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა სამშენებლო ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა ნაწარმოები არ იყო. ამასთან, მენარდესაც არ მიაწოდა ინფორმაცია სამშენებლო ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის არარსებობის შესახებ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად.
20.4. პალატამ მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ დაარღვია სკ-ის 115-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებები უფლებამოსილების მართლზომიერად განხორციელების შესახებ. სამშენებლოდ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევის ჩატარების შემთხვევაში დადგინდებოდა რა, რომ სამშენებლო ტერიტორიის მშენებლობისათვის გამოყენება დაუშვებელია, შემსყიდველი შ.პ.ს. „ლ–ა“ არ განახორციელებდა როგორც პროექტით გათვალისწინებულ, ასევე პროექტით გაუთვალისწინებელ, მაგრამ მშენებლობის გაგრძელებისათვის აუცილებელ და შემსყიდველთან შეთანხმებულ სამუშაოებს, რომელიც დაკავშირებული იყო სოლიდურ ხარჯებთან და რომელსაც მენარდე არ გასწევდა, შესაბამისად, არ მიადგებოდა ზიანი იმ ხარჯების სახით, (ჯამში 58 721.06 ლარი), რომელიც მან გასწია პროექტით გაუთვალისწინებელ, მაგრამ მშენებლობის გაგრძელებისათვის აუცილებელ სამუშაოთა განხორციელებისას.
21. გადახდილი საბანკო გარანტიისა და აღსრულების ხარჯის ბენეფიციარისთვის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დასაფუძნებლად მითითებულ გარემოებებს პალატამ მისცა შემდეგი კვალიფიკაცია:
21.1 სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, საგარანტიო თანხის - 38527.10 ლარის, შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებით უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რის გამოც აღნიშნული თანხა ექვემდებარება მოსარჩელისთვის დაბრუნებას.
21.2 საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხის მიერ არამართლზომიერად გამოთხოვის გამო, შ.პ.ს. „ლ–ამ“ განიცადა 811.37 ლარის ოდენით ზიანი სააღსრულებო ხარჯის სახით, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც, სასამართლოს შეფასებით, გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილიდან („იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“).
22. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აუნაზღაურებელი სასამართლოსგარეშე ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების დასასაბუთებლად პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანხმადაც, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. პალატამ მიუთითა, რომ შ.პ.ს. „ლ–ას“ მხრიდან შ.პ.ს. „ჯ.გ–თვის" მომსახურების საფასურის სახით 1200 ლარისა და შ.პ.ს. „მ–თვის" მომსახურების საფასურის სახით 80 ლარის გადახდა ემსახურებოდა მტკიცებულებათა მოპოვების მიზანს, შესაბამისად, იგი სრულად ექვემდებარება ანაზღაურებას მოპასუხის მხრიდან.
23. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
23.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საბანკო გარანტია არააქცესორული, დამოუკიდებელი სამოქალაქოსმართლებრივი ურთიერთობაა და შემსყიდველს (ბენეფიციარს) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე განხორციელებული მოთხოვნისას 5 საბანკო დღეში უნდა მიეღო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, სხვა დათქმას საბანკო გარანტია არ ითვალისწინებდა, ამდენად, კასატორი უკანონოდ მიიჩნევს ბენეფიციარის მიერ საბანკო გარანტიის უსაფუძვლოდ მიღებულად კვალიფიკაციას.
23.2. შესასრულებელ სამუშაოთა ხარისხი, ვადები და საზღაურის ოდენობა მხარეთა შორის შეთანხმებული იყო წერილობითი ფორმით, ამავდროულად, ხელშეკრულება ითვალისწინებდა დათქმას ნებისმიერი ცვლილების წერილობით გაფორმების სავალდებულოობის შესახებ. საქმეში არ არსებობს ე.წ. „დაკვალვის აქტი“, რომელშიც აისახებოდა პროექტის შესაბამისად ობიექტის დაკვალვის შეუძლებლობა. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, პროექტის კორეტირებაზე უნდა ემსჯელა მერიას პროექტის ავტორის მონაწილეობით. პროცედურების უხეში დარღვევით, პროექტის შეუსაბამოდ და მერიის უნებართვოდ მენარდემ აწარმოა ასაშენებელი შენობის ადგილმდებარეობის ცვლილება, ფერდი ჩამოჭრა პროექტთან შეუსაბამოდ, რაც დასტურდება ასეთი ცვლილებების შეტანის თაობაზე მხარეთა წერილობითი შეთანხმების არარსებობით. ამავდროულად, საინჟინრო წესები და სამშენებლო მოქმედებათა სპეციფიკა მენარდისგან მოითხოვდა ფერდის ჩამოჭრის შემდგომ ჯერ ფერდსამაგარი ნაგებობის მოწყობას და მხოლოდ მას შემდეგ წერტილოვანი საძირკვლის ქვაბულის ამოღებას. სწორედ აღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობამ განაპირობა მეწყრის გააქტიურება, მშენებლობის შეფერხება და სამშენებლო მოედნის ნაწილობრივი დაზიანება. ამდენად, სააპელაციო პალატას მენარდის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა მიეჩნია დარღვეულად.
23.3. ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდისა და პროექტში ცვლილების შეტანის მიმართ შემკვეთს თანხმობა არ განუცხადებია, ამდენად, გადახარჯვის ანაზღაურების ვალდებულება მერიას არ გააჩნია. მერიის მიერ დანიშნულ ზედამხედველს უფლებამოსილება არ გააჩნდა, გაეცა ნებართვა პროექტის შეუსაბამო სამუშაოთა წარმოებაზე, მისი კომპეტენცია შემოფარგლული იყო ზედამხედველობის ფუნქციით. მართალია, პროექტის ცვლილება აუცილებელი იყო, მაგრამ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანამდე მშენებლობის გაგრძელების უფლება ზედამხედველს მენარდისთვის არ მიუცია. გაურკვეველია, ხარვეზიანი პროექტის არსებობის პირობებში, რომელი ხარჯთაღრიცხვითა და ნახაზებით ხელმძღვანელობდა მენარდე სამუშაოების წარმოებისას. ნალექიან ამინდში ქვაბულის ამოღებისას მოწყობილი არ ყოფილა წყლის მოცილების ნაგებობები, მეტიც, საავტომობილო გზის გასწვრივ სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა სანიაღვრე, ნიაღვარი ჩაედინა ქვებულში და დატბორა იგი, ხოლო ქვაბულიდან ამოღებული მიწის გატანის ვალდებულება მენარდეს არ შეუსრულებია.
23.4. კანონმდებლობა მერიას არ ავალდებულებდა სამშენებლოდ გამიზნული მიწის ნაკვეთის წინასწარ კვლევას, ამდენად, გეოლოგიური დასკვნის არარსებობა არასწორად იქნა მიჩნეული შემკვეთის მიერ ვალდებულების დარღვევად. მეწყრული პროცესების გააქტიურება თავისთავად ნიშნავდა, რომ სამუშაოები შესაჩერებელი იყო პირველივე მეწყრის ჩამოსვლისთანავე. ამასთან, მეწყრისა და გეოლოგიური პროცესების აშკარა ხასიათის გამო, მშებელობის გაგრძელების შემთხვევაში, ქვაბულის ზედაპირის ე.წ. ვიბრაკატორით დამუშავებას კასატორი სავალდებულოდ მიიჩნევს შენობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, რაც მენარდეს არ შეუსრულებია. ამასთან ჩამოწოლილი მიწის მასის ტერიტორიიდან ამოღება და გატანა შესაძლებელი იყო ერთი და იგივე ტექნიკით, ამდენად, მეწყრის შედეგების აღმოფხვრის ხარჯები კასატორს მიაჩნია არაგონივრულად.
23.5. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მენარდე ორგანიზაციის დირექტორი გარდაიცვალა, თუმცა პროცესში არ ჩართულა მისი უფლებამონაცვლე, არამედ საქმის განხილვაში მონაწილეობა გააგრძელა ადვოკატმა, რომელზე მინდობილობის გამცემი პირიც (მოსარჩელე ორგანიზაციის დირექტორი) რეპლიკების ეტაპზე უკვე აღარ იყო ცოცხალი. ამდენად, აღნიშნული გარემოება სააპელაციო პალატას უნდა განეხილა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად, ვინაიდან საქმე განხილულ იქნა ერთ-ერთი მხარის კანონიერი წარმომადგენლის გარეშე. ახალ მფლობელს შესაძლოა სდომებოდა ადვოკატის შეცვლა, რისი შესაძლებლობაც მას არ მიეცა.
23.6. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ 105-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებათა შეფასების წესი, ვინაიდან შ.პ.ს. „ლ–ას“ შავ სიაში ჩაწერაზე უარის თქმის შესახებ შესყიდვების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებას სასამართლო განიხილავს იმის უტყუარ მტკიცებულებად, რომ ხელშეკრულების დარღვევაში ბრალი მიუძღვის არა მენარდეს, არამედ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას.
23.7. სააპელაციო სასამართლოს, კასატორის აზრით, ევალებოდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმის გამოც, რომ მიუხედავად გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მიერ ამავე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მტკიცებულებათა მოსაპოვებლად გაწეული საპროცესო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების შუამდგომლობა, მით უმეტეს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია კანონის საფუძველზე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
28. საკასაციო სასამართლო ფაქტობრივ გარემოებებზე საკასაციო პრეტენზიათა დაუშვებლობისა და დაუსაბუთებლობის დასადასტურებლად მიუთითებს შემდეგზე:
28.1. საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის მენარდის მიერ პროექტის შეუსაბამოდ ნიშნულების მოწყობაზე შემკვეთის თანხმობის არსებობას.
28.2. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მეორე ნაწილს, რომლის თანახმად, თუ გარიგება დადებულია სხვა პირის (წარმოდგენილის) სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ (წარმოდგენილმა), თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა.
28.3. მხარეთა ხელშეკრულების 10.4 პუნქტით ხელშეკრულებისა და მასში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულებაზე, ასევე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობასა და ხარისხზე შემსყიდველის მხრიდან მაკონტროლებლად დაინიშნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით მიმაგრებული ტექნიკური ზედამხედველი ე.ა–ძე.
28.4. პალატის მოსაზრებით, ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის უფლებამოსილების მინიჭებით მერიამ საკუთარ თანამშრომელი აღჭურვა იმ მასშტაბის კომპეტენციით, რომელიც სცდება მარტოოდენ ტექნიკურ ზედამხედველობას და მენარდეს კეთილსინდისიერად აფიქრებინებს, რომ პროექტის შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემატური და გაუთვალისწინებელი საკითხების შეთანხმების ადრესატს, შესაძლოა, წარმოადგენდეს კონტრაჰენტის ნდობით აღჭურვილი პირი. ამასთან, უფლებამოსილების მასშტაბებზე მცდარი წარმოდგენის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო წარმომადგენლის ქცევამაც - საქმეში მოიპოვება კასატორის მიერ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში ე.ა–ძისათვის ჩამორთმეული ახსნა-განმარტება (იხ. ტ.3, ს.ფ. 235), რომელიც ადასტურებს, რომ დაკვალვის პროცესში პროექტში აღმოჩენილი უზუსტობის გამო შენობის პროექტის შესაბამისად განთავსების შეუძლებლობის აღმოჩენის შემდეგ თავი ვალდებულად არ ჩათვალა, განეხორციელებინა მერიის ინფორმირება, არამედ პროექტის ავტორთან დააზუსტა შენობის პარამეტრებისა და მოცულობის დაურღვევლად შენობის 900-ით შემოტრიალების შესაძლებლობა და გასცა მითითება მენარდის მიმართ, დაკვალვა განხორციელებულიყო არა პროექტის შესაბამისად, არამედ ასაშენებელი შენობის 900-იანი შემოტრიალების გათვალისწინებით.
28.5. ამდენად, საფუძველსაა მოკლებული საკასაციო პრეტენზია მასზედ, რომ მენარდემ თვითნებურად აწარმოა პროექტთან შეუსაბამოდ დაკვალვისა ფერდის ფუძის ჩამოჭრის სამუშაოები. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ზედამხედველისათვის პროექტის შესრულების მონიტორინგზე ზოგადი ხასიათის უფლებამოსილების მინიჭებამ და წარმომადგენლის შემხვედრმა ქმედებამ კონტრაჰენტს (მენარდეს) შეუქმნა დაცვის ღირსი კეთილსინდისიერი მოლოდინი, რომ ობიექტური აუცილებლობით ნაკარნახევი გადახვევა ხარვეზიანი პროექტიდან, სამუშაოს დროულად შესრულების მიმართ მერიის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, შეთანხმებული იქნებოდა მუნიციპალიტეტის ორგანოსთან წარმომადგენლის მიერვე. აღნიშნული მოსაზრების სისწორეზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ მუნიციპალიტეტის მერიის ორგანოთა მიერ შედგენილ დათვალიერების აქტებში (იხ. ტ.1., ს.ფ. 89; 188) შენობის ნიშნულების ცვლილება სახელშეკრულებო პირობის დარღვევად განხილული არ ყოფილა.
29. რაც შეეხება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის წერილობით წესზე აპელირებას, პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების მე-11 მუხლი უკავშირდება მხოლოდ სახელშეკრულებო დათქმების ცვლილების წესს და მისი განმარტება იმდენად ფართოდ, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამოუკიდებელი დოკუმენტიდან (განსაკუთრებით, პროექტიდან, რომელიც დეტალიზებულ ნახაზთა ერთობლიობაა) ნებისმიერი მნიშვნელობის გადახრა ექვემდებარებოდა წინასწარ წერილობით შეთანხმებას, არაგონივრულია, თუ ასეთი ცვლილება თავისთავად არ იწვევს სახელშეკრულებო პირობის ცვლილებასაც. კასატორმა საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ დაამტკიცა, რომ შენობის განთავსების ნიშნულების 900-ით შემოტრიალება ავტომატურად გულისხმობდა შენობის პარამეტრებისა და მოცულობის ცვლილებასაც, რაც ზემოქმედებას იქონიებდა შეთანხმებულ სახელშეკრულებო ფასზე, ვადებზე ან სხვა რომელიმე პირობაზე, ამდენად, პროექტის ზეპირსიტყვიერ მოდიფიცირებას ნამდვილობის სამართლებრივი პრობლემა ვერ ექნება.
30. იმ პირობებში, როდესაც შენობის პროექტის შესაბამისად დაკვალვის შეუძლებლობისა და შენობის 900-ით შემოტრიალების გათვალისწინებით დაკვალვის განხორციელების ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს მერიის თანამშრომელთა ახსნა-განმარტებები (იხ. ტ.3, ს.ფ. 235; 238; 250), ე.წ. „დაკვალვის აქტის“ არარსებობაზე კასატორის აპელირება, რომლის შედგენაც სახელშეკრულებო შეთანხმებით, სავალდებულო პირობას არ წარმოადგენდა, სამართლებრივად არარელევანტურია.
31. სამართლებრივ ვარგისიანობას არის მოკლებული ის არგუმენტიც, რომ ფერდის ჩამოჭრამდე ფერდსამაგრი სამუშაოების წარმოება მენარდის თავისთავად ვალდებულებას წარმოადგენდა. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ფერდის ძირის მოჭრა პროექტის შესაბამისად სამუშაოთა წარმოების შემთხვევაშიც უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ფერდის გამაგრების ვალდებულება არც მშენებლობის პროეტით (იხ. ტ.1, ს.ფ. 235-279) და არც ხარჯთაღრიცხვით (იხ. ტ.1, ს.ფ. 193-234) მენარდეს არ დაკისრებია, ასეთ დათქმას არ შეიცავს არც ხელშეკრულება. ამდენად, მეწყრის ჩამოწოლა ფერდის გამაგრების სამუშაოების ჩაუტარებლობის უშუალო შედეგსაც რომ წარმოადგენდეს, პასუხისმგებლობა მენარდეს მაინც არ დაეკისრება მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო.
32. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ პროექტისგან განსხვავებული წესით ფერდია ჩამოჭრამ გამოიწვია მეწყრული პროცესების გააქტიურება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მტკიცების ტვირთის შესაბამისად, წარმოადგენდა შემკვეთის ვალდებულებას, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება კასატორს საქმეში არ წარუდგენია, ასეთ მითითებას არ შეიცავს ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 05 თებერვლის დასკვნა (იხ. ტ.2., ს.ფ. 3-18). მართალია, შ.პ.ს. „T.G.G ”-ის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა მეწყრის გამომწვევ ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) მიზეზად ასახელებს ფერდის ფუძის მოჭრას, თუმცა ფერდის ფუძე მოჭრას ექვემდებარებოდა პროექტის შესაბამისად შენობის განთავსების შემთხვევაშიც. ამასთან, მხარეებს შორის სადავო არ ყოფილა, რომ ფერდის ძირის მოჭრა პროექტისგან განსხვავებული წესით განაპირობა შენობის ნიშნულების ცვლილებამ (900-ით შემოტრიალებამ), შესაბამისად, შენობის განთავსების წერტილების ცვლილებაზე შეთანხმების არსებობა თავისთავად გულისხმობდა ფერდის იმგვარ ჩამოჭრაზე თანხმობასაც, რასაც მოითხოვდა შენობის 900-ით შემოტრიალება. ამდენად, პალატას ამ ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიაც უსაფუძვლოდ მიაჩნია.
33. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა (იხ. სუსგ. №ას-664-635-2016, 02.03.2017წ).
33.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
33.2. მენარდის მხრიდან წყლის მოცილების ნაგებობების მოუწყობლობაზე, სანიაღვრის დაზიანებაზე, ქვაბულის დატბორვასა და ქვაბულიდან ამოღებული მიწის გატანის ვალდებულების დარღვევაზე, აგრეთვე ქვაბულის ზედაპირის ე.წ. ვიბრაკატორით დამუშავების სავალდებულოობაზე, აგრეთვე მეწყრული შემდეგების აღმოფხვრის მიზნით გაწეული ხარჯების გონივრულობაზე მერიას არ მიუთითებია შესაგებელში, არამედ აღნიშნული პრეტენზია პირველად გაცხადდა სააპელაციო საჩივარში.
33.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. წინამდებარე განჩინების 33.2. პუნქტში აღწერილ გარემოებათა მითითებისას აპელანტს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ ვერ შეძლო ამავე გარემოებებით მენარდის ვალდებულების დარღვევასა და ხარჯების არაგონივრულობაზე შედავება შესაგებელში, პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას. იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო პრეტენზია პროცესუალურად დაუშვებელია სააპელაციო ეტაპზე, იგივე პრეტენზია მით უფრო დაუშვებელია საკასაციო საჩივრის წარდგენის სტადიაზე.
33.4. რაც შეეხება ბეტონის მარკირებასთან დაკავშირებით წაყენებულ პრეტენზიას მასზედ, რომ ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მშენებლობა უნდა წარმართულიყო B25 მარკის ბეტონით, თუმცა მენარდემ გამოიყენა B20 და B22.5 მარკის ბეტონი, პალატა ხაზგასმით მუთითებს, რომ მშენებლობის სახელმძღვანელო დოკუმენტი - პროექტი, რომელშიც გაწერილია მენარდის მიერ მხედველობაში მისაღები ტექნიკური საკითხები, შეიცავდა მითითებას სწორედ B20 მარკის ბეტონის გამოყენების შესახებ (იხ ტ.1, ს/ფ 265; მერიის მიერ მენარდისათვის წარდგენილი მშენებლობის პროექტის 29-ე ფურცელი). იმ პირობებში, როდესაც ხარჯთაღრიცხვა და პროექტი ურთერთშეუსაბამო მოთხოვნებს აწესებდა, სწორედ კასატორის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დასაბუთება, თუ რატომ უნდა მიენიჭებინა პრიორიტეტი მენარდეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ტექნიკური მახასიათებლისათვის და რატომ არ უნდა დაყრდნობოდა პროექტის მითითებას. კასატორს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე ამ მიმართულებით მტკიცება/დასაბუთება არ განუხორციელებია, ამდენად, პალატა მენარდის მიერ სამუშაოს შესრულებისას პროექტით ხელმძღვანელობას ვერ მიჩნევს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევად.
34. გაზიარებას არ იმსახურებს კასატორის პრეტენზია მასზედ, რომ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის წარმოების ვალდებულება მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა.
34.1. პალატა მოიხმობს “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (წინამდებარე განჩინების გამოტანის ეტაპზე ნორმატიული აქტი ძალადაკარგულია, თუმცა სადავო პერიოდში წარმოადგენდა მშენებლობის ნებართვის გაცემის ფუძემდებლურ დოკუმენტს) 35-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის კვლევა უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მომზადებამდე, ზოგიერთ შემთხვევაში – შენობა-ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობის და გამოყენების დროს (შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში ან გამოყენების დროს კვლევისათვის აუცილებელი გარემოებების წარმოქმნის შემთხვევაში).
34.2. ამრიგად, მიწის ნაკვეთის კვლევა, ზოგადი წესის თანახმად, ხორციელდება მშენებლობის დოკუმენტების მომზადებამდე, ხოლო მოგვიანებით აღნიშნულის განხორციელების შესაძლებლობა წარმოადგენს საგამონაკლისო შემთხვევას („ზოგიერთ შემთხვევაში“ გულისხმობს სწორედ გამონაკლისს ზოგადი წესიდან), რომლის დასაბუთების ვალდებულებაც, პალატის მოსაზრებით, ამავე დადგენილების 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, სწორედ მშენებლობის დამკვეთის ვალდებულებაა. საგულისხმოა, რომ არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ საგამონაკლისო წესის არარსებობამ განაპირობა კვლევის ჩატარების საჭიროებაზე მითითება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ სოფ. ....... საბავშვო ბაღის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში (იხ.ტ.3, ს.ფ. 16-20). აღნიშნულის მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა შ.პ.ს. „A.S ”-სგან შეისყიდა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ისე, რომ მიმწოდებლისთვის არ მოუთხოვია მიწის ნაკვეთის კვლევა. ამდენად, საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
35. გაზიარებას არ იმსახურებს კასატორის პრეტენზია მასზედ, რომ პირველი მეწყერის ჩამოსვლისთანავე სამშენებლო სამუშაოები უნდა შეჩერებულიყო. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილია სატენდერო კომისიის 2017 წლის 24 ნოემბრის სხდომის ოქმი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ, რის საფუძვლადაც მითითებულია მშენებლობის დროს განვითარებული მეწყერი და მისგან გამომდინარე დამატებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. 2017 წლის 24 ნოემბერსვე, მხარეებს შორის შედგენილია ურთიერთშეთანხმების აქტი №1, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვით, პირველი ეტაპის სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 5 დეკემბრის ჩათვლით პერიოდით (იხ. ტ.1; ს. ფ. 84-93). ამრიგად, მეწყული პროცესების მიუხედავად, დამკვეთის ნებას წარმოადგენდა არა სამუშაოების შეჩერება, არამედ გაგრძელება, რის უზრუნველსაყოფადაც მუნიციპალიტეტმა გადასწია სამუშაოთა პირველი ეტაპის ჩაბარების ბოლო ვადა.
36. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია შ.პ.ს. „ლ–ას“ შავ სიაში ჩაწერაზე უარის თქმის შესახებ შესყიდვების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ წინასწარ დადგენილი ძალის მინიჭების შესახებ, ვინაიდან ხელშეკრულების დარღვევაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ბრალის არსებობა დადგენილია საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის, უპირატესად, ექსპერტიზის დასკვნისა და საინჟინრო-გეოლოგური კვლევის შინაარსის გათვალისწინებით და არა მარტოოდენ შესყიდვების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების შინაარსით.
37. კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ, რომელიც მიემართება მენარდე ორგანიზაციის დირექტორის გარდაცვალების შემდგომ წარმართულ საპროცესო მოქმედებებს, პალატა საჭიროდ მიიჩნევს, ერთმანეთისგან გამიჯნოს ფიზიკური და იურიდიული პირების სახელით გაცემულ მინდობილობებზე ხელმომწერი პირის გარდაცვალების შედეგები.
37.1. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ მინდობილობის გამცემი ფიზიკური პირია, მინდობილობის არსებობის შედეგები დგება უშუალოდ მის მიმართ, ხოლო როდესაც წარმოდგენილი სუბიექტი არის ორგანიზაცია, იურიდიული შედეგების ადრესატი სწორედ ის არის. ბუნებრივია, წარმოდგენილი პირის გარდაცვალება იწვევს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტას სამოქალაქო კოდექსის 109-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუმცა მითითებული ნორმის მოქმედების არეალი შემოფარგლულია მხოლოდ მარწმუნებელი ფიზიკური პირის გარდაცვალებით.
37.2. აუცილებელია განიმარტოს, რომ ორგანიზაციის სახელით უფლებამოსილების გაცემისას დირექტორი მოქმედებს არა როგორც ფიზიკური პირი, არამედ როგორც კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და დირექტორის გარდაცვალება ორგანიზაციის მიერ მესამე პირზე გადაცემული უფლებამოსილების შეწყვეტის წინაპირობა არ არის. ამრიგად, დირექტორის გარდაცვალების მიუხედავად, ორგანიზაციის ადვოკატის მონაწილეობით საქმის განხილვა წარმოადგენს არა საპროცესო დარღვევას, არამედ საკორპორაციო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სწორად აღქმის შედეგს, ამრიგად, საკასაციო პრეტენზიას საფუძველი არც აღნიშნულ ნაწილში გააჩნია.
38. გასაზიარებელი არ არის კასატორის ინტერპრეტაცია მასზედ, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა იმ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაკმაყოფილდა. როგორც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, ისე შ.პ.ს. „T.G.G“-ს მიერ სამშენებლო ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური გამოკვლევა მიზნად ისახავდა არამარტო პროექტით გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურებას, არამედ ემსახურებოდა ხელშეკრულების დამრღვევი სუბიექტისა და დარღვევის შინაარსის გამოვლენას, რაც პირდაპირ უკავშირდება პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ანაზღაურებისა და უსაფუძვლოდ მიღებული საბანკო გარანტიის თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნათა საფუძვლიანობას. ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტის მერია კანონის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული სუბიექტია, მხედველობაში არ მიიღება შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
39. საკასაციო პრეტენზია მასზედ, რომ საბანკო გარანტია დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებისგან, ამდენად, მისი გამოთხოვას ყოველთვის გააჩნია საფუძველი და პრინციპალს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე დაყრდნობით ბენეფიციარისგან მიღებული საბანკო გარანტიის თანხის უკან დაბრუნების უფლებამოსილება არ გააჩნია, დაუსაბუთებელია.
39.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით _ არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება _ ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (იხ. სუსგ №ას-562-871-09, 20.10.2009წ, რომელშიც განმარტებულია საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების, შედეგი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს). საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, ემსახურება საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდ ბრუნვას, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება (იხ. სუსგ №ას-1038-999-2016, 01.02.2017წ).
39.2. იმ პირობებში, როდესაც ვერ დადასტურდა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მერიის მიერ გამოცემულ ბრძანებაში ასახული ვერცერთი გარემოება, რომელიც შემკვეთს მენარდის მხრიდან დარღვეულ ვალდებულებად მიაჩნდა, პალატა იზიარებს დასკვნას მასზედ, რომ საბანკო გარანტიის გადახდევინებას ბენეფიციარის მხრიდან არ გააჩნდა წინაპირობა პრინციპალის მიერ ვალდებულების რღვევის სახით. ვინაიდან გარანტს, ბენეფიციარის მხრიდან განმეორებითი მოთხოვნის მიღების პირობებში, წარმოეშვა საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულება (სსკ 887-ე მუხლის მეორე ნაწილი) და გარანტმა საგარანტიო პირობების დაცვით (ვადა, წარდგენის ფორმა, შესაგებლის გამოყენების შეუძლებლობა) გადაიხადა საგარანტიო თანხა, ხოლო პრინციპალს წარმოეშვა რეგრესული ვალდებულება გარანტის მიმართ (სსკ-ის 890-ე მუხლი), რომელიც შესრულდა, ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც აღადგენს დარღვეულ ქონებრივ ბალანსს პრინციპალსა (მენარდე) და ბენეფიციარს (შემკვეთი) შორის ძირითადი ვალდებულების დარღვევის გარეშე განაღდებული საბანკო გარანტიის სახით, შესრულების კონდიქციის ინსტიტუტია, სსკ 385-ე, 976.1. „ა“, 991–ე მუხლების შესაბამისად (იხ. სუსგ №ას-1217-1176-2016, 10.02.2017წ).
40. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სააღსრულებო ხარჯი აგრეთვე ექვემდებარება ანაზღაურებას, მაგრამ არ იზიარებს აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სსკ 408-ე მუხლის მითითებას, ვინაიდან მითითებული ნორმა, იურიდიული ბუნებით, დამხმარე ნორმაა და არა მოთხოვნის დამფუძნებელი.
40.1.ზიანის ანაზღაურების დამფუძნებელი ნორმა, წინამდებარე შემთხვევაში, შეიძლება იყოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
40.2. მენარდისა და შემკვეთის სამართალურთერთობაში მოქმედებდა რა ვალდებულება, რომ საბანკო გარანტია გადახდილი ყოფილიყო მხოლოდ მენარდის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში (ხელშეკრულების 12.1 პუნქტი), თუმცა აღნიშნულის გაუთვალისწინებლად, შემკვეთმა საბანკო გარანტიის თანხა გაანაღდა მენარდის მიერ ვალდებულების რღვევის გარეშე (მართლსაწინააღმდეგო ქმედება), პრინციპალს წარმოეშვა რეგრესული პასუხისმგებლობა სადაზღვევო ორგანიზაციის წინაშე როგორც საგარანტიო თანხის, ისე იძულებითი აღსრულების საფასურის სახით (ზიანი), რაც გარანტიის უსაფუძვლოდ განაღდების უშუალო შედეგია (მიზეზობრივი კავშირი), ამავდროულად საგარანტიო თანხის მიმღებს მიღებისთანავე ევალებოდა, სცოდნოდა, რომ ანაზღაურებას არ იღებდა სამართლებრივად უხარვეზო საფუძვლით (ბრალი), ამრიგად, სახეზეა ზიანის ანაზღაურების ყველა კრიტერიუმი აღსრულების საფასურის, როგორც მენარდის მიერ განცდილი ქონებრივი დანაკლისის, შემკვეთისათვის დასაკისრებლად.
41.1. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით მენარდეს უწევს ხარჯთაღირცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება და აღნიშნული ხარჯები გამომდინარეობს შემკვეთისგან გადაცემული მასალის (მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზიანი პროექტი და მშენებლობისთვის უვარგისი მიწის ნაკვეთი) უხარისხობით, ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი დანახარჯების ანაზღაურების საკითხი უნდა შეფასეს არა გადახარჯვის (სსსკ 631-ე მუხლი) ნორმების ფარგლებში, არამედ შემკვეთის მიერ გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ნორმების (სსკ 633(I) და 647(II) მუხლების) შესაბამისად.
41.2. ამდენად, 1) გეოლოგიური კვლევის გარეშე შედგენილი პროექტისა და სამშენებლოდ უვარგისი მიწის ნაკვეთის მენარდისათვის გადაცემამ (მართლსაწინააღმდეგო ქმედება), 2) მეწყერის შედეგად ჩამოწოლილი მიწის მასივის გატანის მიზნით ხარჯების გაწევამ (ზიანი), 3) რომლის გაღებაც განაპირობა შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გადაცემამ (მიზეზობრივი კავშირი) და 4) განვითარებულ მოვლენათა შესახებ შემკვეთის ინფორმირებულობამ, თუმცა მისმა განზრახმა დუმილმა ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის არასებობაზე (ბრალი) ხელშეკრულების შეწყვეტისას შექმნა ხელშეკრულების დადების ეტაპზე გაუთვალისწინებელი, თუმცა მენარდისგან ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ზიანის ანაზღაურების სახით შემკვეთზე დაკისრების წინაპირობა.
42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
43. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ამრიგად, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებაზე მსჯელობის საპროცესოსამართლებრივი წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია