საქმე №ას-282-2021 5 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.12.2020 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების უმკვიდროდ ცნობა, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.03.2020 წლის გადაწყვეტილებით მ.მ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ ქონების უმკვიდროდ ცნობისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.12.2020 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით ე.უ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესაკუთრე“) სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...... №9, სასარგებლო ფართი - 55.7 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 17.55 კვ.მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო საცხოვრებელი სადგომი“), ცნობილ იქნა უმკვიდროდ; სადავო საცხოვრებელი სადგომი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელეს. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების თანახმად, უძრავი ქონება (ნიწის ნაკვეთი და შენობა-ბაგებობა), მდებარე: ქ. თბილისი, ..... №9, აღრიცხულია მესაკუთრის სახელზე.
3.2. 08.07.1993 წელს მესაკუთრის მიერ მოსარჩელეზე გაცემულია მინდობილობა, რომლის თანახმად, მოსარჩელეს მიეცა უფლება, დაედო კანონით ნებადართული გარიგება, კერძოდ, ყიდვის, გაყიდვის, ქონების გაჩუქების ან საჩუქრად მიღების უფლება, გაცვლის, დაგირავების. ამავე მინდობილობით რწმუნებული უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს თანხა, ვადა და მისი პირობები. რწმუნებულება გაიცა სამი წლის ვადით და ძალაში იყო 08.07.1996 წლის ჩათვლით.
3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.10.2017 წლის დადგენილებით მესაკუთრე გამოცხადდა გარდაცვლილად და გაიცა გარდაცვალების მოწმობა.
3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.01.2018 წლის დადგენილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება. დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - მესაკუთრისადმი (გარდაცვალების თარიღი 05.10.2017 წელი; გარდაცვალების აქტის ჩანაწერი №01177013466, გარდაცვალების მოწმობა №01177038009) უფლების დამდგენი საბუთის, სახელდობრ, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 05.10.2010 წელს მომზადებული ცნობა-დახასიათების (მისამართი/ადგილმდებარეობა: ...... №9, სააღრიცხვო ბარათი №047901, აღრიცხული 1993 წელს) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მიერ 08.02.2007 წელს მომზადებული მიწის ნაკვეთის და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმის კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული გვარი „უ–ა“ არ ემთხვევა მის გარდაცვალების მოწმობაში მითითებულ გვარს - „უ–ა“.
3.5. ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრის ცნობის თანახმად, 05.10.2017 წელს გარდაცვლილი მესაკუთრის სამკვიდრო ქონების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრის მონაცემებით, 05.10.2017 წელს გარდაცვლილი მესაკუთრის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე ჩანაწერი არ იძებნება.
3.6. სს „თ–ის“ 07.06.2018 წლის №0607/230/18 წერილის თანახმად, სს „თ–ის“ მონაცემთა ბაზაში №009.. სააბონენტო ბარათზე, 1996 წლის მდგომარეობით, სს „თ–ის“ აბონენტად რეგისტრირებული იყო მ–ა, მისამართი: ....... №10, 1996 წლამდე ინფორმაცია სს „თ–ში“ არ ინახება ხანდაზმულობის გამო, ხოლო, 07.06.2018 წლის მდგომარეობით, ზემოაღნიშნულ სააბონენტო ბარათზე სს „თ–ის“ აბონენტად რეგისტრირებულია მ–ა, მისამართი: ....... №9.
3.7. მხარეთა შორის სადავოა წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდეგში სპეციალური კანონი) გათვალისწინებულ მოსარგებლეს ამავე კანონის მე-9 მუხლის მიზნებისათვის. სასამართლოს მითითებით, სპეციალური კანონის ნორმატიული დანაწესიდან ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს, რომ ამ კანონის შესატყვისად საკუთრების უფლების წარმოშობის ალტერნატიული საფუძვლებია: 1. უძრავ ქონებაზე ფორმის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება; საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის დათმობის გარიგება, რომელიც, თავის მხრივ, უნდა დადასტურდეს საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადების გადახდით, ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული საფასურის გადახდით; ადმინისტრაციული აქტი. დასახელებულ რომელიმე წინაპირობასთან თანმხვედრად, საცხოვრებელ სადგომზე, როგორც უმკვიდრო ქონებაზე, საკუთრების უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია გამოირკვეს, რომ შესაბამისი საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და მამკვიდრებელს არ ჰყავს მემკვიდრე, რომელმაც სამკვიდრო მიიღო.
3.8. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 15.01.2018 წლის №01/15255 წერილით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ..... ქუჩის ძველი დასახელება ფიქსირდება ..... ქუჩა. სს „თ–ის“ 07.06.2018 წლის №0607/230/18 წერილის თანახმად, სს „თ–ის“ მონაცემთა ბაზაში №0098.... სააბონენტო ბარათზე, 1996 წლის მდგომარეობით, სს „თ–ის“ აბონენტად რეგისტრირებული იყო მ–ა, მისამართი: .....შესახვევი №10, 1996 წლამდე ინფორმაცია სს „თ–ში“ არ ინახება ხანდაზმულობის გამო, ხოლო, 07.06.2018 წლის მდგომარეობით, ზემოაღნიშნულ სააბონენტო ბარათზე სს „თ–ის“ აბონენტად რეგისტრირებულია მ–ა, მისამართი: ..... ჩიხი №9. დადგენილია ისიც, რომ ქ. თბილისში, .... №9-ში - 2010 წლის 24 მარტიდან რეგისტრირებულია რ.მ–აც. საქმეში წარმოდგენილი საბინაო წიგნის თანახმად, მოსარჩელის მისამართად მითითებულია - ქ. თბილისი, ..... №10. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.12.2019 წლის წერილის თანახმად, თბილისში არსებულ ..... ჩიხში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაცია ვრცელდება №3-დან №9-ის ჩათვლით და, მართალია, ..... №10 არ ემთხვევა სასარჩელო მოთხოვნის მისამართს, თუმცა, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ საბინაო წიგნაკის ჩანაწერი, შესაძლოა, ტექნიკურ ხარვეზს წარმოადგენდეს, მით უფრო მაშინ, როდესაც ამავე საქმეში არსებული კომუნალური გადახდის ქვითრები მ–ას აბონენტობას ადასტურებს ..... 10 ნომერშიც და ...... ჩიხი №9-შიც. სააპელაციო პალატამ იმ გარემოებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეები ადასტურებენ მოსარჩელის მოსარგებლის სტატუსს და ამავე საქმეში წარმოდგენილი მესაკუთრის განცხადება (დაწერილი ისნის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარის სახელზე) აღნიშვნით, რომ სახლს ყიდის მ.ჟ. ძე მ–ზე, შინაარსობრივად გულისხმობს მოსარჩელესა და მესაკუთრეს შორის სანოტარო წესის დაუცველად ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას, მასში ნათლად ვლინდება მესაკუთრის ნება.
3.9. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, რადგან გამოვლენილი იყო სპეციალური კანონის მე-9 მუხლის მაკვალიფიცირებელი ყველა წინაპირობა, სახელდობრ: მოსარჩელე წარმოადგენს სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს, მესაკუთრე სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადდა და მას მემკვიდრე არ დარჩენია, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სპეციალური კანონის მე-9 მუხლის პირველი (თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი)) და მე-2 (ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება) პუნქტები. აღნიშნული მოთხოვნა განხორციელებადია შემდეგი წინაპირობების არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე; მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებული; არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ უნდა არსებობდნენ.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი.
10. დადასტურებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.10.2017 წლის დადგენილებით მესაკუთრე გამოცხადდა გარდაცვლილად და გაიცა გარდაცვალების მოწმობა (იხ. ს.ფ. 26-28). ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრის ცნობის თანახმად, 05.10.2017 წელს გარდაცვლილი მესაკუთრის სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში ჩანაწერი რეგისტრირებული არ არის (იხ. ს.ფ.30). საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრის მონაცემებით, 05.10.2017 წელს გარდაცვლილი მესაკუთრის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე ჩანაწერი არ იძებნება (იხ. ს.ფ. 29). კასატორი სადავოდ არ ხდის მესაკუთრის გარდაცვლილად გამოცხადებისა და მემკვიდრეების არარსებობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს. მისი პრეტენზია მხოლოდ მოსარჩელის სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ მიჩნევას შეეხება.
11. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
12. სპეციალური კანონით წესრიგდება არა ყველა ის ურთიერთობა, რაც უძრავი ნივთის თაობაზე დადებულ ფორმადაუცველ გარიგებასთანაა დაკავშირებული, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც მოითხოვს სპეციალურ მოწესრიგებას. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი ვალდებული იყვნენ, დაეცვათ უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის იმ დროს მოქმედი წესები, მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევებში, ამ წესების დარღვევა უკავშირდებოდა გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს, რაც დამახასიათებელი იყო იმ დროს მოქმედი სამართლებრივი სივრცისათვის, კერძოდ, სამოქალაქო უფლებათა განხორციელება იმ დროს ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულსამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში ხშირად მხარეთა ურთიერთობა არ სცილდებოდა მათი ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის ფარგლებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური მოწესრიგება უკავშირდება უშუალოდ ამ ურთიერთობების სპეციფიკას, კერძოდ, ურთიერთობებს, რომლებიც არსებობდა ზემოაღნიშნულ პერიოდში ფაქტის სახით, განსახილველმა კანონმა მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები (შდრ. სუსგ №ას-1193-1138-2013, 31.03.2015წ; №ას-1303-2018, 07.03.2019წ.).
13. სპეციალური კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს (სპეციალური კანონის 1.1 მუხლი).
14. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ისნის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარის სახელზე დაწერილი მესაკუთრის განცხადებიდან ვლინდება მესაკუთრის ნება სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარჩელისთვის გადაცემის თაობაზე (იხ. ს.ფ. 19-21). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია, ასევე, 08.07.1993 წელს მესაკუთრის მიერ მოსარჩელეზე გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმად, მოსარჩელეს მიეცა უფლება, დაედო კანონით ნებადართული ყველა გარიგება, კერძოდ, ყიდვის, გაყიდვის, ქონების გაჩუქების ან საჩუქრად მიღების, გაცვლის, დაგირავების. ამავე მინდობილობით, რწმუნებული უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს თანხა, ვადა და სხვა პირობები. რწმუნებულება გაიცა სამი წლის ვადით და ძალაში იყო 08.07.1996 წლის ჩათვლით (იხ. ს.ფ.22-24). საქმის მასალებით დადასტურებულია 1996 წლის მდგომარეობით სს „თ–ის“ აბონენტად რეგისტრაცია (იხ. ს.ფ. 51). ამავდროულად, საქმეზე დაკითხული მოწმეებიც ადასტურებენ მოსარჩელის მოსარგებლის სტატუსს. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია არაერთი კომუნალური გადახდის ქვითარი, რომლის თანახმად, სადავო საცხოვრებელი სადგომის მისამართზე შესაბამისი გადასახადი ირიცხებოდა მოსარჩელის სახელზე (იხ. მაგალითად, ს.ფ. 38-40). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოსარჩელის სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ მიჩნევის თაობაზე.
15. ამდენად, რადგანაც გამოვლენილია სპეციალური კანონის მე-9 მუხლის მაკვალიფიცირებელი ყველა წინაპირობა, სახელდობრ: მოსარჩელე წარმოადგენს სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს, მესაკუთრე სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადდა და მას მემკვიდრე არ დარჩენია, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (იხ. სუსგ №ას-1562-2018, 22.01.2019წ; №ას-1303-2018, 07.03.2019წ; №ას-1394-2019, 31.03.2021წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია