საქმე №ას-158-2022 5 მაისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ა–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2021 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 31.10.2019 წლის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან კასატორი“) სარჩელი ვ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 1018,50 ლარისა და პირგასამტეხლოს - 100 ლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს - 6428,65 ლარის დაკისრებაზე. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. მხარეთა შორის 16.04.2015 წელს დაიდო იჯარის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთები: 1) გურჯაანის რაიონის სოფელ .... მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ: №..... (შემდგომში №1 ნაკვეთი); 2) გურჯაანის რაიონის სოფელ ..... მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ: №..... (შემდგომში №2 ნაკვეთი); 3) გურჯაანის რაიონის სოფელ ....... მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ: №...... (შემდგომში №3 ნაკვეთი).
1.2. ხელშეკრულებების მოქმედების ვადად განისაზღვრა 5 წელი. იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე სარგებლობის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
1.3. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, მოიჯარის მიერ ქონებით სარგებლობისთვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა: №1 ნაკვეთზე - 256 ლარს; №2 ნაკვეთზე - 57 ლარს; №3 ნაკვეთზე - 81 ლარს, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველი წლის 31 დეკემბრამდე. საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო – გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
1.4. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების, მათ შორის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, არ შესრულებულა. მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა მოსარჩელის წერილი ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, თუმცა უშედეგოდ. გაფრთხილების მიუხედავად, მოიჯარემ საიჯარო ქირა და პირგასამტეხლო არ გადაიხადა.
1.5. მოსარჩელის 31.10.2017 წლის №1/5-271 ბრძანებით მხარეთა შორის 16.04.2015 წელს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები შეწყდა. შესაბამისად, გაუქმდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოპასუხის სარგებლობის უფლება დასახელებულ მიწის ნაკვეთებზე. ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ მოპასუხეს ეკისრება ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რაც მოპასუხემ არ გადაიხადა.
1.6. იჯარის ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებულია მოიჯარის ვალდებულება, გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის წარედგინა ინფორმაცია ხელშეკრულების დანართი №2-ის შესაბამისად. მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება 2015-2016 წლებში არ შეუსრულებია, რის გამოც, მას დაეკისრა ამავე ხელშეკრულების 6.3 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 1000 ლარის ოდენობით, თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
1.7. საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს ოდენობა თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს: №1 მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე არსებული საიჯარო ქირის დავალიანება - 662 ლარი და 6.2 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 352,45 ლარი; №2 მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე არსებული საიჯარო ქირის დავალიანება - 147 ლარი და 6.2 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 72,2 ლარი; №3 მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე არსებული საიჯარო ქირის დავალიანება - 109,5 ლარი და 6.2 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 103,4 ლარი. მოპასუხეს ხელშეკრულების 3.1.1 მუხლითა და 3.1.6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დაეკისრა ამავე ხელშეკრულების 6.3 და 6.4 მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2000 ლარი, ჯამში, სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 6000 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს საიჯარო ქირის დავალიანების გადახდას - 1018,5 ლარის ოდენობითა და პირგასამტეხლოს გადახდას - 6528,65 ლარის ოდენობით, საერთო ჯამში - 7547,15 ლარის გადახდას.
1.8. მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებების 6.5 მუხლის შესაბამისად, მოიჯარის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის და/ან დაწესებულ ვადაში, პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, მეიჯარეს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, მოიჯარეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები. ამავე ხელშეკრულებების 7.1.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება წყდება მეიჯარის მიერ, ხელშეკრულების 6.5. მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების მოშლის უფლების განხორციელების შემთხვევაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ 16.04.2015 წელს მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების 6.5 და 7.1.2 მუხლების შესაბამისად, მეიჯარე უფლებამოსილია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობისა და პირგასამტეხლოს გადაუხდელობის გამო, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე დარიცხული საიჯარო ქირის - 1018,5 ლარის გადახდა, რისი გადახდის ვალდებულება არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ, ამიტომ სარჩელი საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს სრულად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 581-ე, 355-ე, 356-ე მუხლები).
1.9. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.6 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა, რისთვისაც ამავე ხელშეკრულების 6.3 და 6.4 პუნქტებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო თითოეულ დარღვევაზე ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და მიუთითა, რომ ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.6 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის თითოეულზე 500 ლარის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა. მართალია, მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მინიჭებული აქვს პირგასამტეხლოს შემცირების უფლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების საგანს სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა წარმოადგენდა, მისი ღირებულება №1 ნაკვეთზე იყო წლიური 276 ლარი, №2 ნაკვეთზე - 57 ლარი და №3 ნაკვეთზე - 81 ლარი, პირგასამტეხლოს მოთხოვნა ინფორმაციისა და კვლევის წარუდგენლობისთვის 500 ლარის ოდენობით, იყო შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრული და მოვალისთვის მძიმე ტვირთს წარმოადგენდა, ამიტომ იგი უნდა შემცირებულიყო და მისი ოდენობა განსაზღვრულიყო 100 ლარით.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2021 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა პირგასამტეხლოს - 6428,65 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლო 728,65 ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მხარეთა შორის 16.04.2015 წელს დაიდო იჯარის სამი ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული №1, №2 და №3 მიწის ნაკვეთები. ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვრა 5 წლით. იჯარით სარგებლობის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. იჯარის მითითებული ხელშეკრულებების თანახმად, მოიჯარის მიერ ქონებით სარგებლობისთვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა თითოეულ ნაკვეთზე შეადგენდა: №1 ნაკვეთზე - 256 ლარს, №2 ნაკვეთზე - 57 ლარს, №3 ნაკვეთზე - 81 ლარს, რომელიც მოიჯარეს ყოველი წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა.
3.2. ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის წარედგინა ინფორმაცია ხელშეკრულების დანართი №2-ის შესაბამისად. ხელშეკრულების 3.1.6 მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა მეიჯარისათვის წარედგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტაცია.
3.3. ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 6.3 მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული (გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ინფორმაციის წარდგენა) ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 6.4 მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, თითოეული ვალდებულების დარღვევისათვის მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით.
3.4. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი საიჯარო ქირისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები, მათ შორის ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.6 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებები, არ შესრულებულა. მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა მოსარჩელის წერილი ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, თუმცა უშედეგოდ. გაფრთხილების მიუხედავად, მოიჯარემ საიჯარო ქირა და პირგასამტეხლო არ გადაიხადა.
3.5. მოსარჩელის 31.10.2017 წლის №1/5-271 ბრძანებით მხარეთა შორის 16.04.2015 წელს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები შეწყდა. შესაბამისად, გაუქმდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოპასუხის სარგებლობის უფლება დასახელებულ მიწის ნაკვეთებზე. ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ მოპასუხეს ეკისრებოდა ხელშეკრულებების შეწყვეტამდე დარიცხული საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
3.6. თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა: №1 მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე არსებული საიჯარო ქირის დავალიანება - 662 ლარი და 6.2 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 352,45 ლარი; №2 მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე არსებული საიჯარო ქირის დავალიანება - 147 ლარი და 6.2 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 72,2 ლარი; №3 მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე არსებული საიჯარო ქირის დავალიანება - 109,5 ლარი და 6.2 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 103,4 ლარი. ამდენად, ჯამში საიჯარო ქირის დავალიანება 1018,5 ლარს, ხოლო მისი გადაუხდელობის გამო სამივე ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო 528,65 ლარს შეადგენდა (6.2 მუხლი). ამასთან, ხელშეკრულებების 3.1.1 და 3.1.6 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების (სოფლის მეურნეობის სამინისტროში ინფორმაციის წარდგენა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის მეიჯარისთვის წარდგენა) დარღვევისათვის, მოპასუხეს დაეკისრა ამავე ხელშეკრულებების 6.3 და 6.4 მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოები, თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჯამში - 2000 ლარი, სამი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჯამში - 6000 ლარი.
3.7. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდიდა მხოლოდ სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების მართებულობას.
3.8. დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულებები ვალდებულების დარღვევის (არაჯეროვნად შესრულების) სამ სხვადასხვა შემთხვევაში ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას. კერძოდ: ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ხელშეკრულების 6.3 მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით და ხელშეკრულების 6.4 მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, თითოეული ვალდებულების დარღვევისათვის, მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით. სადავო არ არის, რომ მოპასუხის მიერ, საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებასთან ერთად, ასევე დარღვეულია (არ არის შესრულებული) ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.6 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, როგორც 2015, ისე 2016 წლებში, რამაც წარმოშვა ხელშეკრულების 6.2, 6.3 და 6.4 პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოების დაკისრების საფუძველი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 6.2 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით პირგასამტეხლოს ოდენობა, სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჯამში 528.65 ლარს შეადგენს (352,45 + 72,8 +103,4). ხელშეკრულების 6.3 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით პირგასამტეხლოს ოდენობა, სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2015-2016 წლებზე დაანგარიშებით, ჯამში 3 000 ლარს შეადგენს (500 ლარი + 500 ლარი X 3 ხელშეკრულება). ხელშეკრულების 6.4 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით კი, პირგასამტეხლოს ოდენობა, სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ორ წელზე დაანგარიშებით, ჯამში ასევე 3 000 ლარს შეადგენს (500 ლარი + 500 ლარი X 3 ხელშეკრულება).
3.9. პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამივე მითითებული შემთხვევიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოების ჯამური ოდენობა (6528,65 ლარი) ყოველგვარი იდენტიფიცირების გარეშე, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, 100 ლარამდე შეამცირა, რაც იმით დაასაბუთა, რომ პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაკისრება ეწინააღმდეგებოდა სსკ-ით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს, რის გამოც პირგასამტეხლოს ეს ოდენობა იყო არაგონივრული. სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით დადგენილია მოპასუხის მიერ, როგორც საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის, ასევე, ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, მოსარჩელისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულების დარღვევა. აღნიშნულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის მოსარჩელე, ხელშეკრულებების 6.3, 6.4 პუნქტების საფუძველზე, ითხოვს მოპასუხისთვის ჯამში 6 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას.
3.10. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.6 პუნქტების ანალიზის შედეგად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტით გათვალისწინებული მოპასუხის ვალდებულება, რომლითაც მას უნდა უზრუნველეყო გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ინფორმაციის წარდგენა, გარკვეულწილად, მოიცავს 3.1.6 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებასაც (3.1.1 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა მეიჯარისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენა), რადგან ამ პუნქტში (3.1.6 პუნქტი) მითითებული ვალდებულების შესრულება სრულად დამოკიდებულია 3.1.1 პუნქტში მითითებული ვალდებულების შესრულებაზე. კერძოდ, უდავოა, რომ 3.1.6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების აუცილებლობა წარმოიშობოდა მხოლოდ 3.1.1 პუნქტში მითითებული ვალდებულების შესრულების კვალობაზე. ამდენად, ხელშეკრულების 3.1.6 პუნქტში გაწერილი ვალდებულება მთლიანად „გადაფარულია“ 3.1.1 პუნქტით გათვალისწინებული მოპასუხის მოვალეობით. პალატის მოსაზრებით, ამ პირობებში, მოპასუხისთვის ხელშეკრულებების ორივე, ზემოთ დასახელებული (3.1.1 და 3.1.6) პუნქტების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოების ჯამური ოდენობის მოთხოვნა, ეწინააღმდეგება სამოქალაქო უფლების კეთილსინდისიერად და მართლზომიერად განხორციელების პრინციპს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლო შემცირდა ზემოაღნიშნული გარემოებების გაუთვალისწინებლად, რა დროსაც არ გამოკვლეულა თითოეული კომპონენტის ნაწილში პირგასამტეხლოს შემცირების სავალდებულო წინაპირობების არსებობა. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საიჯარო ქირის გადაუხდელობისათვის სამივე ხელშეკრულებაზე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს, ჯამში 528.65 ლარის, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი შემცირების სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. ამ ნაწილში, მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეესაბამება როგორც დარღვეული ვალდებულების მოცულობას, ასევე, დარღვევის სიმძიმესა და ხანგრძლივობას. რაც შეეხება ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.6 პუნქტების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს ოდენობას, პალატამ მიიჩნია, რომ ისინი, გარკვეულწილად, არის ურთიერთმფარავი, რადგან 3.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობამ, ბუნებრივია, ერთმნიშვნელოვნად განაპირობა 3.1.6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ჯამური თანხა (6000 ლარი) შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 300 ლარამდე. საბოლოოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, ჯამში, 868.65 ლარის (528.65+300) ოდენობით.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.
9. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
11. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
12. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).
13. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით მოპასუხეს საიჯარო ქირის გადაუხდელობისთვის, სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო დაეკისრა სრულად. შემცირებულია მხოლოდ ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.6 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების (ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა და ამ ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, მოსარჩელისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენა) შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულების 6.3. და 6.4 პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.6 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები, გარკვეულწილად, არის ურთიერთმფარავი. აღნიშნული გარემოების, ასევე ვალდებულების დარღვევის შინაარსისა და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ ამ ნაწილში განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ადეკვატური და გონივრულია.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია