საქმე №ა-2253-შ-65-2022
14 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.ჭ–ძე (შ–ი)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.შ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – უკრაინის ქ. დონეცკის ვოროშილოვსკის ადგილობრივი სასამართლოს 2002 წლის 10 სექტემბრის 2-2946/02 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი:
უკრაინის ქ. დონეცკის ვოროშილოვსკის ადგილობრივი სასამართლოს, 2022 წლის 10 სექტემბრის 2-2946/02 გადაწყვეტილებით, 1986 წლის 13 სექტემბერს, გაუქმდა ა.ვ.ძე შ–სა და მ.შ. ასულ შ–ს (ქალიშვილობის გვარი ჭ–ძე) შორის, ქ. დონეცკის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის კალინინის განყოფილებაში (სააქტო ჩანაწერი 814) დარეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა მ.ჭ–ძემ (შ–ი და ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით, მ.ჭ–ძეს (შ–ი) შუამდგომლობა უკრაინის ქ. დონეცკის ვოროშილოვსკის ადგილობრივი სასამართლოს 2002 წლის 10 სექტემბრის 2-2946/02 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
2022 წლის 04 ოქტომბერს, მ.ჭ–ძემ (შ–ი) წერილობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განაცხადა, რომ უარს ამბობს მის მიერ აღძრულ შუამდგომლობაზე, ვინაიდან აღარ აქვს საქმის განხილვის ინტერესი. ამავე განცხადებით მხარე ითხოვს შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ჭ–ძის (შ–ი) განცხადება შუამდგომლობაზე უარის თქმის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მისი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.
დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს უფლება აქვს მოითხოვოს შუამდგომლობის გამოხმობა ისე, რომ სამომავლოდ მხარე უარს არ განაცხადებს სასამართლოსთვის წარდგენილ მოთხოვნაზე. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მ.შ–ის მიერ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ მხარეს სურს განცხადება დარჩეს განუხილველი, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებელი სწორედ ხსენებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს იყენებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამრთლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განმცხადებლის თხოვნით განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმებით რომლებიც არეგულირებენ სარჩელის გამოხმობის სამართლებრივ შედეგებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, 2022 წლის 04 ოქტომბერს, მ.ჭ–ძემ (შ–ი) წარმოდგენილი განცხადებით გაიხმო შუამდგომლობა და მოითხოვა შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მოთხოვნა შუამდგომლობოს გამოხმობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შედეგად მ.ჭ–ძის (შ–ი) შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ'' საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. მ.ჭ–ძის (შ–ი) განცხადება შუამდგომლობის გამოხმობისა და მისი განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. მ.ჭ–ძის (შ–ი) შუამდგომლობა უკრაინის ქ. დონეცკის ვოროშილოვსკის ადგილობრივი სასამართლოს 2002 წლის 10 სექტემბრის 2-2946/02 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველი;
3. მ.ჭ–ძეს (შ–ი) დაუბრუნდეს წარმოდგენილი შამდგომლობა თანდართული მასალით.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე