საქმე №ას-24-2022 13 მაისი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ააიპ ი.გ– (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ნი, გ.ბ–ლი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ააიპ ი.გ–მ (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ „კასატორი“) ქუთაისის საქალაქო სამართლოში სარჩელი აღძრა გ.მ–ნისა და გ.ბ–ლის (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“ „II კასატორი“) მიმართ, რომლითაც მოითხოვა სარემონტო მასალებისა და გაწეული სამუშაოებისათვის გადახდილი თანხის დაბრუნება - 10 844 ლარის ოდენობით.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. სარჩელის თანახმად, შპს „ს-?“-მა 2013 წლის ივნისის თვეში, საგანმანათლებლო და მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ჯგუფების საქმიანობის განხორციელების მიზნით, იჯარით აიღო უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისში, ......, რომელიც იყო მოქალაქე გ.ბ–ლის საკუთრება. 2013 წლის ივნისის თვეში, როდესაც ამ უკანასკნელი შენობა-ნაგებობის იჯარით აღება გადაწყდა, მოსარჩელეს ზემოთაღნიშნულ მისამართზე დახვდა გ.მ–ნი, რომელიც იჯარის საკითხზე ესაუბრა, მოიჯარეს დაათვალიერებინა შენობა. ნაგებობას არ ჰქონდა ფანჯრები, მოუწესრიგებელი იყო იატაკი, საერთოდ არ არსებობდა საკანალიზაციო მილები და გაყვანილობა, შენობას არ ჰქონდა საპირფარეშო, ასევე არ არსებობდა ელექტროენერგიის მიწოდების წყარო და კედლები მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული.
2.2. გ.მ–ნმა განაცხადა, რომ ეს ქონება წარმოადგენდა გ.ბ–ლის საკუთრებას, ხოლო თავად იყო გ.ბ–ლის მინდობილი პირი. მხარეები ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ შპს „ს-?“-ს უნდა გაერემონტებინა აღნიშნული ფართის მე-2 სართული და ორი წლის განმავლობაში იჯარის ქირისაგან იქნებოდა თავისუფალი, ხოლო ორი წლის შემდეგ შპს „ს-?“ გადაიხდიდა თვეში 1800 ლარს.
2.3. გ.მ–ნის თქმით, აგვისტოს თვეში საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხდებოდა, რადგან მესაკუთრე იყო გერმანიაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, სარემონტო სამუშაოების დაწყება გადაწყდა. რემონტის დაწყებამდე, სკოლის დირექციამ საიჯარო ფართში მიიყვანა აუდიტი, რომელმაც შეადგინა აქტი ქონების მდგომარეობის შესახებ და სარემონტო სამუშაობის შემდეგ იმავე აუდიტმა შეადგინა გაწეული სამუშაოების შესახებ აუდიტორული დასკვნა.
2.4. აგვისტოს ბოლოს, როდესაც სკოლა ახალი სასწავლო წლისათვის ემზადებოდა, საჭირო იყო დოკუმენტების მოწესრიგება. მოიჯარემ გ.მ–ნს რამდენჯერმე მიმართა, რათა ხელშეკრულება დაედოთ, თუმცა ის კვლავ გ.ბ–ლის ჩამოუსვლელობის მიზეზს ასახელებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, გ.ბ–ლი ჩამოვიდა გერმანიიდან, მოინახულა რემონტის მიმდინარეობა და განაცხადა, რომ გერმანიაში მიდიოდა და როდესაც დაბრუნდებოდა ხელშეკრულებაზე ხელს შემდგომ მოაწერდა, როცა უკვე სარემონტო სამუშაოები სრულად დამთავრდებოდა. არაერთი სიტყვიერი მიმართვის საფუძველზე გ.ბ–ლი ხელშეკრულებას ხელს არ აწერდა და მიზეზად სხვადასხვა გარემოებებს ასახელებდა, თუმცა პირობას დებდა, რომ უახლოეს მომავალში დადებდა ხელშეკრულებას.
2.5. 2014 წლის 05 აპრილს, სამსახურში მისვლისას მოსარჩელეს კარი დაკეტილი დახვდა, კარს საკეტი გამოცვლილი ჰქონდა, ხოლო მოპასუხე მიზეზად ასახელებდა იმას, რომ 2 წლის შემდეგ შპს „ს-?“ ვეღარ შეძლებდა საიჯარო თანხის გადახდას.
2.6. 2017 წლის 09 ნოემბერს, შპს „ს-?“-ის მიერ მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულებით, მოთხოვნის მფლობელი გახდა ნ.ჭ–ძე. 2018 წლის 30 სექტემბერს გარდაიცვალა მოსარჩელე ნ.ჭ–ძე და მის უფლებამონაცვლეებად და მემკვიდრეებად აღიარებულ იქნენ ლ.ჭ–ძე და მ.ჭ–ძე. აღნიშნულის შემდგომ, გაიცა სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა. 2019 წლის 04 ნოემბერს, ლ.ჭ–ძემ და მ.ჭ–ძემ სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოთხოვნის უფლებაზე განაცხადეს უარი და აღნიშნული მოთხოვნა მთლიანად დაუთმეს ააიპ ი.გ–ს (იხ. დაზუსტებული სარჩელი, სხდომის ოქმი).
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არავითარი საიჯარო ხელშეკრულება მოპასუხე მხარეს მოსარჩელე მხარესთან არ გაუფორმებია. 2013 წლის მაისის თვეში, გერმანიაში მყოფ მოპასუხე გ.ბ–ლს, დაუკავშირდა მოპასუხე გ.მ–ნი (უძრავი საიჯარო ქონების მეთვალყურედ დატოვებული პირი) და შეატყობინა, რომ ქალაქ ქუთაისში, .... მდებარე მისი (გ. ბ–ის) საკუთრების 1000 კვ.მ. ფართზე, ორწლიანი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვდა მოსარჩელე ნ.ჭ–ძე, რომელიც აპირებდა გაძლიერებული ინგლისური ენის სწავლების სკოლის გახსნას. მოსარჩელე ზეპირსიტყვიერად აცხადებდა, რომ სკოლის კონტიგენტი იქნებოდა მატერიალურად ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახები და რომ დაფინანსებას მოიპოვებდა სახელმწიფოდან.
3.2. ვინაიდან საიჯარო ფართი იყო კეთილმოუწყობელი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფართს, მოსარჩელის მატერიალური სახსრებით, ჩაუტარდებოდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, მოეწყობოდა წყალკანალიზაციის, ელექტრომომარაგებისა და გათბობის ავტონომიური სისტემები და სკოლა ფუნქციონირებას შეუდგებოდა საიჯარო ფართის, სასწავლო პროცესის რელევანტურობაზე საჭირო სერთიფიკატის მიღების შემდეგ. გარდა ამისა, შეთანხმების მიხედვით, ჩატარებული კაპიტალური სარემონტო და საკომუნიკაციო სამუშაოების საკომპენსაციოდ, მოპასუხე გათავისუფლდებოდა საიჯარო ქირის გადასახადისგან ორი წლის განმავლობაში, ხოლო ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, საიჯარო ქირის სახით, ყოველთვიურად, უნდა გადაეხადა 1800 ლარი. ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, მესაკუთრის გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ, მხარეები გააფორმებდნენ და საჯარო რეესტრით დაარეგისტრირებდნენ საიჯარო ხელშეკრულებას.
3.3. მოპასუხეების მტკიცებით, ნ.ჭ–ძემ არც ერთი ზეპირი წინასაიჯარო სახელშეკრულებო პირობა არ შეასრულა და სკოლის ფუნქციონირება დაიწყო „ველურ“ პირობებში, რის გამოც, 2013 წლის დეკემბრის თვეში, გერმანიიდან დაბრუნებული მოპასუხე გ.ბ–ლი დაეჭვდა მოსარჩელე ნ.ჭ–ძის პარტნიორულ კეთილსინდისიერებაში, საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება გადაუვადა ზეპირად შეთანხმებული წინაპირობების შესრულებამდე და საამისოდ დაუთქვა ვადა 2014 წლის თებერვალ-მარტამდე.
3.4. ამ ვადის დადგომამდე, მოსარჩელემ შეწყვიტა სკოლის ფუნქციონირება, გაიტანა ინვენტარი და სარჩელის აღძვრის მომენტამდე იყო გაუჩინარებული. ფართის მეთვალყურე გ.მ–ნმა, ღიად მიტოვებული სართული დაკეტა ახალი გასაღებით, რითაც შეასრულა მეთვალყურის მოვალეობა. შემდგომში ფართი აღარ გაქირავებულა და დღემდე შენარჩუნებულია იმავე სახით, როგორც დატოვა მოსარჩელემ.
3.5. მოპასუხეთა მითითებით, ფართი რომ სარემონტო იყო და სასწავლო პროცესის სერტიფიცირებისთვის მზადყოფნაში მოყვანას საჭიროებდა, ამას ზეპირი წინასახელშეკრულებო პირობაც ითვალისწინებდა, რის გარეშეც საიჯარო ხელშეკრულება, მოსარჩელე მხარესთან, არ დაიდებოდა. ეს გარემოება იმთავითვე იყო ცნობილი მოსარჩელისთვის. მოსარჩელემ, საიჯარო ფართს ჩაუტარა კოსმეტიკური რემონტი, კერძოდ, კედლებიდან ჩამოხსნილი გიფსოკარდონი დააგო იატაკად, ხოლო კედლები გადაღება საღებავის ერთი ფენით, ფანჯრები დააყენა სართულის სხვა ოთახებიდან მოხსნილი მეორადი ჩარჩოებით, ოთახებიდან გამოტანილი თავდაპირველი ნაგავი დღესაც სართულზეა ტომრებით და გატანილი არაა. სამუშაოები კი, მოსარჩელემ შეასრულა თავისი პედაგოგების, მოსწავლეებისა და მოსწავლეთა მშობლების ძალებით და არავითარი ხელფასი საამისოდ არ გაუცია. რაც შეეხება გისოსებს, მართალია, მათი მონტაჟი ნამდვილად განახორციელა, მაგრამ თანხა დღემდე არ გადაუხდია.
3.6. მოპასუხეები ასევე მიუთითებდნენ, რომ გარდა დაუსაბუთებლობისა სასარჩელო მოთხოვნა ასევე ხანდაზმულიც იყო, რადგან 2014 წლის აპრილის თვის შემდგომ, სარჩელის აღძვრამდე, გასული იყო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, ააიპ ი.გ–ბის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ააიპ ი.გ–მ გაასაჩივრა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. ააიპ ი.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი შედეგი, თუმცა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების განსხვავებული სამართლებრივი შეფასება გააკეთა. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის შესახებ მცდარი იყო, რადგანაც საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მხარეთა შორის, იჯარის ხელშეკრულება დაიდო ზეპირი ფორმით, მოსარჩელეს ეკისრებოდა იჯარის საგნით სარგებლობის მთელ პერიოდზე საიჯარო ქირის გადახდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნის უფლების დათმობის საფუძველზე, სარემონტო მასალებისა და გაწეული სამუშაოებისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად უნდა განხილულიყო სამოქალაქო კოდექსის 198.1-ე, 581-ე, 573.1-ე და 163.2-ე მუხლები.
5.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ასევე, ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტზე და განმარტა, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. კერძოდ, განსახილველ საქმეზე სწორედ მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა საიჯარო ქონებაზე ხარჯის გაწევისა და მისი ოდენობის ფაქტი.
5.4. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასარწმუნოდ და არარელევანტურად მიიჩნია და დაადგინა, რომ ხარჯის გაწევის ფაქტი არ დგინდებოდა. ამასთან, დამატებით მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე პრეტენზია მოიჯარის (დამქირავებლის) მიერ საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტიდან ექვსი თვის განმავლობაში მეიჯარისათვის წარდგენილი არ ყოფილა, რაც სამოქალაქო კოდექსის 573-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს უკარგავდა მოთხოვნის უფლებას.
5.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საკასაციო წესით, ააიპ ი.გ–მ გაასაჩივრა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას ორი მოტივით მოითხოვს, კერძოდ, იგი უკანონოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის განჩინებას და მიუთითებს, რომ საქმეზე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად იქნა გადანაწილებული.
6.2. პირველ არგუმენტთან დაკავშირებით, კასატორი აცხადებს, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ხარჯების გაწევის ფაქტი და რადგან მას ხარჯების გამოთვლის სპეციალური ცოდნა არ გააჩნდა, საკუთარი ინიციატივით უნდა დაენიშნა ექსპერტიზა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ აპელანტის შუამდგომლობაც კი, არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაგვიანებული იყო.
6.3. მეორე არგუმენტთან მიმართებით, კასატორი უთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარე ხარჯების გაწევის ფაქტს არ ხდის სადავოდ და მხოლოდ ოდენობის თაობაზე გამოთქვამს პრეტენზიას. საქმის მასალებში არსებობს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: აუდიტის დასკვნები, ზედნადებები და მოწმეთა ჩვენებები, საიდანაც ხარჯების გაწევის ფაქტი დგინდება, ხოლო მეორე მხარეს აღნიშნული მტკიცებულებების საპირისპიროდ არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენია, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება არ გაუქარწყლებია, რაც კასატორის აზრით, არასწორად გახდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
6.4. კასატორი ასევე, არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ, დამფუძნებელი ნორმების სახით, სახელშეკრულებო დანაწესების გამოყენებას და მიიჩნევს, რომ დავა უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმებით უნდა გადაწყდეს.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 თებერვლის განჩინებით, ააიპ ი.გ–ბის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8.საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
8.3. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
8.4. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და სასამართლოს უფლება არ აქვს გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.
8.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
8.6. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამათლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
8.7. მოსარჩელის(კასატორის) ძირითად პრეტენზიას სარემონტო მასალებისა და გაწეული სამუშაოებისათვის გადახდილი ხარჯების უკან დაბრუნება წარმოადგენს, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა ხელშეკრულების წერილობით გაფორმებაზე.
8.8. უპირველესად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-1374-2021, 15 აპრილი, 2022წელი).
8.9. საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება მხოლოდ მოთხოვნის სხვა სამართლებრივი საფუძვლების არარასებობის შემთხვევაშია შესაძლებელი (იხ. სუსგ. 2021 წლის 14 ივლისის განჩინება საქმეზე №ას-541-2021).
8.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად, შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნის სარგებლობა, არამედ იჯარით საგნის სარგებლობის შედეგად მიღებული შემოსავალი.
8.11. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, იჯარის ხელშერულება ფორმასავალდებულო გარიგებათა რიგს არ მიეკუთვნება და მისი დადება მხარეებს შეუძლიათ, როგორც წერილობით, ასევე ზეპირადაც. მოდავე მხარეთაგან არცერთი არ უარყოფს, რომ არსებობდა შეთანხმება ქუთაისში, ..... მდებარე საიჯარო ფართის, შპს "ს." მიერ, გარემონტებაზე. რის სანაცვლოდაც, ორი წლის განმავლობაში, მხარე თავისუფლდებოდა საიჯარო ქირის გადახდისაგან. ხოლო, ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, საიჯარო ქირის სახით, ყოველთვიურად გადაიხდიდა 1800 ლარს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოდავე მხარეები იმყოფებოდნენ ზეპირი ფორმით დადებულ საიჯარო-სამართლებრივ ურთიერთობაში, რომლის ნამდვილობისთვისაც კანონი არ ითვალისწინებს წერილობითი ფორმის დაცვას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამორიცხავს დავის მოსაწესრიგებლად უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენების შესაძლებლობას.
8.12. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს საქმეზე მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების შესახებ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
8.13. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს შესაბამის გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
8.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
8.15. მტკიცების ტვირთის განაწილებას აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა (შდრ. სუსგ. 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება საქმეზე ას-344-2019).
8.16. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. საპირისპირო მოქმედება კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან) (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
8.17. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ მოიჯარემ საიჯარო ქონებაზე, გასწია კონკრეტული ოდენობის ხარჯი, სწორედ კასატორის (მოსარჩელის) მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან იკვეთება, რომ მოსარჩელემ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, სასამართლოს წინაშე, ორი წერილობითი მტკიცებულება წარმოადგინა. კერძოდ, საქმის მასალებში განთავსებული 2013 წლის 25 ივლისის აუდიტორული დასკვ.... მექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე შენობის მეორე სართულზე დათვალიერდა 7 ოთახი, ოთახები სავსე იყო ნაგვით, არ იყო წყალი, გაზი, შენობამდე არ იყო მიყვანილი ელ-ენერგია, ოთახებში გასაკეთებელი იყო ელექტრო ენერგიის გაყვანილობა, ოთახებს არ ჰქონდა კარ-ფანჯარა, კედლები დაზიანებული და გასალესი იყო. შენობას არ ჰქონდა საკუთარი საპირფარეშო და საკანალიზაციო გაყვანილობა. კომისიამ დაადგინა, რომ გასატანი იყო ნაგავი შვიდივე ოთახში. გასაკეთებელი იყო საკანალიზაციო გაყვანილობა და შემოსაყვანი ელექტროენერგია (ტომი I, ს.ფ. 24-25). გარდა ამისა, საქმის მასალებში არსებული 2014 წლის 28 თებერვლის, აუდიტორული დასკვნის (შპს „ა.ფ–ის“ მიერ გაცემული) მიხედვით, უშუალოდ სამუშაოს შემსრულებელზე ხელფასის სახით დარიცხულია 5717 ლარი, ხოლო ხელფასად გაცემულია 4583,6 ლარი, დაკავებულია საშემოსავლო გადასახადი 1143,30 ლარი. ასევე, დასკვნაში მითითებულია, რომ სასაქონლო ზედნადებები, რომლებზედაც დასრულების ადგილად მითითებულია ქ. ქუთაისი, ....... ქუჩა N1. მასალების შეძენის ღირებულებამ შეადგინა 5007 ლარი, მასალების ტრანსპორტირებისათვის დაიხარჯა 120 ლარი, სულ ფართის გარემონტებაზე - მასალების, ხელფასებისა და ტრანსპორტირებისათვის დაიხარჯა 10 844 ლარი (ტომი I, ს.ფ. 27-28).
8.18. 2014 წლის 28 თებერვლის შპს „ა.ფ–ის“ დასკვნაში აღნიშნულია, რომ შემოწმებული იქნა სკოლის დირექტორის ლ.ჭ–ძის მიერ წარმოდგენილი ხელფასის გაცემის დოკუმენტები. ამასთან, დასკვნას არ ერთვის ხელფასების გაცემის უწყისები და არ დგინდება ხელფასების გაცემა რეალურად მოხდა სადავო ფართში მასწავლებლების დასაქმებისა თუ გაწეული სარემონტო სამუშაოების გამო. ამასთანავე, არც მითითებული მტკიცებულებებიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ დგინდება, სადავო საიჯარო ფართში სარემონტო სამუშაოების რეალურად ჩატარების ფაქტი/მასშტაბი, რადგან საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა შეედარებინა საიჯარო ფართის თავდაპირველი მდგომარეობა იმ მდგომარეობასთან რა დროსაც საიჯარო ფართი მოპასუხის მფლობელობაში გადავიდა, რაც რა თქმა უნდა, სცდება შეჯიბრებითი და დისპოზიციური პროცესის ფარგლებს და სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას გაიზიაროს კასატორის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობასთან მიმართებით.
8.19. მიუხედავად ზემოაღნიშნული მსჯელობისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზიარებული იქნება კასატორის პოზიცია მასზედ, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სადავო საიჯარო ფართზე გარკვეული სარემონტო სამუშაოების ჩატარების ფაქტი არ უარყვია, აღნიშნული მაინც ვერ დაედება საფუძვლად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ თითქმის ათი თვის განმავლობაში, კასატორს სადავო საიჯარო ფართი დაკავებული ჰქონდა და სარგებლობდა, რის სანაცვლოდაც საიჯარო ქირის გადახდის ფაქტი, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საიჯარო ფართის სარგებლობით კომპენსირებულია კასატორის ჰიპოთეტურად დარღვეული ინტერესი, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
8.20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის არც იმ პრეტენზიას გააჩნია ვარგისი საპროცესოსამართლებრივი საფუძველი, რომლის მიხედვითაც საქმეში საპირისპირო შინაარსის აუდიტის დასკვნის არსებობის გამო, სააპელაციო სასამართლოს თავად უნდა დაენიშნა დამატებითი ექსპერტიზა, ან სულ მცირე, დაეკმაყოფილებინა დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე აპელანტის (მოსარჩელის) შუამდგომლობა. საკასაციო პალატა ამ მიმართებით განმარტავს, რომ საექსპერტო დასკვნების არსებობისა და მათ შორის წინააღმდეგობათა ან დაუსაბუთებლობის (გაურკვევლობის) არსებობის შემთხვევაში, დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნა არის მოსამართლის უფლებამოსილება და არა ვალდებულება, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლის რელატიური შინაარსიდან გამომდინარეობს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საკითხი დგას შემდეგნაირად: სასარჩელო მოთხოვნაში დაყენებული მოთხოვნების მართებულობა, კერძოდ, სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და მისი ოდენობის ფაქტი ვერ დასტურდება, ასეთ დროს სასამართლოს ინიციატივით დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნა, მხარის ადვოკატირებას ემსგავსება და არა ისეთი საკითხების გამოკვლევას, რომელზეც სასამართლოს სპეციალური ცოდნა არ აქვს. რაც შეეხება კასატორის მიერ დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამავე კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან არ იკვეთება მოსარჩელეს რა პატივსადები მიზეზი გააჩნდა ექსპერტიზის დასკვნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოსადგენად, რის გამოც სააპელაციო პალატის განჩინება კანონშესაბამისია, ხოლო კასატორის არგუმენტები კი, დაუსაბუთებელი.
8.21. ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა სრულყოფილად გამოიკვლიეს და დაადგინეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისთვის აუცილებელებელი კუმულატიური წინაპირობები, ხოლო ეს გარემოებები დასაბუთებული შედავების წარდგენის გზით, კასატორმა ვერ გააქარწყლა, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
9. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ააიპ ი.გ–ბის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე