Facebook Twitter

საქმე №ას-1041-2022 13 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.გ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ხ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.ხ–იამ (შემდგომში- "მოსარჩელე") სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.გ–ვას (შემდგომში - "მოპასუხე", ''აპელანტი'', "კერძო საჩივრის ავტორი") მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე.ხ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ.გ–ვას მოსარჩელე ე.ხ–იას სასარგებლოდ დაეკისრა - 23 385 ლარის გადახდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ იშუამდგომლა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ აპელანტის წარმომადგენელი, გ.ჟ–ნი იმყოფებოდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ მე-6 საერთაშორისო კონფერენციაზე - საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ, სადაც 2022 წლის 26 ივლისს იყო სპიკერიც. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ კონფერენცია ტარდებოდა ქ. ბათუმში, შესაბამისად, ვერ გამოცხადდებოდა 2022 წლის 28 ივლისს, 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე. ამასთან, მოპასუხეს ჰქონდა დაახლოებით ერთი კვირა მოეძიებინა წარმომადგენელი, რაც არ არის საკმარისი, და გ.ჟ–ნი ადვოკატად დაინიშნა 2022 წლის 27 ივლისს, განცხადება სასამართლოში გაიგზავნა ამავე რიცხვში და ამავე განცხადების წარდგენა განხორციელდა 2022 წლის 28 ივლისის სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, საქმის განხილვაზე წარმომადგენელმა საპატიო მიზეზით ვერ შეძლო გამოცხადება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

7. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 387.1 და 387.3 მუხლების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 229.2 მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

9. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის.

10. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ აპელანტს სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2022 წლის 19 ივლისს ჩაბარდა სასამართლო უწყება 28.07.2022წ. 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ (იხ. აქტი ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ ს.ფ. 236, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები). დადგენილია, რომ დანიშნულ დროს აპელანტი მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და მოწინააღმდეგე მხარემ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა.

11. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

12. საკასაციო სასამართლოს განსახილველი საკითხია, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ქმნის თუ არა საფუძველს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის. ამ შემთხვევაში, საუბარია კერძო საჩივარზე თანდართული შემდეგ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ქ. ბათუმში მიმდინარე მე-6 საერთშორისო კონფერენციის (საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ) 2022 წლის 26 ივლისის დღის წესრიგი, ამონაწერი საინფორმაციო (ინტერნეტ) სააგენტო ,,ინტერპრესნიუსიდან’’ და გ.ჟ–ნის სახელზე 2022 წლის 27 ივლისს გაცემული მინდობილობა. მათი მეშვეობით დგინდება შემდეგი: წარმოდგენილი 2022 წლის 26 ივლისის დღის წესრიგის თანახმად, კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილედ მითითებულია გ.ჟ–ნი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გ.გ–ვას სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 28 ივლისს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გ.ჟ–ნის 2022 წლის 26 ივლისს, ქ. ბათუმში მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობის ფაქტი არ არის რელევანტური კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საკითხის გადასაწყვეტად. თუმცა, აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, არც წარმოდგენილი 2022 წლის 26 ივლისის კონფერენციის დღის წესრიგით და არც საინფორმაციო (ინტერნეტ) სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის’’ ამონაწერით არ დასტურდება, რომ გ.ჟ–ნი ნამდვილად ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა აღნიშნულ კონფერენციაში 2022 წლის 26 ივლისს ან/და შემდგომ, მისი კონფერენციაში მონაწილეობა გაგრძელდა 27 და 28 ივლისის ჩათვლით. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას დამატებით იმ გარემოებაზეც გაამახვილებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის თანახმად, კერძო საჩივრის ავტორის ინტერესებს სასამართლოში ასევე იცავს თ.კ–იც. აღნიშნული მინდობილობის მოქმედების ვადა საქმის განხილვის ამ ეტაპზე არ არის ამოწურული და არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე და მე-100-ე მუხლებით განსაზღვრული მისი შეწყვეტის წინაპირობები არ დგინდება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2022 წლის 28 ივლისის სასამართლო სხდომაზე გ.გ–ვას წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება ასევე შეეძლო თ.კ–საც.

13. სსსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103.1 მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის უნდა წარმოედგინა თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს საფუძველს შეუქმნიდა რწმენისათვის, რომ სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლის (წარმომადგენლების) გამოუცხადებლობა საპატიო იყო, თუმცა მას ამგვარად არ უმოქმედია. სათანადო საფუძვლის არსებობისას, კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო, სათანადო მტკიცებულებები წარმოედგინა, რომელიც მის მიერ მითითებულ გარემოებას სიცხადეს შესძენდა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მყარი საფუძველი შეექმნებოდა დასკვნისათვის, რომ გ.გ–ვას წარმომადგენელი (წარმომადგენლები) სხდომაზე ვერ მივიდოდნენ და გამოუცხადებლობა საპატიო იყო.

14. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის №ას-1412-2018 განჩინება).

15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგანაც აპელანტს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა საქმის განხილვის შესახებ, იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა პროცესზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ აცნობა სასამართლოს, სააპელაციო პალატის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს.

16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ–ვას წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

თ. ძიმისტარაშვილი