Facebook Twitter

3გ-ად-6-გ-03 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განიხილა ქუთაისის დაცვის პოლიციის სასარჩელო განცხადების განსჯადობის საკითხი.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის დაცვის პოლიციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართ და მოითხოვა დაცვის მომსახურების გადაუხდელი თანხის _ 9266 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის 1999წ. 26 ივლისის განჩინებით ქუთაისის დაცვის პოლიციას სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვა და განემარტა, რომ სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი იყო. ამასთან, განჩინების ასლი გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს სარჩელის სხვა სასამართლოსათვის დაქვემდებარების საკითხის გადასაწყვეტად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის 1999წ. 9 აგვისტოს წერილით დაცვის პოლიციის სარჩელი განსახილველად გადაეცა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლის მოსამზადებელ სხდომაზე საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩართულ იქნა საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი და სასამართლოს 1999წ. 30 დეკემბრის განჩინებით ქუთაისის დაცვის პოლიციის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამრთლოს.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქუთაისის დაცვის პოლიციის სარჩელი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს დაეკისრა 8307 ლარის გადახდა.

რაონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა და მიუთითა, რომ საქმეში იგი არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა, ვინაიდან დაცვის პოლიციასა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შორის მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებული იყო 1997წ. 8 აპრილს, საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი კი ამოქმედდა 1998წ. 1 იანვრიდან. დეპარტამენტს ხელშეკრულება და დავალიანება არ გადასცემია და შესაბამისად, სასამართლოების ბიუჯეტითაც არ ყოფილა გათვალისწინებული.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა კრწანისი-მთამწინდის რაიონულ სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განსახილველ სასამართლოს უნდა ემსჯელა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის თაობაზე.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 თებერვლის განჩინებით, ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართვლოს 2003წ. 24 იანვრის წერილის საფუძველზე, რომ იგი თანახმა იყო არასათანადო მოპასუხე შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით, საქმის მასალები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასამართლოთა შორის განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადაიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 თებერვლის განჩინებას და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს განსჯადობაზე სასამართლოთა შორის დავის არარსებობის გამო.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 30 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლო შეიცვალა უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტით.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა და გადაწყვიტა დავა, რაც შემდგომში სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმებულ იქნა და მიუთითა რაიონულ სასამართლოს, რომ ემსჯელა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე. ვინაიდან სასამართლოს სხდომაზე რამდენჯერმე არ გამოცხადდა მოსარჩელე მხარე, ამიტომ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შეკითხვით მიმართა მოსარჩელეს არასათანადო მოპასუხის საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის, სათანადო მოპასუხით _ ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოთი _ შეცვლაზე თანხმობის მისაღებად. ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველომ 2003წ. 24 იანვრის ¹50/47-22 წერილით თანხმობა გამოთქვა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 თებერვლის განჩინებით საქმე განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობაზე დავა არ არსებობს, რის გამოც იგი ვერ იმსჯელებს მასზე, ვინაიდან საქმის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის საფუძველი გახდა მოპასუხის შეცვლა, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ თანხმობა გამოთქვა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხის შეცვლაზე, რაიონულ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ს 85-ე მუხლით და მიეღო განჩინება, რის შემდეგაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სარჩელი გადაეგზავნა უფლებამოსილი სასამართლოსათვის.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღავნელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს სარჩელის გამო დაუბრუნდეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს უფლებამოსილი სასამართლოსათვის გადასაცემად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.