Facebook Twitter

საქმე №ას-397-2022 15 ივლისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ფ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჟ.გ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - თ.ლ–ძე, თ.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ჟ.გ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მ.ფ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „კასატორი“) თ.ლ–ძისა („მეორე მოპასუხე“), და თ.მ–ის („მესამე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა ზიანის - 7 015 აშშ დოლარისა და 6 500 აშშ დოლარის ანაზღაურება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჟ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ.ფ–ძეს, თ.ლ–ძესა და თ.მ–ს ჟ.გ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7 015 აშშ დოლარისა და 6 500 აშშ დოლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება მ.ფ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით მ.ფ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ფ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. კასატორის მითითებით, პასუხისმგებელია საფინანსო კომპანიის და არა მისი კლიენტების მიმართ. არასწორია დასკვნა მასზე, რომ მოცემული საქმე დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს განეკუთვნება. საქმეში არსებული მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს დელიქტიდან გამომდინარე დავებისათვის დადგენილ ოთხ წინაპირობას, კერძოდ, კასატორის ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს. ამ კომპონენტებიდან ერთ-ერთის არარსებობისას დელიქტური ნორმებით გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება არ არის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დელიქტის არსებობასა და ზიანის ოდენობას ადგენს.

4.1. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ იმსჯელა იმ საკითხზე, თუ რომელი ნორმით უნდა მოწესრიგდეს მხარეთა ურთიერთობა. მოსარჩელეს ზიანი მიადგა მსესხებლის ხელმძღვანელების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების არაკეთილსინდისიერად და არასათანადოდ შესრულების გამო, არასწორად გადადგმული ნაბიჯების გამო, მსესხებლის კრედიტორების ფულადი თანხა მასობრივად უბრუნდებოდათ, რამაც მსესხებლის გადახდისუუნარობა გამოიწვია. თავის მხრივ, კასატორის მიერ მსესხებლისაგან ფულის სესხება არ არის მისი გაკოტრების მიზეზი, ის მაინც გადახდისუუნარო იქნებოდა. თუ სასამართლო დავას წყვეტს სსკ-ის 992-ე მუხლზე დაყრდნობით, დელიქტური ურთიერთობისას პროცენტის დაკისრება არასწორია, რადგან აღნიშნული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარეობს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

8. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების წინაპირობების არსებობამ განაპირობა.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი ითვალისწინებს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის შესაძლებლობას. სარჩელის მსგავსი წესით განხილვისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, გაუქმდა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს ჰქონდათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავდა სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილი იყო განაჩენი, თუმცა სსსკ-ს კოდექსის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის №ას-1426-2018 გადაწყვეტილება). სწორედ ამიტომ, დელიქტით მიყენებული ზიანის საერთო სასარჩელო წესით განხილვისგან განსხვავებით, „გამარტივებული წესით საქმის განხილვის დროს სახეზეა კანონიერ ძალაში არსებული განაჩენი, რომლითაც უტყუარად დასტურდება ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, სასამართლო აღარ იკვლევს აღნიშნულ საკითხებს და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს მათ. სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანია მხოლოდ ზიანის ოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით იგი არ არის დადგენილი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის №ას-1322-2018 განჩინება). ამასთან, ზემოაღნიშნული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ იქნეს განხილული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის2020 წლის 13 მარტის №ას-1263-2019 განჩინება), აღნიშნულთან მიმართებით, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, კერძოდ, სასამართლოების მხრიდან კანონის არასწორ გამოყენებასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან საჭიროებს, რაც მართებულად იქნა გამოყენებული ქვემდგომი სასამართლოების მიერ.

11. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. განაჩენის მიხედვით, მეორე მოპასუხემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; პირველმა მოპასუხემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; მესამე მოპასუხემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. ამავე განაჩენის მიხედვით, 2013 წლის 14 აგვისტოს განხორციელდა მსესხებლის რეგისტრაცია. მისი წილების 100 %-ის მფლობელი დამფუძნებელი პარტნიორი იყო მესამე მოპასუხე - კასატორის მეუღლე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, მსესხებელი აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში მსესხებელმა მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, დირექტორმა (მეორე მოპასუხემ), რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, პირველი მოპასუხის წაქეზებით და მესამე მოპასუხის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები, როგორც თავად პირველი მოპასუხის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამურად სესხის სახით პირველ მოპასუხეზე გაიცა მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს "გ–ზე"- 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და პირველმა მოპასუხემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. 2016 წლის დეკემბერში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურში კომპანიის ხელმძღვანელ პირთა მიმართ აღიძრა საქმე დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის გამო. 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით მოსარჩელე ცნეს დაზარალებულად; მოპასუხეები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.05.2018წ. განაჩენში, რომლითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, აღნიშნულია, რომ პირველი მოპასუხე რეალურად იყო კომპანიის ფაქტობრივი მმართველი. აღნიშნული განჩინებით მოპასუხეები ცნობილ იქნენ დამნაშავედ. მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო 2348 პირს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. მოსარჩელე დაზარალებულთა სიაში არის რიგით 975-ე. მოპასუხეს არ წარმოუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება.

12. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან განაჩენით დადგენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამორიცხა მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება, ზიანის ოდენობად სწორედ სესხად გაცემული თანხა უნდა იქნეს მიჩნეული (შეად. სუსგ-ებს: N 1322-2018, 04.04.2019წ: N ას-94-2021, 06. 07. 2021; ას-112-2021. 07.07.2021წ.)''. შესაბამისად, საკასაციო პალატის აზრით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა, რომ მოპასუხეებს ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის, რადგანაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება ზემოაღნიშნულ ნორმებში მითითებულ კონსტრუქციას. შესაბამისად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც ის არ უნდა იქნეს განხილული.

13. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას სესხის ხელშეკრულების მხარეებსა და „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე, რადგან სასამართლო განიხილავს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებულია მოპასუხეთა მიერ დანაშაულის ჩადენა, რამაც მოსარჩელეს ქონებრივი ზიანი მიაყენა. შესაბამისად, სახეზეა ზიანის ანაზღაურების ყველა სავალდებულო წინაპირობა. ამრიგად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკისრეს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის დაუბრუნებელი თანხის - 10 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ, 05.12.2013წ., საქმე №ას-472-448-2013; 25.05.2015წ., საქმე №ას-838-796-2013).

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

16. ამრიგად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი