28 აპრილი, 2022 წელი, №ას-354-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – თ.ჟ–ი, შპს „№? ს.პ.დ.“
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ხ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.ხ–ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - შპს ,,N1 ს.პ.დ–სა“ და თ.ჟ–ის მიმართ და მოითხოვა - შპს ,,№? ს.პ.დ–ს“ 2016 წლის 5 მაისის პარტნიორთა საერთო კრების №1-2016 ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა შპს „N1 ს.პ.დ–ს“ საწესდებო კაპიტალში ცვლილების შეტანა მისი მოცულობის შემცირების ან გაზრდის გარეშე, ჩამოიწერა ბალანსიდან საწესდებო კაპიტალის შესავსებად შესყიდული, ამჟამად გამოუსადეგარი ქონება - ინვენტარის სახით და დადგინდა მისი ჩანაცვლება ქ.ქუთაისში, ....., .... ქუჩა N9-ში მდებარე შპს ,,№1 ს.პ.დ–ს“ უძრავი ქონების, შენობის ნაწილის ღირებულებიდან იმავე 10 ათასი ლარის ქონებრივი შენატანით; მეორე სასარჩელო მოთხოვნით სასამართლო გადაწყვეტილებით ი.ხ–ძეს მიეცა უფლება, შპს ,,№? ს.პ. დ–ში“ წარადგინოს მის მიერ შერჩეული აუდიტი - საზოგადოებაში სამეურნეო მოქმედებების (მთლიანად წლიური ბალანსის) სპეციალური შემოწმებისათვის 2008 წლიდან - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.ხ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. ი.ხ–ძეს მიეცა უფლება მოპასუხე - შპს ,,№? ს.დ–ში წარედგინა მის მიერ შერჩეული (მოწვეული) აუდიტი საზოგადოებაში სამეურნეო მოქმედებების (წლიური ბალანსის) შემოწმებისათვის 2008 წლიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; - შპს ,,№? ს.პ.დ–ს“ 2016 წლის 5 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე სარჩელი დარჩა განუხილველად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხემ - შპს „№? ს. პ. დ–მა“ და კომპანიის დირექტორმა - თ.ჟ–მა.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა კრების ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც განუხილველად დარჩა პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს „№? ს.პ.დ–სა“ და კომპანიის დირექტორის - თ.ჟ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
9. 2021 წლის 2 ნოემბერს შპს „№? ს.პ. დ–მა“ და კომპანიის დირექტორმა - თ.ჟ–მა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიმართეს განცხადებით, მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებით - განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს განმცხადებლებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
12. განმცხადებლის მითითებით: საქმის განხილვაში გარდა თავად კომპანიისა ჩართული იყო მხოლოდ თ.ჟ–ი, რომელიც, თავის მხრივ, საზოგადოების პარტნიორსა და დირექტორს წარმოადგენს. მართალია, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონითა და საზოგადოების წესდებით, სწორედ დირექტორს აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ დავებში, ის მოხსენიებული შეიძლება იქნეს მოპასუხედ. იმ შემთხვევაში, თუ დავაში მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენს ერთ-ერთი პარტნიორი, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეიძლება გავლენა ჰქონდეს პარტნიორთა უფლებებსა და ინტერესებზე. მოცემულ შემთხვევაში, აუდიტის შემოწმების შედეგად მიღებული უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, შესაძლოა, საწარმოს ფინანსური მდგომარეობა გაუარესდეს, მოხდეს ქონების რეალიზაცია და ა.შ. და მხოლოდ დირექტორის მიმართ ზიანის ანაზღაურება არ იყოს საკმარისი. ნებისმიერ შემთხვევაში, დავაში ჩართული იყო მხოლოდ ერთი პარტნიორი, მართალია, მოპასუხეთა წრეს მოსარჩელე განსაზღვრავს, თუმცა საქმის განხილვის დროს გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, ყველა პარტნიორი უნდა ჩაბმულიყო დავაში. ვინაიდან კომპანიის დანარჩენი პარტნიორები არ ჩართულან საქმის განხილვაში, ამ გადაწყვეტილებამ იმოქმედა მათზე მაშინ, როდესაც მათ არ შეეძლოთ საკუთარი პოზიციის დაცვა. განმცხადებლის განმარტებით, თუ აღსრულდება სადავო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად სამართლებრივ აზრსა და დანიშნულებას კარგავს მისი ბათილობის საკითხის განხილვა, რადგან განმცხადებლის ერთ-ერთ ბერკეტს სამომავლოდ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დავა წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს მხარეებს შორის.
13. განმცხადებლებმა ასევე, მიუთითეს, რომ სსსკ-ის 432-ე მუხლი აუცილებელ წინაპირობად ითვალისწინებს გარანტიების არსებობას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში კი, ეს არის ქონებრივი დავა, შესაბამისად, ბუნებაში არ არსებობს გარანტია, რაც შეიძლება მხარემ მოცემული განცხადებით წარმოადგინოს. ამასთან, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ იარსებებს გარანტიები, სასამართლო მოკლებულია უფლებამოსილებას, უარი უთხრას განმცხადებელს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე. სამართლებრივად განცხადება დაფუძნებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტსა და ამავე კოდექსის 432-ე მუხლზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ჟ–ის, შპს „№? ს.პ.დ–ს“ შუამდგომლობა და კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
16. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ. 15.11.2019წ, საქმეზე Nას-1455-2019).
17. განმცხადებელი საქმისწარმოების განახლების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და ხოლო ფაქტობრივ საფუძვლად - შემდეგ გარემოებაზე: კომპანიის დანარჩენი პარტნიორები არ იყვნენ ჩართულები საქმის განხილვაში, ამ გადაწყვეტილებამ იმოქმედა მათზე იმ პირობებში, როდესაც მათ არ შეეძლოთ საკუთარი პოზიციის დაცვა.
18. საკასაციო პალატა, უპირველესად, აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები საქმისწარმოების განახლების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს განეკუთვნება, თუმცა წარმოდგენილი საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადება სრულიად დაუსაბუთებელია.
19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია იმ საფუძვლით, რომ კომპანიის დანარჩენი პარტნიორები არ იყვნენ ჩართულები საქმის განხილვაში, პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე [სსსკ-ის 422.-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ პუნქტი]. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დასახელებული ნორმის ამგვარ ინტერპრეტაციას და განმარტავს, რომ ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როცა პირის - რომლის უფლებებსა და კანონით გათალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, მის წინააღმდეგ გამოტანილია გადაწყვეტილება ისე, რომ იგი, ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილი წესით [სსსკ-ის 70-78-ე მუხლები] არ ყოფილან მოწვეული პროცესზე. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ ამგვარად განმარტა სსსკ-ის 422-ე მუხლი: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა შეეხება შემთხვევას, როდესაც პირი, ვის ინტერესებსაც სადავო გადაწყვეტილება შეეხება, საერთოდ არ არის ჩაბმული საქმის განხილვაში. იმ შემთხვევაში, თუ მხარედ ან მესამე პირად ჩაბმული პირი კანონით დადგენილი წესით არ არის სხდომაზე დაბარებული, მოქმედებს ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე“ (იხილეთ საქმე №ას-1127-1074-2014 25 დეკემბერი, 2014 წელი).
20. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საქმის წარმოების განახლებას ითხოვენ საზოგადოების არა ის პარტნიორები, რომლებიც განმცხადებელთა მტკიცებით მოწვეული უნდა ყოფილიყვნენ საქმის განხილვისას, არამედ შპს ,,N? ს.პ.დ.“ და პარტნიორი თ.ჟ–ი, რომლებიც იმთავითვე მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში და, შესაბამისად, მოკლებული არ იყვნენ შესაძლებლობას, ამ გარემოების შესახებ მიეთითებინათ პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო უტყუარად მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება კანონის ნორმათა სწორად გამოყენებასა და ამ ნორმების სწორ განმარტებას ეფუძნება, რაც მისი ძალაში დატოვების წინაპირობაა.
22. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი, განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმისწარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს. დასახელებული ნორმით გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს განცხადების საფუძვლიანობით, ანუ სასამართლო აფასებს განცხადების დასაბუთებულობას და მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკმაყოფილებს მოთხოვნას, თუ გადაწყვეტილების აღსრულების შეუჩერებლობით შეილახება მხარის პატივსადები ინტერესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს ეტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამავე ნორმით დადგენილია ისიც, რომ საქმისწარმოების შეჩერების მომთხოვნმა პირმა შუამდგომლობა შესაბამისი გარანტიის წარდგენით უნდა გაამყაროს, რითაც დაცული იქნება იმ მხარის ინტერესი, რომლის სასარგებლოდაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება (იხ. სუსგ 17.02.2017წ. ას-21-19-2017).
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულება. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს.
24. განსახილველ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს მტკიცებას, თუ რატომ უნდა იქნეს შეჩერებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით კანონის საფუძველზე მიქცეული დაუყოვნებელი აღსრულება. ფაქტი მასზედ რომ მოსარჩელეს, როგორც კომპანიის ერთ-ერთ პარტნიორს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიეცა უფლება, მოპასუხე კომპანიაში წარედგინა მის მიერ შერჩეული (მოწვეული) აუდიტი საზოგადოებაში სამეურნეო მოქმედებების (წლიური ბალანსის) შემოწმებისთვის 2008 წლიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წარმოადგენს მისი, როგორც პარტნიორის ფინანსურ ინტერესს. განმცხადებელს მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიები არ წარუდგენია, მას არ დაუსაბუთებია, აღსრულების შეუჩერებლობამ, რატომ შეიძლება უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ამ უკანასკნელს, ვიდრე მხარეს, რომლის სასარგებლოდაც უნდა აღსრულდეს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ადგენს, რომ დაუყოვნებელი აღსრულების შეჩერების საჭიროება არ დგინდება. სხვა გარემოება, რის გამოც სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით დაუყოვნებელი აღსრულების გადაწყვეტილების გამოტანა, განცხადებაში წარმოდგენილი არ არის.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადება განხილული ვერ იქნება ვერც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის მოწესრიგების ფარგლებში, რამდენადაც სადავო გადაწყვეტილება/განჩინება კანონიერ ძალაშია შესული, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე კი, იგი არ არის აღსრულებაუნარიანი.
26. აქვე, საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017). აღნიშნულ მიდგომას განამტკიცებს ევროსასამართლოს პრაქტიკაც. შპს “იზა” და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ'' საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ “სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება “სასამართლო პროცესის” განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ - სასამართლო განაჩენებისა და გადაწყვეტილებების კრებული 1997-II, გვ. 510, §40).
27. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე, არ უნდა დაკმაყოფილდეს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 408-ე, 419-ე, 420-ე, 432-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ჟ–ისა და შპს „№? ს.პ.დ–ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინება;
3. თ.ჟ–ისა და შპს „№? ს.პ.დ–ს“ შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
თ. ძიმისტარაშვილი