Facebook Twitter

საქმე №ას-255-2022 4 ივლისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ე–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება, ქირის გადახდევინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.ე–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის’’ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება და ქირის გადახდევინება მოითხოვა.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მიწის ნაკვეთის ქირის ხელშეკრულებიდან გამომიდინარე - 9912 ლარის, ზიანის ანაზღაურების მიზნით - 9088 ლარის გადახდა დაეკისრა და დ.ე–ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: ...... ქვა-ღორღისაგან გათავისუფლება დაევალა შემდეგ გარემოებათა გამო:

2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

2.3. მოპასუხე დანიშნულ დროს სხდომაზე არ გამოცხადდა და განცხადებით მიმართა სასამართლოს სხდომის გადადების თაობაზე. თუმცა, სასამართლომ მოპასუხის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ ცნო.

3. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 10.07.2020 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ მომჩივანის არგუმენტი, რომლის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ო.გ–ძე ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაში მონაწილეობას, მარწმუნებლის მოთხოვნა კი იყო, რომ ორივე წარმომადგენელს მიეღო მონაწილეობა.

3.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან, საქმის გადადების შესახებ განცხადებაში არაფერია ნათქვამი მოპასუხის მეორე წარმომადგენლის მ.რ–ძის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოპასუხის წარმომადგენელს შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა სასამართლო სხდომას. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლომ შეამოწმა და შეფასება მისცა, თუ რამდენად ამართლებდა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას და შესაბამისი მატერიალური ნორმებიც მიუთითა.

4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.1. პალატამ სსსკ-ის 233-ე და 215.3 მუხლების დანაწესთა ფარგლებში შეაფასა მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის საფუძველი და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ მოხმობილი გარემოება, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები მან სასამართლოს წარმოუდგენა, მიიჩნეოდა კანონით დადგენილ საპატიო გარემოებად, კერძოდ, იმ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად, რომელიც გამოწვეული იყო მოპასუხისგან დამოუკიდებელი მიზეზით და რაც ამართლებდა სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობას.

5.2. სააპელაციო პალატის განსჯით, მოპასუხის წარმომადგენელი ო.გ–ძე იმყოფებოდა შეუძლოდ, რაც დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებით, სასამართლოსათვის წინასწარ იყო ცნობილი, ისევე, როგორც, ცნობილი იყო მეორე წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე, რაც კიდევ უფრო დაზუსტდა შემდეგ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელირება, რომ მეორე წარმომადგენელს, - მ.რ–ძეს, გარდა იმისა, რომ მათი მარწმუნებლის მოთხოვნა იყო ორივე წარმომადგენლის მონაწილეობის მიღება სამოქალაქო საქმეში, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში იმ ეჭვის საფუძველზე, რომ ო.გ–ძეს ჰქონდა კოვიდ 19 და აღნიშნულის გამორკვევამდე, იგი როგორც მისი კონტაქტი, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, უნდა ყოფილიყო იზოლაციაში. შესაბამისად, არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გაეუქმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განეახლებინა საქმის განხილვა.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, რომლითაც გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

7. კასატორის მითითებით, კოვიდინფიცირების გამო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა არ გამორიცხავს სასამართლოს სხდომაზე განხილვაში დისტანციურად მონაწილეობის მიღებას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო პალატის განსჯის საგანია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობების შემოწმება და, ამ კონტექსტში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობის შეფასება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.

13. სსსკ-ის 241-ე მუხლით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ. №ას-738-2019, 19.12.2019წ.).

14. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

15. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ 09.07.2020წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმოამდგენელმა და მოითხოვა 10.07.2020წ. დანიშნული სასამართლო სხდომის გადადება, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ო.გ–ძე ვერ შეძლებდა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებას (ტ.II, ს.ფ.142).

16. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე და 10.07.2020წ. სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.

17. განსახილველ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის საპროცესოსამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსსკ-ის 241-ე მუხლი. კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

18. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (იხ.: სუსგ №ას-1102-2018, 18.02.2021 ).

19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ კოვიდინფიცირების გამო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა არ გამორიცხავს სასამართლოს სხდომაზე განხილვაში დისტანციურად მონაწილეობის მიღებას. საკასაციო პალატა მიუთითებს ,,კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად სასამართლო სისტემაში გასატარებელ ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღესი საბჭოს 2020 წლის 13 მარტის რეკომენტაციის პირველ მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე (სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ: პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით) და განმარტავს, რომ სასამართო უფლებამოსილი იყო უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა დინსტანციური მონაწილეობა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სხდომა ზეპირი მოსმენით, სხდომის დარბაზში დანიშნა და სასამართლომ მხარეებს სათანადო წესით შეატყობინა სასამართლო სხდომის დროისა და განხილვის ფორმის შესახებ.

20. პალატა მიუთითებს, შპს ,,ქ. დ. ნ–ის ს. ს. მ–ის'' მიერ გაცემულ ცნობაზე, რომელიც დათარიღებულია 2020 წლის 09 ივლისით, და რომლითაც დასტურდება, რომ ო.გ–ძე მითითებული თარიღიდან, საავადმყოფო ფურცელზე, დაავადების გამო იმყოფებოდა. ხოლო, ის გარემოება, რომ ო.გ–ძეს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რის გამოც, იგი ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, ხოლო, მეორე წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ იგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, კერძოდ, ვინაიდან, არსებობდა ეჭვი იმისა, რომ მაღალი სიცხეების გამო, ო. გ–ძეს ჰქონდა კოვიდ 19, ხოლო, მ.რ–ძე იყო მისი კონტაქტი, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მას მიეცა რეკომენდაცია ყოფილიყო თვითიზოლაციაში. ამდენად, მართალია, მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულება არ შეიცავს მითითებას უშუალოდ სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, თუმცა, ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამედიცინო ბარათში (იხ. ს.ფ. 164-176) ასახული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოსათვის იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობა 10.07.2020წ. სასამართლო სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით (შდრ. იხ.: სუსგ-ებები: №ას-607-566-2017, 16.10.2017წ.; Nას-354-336-2015, 29.01.2016წ.; №ას-159-155-2016, 28.07.2016წ.). გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხემ დაიცვა რა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი, სასამართლოს სხდომის წინა დღეს აცნობა სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, შემდეგ კი, საჩივარში - 30.07.2020წ. წარუდგინა მტკიცებულება, რომელიც აკმაყოფილებს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე მოპასუხეს არ მიეცა საშუალება წარედგინა თავისი პოზიცია. მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], no. 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), no. 44962/98, § 31, ECHR 2003- V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ (Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III).

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.თ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1150.00 ლარის (საგადახდო დავალება N13273295540, გადახდის თარიღი 10.05.2022), 70% – 805 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ე–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. დ.ე–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1150.00 ლარის (საგადასახადო დავალება N13273295540, გადამხდელი ნ.თ–ძე პ/ნ ....., გადახდის თარიღი 10.05.2022), 70% – 805 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი