Facebook Twitter

საქმე №ას-218-2022 06 ივნისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.გ.ტ.კ–ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს ,,ს.გ.ტ.კ–ა’’ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, შპს ,,ს.გ.ტ.კ–ს’’ სარჩელი შპს ,,ნ–ის’’ მიმართ (შემდეგში - მოპასუხე) არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

6. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

2016 წლის 15 დეკემბერს, შპს „ნ–სა“ (დამკვეთი) და შპს „ს.გ.ტ.კ–ას“ (შემსრულებელს) შორის მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა (ტ.I. ს.ფ. 20-21).

6.1. ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს შემსრულებლის მიერ დამკვეთის ბალანსზე რიცხული გაზის გამანაწილებელი სადგურების (სხვა სადგურთა შორის აგგს თელავი) და შემსრულებლის მფლობელობაში მყოფი მაგისტრალური გაზსადენიდან დამკვეთის გაზის გამანაწილებელ სადგურამდე (გგს) არსებული განშტოების (მაგისტრალური გაზსადენის განშტოება) მომსახურება წარმოადგენდა, რაც მოიცავს: გაზსადენის პერიოდულ შემოვლა-დათვალიერებას გაჟონვებისა და უწესრიგობების აღმოჩენის მიზნით; დამატებითი ანაზღაურების შემთხვევაში, ავარიებისა და ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციას, მიმდინარე რემონტს, სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოებზე დოკუმენტაციის გაფორმებას დადგენილი წესით; წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე შემსრულებელი უზრუნველყოფდა დამკვეთის ბალანზე რიცხული გგს-ის სათანადო ექსპლუატაციას; შემსრულებელი არ იყო პასუხისმგებელი გგს-ის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. გგს-ის ტერიტორიის დაცვა ევალებოდა.

6.2. ხელშეკრულების მე-2 პუნქტით მხარეთა უფლება-მოვალეობები გაიწერა, კერძოდ, ხელშეკრულების 2.1.1-2.1.3 შემსრულებელი ვალდებული იყო, უზრუნველეყო მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გგს-ის მომსახურება „მაგისტრალური გასადენის ექსპლოატაციისას უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნების შესაბამისად; გაზსადენის პერიოდული შემოვლა - დათვალიერება გაჟონვებისა და უწესრიგობების აღმოჩენის მიზნით; დამკვეთის ბალანსზე რიცხულ გგსში დამონტაჟებული დამკვეთის კუთვნილი მრიცხველის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად შეეტყობინებინა წერილობით დამკვეთისათვის. ხელშეკრულების 2.4.7 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო, შემსრულებელთან შეთანხმებით უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული გგს-ის შიდა ტერიტორიის გაწმენდა-გასუფთავება ბალახებისა და ეკალბარდებისაგან, რათა შემსრულებელს დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შეძლებოდა გგს-სთან მისვლა, წინააღდეგ შემთხვევაში შემსრულებელი იტოვებდა უფლებას, დაეკისრებინა დამკვეთისათვის ჯარიმა, 1000 ლარი, ხოლო, 2.5 პუნქტის თანახმად, დამკვეთს უფლება ჰქონდა, არაუმეტეს სამ თვეში ერთხელ შეემოწმებინა გაზის აღრიცხვის ხელსაწყოები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები, შემსრულებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის სავალდებულო დასწრებით.

6.3. ხელშეკრულების 6.1 პუნქტით დადგინდა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შედიოდა 2017 წლის 01 იანვრიდან და მოქმედებდა 2017 წლის 01 ივლისამდე.

6.4. 2017 წლის 10 აპრილს, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის, ავტოგასამართი სადგურის ფუნქციონირების განახლების შესახებ შეთანხმება გაფორმდა (ს.ფ. 38-41, მხარეთა ახსნა-განმარტება).

6.5 ავტოგასამართი სადგურის ფუნქციონირების განახლების შესახებ შეთანხმების პრეამბულის თანახმად, დამკვეთის მფლობელობაში არსებული თელავის გაზის გამანაწილებელი სადგურის მრიცხველის დაზიანების აღმოჩენის გამო, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანებით დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად, 2017 წლის 10 იანვარს განხორციელდა მრიცხველის დემონტაჟი და შედეგად აღნიშნული თარიღიდან შეწყდა დამკვეთის საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურის მუშაობა; დამკვეთი არ ეთანხმებოდა ზიანის (1 235 272,00 ლარის ოდენობით) წარმოშობაში მის ბრალეულობასა და არ აღიარებდა დაკისრებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

6.6. შეთანხმების 2.3.1 პუნქტის თანახმად, სადგურის ფუნქციონირების განახლების მიზნით, დაკვეთმა იკისრა ვალდებულება, სადავო საკითხზე სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე ორმხრივი ფინანსური ინტერესის დაცვის მიზნით, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში, შემსრულებლისათვის გადაეხადა 200 000,00 ლარი ხოლო, ამავე შეთანხმების 2.1.1 პუნქტის თანახმად, შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება, დამკვეთის მიერ ამ შეთანხმების 2.3.1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებიდან და შემსრულებლისათვის ახალი მრიცხველის მიწოდებიდან არაუგვიანეს 02 (ორი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო მრიცხველის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება გგს-ზე.

6.7. 2017 წლის 11 აპრილის №07328 აქტის თანახმად, შპს „ნ–ის“ გგს-ზე დამონტაჟდა მრიცხველი, რის შემდეგაც განახლდა გგს-ის ფუნქციონირება (ტ.1, ს.ფ.43).

6.8. სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს „ნ–ის“ მიერ ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარების შედეგად შპს „ს.გ.ტ.კ–ისათვის“ 1 035 272,00 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი არ დგინდება.

7. საკასაციო პალატის მითითებუით, სსკ-ის 992-ე მუხლის, ასევე, 408-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკაც. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408-ე მუხლის პირველი ნაწილი(იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.

8. მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

9. საკასაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).

10. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა.

11. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

12. განსახილველი შემთხვევის საკვანძო საკითხს, მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის ზიანს შორის მიზეზშედგებობრივი კავშირის დადგენა წარმოადგენდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებზე აპელირებით, მოსარჩელემ წარმატებით ვერ უზრუნველყო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, მოპასუხის მიერ ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარების დადასტურება. საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ მტკიცებულებებზე: კერძოდ, სასამართლო მიუთითებს 2016 წლის 15 დეკემბერს, „მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულების მე-2 მუხლით დადგინდა, რომ „შემსრულებელი“’ ვალდებულია, უზრუნველყოს: მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გგს-ის მომსახურება „მაგისტრალური გაზსადენის ექსპლოატაციისას უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნების შესაბამისად; გაზსადენის პერიოდული შემოვლა-დათვალიერება გაჟონვებისა და უწესრიგობების აღმოჩენის მიზნით; „დამკვეთის“ ბალანსზე რიცხულ გგს-ში დამონტაჟებული „დამკვეთის“ კუთვნილი მრიცხველის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, დაზიანების შესახებ დროულად შეატყობინოს წერილობით „დამკვეთს“. „დამკვეთი” ვალდებულია: „დამკვეთის“ მფლობელობაში არსებული გგს შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის N257 დადგენილებით დამტკიცებული „მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს; „შემსრულებელთან“ შეთანხმებით, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული გგს-ის შიდა ტერიტორიის გაწმენდა-გასუფთავება ბალახებისა და ეკალ-ბარდებისგან, რათა „შემსრულებელმა“ დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შეძლოს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებულ გგს-თან მისასვლელი გზის მოწყობა, რათა „შემსრულებელმა“ დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შეძლოს გგს-თან მისვლა; „დამკვეთს“ უფლება აქვს, არაუმეტეს 3 (სამი) თვეში ერთხელ, შეამოწმებინოს გაზის აღრიცხვის ხელსაწყოები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები „შემსრულებლის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის სავალდებულო დასწრებით. ამასთან, ა.ვ–ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ იგი 2006 წლიდან შპს „ს.გ.ტ.კ–აში“ ოპერატორად მუშაობს. მისი განმარტებით, აღნიშნული მილსადენიდან, სადაც ზემოხსენებული მრიცხველი დგას, ბუნებრივი აირი ქ. თელავში მდებარე გაზგასამართ სადგურ „ნ–ს“ მიეწოდება. მრიცხველი მოთავსებულია რკინის ყუთში, რომლის კარიც იკეტება ბოქლომით. ბოქლომს აქვს სამი გასაღები, რომელთაგან ორს პირადად ა.ვ–ი, ხოლო ერთს შპს „გ–ის“ გურჯაანის სამსახურის საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებისა და ავტომატიკის უფროსი ოსტატი - ზ.ც–ძე ფლობს (ტ.I, ს.ფ. 207- 209). იგივე შინაარს შეიცავს თავად ზ.ც–ძის გამოკითხვის ოქმიც (ტ.1, ს.ფ. 219-221). შპს „ნ–ის“ თელავის ავტოგაზგასმართი სადგურის დირექტორ ზ.გ–ის გამოკითხვის ოქმი, სადაც მხარე განმარტავს, რომ ბოქლომის გასაღები რამდენიმეჯერ გამოართვა ა.ვ–ს, ა.ვ–ის გარეშე მას არასოდეს ამოუწერია მრიცხველის ჩვენება და მის გარეშე არასოდეს გაუხსნია დამცავი ყუთი (ტ.I, ს.ფ. 216-218), რასაც თავად ა.ვ–იც ადასტურებს (ტ.I, ს.ფ. 207- 209). სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი, სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 მარტის №5001554617 დასკვნის თანახმად, ბუნებრივი აირის მრიცხველის კორპუსზე არსებულ ხრახნიან საცობზე დარღვეულია ლუქის მთლიანობა მექანიკურად. არსებული დაზიანების შედეგად, მბრუნავი როტორის მექანიკური გაჩერება სრულიად შესაძლებელი იყო ხრახნიანი საცობის შიგნით რაიმე მყარი საგნის ჩადებით და შემდეგ საცობის მჭიდროდ ჩახრახვნით, რაც შესაძლებელს გახდიდა ბუნებრივი აირი მიეწოდებინა აბონენტისათვის შესაბამისი აღრიცხვის გარეშე. ამავე დასკვნის თანახმად, მრიცხველის აღრიცხვიანობის შეჩერებების ხანგრძლივობებისა და მათი რაოდენობის მოძიება შესაძლებელია მრიცხველის ელექტრონული კორექტორის მეხსიერებიდან შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც შეიძლება განახორციელოს მხოლოდ უფლებამოსილმა პირმა. ხოლო უშუალოდ წარმოდგენილი მრიცხველის მიხედვით, მასში გატარებული აღურიცხავი ბუნებრივი აირის დასაანგარიშებლად აუცილებელია შესაბამისი ინფორმაციის ამოღება ელექტრონული (EK 220) კორექტორის მეხსიერებიდან, რომლიდანაც ის პერიოდიც განისაზღვრება, როდესაც ბუნებრივი აირი არ აღირიცხებოდა. ეს სამუშაო შეიძლება შეასრულოს მხოლოდ უფლებამოსილმა პირმა. ასევე, საქმეში არსებული 2017 წლის 2 ივნისის №003066817 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შპს „ნ–ის“ კუთვნილი, ქალაქ თელავში არსებული გაზგასამართი სადგურის მიერ, 2016 წლის პირველი ივნისიდან 2017 წლის 10 იანვრამდე პერიოდისათვის მიღებული ბუნებრივი აირის ოდენობა აღემატება გაყიდულ ბუნებრივ აირს. სხვაობა განისაზღვრება 10 557 კუბური მეტრით. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე, ეს უფრო მეტად იმის მანიშნებელია, რომ ბუნებრივი აირის მიტაცების ფაქტი არ არსებობდა.

13. საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხე ფიზიკურად ვერ უკავშირდებოდა გგს-ში მოთავსებულ მრიცხველს ფიზიკური წვდომა შეზღუდული ჰქონდა, ამასთან, როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი არ არსებობს, ისევე, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, მხოლოდ მოსარჩელის მიერ ცალმხრივად შედგენილი 2017 წლის 10 იანვრის აქტის საფუძველზე, შპს „ნ–ის“ მიერ ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებით შპს „ს.გ.ტ.კ–ის“ მიმართ 1 035 272,00 ლარის ზიანი, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რადგან მოსარჩელე პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეა და მისი მხრიდან ცალმხრივად შედგენილი აქტი, თუ გამყარებული არაა სხვა რელევანტური მტკიცებულებებით, სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს.

14. ამდენად, საქმეზე გამოკვლეული გარემოებები არ ქმნის სსკ-ის 992-ე მუხლის შემადგენლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება, მოპასუხის მიერ ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარების შედეგი არ არის. მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებასა და მოპასუხის მიერ უსაფრთხოებისა და დაცვის სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისა და მათ შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობა, მოპასუხის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი ვერ გახდება.

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.გ.ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ს.გ.ტ.კ–ას“ (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000.00 ლარის (საგადასახადო დავალება N153233, გადახდის თარიღი 28/01/2022), 70% –5600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი